Home რუბრიკები ისტორია დილაობით, სამსახურის ნაცვლად, ასობით ამ ქვეყნის მოქალაქე რატომ მიიჩქარის ნაგვის ურნებისკენ?

დილაობით, სამსახურის ნაცვლად, ასობით ამ ქვეყნის მოქალაქე რატომ მიიჩქარის ნაგვის ურნებისკენ?

1484
ნაგვის ურნა

თუ ილიას თავის ეპოქაში მარტო მცოდნე და ნასწავლი კაცი მიაჩნდა ძლიერად, ხოლო უსწავლელი, უცოდინარი კი მის ყურმოჭრილ ყმად, რომელიცძალაუნებურად იძულებულია, იმას დასჯერდეს, რაც მცოდნეს და ნასწავლს მორჩება, რასაც მცოდნე და ნასწავლი ხელს არა ჰკიდებს, როგორც მისთვის უღირსსა და გამოუსადეგს”, დღეს უსწავლელი, “გამოსოროსებულიადამიანები არიან პრივილეგირებულნი და, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველნი, ბრმად ასრულებენ იმათ ბრძანებებს, ვისაც საქართველო ჩირადაც არ უღირს. ფაქტები? რამდენიც გინდა.

უამრავი მაგალითია, რომ უცხოქვეყნელი, ვინ იცის საიდან მოსული და ჩვენში შემოხიზნული, არა მხოლოდ ლუკმაპურს შოულობს საქართველოში, არამედ მდიდრდება, კეთდება ჩვენ შორის და ჩვენ კი ჩვენს საკუთარ სახლსა და ქვეყანაში, ჩვენი მამაპაპის მიწაზე სულს ვღაფავთ, “გვენატრება სარჩო და საგზალი ცხოვრებისა”; მოგვბეზრდა და აღარ ვუსმენთ პოლიტიკოსთა გაუთავებელ კამათს, რადგან არც ერთი მათგანი არ კითხულობს:

დილაობით, სამსახურის ნაცვლად, ასობით ამ ქვეყნის მოქალაქე რატომ მიიჩქარის ნაგვის ურნებისკენ?

სად და რაშია სათავე და მიზეზი ხალხის სიღარიბისა?

პასუხს ისევ ილია გაგვცემს:

“დღეს ჩვენშიაც-კი ბევრი არ არის იმისთანა კაცი, რომ არ იცოდეს, _ რა კარგი რამ არის ადამიანისათვის ცოდნა, სწავლა და განათლება. კარგი რამ არის, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მეტად ფეხმოკლედ გვესმის ეს სიკარგე ცოდნისა და სწავლა-განათლებისა. ჩვენ იგი მოგვწონს, როგორც იმისთანა მორთულობა, იმისთანა სამკაული, ურომლისოდაც ადამიანს შეუძლიან ასე თუ ისე ცხოვრების გზა დაჰლიოს, იოლად გამოვიდეს ხალხსა და ქვეყანაში, ერთის სიტყვით, ურომლისოდაც არცა ჰშივა კაცს და არცა სცივა. ამის გამო ცოდნის არქონას ისე ვუყურებთ, როგორც არქონას მორთულობისას, სამკაულისას, სახელდობრ იმ მორთულობისას, იმ სამკაულისას, რომელიც, თუ არის, ხომ რა კარგი, თუ არადა, არა ჰღირს იმისთვის კაცმა თავი შეიწუხოს, თავი იტკინოს.

ჩვენი შეცდომა სწორედ ამაშია. ცოდნა, სწავლა-განათლება, ასე ახსნილი და გაგებული, სწორედ ცოდნისა და სწავლა-განათლების შეგინებაა, გაუპატიურებაა. ცოდნა, სწავლაგანათლება დღევანდელ კაცისათვის არსებითი პურია. უამათოდ ადამიანი დღეს ყველაფერს მოკლებულია: ადამიანობასაც, სარჩოსაბადებელსაც, ღონესაც და შეძლებასაც. დღეს უცოდნელად, უსწავლელად კაცი ერთს ნაბიჯსაც ვერ გადასდგამს ცხოვრების მოედანზედ უმარცხოდ და უძლეველად. ცხოვრების მოედნიდამ ბურთი დღეს მარტო მცოდნეს გააქვს, მარტო მცოდნეს აქვს საკმაო და საპატიო კერძი წუთისოფლის სუფრაზედ, და თუ უცოდინარისათვის რჩება რამე, ნარჩენი მარტო მცოდნეს ნასუფრალია, მცოდნე კაცის სუფრის ნაბღერტია. დღეს მარტო მცოდნე და ნასწავლია ბატონი, და უსწავლელი, უცოდინარი-კი მისი ყურმოჭრილი ყმაა, რომელიც ძალა-უნებურად იძულებულია იმას დასჯერდეს, რასაც მცოდნეს და ნასწავლს მორჩება, რასაც მცოდნე და ნასწავლი ხელს არა ჰკიდებს, როგორც მისთვის უღირსსა და გამოუსადეგს.

ჩვენ გვავიწყდება, რომ ცოდნა, სწავლაგანათლება დაუშრეტელი წყაროა, როგორც კაცად მყოფობისათვის, ისეც თავის სარჩენად, ქონებისა და სარჩოს მოსაპოვებლად. რასაც მცოდნე კაცი ერთს საათში მოიამაგებს, იმას უცოდინარი მოანდომებს ოთხხუთ საათს. შესაძლოა, კაცს სიმდიდრე თვალ წინ ედოს და ვერა ჰხედავდეს უცოდინარობით და ან ჰხედავდეს და არ იცოდეს, როგორ და რა გზით აიღოს და შინ შეიტანოს, და მცოდნე კაციკი ქვასაც წყალს გამოადენს, სიმდიდრის წყაროს იქ ამოახეთქებს, საცა უცოდინარს სიზმარშიაც არ მოეჩვენება.

ესეთი ძლიერება ცოდნისა და სწავლა-განათლებისა ჩვენ საკუთარ თვალ-წინ შესაძლოა კაცმა დაინახოს.

რამდენი მაგალითია, რომ უცხო-ქვეყნელი, ვინ იცის საიდამ მოსული და ჩვენში შემოხიზნული, არამც თუ ლუკმა-პურსა ჰშოულობს, მდიდრდება, კეთდება ჩვენს შორის, და ჩვენ-კი, ჩვენს საკუთარ სახლსა და ქვეყანაში, ჩვენს საკუთარ მამა-პაპის ბინაზედ, გვენატრება სარჩო და საგზალი ცხოვრებისა. ჩვენ მუდამ იმასა ვჩივით და ვტირით, რომ ღარიბნი ვართ, ლუკმა-პურის ილაჯს ვერსად გამხდარვართ, და ის-კი აღარ გვახსოვს, ის-კი აღარ გვაგონდება _ სად და რაშია სათავე და მიზეზი ჩვენის სიღარიბისა.

საკვირველია! თუ უცხოქვეყნელი მოდის აქ, ამ მისთვის უთვისტომო ქვეყანაში, საცა არც ერთი მტკაველი მიწა აქვს, არც ერთი კაცი ჰყავს ხელშემწყობი და გულშემატკივარი და მარტო თავის თაოსნობაზედ და მხნეობაზედ დანდობილი, ჰშოულობს საქმეს, თავს ირჩენს, მდიდრდება, კეთდება, ჩვენ რაღა დაგვემართა, ჩვენ, რომელთაც მიწაცა გვაქვს, მამულდედულიც, ბინაც, მახლობელნი და ნათესაობაც გვყავს და მაინც ვჩივით და ვტირით სიღარიბეს. ჩვენს საკუთარს სუფრაზედ სხვანი ძღებიან, ჩვენის საკუთარის ჯამიდან სველ ლუკმას სხვა იღებს, ჩვენის ქვეყნის რძენაღები სხვას მიაქვს და ჩვენკი, ცარიელზედ გასულნი, მარტო ვჩივით და ვტირით, გვშიან და გვწყურიანო. ისკი ვიცით, რომტირილითა და ვიშითასოფელი არ აშენდება.

რათ არის ესე?

იმიტომ არის, რომ უცხოქვეყნელი იმ განძით, იმ საუნჯით მოდის ჩვენში, რომელსაც ცოდნა ჰქვიან და ურომლისოდ ეხლანდელ დროში თითონ ფულითაც მდიდარი ღარიბია, რადგანაც უქმია და გამოუსადეგი, და უქმი და გამოუსადეგი ხომ მარტო ქონების მჭამელია და არა ქონების გამდიდებელი და გამაძლიერებელი, ქონების გამღებია და არა მომღები. ეხლანდელს დროში ნურვინ იფიქრებთ, რომ წინ წაუხვიდეთ მცოდნესა და განსწავლულსა და ან არსებობისათვის ჭიდილში საეკონომიო მოედანზედ გამარჯვება თქვენ დაინარჩუნოთ; ნაღებს ქვეყნისას და ცხოვრებისას მცოდნე კაცი ჰხდის და უცოდინარს სასვლეპავად თუ დო დარჩა, ღმერთს მადლობა შესწიროს.

ჩვენი უცოდინარობა, უსწავლელობა ისე გვაბრკოლებს და გვაბორკილებს, რომ ცილობაც ვეღარ გაგვიწევია ახალმოსულთა უცხოელთათვის. ყველგან იგინი გვჯობიან, ყველგან იგინი წინ გვასწრობენ, გამოსარჩენს საქმეს ხელიდამ გვაცლიან. რას იზამთ? იმათკენ ცოდნაა, განათლებაა, მიხვედრილობა და გაგებულობაა, ჩვენკენკი უვიცობა, სიბნელე, მიუხვედრებლობა, გაუგებლობა. ამ სამწუხარო მდგომარეობაში მყოფნი რით უნდა შევეჭიდნეთ, რით უნდა გავუმკლავდეთ სწავლითა და ცოდნით შეთოფ-იარაღებულს, ცოდნითა და სწავლით გაძლიერებულს, გაღონიერებულს და გათამამებულს? რასაკვირველია, იმავ იარაღით, რითაც ისინი იმარჯვებენ ჩვენზედ, ესე იგი, ცოდნითა და სწავლულობითა. სხვა ვერაფერი გაუსწორებს ომს ცოდნასა, თუ არ ისევ ცოდნა, სხვა ვერაფერი გვიხსნის სიღარიბისაგან, თუ არ ის ხერხი, ის უნარი, ის ძალ-ღონე, რომელსაც მარტო ცოდნა და სწავლა-განათლება იძლევა.

ტყუილი ჩივილია, ტყუილი ტირილია უფულობისა, უქონლობისა. უნდა ვტიროდეთ და ვჩიოდეთ უცოდინარობას, უვიცობას, იმიტომ რომ სათავე და მიზეზთამიზეზი ყოველ უბედურობისა ეგ უვიცობა, ეგ ცოდნის უქონლობაა. მაშასადამე, ცოდნა, სწავლა-განათლება, მარტო სამკაული-კი არ არის კაცისა, პირველ წყების საჭიროებაა, როგორც პური, როგორც წყალი, როგორც საჭმელი და სასმელი, ერთის სიტყვით, როგორც ყოველივე ის, ურომლისოდაც კაცს გაძლება და ხეირი ამ ქვეყანაზედ არ შეუძლიან.

აქედამ აშკარაა, რას უნდა ეტანებოდეს ჩვენი ქართველობა, თუ სურს, რომ ჯანი მიეცეს მის სულსა და ხორცს ცხოვრების მოედანზედ საჭიდაოდ და გასამარჯვებლად. იგი უნდა ეტანებოდეს სკოლებს, სასწავლებლებს, ამ სწავლა-ცოდნის მომფენელთ და მომავლინებელთ. მაგრამ, აბა ერთი უყურეთ, ან ამ მხრივ რა ყოფაში ვართ. აქაც, ჩვენდა საუბედუროდ, სხვებზედ უკანა ვართ დარჩენილნი.

რის გამო გავმართეთ საუბარი ამ ძველის-ძველ და ყოველთვის-კი ღირს-სახსენებელს საგანზედ, ამას შემდეგს წერილში გამოვარკვევთ.

ტფილისი, 26 ოქტომბერი, 1889 .”

ილიას ამ წერილის წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენს ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემა მოიშალა, და ეს იმიტომ, რომ გაუნათლებელი ერის დამონება და მართვა გაცილებით ადვილია. სწორედ ამ გზაზე დაგვაყენეს ჩვენმასტრატეგიულმა მეგობრებმა”, “გვეხმარებიან”, აღვზარდოთ ისეთი თაობა, რომლისთვისაც დედა იქნება მშობელი #1 (ან #2), მაშინ, როცა ქართველისათვის დედა იმდენად მნიშვნელოვანი ფენომენია, რომ მარჩენალ მიწას დედამიწას უწოდებს, სახლის მთავარ ბოძს _ დედაბოძს, მშობლიურ ენას _ დედა ენასმაგრამპაწია ყრმავ, ეხლა, როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ, როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს”.

დასასრული შემდეგ ნომერში

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here