Home რუბრიკები საზოგადოება მადლობა და საყვედური ბიძინა ივანიშვილს

მადლობა და საყვედური ბიძინა ივანიშვილს

მხოლოდ კეთილი სურვილით და ობიექტურობით

548
მადლობა და საყვედური ბიძინა ივანიშვილს

გულახდილად ვილაპარაკოთ, ბატონო ბიძინა, იმედია, არ მიწყენთ. უსაზღვროდ მადლიერი ვართ, ამაზრზენი სააკაშვილი რომ მოგვაშორეთ, წმინდა სამების დიდებული ტაძარი რომ აგვიგეთ, სკოლები, თეატრები რომ აგვიშენეთ და განაახლეთ, იავარქმნილი ეკლესიამონასტრები რომ აღადგინეთ, შეკვეთილის ნაკრძალი, ქუთაისის უნივერსიტეტი, ზამთრის და ზაფხულის მშვენიერი კურორტები, მრავალი სიკეთე რომ დაგვიტოვეთ. წახვედით, მაგრამ განაგრძობთ ქვეყნის აღმშენებლობას _ წყალტუბო, აბასთუმანი, თბილისის შემოგარენი, ვაკის პარკი, იპოდრომი

ასეთია რეალობა.

მაგრამ რეალობაა ისიც, რასაც ახლა გეტყვით. უწინარეს ყოვლისა, ავადსახსენებელი კოაბიტაცია და ჯალათი სააკაშვილისთვის ერთი წლით პრეზიდენტობის ვადის გაგრძელება, რომელმაც დღევანდელ კრიზისამდე მიგვიყვანა და საგარეო პოლიტიკა, რომელიც რუსეთთან დიალოგზე უარის თქმაში გამოიხატა, ურომლისოდაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაცია ვერ გადაწყდება. ვერ მოგიწონებთ სამართლიანობის აღდგენის პრობლემის გაჭიანურებას _ წართმეული ბიზნესებისა და ქონების კანონიერი მესაკუთრეებისთვის მხოლოდ ეპიზოდურ დაბრუნებას, პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის არ შეშვებას, მარიხუანით გამდიდრების დაუოკებელ სურვილს, მრავალი შესანიშნავი ძეგლის აღუდგენლობას, რომლებიც ბარბაროსულად ააფეთქეს.

სამწუხაროდ, ყოფილი რეჟიმის სისხლის სამართლის დამნაშავეები კვლავაც დაუსჯელები არიან, ხოლო ბიუჯეტის მძარცველი უგულავა პატიმრობიდან ორჯერ არის გათავისუფლებული.

ხალხმა ვერ გაიგო, რატომ ვერ დააბრუნეთ დავით აღმაშენებლის ძეგლი ღირსეულ ადგილზე, ხოლო თბილისის ცენტრში დაგვიტოვეთ სააკაშვილის საამაყო ველოსიპედის “მონუმენტი”. გაუგებარია, რატომ ითვლება ვიზალიბერალიზაციის შედეგად მოსახლეობის უცხოეთში გადახვეწის მკვეთრი ზრდა მიღწევად, ხოლო სამართალდამცავ სტრუქტურებში სახელმწიფო დამნაშავეების თანამდებობებზე დატოვება დემოკრატიულობის გამოვლინებად, ან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე ჩვენი თანამემამულეების გაგზავნის შესახებ გერმანიის ხელისუფლებასთან შეთანხმება ჩვენს ხალხზე ზრუნვის პროგრესულ მოვლენად?!

მადლობა და საყვედური ბიძინა ივანიშვილს

ცხრა წლის განმავლობაში ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე სერიოზულად რომ გეფიქრათ, თავისუფლად შეიძლებოდა სოფლის მეურნეობის აღორძინება. ჩვენი სამშობლო მადლიანია მშვენიერი ბუნებით, კლიმატით, ჰავით, სახნავ-სათესი მიწით. საბჭოეთის დროინდელი სამელიორაციო სისტემის და სოფლის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების აღდგენის შემთხვევაში დაუსაქმებელი ხალხი უცხოეთში სატანჯველ სამუშაოებზე არ გადაიხვეწებოდა.

აზერბაიჯანმა ბოსტნეულის წარმოება 1.716 მილიონ ტონამდე გაზარდა, ჩვენ კი მხოლოდ 161 ათას ტონას ძლივს მივაღწიეთ. უცხოეთიდან შემოგვაქვს თითქმის ყველა დასახელების სოფლის მეურნეობის პროდუქტი, სირცხვილი არ არის? თქვენ რომ ხელი შეგეწყოთ, დაბალპროცენტიანი ან საერთოდ უპროცენტო სესხებით, უზრუნველგეყოთ აგროტექნიკით, ერთი სიტყვით, გეზრუნათ არა მხოლოდ ფსევდოინტელიგენციაზე, არამედ სოფლის მშრომელ ხალხზეც, რომლებიც გარბიან უცხოეთში მიწაზე სამუშაოდ, სოფელი არ დაიცლებოდა, ოჯახები არ დაინგრეოდა, ქვეყანა არ გავერანდებოდა. მარტო უშედეგო ლაპარაკი, ცრუ დაპირებები არ კმარა. არსებული მდგომარეობის გონივრული ანალიზი და შეფასება, გამოცდილ პროფესიონალებთან კონსულტაციები და სწრაფი მოქმედება იყო საჭირო.

ნაგვის ყუთებში თავჩაკიდულნი, სამათხოვროდ ხელგაწვდილნი არ გვეყოლებოდნენ! გული მიკვდება, ბანკის ვალებით უბინაოდ დარჩენილ გატანჯულ ხალხზე და უცხოური კრედიტებით გამათხოვრებულ ჩემს ქვეყანაზე რომ ვფიქრობ. პატივაყრილმა ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველო დაბეჩავებულ, ღირსებააყრილ ქვეყნად აქცია.

შეადარეთ საბჭოეთისდროინდელი სოფლის მეურნეობის მიღწევები დღევანდელ რეალობას _ ცა და დედამიწა! ჰალსტუხგაყრონჭილი, გამოპრანჭული კანდიდატები მხოლოდ არჩევნების წინ ჩამოუქროლებენ გაძვალტყავებულ სოფლებს, გადასახადებით და ცრუ დაპირებებით გაბეზრებულ-გამწარებულ მოსახლეობას და, რომ არ გადაიღალონ, სწრაფად სხდებიან შავ ჯიპებში, შეყუჩდებიან რესტორნებში, რათა აღნიშნონ თავიანთი იმდღევანდელი თავდადებული შრომა და გამარჯვება თანამემამულეებზე. სულაც არ აინტერესებთ სოფლებისა და რაიონების უზრუნველყოფა კომუნიკაციებით _ გზებით, ბუნებრივი აირით, ელენერგიით, წყლით, დასაქმებით და ყოფა-ცხოვრების ელემენტარული პირობებით.

კარგად მახსოვს საბჭოეთისდროინდელი ძლიერი ქართული სოფლები, ღონიერი, მრავალსულიანი ოჯახები, ლაღები, სიხარულით, ნებისმიერი რაოდენობის და ნებისმიერი დონის სტუმარს გულუხვად რომ მასპინძლობდნენ. გული ხარობდა: მშვენიერი სახლ-კარი, ლამაზი კარმიდამო, ჭირნახულით სავსე ბეღლები, დასაქმებული შრომისუნარიანი მოსახლეობა. ახლა კი სოფლად სახლები იყიდება 4-5 ტომარა სიმინდზე, სამრეწველო ქალაქებში კი ბინები 2-3 ტომარაზე.

ბატონო ბიძინა, 9 წლის განმავლობაში არც გარემოცვა გივარგოდათ და არც მრჩევლები. გამოცდილი და გონიერი ხალხი არ გაიკარეთ.

ქვეყანა მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძრა, პირიქით, ბევრი მაჩვენებელი გაუარესდა _ უმუშევრობა, სიღატაკე, შობადობა, სუიციდი, ეკოლოგია, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობა, ხელოვნება, კულტურა… იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,6%-ით შემცირდა, ეს კატასტროფაა. ყველაზე ცუდი შედეგია 1994 წლის შემდეგ.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დეტალური პროგრამა თურნავას სამინისტრომ ყოველწლიურად უნდა შეიმუშაოს, წარუდგინოს მთავრობას განსახილველად და პარლამენტს დასამტკიცებლად, წინა წლის შედეგების გათვალისწინებითა და კორექტირებით. ქვეყნის ეკონომიკას ურეკში გრანდიოზული უმოქმედო საკონცერტო დარბაზი და ჭავჭავაძის პროსპექტის გაუკუღმართებული რეკონსტრუქცია გააუმჯობესებს?!

ქვეყნის ესოდენ უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე და დღენიადაგ ხალხზემზრუნველოპოზიციას განა ეს აწუხებს? არა! ამ ხროვას მხოლოდ ის აინტერესებს, ნიკანორ მელია როგორ გრძნობს თავს საქათმეში და აღიარებული ქილერის, რურუას გათავისუფლება საპატიმროდან. .. ოპოზიციის საზრუნავი და საფიქრალია, როგორმე არიონ ქვეყანაში ვითარება, ძალით შეცვივდნენ პარლამენტში, როგორც გარეწარი ბელადი და მამამარჩენალი მოუწოდებთ. ხელში ჩაიგდონ მართვის სადავეები, სისხლის ტბორები დააყენონ ქუჩებსა და ციხეებში. მელია 20 ივნისს რომ დაგეპატიმრებინათ (არ იმსახურებდა თუ რა?), ან მაშინ, როცა სამაჯური მოიხსნა და გადააგდო, ეს ბინძური ალიაქოთი არ ატყდებოდა. ეს ცნობილი კრიმინალი და ძებნილი პატრიკ დაუნი სადღა გამოთხარა შუბლისძარღვგაწყვეტილმა ნანუკამ?

ბატონო ბიძინა, გვპირდებოდით, მაგრამ ვერც თქვენ მოგვაშორეთ და ვერც გახარიამ ვერ დაამთავრა ეს ოპოზიცია. წახვედით და დაგვიტოვეთ ფანჩატურში მოყრანტალე ცრუპარტიების ცრულიდერები.

სამწუხაროდ, ვერ უზრუნველყავით მოღალატე უფლებადამცველის, არასამთავრობოების და ტელეარხების სიცრუის, ცილისწამების, ქვეყნისა და ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებების და გადაცემების ალაგმვა, რაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ნამდვილად არ იქნებოდა. სასიკეთო არაფერი ხდება საქართველოში, მელიას ირგვლივ აგორებული ბაკქანალია კი ზენიტისკენ მიიწევს. ქვეყანა პარალიზებულია.

უმწიფარი ყმაწვილების _ კობახიძის, თალაკვაძის, მდინარაძის _ გამოუცდელობამ მელია გმირად აქცია, ოპოზიცია _ გამარჯვებულად. ოკეანისგაღმელი კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტარები, ბალტიისპირეთის ქვეყნების მინისტრები, ევროპის სახალხო პარტია და ვისაც არ ეზარება, ყველანი აფთრებივით დაგვესივნენ, ლობირებენ ოპოზიციას, ჭკუასაც გვარიგებენ და სანქციებითაც გემუქრებიან.

არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე, მისი შედეგები ლეგიტიმურია, არავითარ შემთხვევაში განმეორებითი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ რომც ჩატარდეს, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიების შედეგები იქნება გაცილებით უარესი, ისე შეაჯავრეს თავი ამომრჩეველს თავიანთი უზნეობით და თავხედობით.

მახინჯი სულის ოპოზიციამ და მისმა ფსიქიკაშერყეულმა ლიდერმა თქვენს საამაყო, ზნეკეთილ და სანიმუშო ოჯახზე მიიტანა იერიში თავისი ბინძური საცეცებით. ჯობია, თავის უწმინდურ და აწეწილ ოჯახურ ცხოვრებას მიხედონ, უტიფრებმა.

მე სასიამოვნოდ გაოგნებული ვარ “იმედზე” გასული ბერას ინტერვიუთი. მან დახვეწილი, ლოგიკური მსჯელობით და ტაქტით გააშიშვლა ცილისმწამებლებიც, ტელეარხიც და გარეწარი მელაძეც. ჩემზე დატოვა ღირსეული, ჭეშმარიტი ქართველის და უსათნოესი დედის აღზრდილის შთაბეჭდილება (აფერუმ მას).

თქვენი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ნუთუ არ შეიძლებოდა გაგერკვიათ, ჩვენი რწმენისა და კულტურისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლის საკითხი, როგორიც დავითგარეჯაა, რატომ აღმოჩნდა დავის საგანი?! მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ კარტოგრაფების ან დაკავება რას ემსახურებოდა, ან მათი სწრაფად გათავისუფლება?! თანაც ეს საკითხი კვლავაც ჰაერშია გამოკიდებული, ხალხისთვის მკაფიო განმარტებაზე არავინ ფიქრობს _ მოღალატე შალიკოს ფანჩატურის ოპოზიცია და უტიფარი ტელესაროსკიპოები კი შემაღონებლად ღავღავებენ.

ილჰამ ალიევმა 555 მილიონი დოლარი გადასცა სააკაშვილს, მაგრამ სად გაქრა ეს ფული, არავინ იცის მიშას გარდა. მაიამში სასახლეები რომ იყიდა ტრამპის მეზობლად, აპარტამენტები მანჰეტენზე და ძვირად ღირებული იახტა, ალბათ, იქ დააბანდა. ცნობილია სააკაშვილის განცხადება _ “სტრატეგიული სიმაღლეები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უნდა მოექცეს, რადგან მათ სჭირდებათ”. ეს მისი აღიარებაა და ყველაფერი ნათელია.

გაოცებას იწვევს მდინარე რიონზე ნამახვანჰესის მშენებლობის თემა, რომელიც რაჭალეჩხუმიიმერეთის რეგიონის ბუნებას უქმნის საფრთხეს. თურქულ კომპანიასთან 200-გვერდიანი ხელშეკრულება წინა ხელისუფლების მიერ არის გაფორმებული, მაგრამ თქვენი მმართველობის თითქმის ცხრა წლის მანძილზექართული ოცნებაამ დოკუმენტის კაბალური პირობების შესახებ ინფორმაციას საგულდაგულოდ გვიმალავდა, რომელიც საერთო მღელვარების დაწყების შემდეგ გასაჯაროვდა. ახლა კი მთავრობა ჩვენთვის უაღრესად საზიანო პროექტის ლობირებას აქტიურად ეწევა. თურქეთი თავის ელექტროსადგურს ჩვენს მიწა-წყალზე ააშენებს, რომელიც მას საკუთრებაში გადაეცა 100 წლის ვადით, თითქმის უსასყიდლოდ, და თავისი ნება-სურვილით განკარგავს.

თურქეთის ხელისუფლებამ გიული ალასანიას _ მიხეილ სააკაშვილის დედას თურქეთის უმაღლესი ჯილდო გადასცა საქართველოსთან ურთიერთობების წარმატებით განვითარებისთვის.

ასევე გაკვირვებას და აღშფოთებას იწვევს თქვენი დამოკიდებულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისადმი. ამ დღეებში გაირკვა, რომ მთავრობა მის ასაშენებლად ინვესტორებს გაფაციცებით ეძებს. მაგრამ ხომ ცნობილია, რომ კონსორციუმის ხელმძღვანელობისას მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მნიშვნელოვანი თანხის (250 მილიონი დოლარის) დამბანდებელი მოძიებული ჰყავდათ, რამდენიმე მსხვილ ინვესტორთან მოლაპარაკებები (400 მილიონ დოლარზე) კი წარმატებით დასრულების სტადიაში იყო. პროექტის მიმართ უპრეცენდენტო მხარდაჭერას გამოხატავდნენ ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები, მაგრამ საქართველოს ეკონომიკისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საუკუნის პროექტი გაიყინა ქვეყნის უმაღლესი რანგის ჩინოსანთა სრულიად გაუგებარი ლუღლუღის ფონზე. ბიძინა ივანიშვილი ისე წავიდა, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან პრობლემაზე განმარტება არ გაუკეთებია. რა მოიგო ქვეყანამ, ზიანის გარდა?

პორტის მშენებლობის შეჩერებით საქართველოს მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე იმიჯი შეელახა და წარმოჩინდა არასაიმედო პარტნიორად, რაც უკიდურესად უარყოფითად იმოქმედებს ამერიკელი და ევროპელი ინვესტორების მოზიდვაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი ახლა ცდილობს, გააცოცხლოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, მაგრამ დიდი დრო დაიკარგა და ინვესტორების მოზიდვა საეჭვოა.

ახალგაზრდა ოპოზიციონერებო, მოგმართავთ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო ცხოვრებაგავლილი პიროვნება _ თუ გიყვართ თქვენი სამშობლო და ხალხი, შეწყვიტეთ მათი გაუთავებელი ჯიჯგნა და შეღონება, თქვენი უსაქციელობით გადაიღალა ხალხი, სირცხვილია, დაგვცინის მთელი სამყარო.

იფიქრეთ და იზრუნეთ ერის კეთილდღეობაზე, განვითარებაზე, ბედნიერ ცხოვრებაზე, ადამიანურ ყოფაზე. თქვენი უშრეტი ენერგია, ცოდნა, გამოცდილება, განათლება, ჩვენი სამშობლოსა და ხალხის სიყვარული, უმორჩილესად გთხოვთ, მიმართოთ უამრავი პრობლემის მოგვარებისკენ და ქვეყნის აღორძინებისკენ.

თუ არ მიიღებთ ჩემს თხოვნამუდარას, იძულებული ვიქნები, მხარი დავუჭირო წინადადებას ნაციონალების ოფისის პოლიტიკურ საგამოფენო დარბაზად გადაკეთების შესახებ, სადაც გამოიფინება სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის დოკუმენტური მასალები _ როგორ უმოწყალოდ არბევდით მშვიდობიან მომიტინგეებს, სასტიკად სცემდით, წამლავდით და ხოცავდით მათ. უმტვრევდით და ულეწავდით ავტომანქანებს, ციხეებსა და იზოლატორებში ფაშისტურად აწამებდით და კლავდით სრულიად უდანაშაულო ადამიანებს. ხალხს არ დავიწყებია თქვენი აღვირახსნილი შევარდნები სინოდის სხდომებზე, ძალადობა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაზე, პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების შეურაცხყოფა, ქონების და ბიზნესის წართმევა, ქუჩაში სახელოვანი ხალხის ჩახოცვა, სოფლების აწიოკება-ამოჟლეტა, ხელფეხშეკრული ადამიანების ზღვაში ჩახრჩობა, ციხეში ბუნტის პროვოცირება და პატიმრების ამოხოცვა… რომელი ერთი ჩამოვთვალო… ასეთია თქვენი ცხრაწლიანი შემოქმედება და ხელწერა.

კარგად დაიმახსოვრეთ: ასეთი მუზეუმი ახლო პერიოდში თუ არა, მომავალში მაინც აუცილებლად დაარსდება და თქვენი შვილები და შვილიშვილები გაეცნობიან თქვენ მიერ ჩადენილ სიბილწეს _ ხალხის დაცინვისა და ზიზღის ობიექტები გახდებით, თქვენც და თქვენს მონაგარს კოშმარული სიზმრები დაგტანჯავთ, საფლავშიც არ მოგასვენებთ ჩადენილი ცოდვები.

ისტორია და ხალხი ყველაზე სამართლიანი მსაჯულია.

დაფიქრდით!

გახსოვდეთ, მარადიული მხოლოდ უფალი და სამშობლოა!

უფლის წყალობა კი რჩეულთა ხვედრია!

ომარ მარგველაშვილი

1 COMMENT

  1. ერთი მის მიერ გაკეთებული დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება ,, შემახსენეთ,, მის მიერ განხორციელებული.(ქველმოქმედება პოლიტიკაში არ აურიოთ, ძალიან გთხოვთ. ეს სხვადასხვა ცნებებია. არც ნაცების გულშემატკივარი ვარ, Eირივით მეზიზღებიან). მისი შემოქმედების ,, გვირგვინი,, კი საყდრისის დედაბიდიანად განადგურებაა. მსგავს ვანდალიზმის იშვიათად შეხვდებით მსოფლიო ისტორიაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here