Home რუბრიკები ეკონომიკა რას მოუტანს ახალი ჰესები საქართველოს?

რას მოუტანს ახალი ჰესები საქართველოს?

4251
ჰესი

რამდენიმე წელია, აქტიურად მსჯელობენ, საჭიროა თუ არა საქართველოში ახალი ჰესების აშენება. არადა, საქართველო ელექტროენერგიის ნაწილს კვლავ იმპორტის მეშვეობით იღებს.

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე, მესამე ჰესის, “ხადორი 3”-ის, მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, ჰესის ნაგებობა სოფელ ბირკიანიდან რამდენიმე ათეულ მეტრში უნდა ააშენოს კომპანია “ალაზანი ენერჯიმ”. ამ კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, “ხადორი 3”-ის მშენებლობა 2019 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ბირკიანის მოსახლეობა დასახლებულ პუნქტთან ასე ახლოს ჰესის აშენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა. პანკისის მოსახლეობა მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობს.

მდინარე ალაზანს ამხელა მილებში რომ მოაქცევენ, შეიძლება ჭაში სასმელი წყალიც დაგვიწყდეს. ალაზნის წყლით საზრდოობს ჩვენი სოფელი და, ალაზანი რომ აღარ იქნება, ჭაც დაშრება. ამ საფრთხეების თავიდან აცილებას რით აპირებენ?! ხალხი წინააღმდეგია და კიდევ ერთი ჰესის აშენებას არ დავუშვებთ”, _ განუცხადა პანკისის სათემო რადიოს ბირკიანში მცხოვრებმა ვახტანგ ფარეულიძემ.

საპროტესტო გამოსვლები გრძელდება სვანეთშიც. მოსახლეობა ამჯერად “მესტია-ჭალაჰესის” მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. გეგმის მიხედვით, 50-მეგავატიანი ჰესის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ადგილობრივები კი შიშობენ, რომ ენერგეტიკული ობიექტი ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუარესებს და ღვარცოფულ პროცესებს გაააქტიურებს. “ნენსკრა ჰესის” პროექტი კვლავ დაპირისპირების მიზეზია. მშენებელი იტალიური კომპანია “ნენსკრა ჰიდროს” საქმიანობით უკმაყოფილო ადგილობრივმა მოსახლემ პროტესტი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გამოთქვა. ის კომპანიის მიერ ადგილობრივებისთვის დასაქმებაზე მიცემული პირობის შეუსრულებლობას აპროტესტებდა. ჭუბერის მოსახლეობის განცხადებით, დღემდე ელოდებიან სამუშაო ადგილებს, რისი პირობაც მათ პროექტის განხორციელებამდე მიიღეს.

ეს არის, უბრალოდ, ბიზნესინტერესები. ეკოლოგიურად რა შედეგს მიიღებენ, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ

ვინ არის დაინტერესებული საქართველოში ჰესების მშენებლობით? _ ამ საკითხზესაქართველო და მსოფლიოსეკონომიკის საკითხების ექსპერტი დემურ გიორხელიძე ესაუბრება.

_ საქართველოს ენერგეტიკული განვითარების კონცეფცია საღად მოაზროვნე ხალხმა ჯერ კიდევ 2012 წელს შეიმუშავა. შემდეგ ხელისუფლება დაადგა სხვა პოლიტიკას, რომელსაც ლობირებს გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა. ეს ყველაფერი მიბმული არ არის საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან. ეს არის, უბრალოდ, ბიზნესინტერესები. ეკოლოგიურად რა შედეგს მიიღებენ, ნაკლებად ფიქრობენ, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებებს დღეს იღებენ და 10-20 წლის შემდეგ რა მოხდება, ამ ხალხს აღარ მოეკითხება. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ ენერგეტიკის სამინისტროში, რომელიც, ძალიან კარგია, რომ გააუქმეს. თუმცა, ამ სფეროში, ძირითადად, იგივე ხალხი დარჩა, ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ალტერნატიული მზის ენერგია და ქარის ენერგია კი არის კარგი, მაგრამ ჰესები უკეთესიაო. ენერგეტიკა უნდა განვითარდეს, ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ ეს პროცესი საქართველოს ეკონომიკასთან უნდა იყოს მიბმული. რაც შეეხება მოსახლეობის პროტესტსა და აქციებს სვანეთსა და პანკისში, შეიძლება მოწინააღმდეგე მხარე მართავდეს, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამას ლობირებენ, კარგად იციან, რომ პროტესტი ჰესების წინააღმდეგ ყოველთვის დაიძლევა.

ჰიდრორესურსები არა იაფი, არამედ ენერგიის ყველაზე ძვირი წყაროა საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაციამწვანე ალტერნატივისწარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ორი წლის წინათ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ჰიდროელექტროსადგურების აშენებაზე აქცენტის გაკეთება არასწორი მიდგომა იყო. მესტიაში მშენებარე დიდი ჰიდროელექტროსადგურნენსკრა ჰესისმიერ წარმოებული ელექტროენერგია მთავრობას ძალიან ძვირი დაუჯდება და შედეგად მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფი გაუძვირდება.

_ დღემდე კონფიდენციალურია ინფორმაცია “ნენსკრა ჰესის” წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ. რა ფასად მოგვიწევს ელექტროენერგიის შესყიდვა?! კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რეზიუმეში წერია, რომ ელექტროენერგიის ფასი ყოველწლიურად მოიმატებს, რათა კომპანიამ შემოსავალი 7 ამერიკულ ცენტად გარანტირებულად მიიღოს. რაც ნიშნავს იმას, რომ, თუ ეს ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში (2024-2025 წლებში), ამ თანხის გადახდა მოგვიწევს დახარჯულ ელექტროენერგიაში და ეს ფასი წლების განმავლობაში უფრო მოიმატებს. ჩნდება შეკითხვა: გამოიკვლიეს თუ არა, რა გავლენას იქონიებს ეს ჰიდროელექტროსადგური არა მხოლოდ ელექტროენერგიის ფასზე, არამედ, საზოგადოდ, ეკონომიკის განვითარებაზე? როდესაც საუბარია ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ენერგეტიკა მხოლოდ ელექტროენერგია არ არის, ელექტროენერგია ენერგეტიკის მხოლოდ მცირე ნაწილია, დაახლოებით 22% საქართველოს შემთხვევაში.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ჩვენ დამოკიდებულნი ვართ მეზობელ ქვეყნებზე. შესაბამისად, უნდა იყოს გაკეთებული ანალიზი, ამდენ ჰესს რომ ვაშენებთ, რის ჩანაცვლებას ვაპირებთ ჰიდროელექტროსაგდურების მიერ გამომუშავებული ენერგიით. სულ გვესმოდა, რომ ჰიდრორესურსები იაფი ენერგიის წყაროა. არადა, გარანტირებული შესყიდვების მიხედვით, ჰოდრორესურსები არა იაფი, არამედ ენერგიის ყველაზე ძვირი წყაროა საქართველოში.

მოსახლეობის პროტესტი კი გამოწვეულია იმით, რომ საკითხის შეუსწავლელად ხდება მათთან კომუნიკაცია, რომ ამა თუ იმ ადგილას ჰესი უნდა აშენდეს. კითხვაზე _ რა სარგებელი მოაქვს ამ ჰესებს სოფლისა და მოსახლეობისთვის? _ პასუხები, როგორც წესი, არის ტრაფარეტული. ამ ჰიდროელექტროსადგურებისგან გამოწვეული ზიანი კი გაცილებით დიდი იქნება. სრულიად სვანეთის მოსახლეობა გაერთიანდა და, ერთობლივი გადაწყვეტილებით, არ დაუშვებს ბუნებისთვის დამანგრეველი ინფრაქტრუქტურების მშენებლობას, მათ შორის, “ნენსკრაჰესის”, “მესტია-ჭალაჰესისა” და სხვების მშენებლობას.

მოამზადა

სოფო კაკაჩიამ

2 COMMENTS

  1. სადაც კეთდება ჰესები არაფერი არ გაფუჭებულა პირიქით თანაც გარკვეული რაოდენობა ხალხი დასაქმდება ეს კარგია საქართველოსთვის და არა ცუდი

  2. 20- წლის წინად ბირკიანს იქეთ? მამალიც არ ყვიროდა, დღეს კი ორი ჰესი ანათაბს მთელ კახეთს. სვანების ვერ გამიგია- დენი გინდათ, თან უფასოდ და ელ. სადგურები არა)))

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლუკა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here