Home ახალი ამბები მსოფლიო მადუროს თავი 15 მლნ დოლარად შეაფასეს

მადუროს თავი 15 მლნ დოლარად შეაფასეს

580
ნიკოლას მადურო

ვაშინგტონმა ვენესუელის პრეზიდენტი “ნარკოტერორიზმთან” კავშირში დაადანაშაულა და განზრახული აქვს, დააპატიმროს ვენესუელის ლიდერი, როგორც კი ამის საშუალება მიეცემა.

იმ დროს, როცა მსოფლიო კორონავირუსთან ბრძოლით არის დაკავებული, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ვენესუელაზე შეტევა განაახლა. სამიზნეში ამჟამად ბოლივარული რესპუბლიკის მეთაურია ამოღებული _ ნიკოლას მადურო.

უილიამ ბარი
უილიამ ბარი

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა მადურო და ქვეყნის კიდევ რამდენიმე ლიდერი ნარკოტერორიზმთან კავშირში დაადანაშაულა. ბარის სიაში, მადუროს გარდა, მოხვდნენ: ეროვნული დამფუძნებელი საკრებულოს თავმჯდომარე დიოსდადო კაბელიო, სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი უგო კარვახალი, მეტსახელად “წიწილა”, და გადამდგარი გენერალი კლივერ ალკალა კორდონესი. ამ “ნარკოტერორისტების” გარდა, აშშ-მა ქვეყნის კიდევ ორ ხელმძღვანელ პირს დასდო ბრალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მაიკელ მორენო ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, ხოლო თავდაცვის მინისტრი ვლადიმერ პადრინო ლოპესი ნარკოტიკებით ვაჭრობაში.

უილიამ ბარის თქმით, “მადუროსა და სხვა პირების წინააღმდეგ ბრალდება გამომდინარეობს მათი ურთიერთობიდან უკიდურესად სახიფათო ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელიც ცნობილია სახელით “კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები”, აგრეთვე, მცდელობიდან, აშშ-ში შეიტანონ ბევრი კოკაინი”. ასეთი დანაშაულის ჩადენისთვის პატიმრობის ვადა 10 წლიდან იწყება და უვადო პატიმრობით მთავრდება.

ამერიკის ხელისუფლებამ ჯილდოც კი დააწესა ვენესუელის პრეზიდენტის თავისთვის _ 15 მილიონი დოლარი. მადუროს ყოფილი და ამჟამინდელი თანამოსანგრეები უფრო ნაკლებად შეაფასეს _ 10-10 მილიონად კაბელიო, კარვახალი, ალკალასი და ვიცეპრეზიდენტი ტარეკ ალ აისამი. ამრიგად, აშშ-ს განზრახული აქვს, ვენესუელის ხელისუფლების წამყვანი ფიგურები 55 მლნ დოლარად იყიდოს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ხანია, აშშ ადანაშაულებს ვენესუელის ხელისუფლებას ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობაში, თუმცა კარაკასის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკაში ახალი არაფერია, იმის გარდა, რომ ამერიკელებმა მნიშვნელოვნად ასწიეს ფსონი, როცა ბრალდება მადუროს წაუყენეს. აშშ-ის გენპროკურორის ლოგიკით, აშშ-მა ყველაფერი უნდა გააკეთოს ვენესუელის კანონიერი პრეზიდენტის დასაკავებლად და აშშ-ში გასასამართლებლად.

თვითონ მადურომ ამერიკელთა ყველა ბრალდება უარყო და “მხედრით სვლა” გააკეთა: ვენესუელის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ხუან გუაიდოს წინააღმდეგ, რომელმაც თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდოს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. სახალისოა, რომ ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი არის გენერალი ალკალა, რომელსაც ამერიკელები ეძებენ. გადამდგარი გენერალი ვენესუელის შეიარაღებული ძალების რეგიონულ სარდლობას ხელმძღვანელობდა, მაგრამ 2016 წელს კოლუმბიაში გაიქცა, სადაც რეჟიმის მოწინააღმდეგედ იქცა. ჩავისტების აზრით, ალკალა კოლუმბიაში ამზადებდა დაქირავებულებს, რომლებსაც მადურო უნდა დაემხოთ. ალკალამ ლათინური ამერიკის მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მართლა ამზადებდა რაზმებს მადუროს დასამხობად და გაუგებარია, რატომ სურს აშშ-ს მისი დაპატიმრება.

აშშ-მა გადაწყვიტა, მაქსიმალურად გაამწვავოს ვითარება ვენესუელაში და, როგორც ჩანს, არც მადურო დაიხევს უკან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here