Home რუბრიკები საზოგადოება პატრიარქის შემოდგომა

პატრიარქის შემოდგომა

2749
მეუფე შიო

ქაშუეთში გიორგობის სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა, გიორგობის დღესასწაული მიულოცა და წაიკითხა ბრძანება, რომელიც, უწმინდესის თქმით, სწორედ 23 ნოემბერს დაიწერა. “სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლად უსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი”, _ ნათქვამია ბრძანებაში.

საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის ახალ ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა, როდესაც პატრიარქი სიცოცხლეშივე ასაჯაროებს მოსაყდრის ვინაობას. რადგან ილია მეორემ მოსაყდრედ მეუფე შიო არა ანდერძით, არამედ საჯაროდ დაასახელა, ამან, როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ლიბერალურ ფრთად წოდებული სასულიერო პირები არ გამორიცხავენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას უწმინდესი გავლენებისგან თავისუფალი არ იყო; მეორე ნაწილი კი პატრიარქის ბრძანებას მორჩილებით იღებს და მეუფე შიოს მოსაყდრედ დადგენას ულოცავს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, როგორც სასულიერო პირები, ისე თეოლოგები თანხმდებიან ერთ რამეზე: მეუფე შიო არის ნეიტრალური, თავმდაბალი, განათლებული და უაღრესად პატიოსანი.

“მე იმედი მაქვს ღვთის მადლის შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობის და უწმინდესის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა-კურთხევის. მე ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის… ეს არის განსაკუთრებული ვითარება ჩვენს ისტორიაში… უახლოეს მომავალში გამოჩნდება, ვალდებულებები როგორი იქნება”, _ განაცხადა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა.

ვიდრე ერი და ბერი იმაზე მსჯელობს, რატომ მიიღო უწმინდესმა ეს გადაწყვეტილება და იყო თუ არა გავლენისგან თავისუფალი მოსაყდრის დასახელებისას, შეგახსენებთ, რა ფუნქცია ეკისრება მოსაყდრეს პატრიარქის გარდაცვალებისა თუ გადადგომის შემდგომ. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვაგამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის გარდაცვალების, გადადგომისა და სხვა მიზეზების გამო, რომლებიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოსპატრიარქისთვის მოვალეობების შესრულებას, ახალი კათოლიკოსპატრიარქის არჩევამდე ეკლესიას კათოლიკოსპატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს. იმ შემთხვევაში, თუ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით (ხელდასმა) უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე. სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმინდა სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოსპატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას, რომლის მიმართ კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა. პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის არჩევა. საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებამდე მოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდს საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად და სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენს 3 კანდიდატს, რომელთაგან ერთერთი თავად ტახტის მოსაყდრე შეიძლება იყოს.

სამი კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ წმინდა სინოდის მიერ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები. გაფართოებულ კრებაში, სინოდის ყველა წევრის გარდა, მონაწილეობს ყველა ეპარქიიდან მოწვეული 2 სასულიერო და 1 საერო პირი; თითოეული მონასტრიდან, ასევე, სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან წარმოდგენილი _ 2-2 დელეგატი; გელათის მეცნიერებათა აკადემიიდან _ 4 დელეგატი და მცხეთათბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც იქნება მოწვეული ყველა დანარჩენი ეპარქიიდან. გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ, თუმცა კენჭისყრაში მხოლოდ მღვდელმთავრები მონაწილეობენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქად აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელახალი კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობს ის ორი კანდიდატი, რომლებმაც პირველ კენჭისყრაში ხმათა უმრავლესობა მიიღეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით უნდა იყოს ქართველი; უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი; უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება; უნდა იყოს არანაკლებ 40 წლისა და არაუმეტეს 70 წლისა; უნდა იყოს ბერი.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის პირველი მოვალეობაა, უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ უზრუნველყოს მისი დაკრძალვის ცერემონია, მიიღოს სტუმრები, რომლებიც მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ. ამის შემდეგ უნდა მოამზადოს წმინდა სინოდის კრება ახალი პატრიარქის არჩევნებისთვის და თვითონ, როგორც მოსაყდრე, იქნება ერთერთი კანდიდატი და არა ერთადერთი.

აქვე გაგაცნობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ბიოგრაფიას:

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა და სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო. იყო წარჩინებული სტუდენტი (ვიოლენჩილისტი).

1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად განამწესეს შიომღვიმის მონასტერში. 1994 წლის 2 იანვარს ბერად აღკვეცეს და სახელად შიო ეწოდა. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს _ მღვდლად. 1997 წელს მღვდელ-მონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს დაამთავრა ბათუმის იონე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე განაგრძო. ამავე წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დადგენილ იქნა ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.

1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან _ ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობს მოსკოვის წმ. ტიხონის სახელობის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახალშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად.

2006 წელს დაამთავრა მოსკოვის წმ. ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ბაკალავრიატი.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი _ წმიდა გიორგის ოქროს ორდენით. 2009 წლის 20 სექტემბერს იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2010 წელს კი მიტროპოლიტის ხარისხში და დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ქორეპისკოპოსად.

2013 წელს უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხით და ჩააბარა წმ. ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სადაც 2015 წლის 27 ნოემბერს დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია), მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა”, მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.

უწმინდესის მიერ მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც საზოგადოების, ასევე მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირთათვისაც. პატრიარქის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებაზე შეგვიძლია მხოლოდ ვიმარჩიელოთ, მაგრამ მუდმივი სპეკულირების საკითხს, რა წერია უწმინდესის ანდერძში, პატრიარქმა წერტილი დაუსვა. ახლა უკვე ვიცით, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს მეუფე შიო გაუძღვება და ილია მეორემ ამის გაცხადებით პატრიარქის კარზე ინტრიგებს ბოლო მოუღო. ცოტა რამ იცის საზოგადოებამ პატრიარქის რჩეულის შესახებ, ეს ცოტა კი ასე შეგვიძლია შევაჯამოთ: კოლეგებისგან განათლებითა და თეოლოგიური საკითხების ცოდნით გამოირჩევა; თავშეკავებულია თავისი პოზიციის საჯაროდ გამოხატვაში და აქვს რუსეთთან კავშირი, იქ მიიღო განათლება და გარკვეული პერიოდი რუსეთში ქართულ ეკლესიაში მოღვაწეობდა. რთული სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, ჩაიბარებს თუ არა მეუფე შიო პატრიარქის ტახტს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უწმინდესს მომავალ პატრიარქად მეუფე შიო მუჯირი სურს

2017 წლის გიორგობა, რელიგიური დღესასწაულის გარდა, ისტორიულ თარიღადაც იქცა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქაშუეთის ეკლესიაში საზოგადოებას მოსაყდრის დადგენის შესახებ ამცნო. ბრძანება პატრიარქის ხელითაა დაწერილი და, როგორც ირკვევა, ამის შესახებ სასულიერო პირებმა არაფერი იცოდნენ. გარდა იმისა, რომ უწმინდესის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, ის უპრეცენდენტოცაა. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ ბრძანა: “ყველას გილოცავთ გიორგობას. ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას. მე იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა”.

მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელების შემდეგ მალევე გაკეთდა განცხადებები, რომ მოსაყდრედ დანიშვნა არ ნიშნავს, რომ ის მომავალში აუცილებლად პატრიარქი გახდება, რომ ეს გადაწყვეტილება პატრიარქმა ანდერძის გარშემო სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად მიიღო. მოაგვარებს თუ არა უწმინდესის ეს გადაწყვეტილება საპატრიარქოში არსებულ გაუგებრობას თუ დაპირისპირებას, ამას მომავალი გვაჩვენებს. დღეს კი ფაქტია: რადგან პატრიარქის გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა, უნდა ვივარაუდოთ, რომ პატრიარქმა ის განსაკუთრებული მოცემულობის გამო მიიღო. თავისთავად მრავლისმეტყველია ისიც, რომ უწმინდესმა ეს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და არავის გაენდო

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ მოსაყდრის დანიშვნის ამბავი მას შემდეგ შეიტყო, როცა უწმინდესმა ქაშუეთში მის მიერ დაწერილი ბრძანება წაიკითხა. “აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. პატრიარქმა თვითონ მიიღო, როგორც ვიცი, გადაწყვეტილება და ის არავისთან განუსჯია, არც არავისთვის უთქვამს, ისე გამოაცხადა თავისი გადაწყვტილება”, _ განაცხადა ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ.

პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელებაზე კითხვები აქვს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). მეუფე არ არის დარწმუნებული, რომ პატრიარქი ოთახში მარტო იყო და თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალი იყო, როდესაც მეუფე შიოს მოსაყდრედ განმწესების ბრძანებას წერდა. ამასთანავე, მეუფე გრიგოლი სამართლებრივ კაზუსზეც საუბრობს: “სამართლებრივი კუთხით რომ შევხედოთ, ბევრი კითხვა ჩნდება. მე ისიც არ ვიცი, ამ გადაწყვეტილებაში თავისუფალი იყო თუ არა… მოსაყდრე ინიშნება მაშინ, როდესაც უუნარო არის პატრიარქი. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ ამას უნდა მოჰყოლოდა განცხადება, რომ მე მივდივარ, მოსაყდრეს ვნიშნავ და მოსაყდრე აგრძელებს იმ პროცედურებს, რაც დებულებით არის განსაზღვრული” _ ამბობს მეუფე გრიგოლი.

მეუფე შიოს მოსაყდრედ განმწესების შესახებ ბრძანების არსებობა ამბის გაცხადების შემდეგ შეიტყო ერთ-ერთმა გავლენიანმა სასულიერო პირმა, ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა (იაკობიშვილმა). მისი თქმით, სერიოზულ საკითხებზე პატრიარქი ყოველთვის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და მას მოსაყდრის დასახელება გაუხარდა კიდეც. “გამიხარდა, ეგოისტობაში ნუ ჩამომართმევთ და, რაც ამდენი კამპანია მიდის ჩემ წინააღმდეგ, ალბათ, გაჩერდებიან ცოტა ხანს, თუ არ გაჩერდებიან და ნება მათია… ჩემთვის საინტერესო ის იყო, რომ უწმინდესმა დაასახელა, იმის იქით აღარ მაინტერესებს”, _ ასე გამოეხმაურა მეუფე იაკობი უწმინდესის მიერ მოსაყდრედ მეუფე შიოს განმწესებას.

“დაგვიანებული, თუმცა საუკუნის გადაწყვეტილება” უწოდა უწმინდესის მიერ გიორგობას მოსაყდრის დასახელებას მეუფე პეტრემ (ცაავამ): “უწმინდესი ვისაც თვლის თავის მემკვიდრედ, ეკლესიის მომავალ საჭეთმპყრობლად, ფაქტობრივად, ჩვენთვის უკვე ცნობილია. ჩემი პირადი აზრია, რომ შეიძლებოდა ეს უფრო ადრეც მომხდარიყო და ბევრ პრობლემებს, დღეს არსებულს, ავირიდებდით თავიდან”.

სწორედ პატრიარქის მოსაყდრე შიო იყო იმ სხდომის მდივანი, რომელზეც ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე დასაჯეს და საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან გაუშვეს. ამის მიუხედავად, მან მეუფე შიოს პატრიარქის რჩეულობა ტექსტური შეტყობინებით მიულოცა და პასუხად მადლობაც მიიღო.

პატრიარქის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და უწმინდესის ისტორიული ნაბიჯი ასე ახსნა: “ბოლო პერიოდში პატრიარქი იმყოფებოდა თავის ძველ საპატრიარქო რეზიდენციაში, რომელიც სიონის ეზოში მდებარეობს, საიდანაც დაიწყო თავისი დიდი აღმშენებლობითი მოღვაწეობა. ორ დღეს დარჩა თავის რეზიდენციაში. ასევე იმყოფებოდა სვეტიცხოველში. სვეტიცხოველშიც აქვს პატრიარქს რეზიდენცია. ის ძალიან განიცდიდა და განიცდის იმ პროცესებს, რომლებიც საქართველოს ეკლესიაში განვითარდა და, როგორც ირკვევა, ის ფიქრობდა იმის შესახებ, ვინ შეიძლება მოსაყდრე ყოფილიყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკლესიაში დღეს მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული და რთულია”, _ განაცხადა გიორგი ზვიადაძემ და იქვე განმარტა, რომ მეუფე შიო ღირსეული პიროვნებაა.

არც საპატრიარქოს მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი მალავს, რომ მათთვის მოულოდნელი იყო მოსაყდრის ასე დასახელება. “კულუარულად იყო საუბარი, რომ არ მიიღებს პატრიარქი ასეთ გადაწყვეტილებას და თავის სიცოცხლეშივე არ დაასახელებს მოსაყდრესო. თუმცა, კონკრეტულად ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის, ასეთს ვერავის ვხედავდით. არჩევანი მეუფე შიოზე რომ გაკეთდა, ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო”.

რადგან უწმინდესის გადაწყვეტილება _ სიცოცხლეშივე დაესახელებინა თანამოსაყდრე _ მოულოდნელი და უპრეცენდენტოა, საპატრიარქოში არ იციან, რა უფლება-მოვალეობებით აღიჭურვება პატრიარქის მიერ მეუფე შიო და, სანამ საპატრიარქოში მისი უფლება-მოვალეობების გარკვევაში არიან, მოსაყდრის რანგში მეუფე შიომ უკვე ჩაატარა საკვირაო წირვა.

არსებობს ასეთი ვარაუდიც, რომ უწმინდესი, აღსაყდრებიდან 40 წლისთავის შესრულების შემდეგ (პატრიარქის აღსაყდრება 1977 წლის 25 დეკემბერს მოხდა) გადადგება და, სავარაუდოდ, საყოველთაო სურვილს, ღირსეული გახდეს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი, სიცოცხლეშივე აღასრულებს

მოამზადა

ნიკა გელაშვილმა

1 COMMENT

  1. tqveno girsebav,ufalma moganichat uketilshobilesi valdebuleba.daicavit eri hveni da qveyana hveni.didi imedi maqvs ufali agaridebt gansacdelebs da msvidobit imsaxurebt saqartvelos movla patronobaze.udides pativs vcem levan vasazes da mjera misi.hemi udidesi txovnaa martet qveyana aramc da aramc ar gadascet sache sxvas!gisurvebt mshvidobas!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here