Home სხვადასხვა დაიჯესტი პუტინი მსოფლიო შეთქმულებაზე, მესამე მსოფლიო ომსა და რუს და უკრაინელ ხალხებზე

პუტინი მსოფლიო შეთქმულებაზე, მესამე მსოფლიო ომსა და რუს და უკრაინელ ხალხებზე

284

რუსეთის წამყვანმა ტელევიზიებმა და რადიოსადგურებმა 30 ივნისს პირდაპირ ეთერში გადასცეს სპეციალური პროგრამაპირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან”.

საუბრის ძირითადი თემა პანდემია და ვაქცინაცია იყო და პუტინმა მოთმინებით ახსნა თავისი პოზიცია. ის სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგია, მაგრამ ადამიანებს აცრისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ეპიდემიის შემთხვევაში, რეგიონების ხელმძღვანელებს შეუძლიათ დააწესონ სავალდებულო ვაქცინაცია, განსაკუთრებით რისკის ჯგუფების ადამიანებისთვის, რასაც აკეთებენ კიდეც. დიახ, აცრა არ იძლევა 100%-იან გარანტიას, რომ ადამიანი არ დაინფიცირდება, მაგრამ აცრის შემთხვევაში სნეულებას უფრო იოლად გადაიტანს. ამასთანავე, პუტინმა აღიარა, რომ რუსეთში, ისევე, როგორც მსოფლიოში, ბევრია აცრის მოწინააღმდეგე, მაგრამ ყველას ურჩია, გაითვალისწინონ სპეციალისტთა რჩევები და ყური არ დაუგდონ მათ, ვინც მსოფლიო შეთქმულების თეორიებს ავრცელებს. “თითქოს ზრდასრული ადამიანები არიან, განათლებული; არ ვიცი, საიდან მოაქვთ ასეთი რაღაცები. როცა ეუბნები, ეს სრულიად მსოფლიოში ხდება, გიპასუხებენ: დიახ, ქვეყნების ხელმძღვანელები გარიგდნენ”. საერთოდ, იციან, რა ხდება მსოფლიოში, როგორი დაპირისპირების პირობებში ცხოვრობს დღევანდელი მსოფლიო, რომელშიც ყველა ერთად შეიკრიბა და შეთქმულება მოაწყო?! ეს ხომ სისულელეა?! ამასთანავე, მნიშვნელობა არ აქვს, ხელოვნური წარმოშობისაა თუ არა ვირუსი”, _ აღნიშნა პუტინმა, მნიშვნელოვანია, როგორ დავიცვათ თავი მისგან, განსაკუთრებით რისკის ჯგუფის ადამიანებმა. “ეს სახიფათოა, სახიფათოა სიცოცხლისთვის, აცრა კი სახიფათო არ არის”. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თვითონ “სპუტნიკ V”-ით აიცრა.

ბრიტანელთა პროვოკაცია

ბრიტანელთა მიერ ცოტა ხნის წინათ ყირიმთან მოწყობილმა პროვოკაციამ გააჩინა შიში, რომელიც ერთ კითხვაში აისახა _ ხომ არ ვდგავართ მესამე მსოფლიო ომის ზღურბლთან?

“არა, რა თქმა უნდა”, _ მოჭრა პუტინმა, მაგრამ დააზუსტა:

ეს გემი კიდეც რომ ჩაგვეძირა, ძნელი წარმოსადგენია, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე დადგებოდა, იმიტომ, რომ მათ, ვინც ამას აკეთებს, კარგად იციან, ამ ომიდან გამარჯვებული ვერ გამოვლენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არისარ ვფიქრობ, რომ ჩვენ გაგვიხარდებოდა მოვლენების ისეთი განვითარება, როგორზეც საუბრობთ, მაგრამ ჩვენ ის მაინც ვიცით, რისთვის ვიბრძვით: ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით თავის დასაცავად, ჩვენი მომავლის დასაცავად. ჩვენ არ მივსულვართ მათთან ათასობით კილომეტრს იქით, არც გვიფიქრია და არ გაგვიცურავს, ისინი მოვიდნენ ჩვენს საზღვართან და დაარღვიეს ჩვენი ტერიტორიული წყლების საზღვარი, ეს კი მნიშვნელოვანი ელემენტია მთელი ამ კონსტრუქციის”.

ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია არა მხოლოდ მსგავსი პროვოკაცია, არამედ სხვა, უფრო ფუნდამენტური რამ:

უკრაინის საკითხი

უკრაინის ტერიტორიის სამხედრო ათვისება. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, იქ არ შეიძლება იყოს უცხოური სამხედრო ბაზები. სამხედრო ათვისება ტერიტორიისა, რომელიც უშუალოდ გვესაზღვრება, მნიშვნელოვან პრობლემებს გვიქმნის უსაფრთხოების სფეროში. ეს რეალურად ეხება რუსეთის ფედერაციისა და რუსეთის ხალხების სასიცოცხლო ინტერესებს. ეს შეშფოთებას იწვევს და ამაზე უნდა ვიფიქროთ”.

პუტინმა კიდევ ერთხელ შეახსენა დასავლეთს რუსეთის წითელ ხაზებზე უკრაინის საკითხებში _ სახელდობრ, დასავლეთს და არა კიევს, რომელმაც “თავისი ქვეყანა სამართავად უცხო ძალებს ჩაუგდო ხელში”.

უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები წყდება არა კიევში, არამედ ვაშინგტონში, ნაწილობრივ _ ბერლინსა და პარიზში”.

მაგრამ პუტინმა არ გაათანაბრა კიევის ხელისუფლება უკრაინელ ხალხთან. პირიქით, მან კვლავ ძალიან დაწვრილებით ახსნა თავისი პოზიცია რუსებისა და უკრაინელების მიმართ.

რატომ არ შედის უკრაინა არამეგობრული ქვეყნების სიაში? იმიტომ, რომ, არ მიმაჩნია უკრაინელი ხალხი ჩვენ მიმართ არამეგობრულად განწყობილად, ბევრჯერ ვილაპარაკე ამ საკითხზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მიმაჩნია, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.

ნახეთ: ისრაელში ებრაელები ჩადიან აფრიკიდან, ევროპიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. აფრიკიდან, საერთოდ, შავკანიანები ჩადიან, ხომ ასეა? ევროპიდან ჩასულები იდიშზე ლაპარაკობენ და არა ივრითზე. თითქოს არ ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ, სულერთია, ებრაელი ხალხი უფრთხილდება თავის ერთიანობას. ისე, რაღა ისრაელი? ჩვენ გვყავს ასეთი ხალხი, რუსეთის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხი _ მორდვა. იქ არის ერზია, მოკშა, შოკშა და კიდევ სამი ჯგუფი ხალხებისა, მაგრამ ისინი თავს მორდველებად მიიჩნევენ. ერთი ჯგუფის ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ერზიასა და მოკშას ერთმანეთის არ ესმით, მათი ენები უფრო განსხვავდება ერთმანეთისგან, ვიდრე რუსული და უკრაინული, მაგრამ ისინი ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ ერთიანობას.

რატომ? რამდენიმე მიზეზით: პირველი _ ისინი ჭკვიანი არიან და ესმით, რომ დაყოფა მათ კარგს არაფერს მოუტანს, უბრალოდ, ეთნოსს დაასუსტებს; შემდეგ _ საგარეო ფაქტორები.

რა მაქვს მხედველობაში? ყოველთვის ცდილობდნენ რუსი ხალხის გახლეჩას, და ეს მოდის შუასაუკუნეებიდან, რეჩ პოსპოლიტადან, იმიტომ, რომ თვითონ პოლონეთს სურდა, დიდი სახელმწიფო ყოფილიყო, ამიტომ ცდილობდა, ყველა გაეხლიჩა და დაენაწევრებინა, ვინც ირგვლივ იყო. შემდეგ ეს აიტაცა ავსტრია-უნგრეთმა I მსოფლიო ომის წინ, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავიგოთ. ჩვენთან ადრე როგორ განიმარტებოდა ეთნიკური შემადგენელი? იყვნენ ველიკოროსები, ბელოროსები და მალოროსები. შემდეგ, გარე ფაქტორების ზემოქმედებით, ბოლშევიკებმაც შეიტანეს თავიანთი წვლილი, დაიწყო ერთიანი რუსი ხალხის გაყოფა”.

პუტინმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე სტატიის დაწერა სურს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებს არამეგობრულ ხალხად არ მიიჩნევს. “ჩვენ ერთი მთლიანი ვართ. აი, უკრაინის ხელმძღვანელობა, უკრაინის დღევანდელი ხელმძღვანელობა კი აშკარად არამეგობრულად არის განწყობილი ჩვენ მიმართ”, _ განაცხადა პუტინმა და გააკრიტიკა კანონი მკვიდრი მოსახლეობის შესახებ, რომელიც უკრაინის პარლამენტში ვლადიმერ ზელენსკიმ შეიტანა. პუტინმა ეს პროექტი მასობრივი განადგურების იარაღს შეადარა.

“გამაოგნებელია. იქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ რუსი ადამიანები, ახლა კი მათ არამკვიდრ ხალხად აცხადებენ. რას გამოიწვევს ეს? ეს მასობრივი იარაღის გამოყენების ტოლფასი იქნება. დევნიან რუსულ ენას რეალური ცხოვრებიდან”.

პუტინი არაერთხელ დაუბრუნდა რუსი და უკრაინელი ხალხების ერთობას _ და გასაგებია, რომ ორი ძმური ხალხის მეგობრობის აღდგენა მისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მაგრამ არა ახალი სსრკ-ის სახით. ამ თემაზე პუტინმა უკვე ილაპარაკა და საბჭოთა კავშირის აღდგენას უაზრობა, შეუძლებელი და მიზანშეუწონელი უწოდა აზიის რესპუბლიკაში დემოკრატიული მაჩვენებლის ზრდის გამოც: ახალ საბჭოთა კავშირში რუსები შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ევრაზიული კავშირის მშენებლობასა და განმტკიცებას, არც ველიკოროსებისა და მალოროსების _ რუსებისა და უკრაინელების _ ისტორიული ერთობის აღდგენას. სწორედ ამ ერთობაზე ლაპარაკით დაასრულა პუტინმა თავისი “პირდაპირი ხაზი”.

რუსეთის მთავარი რეზერვი

“რუსეთის მთავარი ოქროს რეზერვი ადამიანები არიან _ მრავალფეროვანი რუსი ხალხი ღრმა ისტორიული, სულიერი და კულტურული ფესვებით. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, თანამედროვე მსოფლიოში კი _ ორმაგად მნიშვნელოვანი. მსოფლიოს მომავალი დამოკიდებულია მოწინავე ტექნოლოგიებზე, ისეთ მეცნიერებებზე, როგორიც არის გენეტიკა, ბიოლოგია, ტექნოლოგებზე ხელოვნური ინტელექტის სფეროში. ჩვენს ქვეყანაში მშობლების 60%-ზე მეტს სურს, მისი შვილი მუშაობდეს მეცნიერებაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროს არ მოაქვს განსაკუთრებული შემოსავლები, ისეთი, როგორც ბიზნესს. ასეთი დამოკიდებულება სამეცნიერო ცოდნის მიმართ ჩვენს კოლოსალურ კონკურენტულ უპირატესობაზე მიუთითებს. და, თუ ჩვენ შევძლებთ შინაგანი სტაბილურობის შენარჩუნებას, რომლის შერყევასაც გარედან ცდილობენ, შევძლებთ შინაგანი სტაბილურობის მიღწევას, წარმატება გარდაუვალი იქნება. მაშინ ჩვენ სიამაყით შევძლებთ თქმას: ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც მომხიბვლელია იმისთვის, რომ იქ ვიცხოვროთ.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here