Home რუბრიკები საზოგადოება რას გვიქადიან ვარსკვლავები 2019 წელს

რას გვიქადიან ვარსკვლავები 2019 წელს

1427
რას გვიქადიან ვარსკვლავები 2019 წელს

ვერძი _ 21 მარტი _ 20 აპრილი

2019 წელი ვერძებისთვის გარდამავალი პერიოდი იქნება. ეს არის ზღვარი, რომელიც ასრულებს განვითარების ერთ ეტაპს და იწყებს მეორეს, გაცილებით საინტერესოსა და დატვირთულს. თქვენ პრინციპულად შეიცვლით სულიერ ფასეულობებს, გემოვნებასაც კი. ფასეულობების შეცვლის შედეგად შეიცვლება თქვენი გარემოცვაც. მარტოხელა ვერძები შეეცდებიან, მოძებნონ “ერთადერთი და განუმეორებელი” მეორე ნახევარი.

2018 წელს ვერძები ერთ ადგილს ტკეპნიდნენ, ამიტომ 2019 წლის სექტემბრამდე ძაღლის წელში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეეცდებიან, ამაში შრომისმოყვარეობის გაორმაგება დაეხმარებათ _ შესანიშნავად გაართმევენ თავს საქმეებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან.

დაიკისრეთ პასუხისმგებლობა და გაბედულად შეეცადეთ დასახული პროექტების განხორციელებას. ბევრმა ვერძმა შეიძლება შეიცვალოს საცხოვრებელი რაიონი, ქალაქი და თვით ქვეყანაც კი. წლის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და, თუ ეწევით, შეეცადეთ, თავი დაანებოთ სიგარეტს.

წლის ყველაზე წარმატებული პერიოდი: თებერვლის ბოლო და მარტი.

სასიკეთო პერიოდები: მაისი და ივნისის პირველი ნახევარი.

დისჰარმონიული პერიოდები: აპრილი და სექტემბერი.

წლის ყველაზე ნეგატიური პერიოდი: ოქტომბერი.

კურო _ 21 აპრილი _ 21 მაისი

2019 წლის 6 მარტს ურანი გადავა კუროს ზოდიაქოში. ეს ასტრონომიული მოვლენა ცის ტატნობზე საკმაოდ იშვიათად ხდება _ 84 წელიწადში ერთხელ. ურანის გავლენით კურო მოინდომებს, ჰქონდეს მოწინავე ტექნოლოგიებით შექმნილი ნივთები, შეცვლის გარდერობს და შეეცდება, მოდის ულტრათანამედროვე ტენდენციებს მიჰყვეს.

2019 წელი კუროებისთვის სამომავლო პერსპექტივის დასახვის პერიოდი იქნება. ბევრი კურო შეეცდება პირადი ცხოვრების შეცვლას და ამით გარემოცვის ბევრი წევრის ნერვებზე თამაშს. კუროები დაუღალავი შრომით შეძლებენ იდეების განხორციელებასა და დასახული მიზნების მიღწევას.

შეიძლება შეხვდეთ მასწავლებელს, გურუს, რომელიც შეცვლის თქვენს წარმოდგენას ცხოვრებაზე. საერთოდ, თქვენ შეეცდებით ცხოვრებისეული საკითხების ღრმად შესწავლას _ ეს ამ წლის წარმმართველი ძალა იქნება. კუროებს დაეხმარებიან უცხოელი პარტნიორები. 2019 წელს კუროებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას. დაკავდნენ სპორტის რომელიმე სახეობით ან ივარჯიშონ.

წლის ყველაზე წარმატებული პერიოდი: ივლისი.

სასიკეთო პერიოდები: აპრილი და აგვისტო.

დისჰარმონიული პერიოდები: ოქტომბერი და ნოემბერი.

ყველაზე ნეგატიური პერიოდი: მარტი.

ტყუპი _ 22 მაისი_21 ივნისი

ტყუპის ნიშნით დაბადებულთათვის ყვითელი (მიწის) ტახის წელიწადი კარიერული ზრდის პერიოდია, თუმცა ამ მხრივ (კარიერის) ჩაფლავებას უნდა ელოდოთ სექტემბრის პირველ დეკადაში. ეს წელიწადი წარმატებას მოგიტანთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას. ტყუპის ნიშნით დაბადებულებს მარტში ელით მიმზიდველი შეთავაზებები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდნენ.

მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში, შესაძლოა, მოგიწიოთ სასამართლო პროცესში ჩართვა. თქვენს რეპუტაციას შელახვის საფრთხე დაემუქრება და ეს არასასიამოვნო მოვლენა თავიდან უნდა აიცილოთ. ზაფხულის პერიოდში გაუმართლებთ იმ ტყუპებს, რომლებიც შემოქმედებითი საქმიანობით არიან დაკავებულნი _ მწერლებს, მხატვრებს, არქიტექტორებს. ზამთრის დასაწყისში, შესაძლოა, მოგიწიოთ უცხოეთში გამგზავრება.

2019 წელს ტყუპებს შეუძლიათ გარისკონ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას _ ეს, დიდი ალბათობით, წარმატებებს მოუტანთ.

მარტოხელა ტყუპებმა, განსაკუთრებით 11-21 ივნისის პერიოდში დაბადებულებმა, შეიძლება იქორწინონ ადამიანთან, რომელთანაც კარგა ხნის რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებთ.

ამ პერიოდში ჯანმრთელობის მხრივ გართულებები მოსალოდნელი არ არის.

2019 წლის ყველაზე წარმატებული პერიოდი: მარტი.

სასიკეთო პერიოდები: ივნისი და ნოემბერი.

დისჰარმონიული პერიოდები: თებერვალი და დეკემბერი.

ყველაზე ნეგატიური პერიოდი: იანვარი.

კირჩხიბი _ 22 ივნისი_22 ივლისი

2019 წელს რთული იქნება მიღწეული წარმატების შენარჩუნება. მოთმინებით მიუდექით პატარ-პატარა მიღწევებს და ნელ-ნელა მიაღწევთ დასახულ მიზანს. ნუ იჩქარებთ _ ათჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. 2019 წლის ერთ მშვენიერ დღეს მიხვდებით, რომ იპოვეთ ადამიანი, რომელსაც გსურთ, ცხოვრება დაუკავშიროთ. ეს წელიწადი ურთიერთობის გასაღრმავებლად საუკეთესოა. ამას გარდა, ყვითელი ტახის წელიწადში მოიმატებს თქვენი თვითრწმენა და გადაწყვეტილებებს ორჭოფობის გარეშე მიიღებთ, თუმცა აქაც ნუ იჩქარებთ. კარიერასა და მიზნების სფეროში ელოდეთ სიახლეებს, თუმცა სამუშაო ადგილის შეცვლა რეკომენდებული არ არის. გარემოებების გამო, რომლებიც თქვენზე არ იქნება დამოკიდებული, თქვენი პერსონა უფრო მნიშვნელოვანი და პოპულარული გახდება. ზაფხულის ბოლოს მოსალოდნელია კარიერული წინსვლა _ სამსახურში დაწინაურება ან ხელფასის მომატება, ან ორივე ერთად.

შეუპოვარი და თავგამოდებული შრომის გამო ძლიერ დაღლილობას იგრძნობთ და ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში ზღვის პირას დასვენებას მოისურვებთ.

2019 წლის ყველაზე წარმატებული პერიოდი: აგვისტო.

სასიკეთო პერიოდები: ივლისი და ოქტომბერი.

დისჰარმონიული პერიოდები: თებერვალი და სექტემბერი.

ყველაზე ნეგატიური პერიოდი: მარტი.

ლომი _ 23 ივლისი _22 აგვისტო

2019 წელს ლომებს წარმატების მისაღწევად განსაკუთრებული მონდომებისა და ძალისხმევით გამოჩენა დასჭირდებათ. თუ სკოლას ამთავრებთ, უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად მეცადინეობას მეტი დრო დაუთმეთ; თუ სტუდენტი ხართ, რომანტიკულ თავგადასავლებში თავით ნუ გადაეშვებით, რადგან გამოცდების ჩაბარებაში ხელი შეგეშლებათ; შეყვარებულმა ლომებმა დრო არა მხოლოდ გულისწორისთვის უნდა გამონახონ, არამედ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლადაც, რომელთა წინაშეც გაზაფხულზე აღმოჩნდებიან. ლომების უმრავლემობამ 2019 წელს, შესაძლოა, საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინოს, მაგალითად, დაიწყოს ხატვა, მათთვის ასაკი შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება.

1990 წელს დაბადებული ლომები, რომლებსაც 29 წელი უსრულდებათ, გარდამტეხი მოვლენების წინაშე აღმოჩნდებიან. წელს თავი შეიკავეთ უცხოეთში ხანგრძლივი მოგზაურობისგან. მარტოხელა ლომებს ელით რომანტიკული თავგადასავალი, რომლის შემდეგაც სერიოზულად დაფიქრდებიან ქორწინებაზე. საგრძნობლად გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას განსაკუთრებით აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში. ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული არაფერი გემუქრებათ.

2019 წლის ყველაზე წარმატებული პერიოდი: სექტემბერი.

სასიკეთო პერიოდები: აგვისტო და ნოემბერი.

დისჰარმონიული პერიოდები: ოქტომბერი და დეკემბერი.

ყველაზე ნეგატიური პერიოდი: აპრილი.

ქალწული _ 23 აგვ. –23 სექტემბერი

2019 წელს პლანეტების გავლენით ქალწულები მიატოვებენ ანგარიშიან ცხოვრებას და შეეცდებიან, შეცვალონ დამოკიდებულება თავიანთი შრომისა და ახლობლების მიმართ. აღმასვლა დაიწყება თებერვლის ბოლოს და პიკს ზაფხულში მიაღწევს _ ამ პერიოდში მოიმატებს მათი ავტორიტეტი და პოპულარობა. სწორედ ზაფხულში _ ივლისსა და აგვისტოში _ მიაღწევს ქალწულთა უმეტესობა დასახულ მიზნებს. სწორედ ამ პერიოდში გაუმართლებს მათ სიყვარულშიც.

2019 წელს ქალწულებისთვის სასიკეთო არ არის კარდინალური ცვლილებები _ საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაოს შეცვლა, რემონტი. გამორიცხული არ არის, თავი შეგახსენოთ ძველმა რომანტიკულმა ურთიერთობებმა.

მარტოხელა ქალწულები გაიცნობენ საწინააღმდეგო სქესის მომხიბვლელ წარმომადგენელს, რომელთანაც ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდებიან. წლის განმავლობაში შეეცადეთ, სწორად იკვებოთ და მეტად დაიტვირთოთ ფიზიკურად. რაც შეეხება ბიზნესსაქმიანობას, შეეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ და საიდუმლოდ შეინახოთ სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.

2019 წლის ყველაზე წარმატებული პერიოდი: ივლისი.

სასიკეთო პერიოდები: აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი.

დისჰარმონიული პერიოდები: თებერვალი და მაისი.

ყველაზე ნეგატიური პერიოდი: იანვარი.

სასწორი _ 24 სექტ. _ 23 ოქტ.

სასწორები ყოველთვის ცდილობენ თავიანთი ცხოვრების დაბალანსებას, მათემატიკური პროპორციების პოვნას სიყვარულსა და სამუშაოში. 2019 წლის 18 თებერვლიდან 8 წლის განმავლობაში სასწორებს მოუწევთ პასუხისმგებლობის დაკისრება არა მხოლოდ საკუთარ საქციელზე, არამედ ახლობელი ადამიანების ნამოქმედარზეც. თავდაპირველად გაგიჭირდებათ, მაგრამ საშველად მოვა საყვარელი ადამიანი, რომელიც პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. აგრეთვე, მხარში ამოგიდგებიან ვერძისა და კირჩხიბის ნიშნებით დაბადებული ადამიანები.

დაოჯახებულ სასწორებს პრობლემები შეექმნებათ ახლობელი ადამიანების, განსაკუთრებით _ შვილების მხრიდან, ამიტომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ მათ. მარტოხელა სასწორები კი გაიცნობენ საინტერესო ადამიანს, თუმცა მასთან ურთიერთობა შორს არ წავა.

სასწორები სარგებელს ნახავენ ფინანსურ ოპერაციებში; შესაძლოა, მოიპოვონ შემოსავლის დამატებითი წყაროც. რაც შეეხება ჯანმრთელობას, 2019 წელს სასწორებს პრობლემას შეუქმნის სასუნთქი გზების დაავადებები, ამიტომ ერიდეთ გაცივებას და შეეცადეთ, სხეული გაიკაჟოთ ფიზიკური ვარჯიშებით.

2019 წლის ყველაზე წარმატებული პერიოდი: იანვარი.

სასიკეთო პერიოდები: აპრილი და ივლისი.

დისჰარმონიული პერიოდები: მაისი და ოქტომბერი.

ყველაზე ნეგატიური პერიოდი: დეკემბერი.

მორიელი _ 24 ოქტ. _ 22 ნოემბ.

როდესაც ასტროლოგების ამერიკულმა ასოციაციამ ქალთა შორის ჩაატარა გამოკითხვა “სექსუალური მიმზიდველობის” თემაზე, გაიმარჯვეს მორიელის ნიშნით დაბადებულმა მამაკაცებმა. მორიელები იდეალურად ჩაეწერნენ “მაჩოს” არქეტიპის მითში _ ძლიერი, ყველაფრისშემძლე, მომხიბვლელი, ბევრს არ ლაპარაკობს, ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს, იცავს საკუთარ ინტერესებს. ქალ-მორიელებსაც “მაჩოიზმის” ტვირთი აქვთ აკიდებული. მორიელი წელსაც განაგრძობს იმ გზის ძიებას, რომელიც მიიყვანს დასახული მიზნების შესრულებამდე. ამისთვის კი ყველაზე კარგი პერიოდია 2019 წლის 14 დეკემბრიდან 2020 წლის 12 თებერვლამდე.

თქვენი საქმეების სტაბილიზაცია მოხდება 26 აგვისტოდან 15 ნოემბრის პერიოდში. ამავე პერიოდში, სავარაუდოდ, გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ამ წელს ამური თქვენი ერთგული დამხმარე იქნება, თუმცა მისი ისრების გარეშეც შეძლებთ თქვენთვის საინტერესო ადამიანის გულის მოგებას.

გაუფრთხილდით ღვიძლსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას!

2019 წლის ყველაზე წარმატებული პერიოდი: დეკემბერი.

სასიკეთო პერიოდები: ოქტომბერი და ნოემბერი.

დისჰარმონიული პერიოდები: ივნისი და ივლისი.

ყველაზე ნეგატიური პერიოდი: აპრილი.

მშვილდოსანი _ 23 ნოემ. _ 21 დეკ.

ეს წელიწადი მშვილდოსნებს ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს ჰპირდება. ფინანსური სტაბილურობა და ბიზნესიდეების წარმატებით რეალიზაცია გარანტირებულია, რადგან 2019 წლის 2 დეკემბრამდე გამარჯვების პლანეტა იუპიტერი მშვილდოსნის ზოდიაქოში იქნება, რაც ხელს შეუწყობს თქვენი, ასე ვთქვათ, ჰორიზონტის გაფართოებას, დასახული გეგმების ზედმიწევნით შესრულებას. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ნაწილობრივ სხვებზეც იქნება დამოკიდებული, გართულდება ან მათ დასასრულებლად დიდი ძალისხმევის გამოჩენა დაგჭირდებათ. ეს იქნება შედეგი იუპიტერსა და ნეპტუნს შორის ნეგატიური ასპექტისა, რომელიც 2019 წელს სამჯერ განმეორდება: 1 იანვრიდან 2 თებერვლამდე, 25 მაისიდან 16 ივლისამდე, 25 აგვისტოდან 16 ოქტომბრამდე.

მარტოხელა მშვილდოსნებს, რომლებიც გაიცნობენ საწინააღმდეგო სქესის მომხიბვლელ წარმომადგენელს, ელით რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც შესაძლოა ქორწინებით დასრულდეს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, დროა, მოიწესრიგოთ კვების რეჟიმი და დაკავდეთ სპორტის რომელიმე სახეობით, მაგალითად, ცურვით.

2019 წლის ყველაზე წარმატებული პერიოდი: ნოემბერი.

სასიკეთო პერიოდები: იანვარი და თებერვალი.

დისჰარმონიული პერიოდები: მაისი და ივნისი.

ყველაზე ნეგატიური პერიოდი: სექტემბერი.

თხის რქა _ 22 დეკემ. _ 20 იან.

თხის რქები კონსერვატიულად განწყობილი ადამიანები არიან და ცვლილებებს სიფრთხილით ეკიდებიან, თუმცა 2019 წელს მკვეთრ ცვლილებებს არ უნდა ელოდონ.

მიუხედავად იმისა, რომ არ გიყვართ ვალის აღება აპრილ-მაისის პერიოდში მაინც მოგიწევთ კრედიტის აღება ბანკიდან და ბიზნესში დაბანდება. ნუ აღელდებით, კრედიტს მალე დაფარავთ, ბიზნესიდან შემოსავალი კი 2-3-ჯერ გადააჭარბებს ვალს.

ეს წელიწადი (განსაკუთრებით გაზაფხულის ბოლო და ზაფხული) თქვენი ლაკმუსის ქაღალდია, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეიტყოთ, სწორად ცხოვრებთ თუ არა.

მარტოხელა თხის რქებისთვის იღბლიანი წელიწადია _ მათ ყურადღებას მიაპყრობს ადამიანი, რომელზეც, დიდი ხანია, ოცნებობდნენ, დაოჯახებულმა თხის რქებმა კი მეტი დრო უნდა დაუთმონ შვილებს.

ორგანიზმის გასაკაჟებლად კარგი იქნება, თუ დაკავდებით სპორტის რომელიმე სახეობით ან მეტად დაიტვირთებით ფიზიკურად.

2019 წლის ყველაზე წარმატებული პერიოდი: მარტი.

სასიკეთო პერიოდები: თებერვალი და დეკემბერი.

დისჰარმნიული პერიოდები: მაისი და აგვისტო.

ყველაზე ნეგატიური პერიოდი: ივნისი.

მერწყული _ 21 იან. _ 19 თებ.

2019 წელს მერწყულები მაგნიტივით მიიზიდავენ წარმატებას და საკმაოდ ექნებათ ბედნიერი მომენტები. მერწყულებისთვის ეს წელი გამორჩეული იქნება იმით, რომ ინტუიციით იგრძნობენ, როდის უნდა გაუჩინარდნენ და როდის უნდა წარდგნენ საზოგადოების წინაშე თავიანთი მომხიბვლელობით. ზოდიაქოს ნიშნებიდან გამოსარჩევია ორი არატიპური ნიშანი, რომლებსაც არ აქვთ სხვა ნიშნების მსგავსი მახასიათებლები, ესენია ტყუპი და მერწყული (სხვათა შორის, ქმნიან შესანიშნავ კავშირს და არა მხოლოდ საქორწინო კავშირს). ტყუპი მრავალმხრივია, რადგან მასში ცოცხლობს რამდენიმე პიროვნება, მერწყულების “წაკითხვა”, გამოცნობა კი შეუძლებელია, რადგან ისინი უსწრებენ თავიანთ დროებას. მერწყულებისთვის 2019 წელი აღმოჩენების, ახალი ცხოვრების დაწყების პერიოდია. ფლირტის მოყვარულ მერწყულებს თაყვანისმცემლებმა შეიძლება თავიც კი მოაბეზრონ, თუმცა შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ქორწინებით დასრულდეს.

2019 წლის ყველაზე წარმატებული პერიოდი: მარტი.

სასიკეთო პერიოდები: აპრილი და დეკემბერი.

დისჰარმონიული პერიოდები: იანვარი და ოქტომბერი.

ყველაზე ნეგატიური პერიოდი: ივლისი.

თევზები _ 20 თებ. _ 20 მარტი

თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. ის აერთიანებს 12 ნიშნის ყველა დადებით (ასევე, უარყოფით) თვისებას. სწორედ ამიტომ არის ამ ნიშნით დაბადებულთა შორის ყველაზე მეტი შემოქმედი და გენიოსი, აგრეთვე, მაფიოზი. 2019 წელს თევზებს სასიამოვნო და, ამასთანავე, დისჰარმონიული პერიოდები ექნებათ. ეს წელიწადი დაემსგავსება აზარტულ თამაშს, რომელშიც თევზებს საოცრად გაუმართლებს, მაგრამ ყველაფერი გამბედაობაზე იქნება დამოკიდებული. თქვენ განაგრძობთ გზას, რომელიც 2018 წელს დაიწყეთ. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ტახის წელიწადი ამთავრებს წრეს, დასავლური კალენდრის მიხედვით კი თევზები ზოდიაქოს წრის ბოლო ნიშანია და ამით თითქოს ნათესაურ კავშირშია ტახის წელიწადთან. 2019 წელს თევზებს ელით რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც, არ არის გამორიცხული, ქორწინებით დასრულდეს. მხოლოდ კვების რეჟიმის მოწესრიგებითა და ფიზიკური სავარჯიშოების შესრულებთ შეძლებთ ფორმის, შესაბამისად, წონის შენარჩუნებას.

2019 წლის ყველაზე წარმატებული პერიოდი: მაისი.

სასიკეთო პერიოდები: თებერვალი და აპრილი.

დისჰარმონიული პერიოდები: იანვარი და ოქტომბერი.

ყველაზე ნეგატიური პერიოდი: სექტემბერი.

2019 წლის სიმბოლოები

* წლის ციფრი _ 3.

* ბედნიერი ციფრები _ 2, 5, 8.

* წლის ფერი _ ყვითელი, ყავისფერი.

* წლის ქვები _ მარჯანი, ტოპაზი, ლაზურიტი.

ტახის წელიწადს დაბადებული პოპულარული ადამიანები

ოლივერ კრომველი, ვოლფგანგ მოცარტი, ჰენრი ფორდი, ერნესტ ჰემინგუეი,

კარლ იუნგი, რონალდ რეიგანი,

არნოლდ შვარცენეგერი,

გლენ კლოუზი, ჰენრი კისინჯერი,

მარკ შაგალი, ალენ დელონი.

რა ელის მსოფლიოსა და საქართველოს 2019 წელს

2019 წელი მდიდარი იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით. მათ შორისაა “ბრექსიტი” და სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა. ბევრ ქვეყანაში (უკრაინაში, ინდოეთში, მოლდოვაში, საბერძნეთში) არჩევნების შედეგად შეიცვლება ხელისუფლება და მოვლენ ახალი ლიდერები. რთული ვითარება შეიქმნება უკრაინაში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. დიდი ძვრებია მოსალოდნელი ევროკავშირში, სადაც გაზაფხულზე (მაისში) ახალი პარლამენტი უნდა აირჩიონ. ამ არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს მემარჯვენე ძალებს, რომლებიც ევროკავშირისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ამასთანავე, ევროპაში მოსალოდნელია სისხლიანი დაპირისპირებები ეთნიკური და რელიგიური მიზეზებით.

საქართველოსთვის 2019 წელი ფინანსურ-ეკონომიკური რეფორმებისა და ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების წელიწადია. პოლიტიკურ ვითარებას გაამწვავებს მთვარისა და მზის დაბნელებები, ერთი (მზის ნაწილობრივი დაბნელება) უკვე მოხდა 6 იანვარს, შემდეგი დაბნელებები მოხდება: 25 იანვარს 8 საათსა და 43 წუთზე (მთვარის სრული დაბნელება); 2 ივლისს 22 სთ-ზე _ მზის სრული დაბნელება; 16 ივლისს _ მთვარის ნაწილობრივი დაბნელება და მზის რგოლური დაბნელება _ 2019 წლის 26 დეკემბერს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here