Home სხვადასხვა დაიჯესტი რას წერს დასავლური მედია ჟენევის სამიტზე

რას წერს დასავლური მედია ჟენევის სამიტზე

94
რას წერს დასავლური მედია ჟენევის სამიტზე

ბაიდენმა უარი თქვა პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რათა თავიდან აეცილებინა პიარკატასტროფა, მაგრამ გამარჯვებული მაინც პუტინი გამოვიდა”, _ დაწერეს დასავლურმა მედიასაშუალებებმა ჟენევაში აშშისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის კომენტირებისას. ამასთანავე, შეხვედრის კონკრეტული შედეგების შეფასება მსოფლიო პრესაში ერთმანეთისგან განსხვავდებოდა:

* “სამიტმა პუტინს მისცა შესაძლებლობა, დაეპაუზებინა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გამწვავებული ურთიერთობა, რადგან ახლა აშშ ხელაღებით ვეღარ დაუწესებს ეკონომიკურ სანქციებს. მოკლედ, პუტინი გაემგზავრა ჟენევაში და მიიღო ის, რაც სურდა. მან შვეიცარია უზარმაზარი დიპლომატიური გამარჯვებით დატოვა”, _ მიუთითებს CNN-ი.

* “პუტინმა ამერიკა დატროლა, როცა თავისი პოზიცია დაიცვა ნავალნის შესახებ დასავლეთისთვის კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეთა დაპატიმრებებისა და Black Lives Matter-ის შეხსენებით”, _ ასეთია Fox News-ის თვალსაზრისი.

* The New York Times-მა კი ბაიდენში “ჯიუტი ოპტიმიზმი” დაინახა, რომელიც “მნიშვნელოვანი ინგრედიეტია რუსეთთან ურთიერთობაში პროგრესის მისაღწევად”.

“ბაიდენს თუ მოუსმენთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ პუტინთან მისი შეხვედრა გამაოგნებლად წარმატებული იყო. ასეთი პოზიციის გამო ის გულუბრყვილობასა და რეალობისგან გაქევის მცდელობაში დაადანაშაულეს. ჩნდება კითხვა _ მზად არის თუ არა ბაიდენი, წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან, დამანგრეველ კიბერშეტევებსა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას?” _ ასკვნის The New York Timesი.

* National Interest-ი დარწმუნებულია, რომ სამიტზე გამარჯვება პუტინმაც მოიპოვა და ბაიდენმაც, თანაც “თეთრი სახლის მეთაურის ძალისხმევა აშკარად მიმართულია ყინულის გადნობისკენ აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობაში”.

* სხვაგვარად აფასებს ბაიდენის საქციელს გამოცემა The Hill-ი. “46-ე პრეზიდენტი სუსტად გამოიყურებოდა. თავისი პრესკონფერენციის ბოლოს თავის დაცვა დაიწყო და ბრაზობდა”, _ დაწერეს გამოცემის ჟურნალისტებმა.

* “ბაიდენმა უარი თქვა პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რათა თავიდან აეცილებინა პიარკატასტროფა. სიმართლეს თვალებში შევხედოთ: ეს დღე არ იყო წარმატებული არც ბაიდენისთვის და არც ამერიკისთვის. პუტინმა, ფაქტობრივად, დასცინა თავის კოლეგას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბაიდენი კი სუსტი და დაბნეული იყო. სჯობდა, სამიტი, საერთოდ, არ გამართულიყო”, _ წერს New York Post-ი.

* “აშშ-ის პრეზიდენტი ელოდება მოსკოვის საქციელის ცვლილებას, მის რუს კოლეგას კი სურს, რომ ამერიკამ თავის საქმეებს მიხედოს. როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, რუსეთი შეტევაზე გადავიდა დასავლეთის ფრონტზე ყველა შესაძლებლობის გამოყენებით, რომლებიც კი ხელთ აქვს პუტინს”, _ აღნიშნავს ფრანგული Le Figaro.

* “პუტინი კვლავ გამოჩნდა მსოფლიო გეოპოლიტიკურ არენაზე, როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშე”, _ წერს ესპანური El Pais-ი.

* “მოლოდინი გამართლდა: სარგებელი მიიღო მხოლოდ ერთმა _ პუტინმა, რომელმაც პირველად დატოვა რუსეთი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდეგ, რათა სოჭიდან ჟენევაში ჩასულიყო. აქ მან თავს არ უღალატა, მშვიდად მოუსმინა ბაიდენის გამოსვლას, შემდეგ კი ასევე მშვიდად უპასუხა. სხვა სიტყვებით: ყველაფერი ისე მუშაობს, როგორც მას სურს”, _ წერს Der Spiegel-ი.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here