Home რუბრიკები საზოგადოება დღეს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე

დღეს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე

3311
muzeumi

ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო, ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის”.

II კორინთელთა, 9,6

26 სექტემბერს, 16 საათზე, საქართველოს დედაქალაქი და სრულიად ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენის მოწმე გახდება: რუსთაველის პროსპექტის იმ მონაკვეთზე, რომელიც ქაშუეთისა და წმინდა სამების ეკლესიებს შორისაა მოქცეული და ეროვნული სულიერების, ხელოვნებისა და მეცნიერული აზროვნების თავისებურ წმინდა მიწად აღიქმება (საჯარო ბიბლიოთეკის კომპლექსი, საქართველოს ისტორიის ეროვნული მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის მემორიალური სახლი, რუსთაველის სახელობის კინოთეატრი თუნდაც), ოფიციალურად გაიხსნება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი.

დამთვალიერებელთა მიღება 2 ოქტომბრისთვის დაიგეგმა.

გასულ კვირას ექსპოზიცია სრულად იყო მზად და… ყველა დარბაზი  დაილუქა.  ჟურნალისტებს იქ არაფერი ესაქმებოდათ. ამ რეალობას წავაწყდი იქ მისული. ცხადი გახდა, რომ გამონაკლისს არავინ დაუშვებდა და უფლებას არ დამრთავდა, თვალი შემევლო იმ საოცარი სამყაროსთვის, რომლის გარეშეც, დამეთანხმებით, ნორმალური საგაზეთო რეპორტაჟის მომზადება წარმოუდგენელია.

არც საქმეში ჩახედული აქაური თანამშრომელი, ვთქვათ, დამკვალიანებელი ხელოვნებათმცოდნე დამხვედრია ვინმე.

რა მრჯიდა, რა მაჩქარებდა? _ ის, ჩემო ბატონო, რომ მუზეუმის მშენებლობას “საქართველო და მსოფლიო” დაწყებისთანავე ჩაუდგა კვალში და ფინალური მოვლენის ხელიდან გაშვება იქნებოდა?

არა, რა თქმა უნდა.

საკამათო არ უნდა იყოს, რომ საგამოფენო სივრცის ნორმალურად აღსაქმელად და შთაბეჭდილების მკითხველისთვის გასაზიარებლად ნახატებთან _ შემოქმედებითი შრომის პროდუქტთან _ “ცოცხალი ურთიერთობა” ელემენტარული აუცილებლობაა.

ანა-ბანას ვლაპარაკობ…

წყაროსთან მისული მწყურვალი დავრჩი, თუმცა აღნიშნულ დიდებულ მოვლენას ეს ხინჯად არ დასტყობია. ჩემს საკუთარ პრობლემად დარჩა, რომლის მოგვარებას სხვისი პუბლიკაციების ფრაგმენტების მოშველებით შევეცდები.

მასშტაბური პარამეტრები

მუზეუმის, ამ უნიკალური კულტურული სივრცის, პარამეტრები მასშტაბურია, არქიტექტურა _ დახვეწილი, დანიშნულებას ზუსტად მორგებული, ადგილს ჰარმონიულად შერწყმული; ტექნიკური აღჭურვილობა _ თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიების დონეზე.

31 საგამოფენო დარბაზი სამ სართულზეა განლაგებული. მათი საერთო ფართობი 7000 კვადრატულ მეტრზე მეტია. აქ ერთდროულად ოთხმოცამდე ავტორის 3500 ნამუშევარი გამოიფინება.

ეტაპობრივად შეიცვლება ავტორებიც და მათი ტილოებიც.

საცავი 6000 კვადრატული მეტრის მოცულობის სურათს იტევს.

პირველი სართულის დარბაზში (300 კვადრატული მეტრი) ნებისმიერ მხატვარს შეეძლება თავისი ნამუშევრების გამოფენა. ასეთია მისი დანიშნულება. აქვეა 120- კაციანი საკონფერენციო დარბაზიც. “დღეს ეს საუკეთესო საგამოფენო სივრცეა საქართველოში, რომელსაც სწორი მენეჯმენტის პირობებში ყველანაირი საფუძველი აქვს, იქცეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო სავიზიტო ბარათად და კულტურის მნიშვნელოვან კერად”, _ ასკვნის ჟურნალი “მუდმივი კავშირის სამყარო” (#3, 2018 წელი).

მორიგი აქცია
მორიგი აქცია

და კიდევ ერთი ციტატა იმავე წყაროდან:

“მუზეუმის ექსპოზიციებში ქართველი მხატვრები საუკეთესო ნამუშევრებით არიან წარმოდგენილნი: ქეთევან მაღალაშვილი, აპოლონ ქუთათელაძე, უჩა ჯაფარიძე, მიხეილ ხვიტია, ჯიბსონ ხუნდაძე, ედმონდ კალანდაძე, ალექსანდრე ბანძელაძე, დიმიტრი ერისთავი, თემო ჯაფარიძე, ლევან ცუცქირიძე, დუდა გაბაშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, ალბერტ დილბარიანი, ლევ ბაიახჩიევი, სერგო ფარაჯანოვი, კოკი მახარაძე, რადიშ თორდია. ძალიან საინტერესოა მათი მომდევნო თაობა _ გოგი ჩაგელიშვილი, ვლადიმერ კანდელაკი, ოთარ ჩხარტიშვილი, გაიანე ხაჩატურიანი, გია გუგუშვილი, ჯემალ კუხალაშვილი, შალვა მატუაშვილი, ლევან ლაღიძე, ყარამან ქუთათელაძე, ლევან ჭოღოშვილი, ხუტა ირემაძე, ირაკლი სუთიძე, ირაკლი ფარჯიანი შედარებით ახალგაზრდებიდან წარმოდგენილია ტატო ახალკაციშვილის, მიხეილ ერისთავის, ია არსენიშვილისა და ქეთი დავლიანიძის შემოქმედება”.

მზერა ქართულია, სივრცეს დაუნჯებით“

“მუზების ეს ტაძარი” განსაკუთრებით გამორჩეულია იმით, რომ თხემით ტერფამდე ქართულია: არქიტექტორები _ ცნობილ არქიტექტორთა დინასტიის წარმომადგენლები, მამა-შვილი არჩილ და გიორგი ქურდიანები.

მშენებლობა მთლიანად ქველმოქმედებაა. ესეც _ ქართული.

აშენებენ ქართველები _ სამუშაოთა მწარმოებლები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, მუშები, შპს “იმკ+”, რომლის დამფუძნებელი და მმართველია თემურ სარიშვილი.

“მზერა ქართულია, სივრცის დაუნჯებით”.

და შურით მოჩუქურთმებული ჭორი და წინააღმდეგობაც _ ქართული, ობივატელური, ბანალური, რაც ყველა სიკეთეს თან სდევს, სამწუხაროდ”, _ ასე წერდა “საქართველო და მსოფლიო” ხუთი წლის წინათ. მაშინ გია ჯოხთაბერიძემ _ იდეის ავტორმა, დამფინანსებელმა და აღმსრულებელმა თქვა:

“_ თბილისში ბევრი მითქა-მოთქმა გამოიწვია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ჯერ გამოუქვეყნებელმა პროექტმა. ზოგი ამბობდა, შუშის შენობა შენდებაო, ზოგიც _ ფასადზე რუსეთის გერბის ორთავიანი არწივის სკულპტურა უნდა დამაგრდესო… ხომ იცით, საქართველოში მთავარია სუბიექტი ან ობიექტი იყოს, თორემ მათზე ზღაპრების მოყოლა არ გვიჭირს”.

ასე იყო: ბევრი კარგი იდეა გადაუძოვია აგრესიულ “სიტყვის თავისუფლებას”.

მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. მამულიშვილურმა საქმემ ჭუჭყი და ტალახი არ მიიკარა და თბილისის გულში, დედაქალაქის მთავარ არტერიაზე აიგო პირველი მონუმენტური შენობა _ ქართველი კაცის ქველმოქმედების წყალობით, იმ საძირკველზე, რომელშიც “სისხლის წვეთიც არ არის არაქართული”, კეთილშობილურ განზრახვაზეა აღმოცენებული და სახვითი ხელოვნების გადასარჩენადაა მიმართული.

ხიდი წარსულისა და აწმყოს შორის

არწივის ქანდაკებით მუზეუმის ფასადის დამშვენებაც გია ჯოხთაბერიძის იდეაა. როგორც სკულპტორებმა: დავით მინდორაშვილმა და ედუარდ შახნაზაროვმა თქვეს, სწორედ მან მიუთითა მომავალ ავტორებს ვანის ნაქალაქარის გათხრების დროს აღმოჩენილი მართვეების ფიგურებზე. ამ მცირე ფორმის სკულპტურების ასაკი, არქეოლოგების გათვლით, 2300 წელიწადი მაინც არის. მიუთითა და სთხოვა, გამოწვლილვით შეესწავლათ თემა, გასცნობოდნენ ისტორიულ მასალებს, მათ შორის, საქართველოს ისტორიის მუზეუმის ექსპოზიციებში წარმოდგენილ ნიმუშებს და შეექმნათ ისეთი ქანდაკება, რომელსაც წარსულსა და დღევანდელობას შორის გადებული ხიდის სიმბოლური დატვირთვა ექნებოდა.

_ ქართული ეკლესიების არქიტექტურა, _ თქვა დავით მინდორაშვილმა, _   ფრინველების გამოსახულებებით მდიდარი და თავისებურია. არწივიც ბევრგან გვხვდება, მაგალითად, ოშკის კათედრალის ფასადზე, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო გვიანდელი პერიოდისაა, ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილი არტიფაქტიკი, რომელიც ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იყო, გაცილებით ადრინდელია.

ხანგრძლივი და რთული შემოქმედებითი მუშაობის შედეგად შეიქმნა ისტორიულ დედანზე გაცილებით პლასტიკური, სიკეთით სხივმოსილი, ახალგაზრდული ძალით სავსე, ამაყი და, რაც მთავარია, ქართული, ამასთანავე, მუზეუმის დანიშნულებასთან რეზონირებული ქანდაკება, რომელსაც ძლიერი ფრთები საქართველოს დასაცავად აქვს გაშლილი.

ასე გაქრა მწარე ჭორი რუსეთის გერბის ორთავიანი არწივის ქანდაკების შესახებ, როგორც ბევრი სხვა.

კურთხევით დათესილი კურთხევით მოიმკო.

* * *

მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს, პარლამენტის შენობის წინ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მოფრიალე დროშების ფონზე მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, როგორც კონტრასტული სურათი ჩვენი დღევანდელი ყოფის.

არა დახატულის.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here