Home სხვადასხვა დაიჯესტი მორალის გაკვეთილები მტირალა მინისტრის კაბინეტში

მორალის გაკვეთილები მტირალა მინისტრის კაბინეტში

738
მორალის გაკვეთილები მტირალა მინისტრის კაბინეტში

ახლახან გავრცელდა გასაკვირი ამბავი _ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი, ქალბატონი ლინდა რეინოლდსი სენატში ატირდა.

იმან გაიკვირვოს, ვინაც პირველად გაიგო ასეთი ეკზოტიკური ფაქტის შესახებ. საქართველოში ასეთი რამ კარგა ხნის წინათ მომხდარი დეჟავიუა: სააკაშვილისდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გოგონამ, რომელიც ქვეყნის მმართველმა “მიშა, მიშამ!” ოქრუაშვილის მსგავსად თანამდებობიდან თანამდებობაზე ახტუნავა, ბოლოს კი საგარეო უწყებას ჩაუყენა სათავეში, ერთიანი ევროპის რომელიღაც სტრუქტურაში ვიზიტისას ისეთი ცრემლი ღვარა, “ვეფხის დედაის” არც დასიზმრებია.

არგუმენტები რომ არ ეყო, მაშინ გამოიყენა ქალების ეს საიდუმლო იარაღიო. რის დამტკიცებას ცდილობდა, არ ვიცი, არც გვარი მახსოვს ჩვენი მინისტრის, რომც მახსოვდეს, მაინც არ ვიტყოდი.

არ ღირს და იმიტომ.

მოკლედ, ავსტრალიური კაზუსი ქართველებს არ გაგვკვირვებია.

მწვანე კონტინენტზე გაიკვირვეს: ასეთი რამ არც გვინახავს, არც გვსმენია ვინმესგანო. აბა, როგორ გაიგებდნენ ან ვინ ეტყოდათ, როცა საქართველო თავის უნიკალურ მიღწევებს არ აპიარებს, არ ასაჯაროებს.

პროპაგანდას არ უწევს.

აგიტაციაზე არ იხარჯება.

ავსტრალიაში პირიქითაა: ადგილობრივმა ტელეარხმა 9 News-მა დაუყოვნებლივ გაავრცელა ეს უჩვეულო ამბავი და ყველანი “ყურებზე დააყენა”.

“ყურებზე დაყენება” ქართული იდიომა არ არის.

ქართული იდიომაა “ყურებიდან ენას გვიყოფენ”, რომლის ავტორია განუმეორებელი რეზო ამაშუკელი _ მეტაფორების “მეფე, ღვთისაგან სვიანი”.

მორალის გაკვეთილები მტირალა მინისტრის კაბინეტში

დიდებული პოეტი!

მაინც რა მოხდა ავსტრალიაში? რამ აატირა ბრძოლებში გამობრძმედილი ამირსპასალარი ქალბატონი?

რამ და, ქვეყნის სენატში დეპუტატების გასაგონად ნათქვამმა ფაქტმა თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი ქვეშევრდომის სექსუალური თავაწყვეტილობის შესახებ.

საქმეში უკვე გამოიკვეთა ოთხი ეპიზოდი, ერთერთმა დაზარალებულმა აღნიშნა, რომ გამბახებელმა გააუპატიურა იგი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად მინისტრ ლინდა რეინოლდსის სამუშაო ოთახში.

ბრალდება წაუყენეს სამინისტროს თანამშრომელს, რომლის გვარს ოფიციალურად არ ასახელებენ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

სამაგიეროდ ტელესიუჟეტიდან დეტალურად შევიტყვეთ, რომ პოლიციას მიმართა აღნიშნული სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა ბრიტანი ჰიგინსმა. იგი ჩიოდა, რომ 2019 წლის მარტში უნამუსო კოლეგამ ბოროტად ისარგებლა მისი უმწეო მდგომარეობით, გააუპატიურა და რომ დანაშაული მოხდაუშუალოდ პარლამენტის შენობაში, თავდაცვის მინისტრის ლინდა რეინოდსის კაბინეტში.

გაგვაკვირვეს რა ჩვენ, ქართველები, როცა ენამწარე და მიშისტების დაუნდობელი კრიტიკოსის, კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას მრავალგზისი დაკვირვებით, ერთი მინისტრის ერთ კაბინეტში მომხდარი ერთი შემთხვევა კი არა, “ზოგიერთიპარტიული ტელევიზია, წლებია, “ტელესაროსკიპოებადჩამოყალიბდა.

პოლიტიკურ საროსკიპოებად.

ორი სხვა “პოტერპევშიეც” (ნასესხებია გაბრიაძე-დანელიას “მიმინოდან”) პარლამენტის თანამშრომლები არიან. მათგან ერთი ადგილობრივი ლიბერალური პარტიის მდივანი და მოხალისეთა პროგრამების ასისტენტია. მეორე მომჩივანი კი ეჭვმიტანილს შემთხვევით გადაეყარა, როცა კანბერის “ფაბლიკ ბარში”, ავსტრალიის პოლიტიკური ისტებლიშმენტის გამორჩეულ დროს სატარებელ ობიექტზე დასასვენებლად იყო მისული. მან განაცხადა, რომ მოძალადე მისი სხეულის “აკრძალულ ადგილებში შეღწევის სურვილს არათუ არ მალავდა, არამედ ცდილობდა კიდეც”. რაც ბერტოლდ ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრის” რობიკო სტურუასეულ კონგენიალურ სპექტაკლში ჟუჟუნას სამამამთილოს სარჩელის განხილვის ალუზიას აჩენს.

აზდაკი (რამაზ ჩხიკვაძე) დანის ასაღებად წაკუზულ ჟუჟუნაზე მიუთითებს და წარმოთქვამს განაჩენს. “ნახეთ, როგორ უთრთის და უთაფთაფებს ეს ყველაფერი! დამნაშავე აღმოჩენილია და ძალადობაც აშკარაა! _ მიმართავს ჟუჟუნას, _ ბევრი ჭამის, განსაკუთრებით, ტკბილეულის ჭამის, თბილ წყალში დიდხანს ჯდომის, სიზარმაცისა და ერთობ ფაფუკი ტანის გამო, შენ შესძელი ამ საბრალო ადამიანის გაუპატიურება”… _ მეჯინიბეს თავზე ხელს ადებს.

ისღა აკლია გამოაცხადოს: განაჩენი საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას!

ავსტრალიურ სექსსკანდალს იძიებენ არა მხოლოდ სამართალდამცველნი, არამედ სპეციალური საპარლამენტო პოლიციაც. მინისტრი იძულებული გახდა, წარმდგარიყო სენატის წინაშე, მაგრამ განხილვის პროცედურის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შეწყვიტა უსიამოვნო შეკითხვებზე პასუხის გაცემა და აცრემლებულმა დატოვა დარბაზი.

ცოტა ხნის წინათ მსოფლიოში სახელგანთქმულ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს სასამართლოში უჩივლა ახალბედა მსახიობმა, 2018 წელს გამაუპატიურაო. გამოძიებამ ვერ დაადასტურა, რომ მომჩივანი მართალს ამბობდა. ჰოლივუდში “გაუპატიურების ეპიდემიის” მაგალითები ხომ პირზე აკერია ჭორიკანა მსოფლიოს.

დრო დადგა დაბრალებით ხელოვნებაში კარიერული აღმასვლის ჟინთაღვსებისა ნიჭთა არქონის გამო. ვერც ვერაფერს შეჰკადრებ _ თავისუფლება უსაზღვროა, უფლებები _ ყოვლისმომცველი. ამას გვიქადაგებს ნეოლიბერალურ ღირსებათა კოდექსი _ ახალი რელიგია.

რეზიუმე: რაც მე ათწლეულების განმავლობაში ლამაზი სიტყვები დამიხარჯია ქალებისთვის ნათქვამ კომპლიმენტებში, ჯერ ერთი, ისინი უნდა გაგიჟებულიყვნენ, მეორე _ სამჯერ მაინც უნდა მომევლო გულაგი საბჭოთა საზოგადოების გახრწნის ბრალდებით გაციმბირებულ ვაიდონჟუანს.

და მაინც:

აუ, რა კარგი დღე არის,

აუ, რამდენი ქალია”, _ იოსებ გრიშაშვილის ნებართვით,

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here