Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთის ხელში საქართველო ფიჩხია კოცონში შესაკეთებლად

დასავლეთის ხელში საქართველო ფიჩხია კოცონში შესაკეთებლად

რუსეთს ორი სახელმწიფო მიუგდეს საჯიჯგნად _ საქართველო და უკრაინა და ესკალაციის შემთხვევაში მზად არიან, აღშფოთება და შეშფოთება გამოთქვან

173

გახსოვთ, ალბათ, რუსეთის ფედერაციამ ნატოს ოფიციალურად მოსთხოვა განმარტება აღმოსავლეთით სამომავლო გაფართოების შეჩერების შესახებ და პასუხიც მიიღო. პასუხში კი ეწერა, რომ ნატო წინ არ აღუდგება არც ერთი ქვეყნის სურვილს, ალიანსში გაწევრდეს და რუსეთის ინტერესებს არ გაითვალისწინებს. საუბარი, ძირითადად, საქართველოსა და უკრაინაზე იყო. რუსეთის გასაღიზიანებლად დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები მიუნხენში მიიწვიეს, უსაფრთხოების კონფერენციაზე.

“საერთაშორისო საზოგადოება ამ წუთას ფოკუსირებულია უკრაინაზე, მიუნხენის კონფერენცია მთლიანად უკრაინის თემატიკას ეთმობა და ის ფაქტი, რომ ამ დროს ცალკე პანელი, დისკუსია იმართება სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკაზე, სადაც საქართველოს პოზიციები არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორებისთვის, ძალიან სერიოზული გზავნილია ჩვენი პარტნიორების მხრიდან”, _ განაცხადა ვიცეპრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენში.

დასავლეთი ცეცხლთან გვათამაშებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და რა გასაოცარიც უნდა იყოს, ეს ჩვენ გვიხარია. ჩვენ რა, ქართველ პოლიტიკოსებს უხარიათ და ხბოს აღტყინებით ყელყელაობენ კამერებთან, აქაოდა, შემოგვხედეთ, ჩვენც აქ ვართ, დასავლეთი ადამიანებად გვთვლის და გვესაუბრებაო. არადა, ადამიანები ხშირად ძაღლებს, კატებს, შინაურ ცხოველებსაც ესაუბრებიან და, საცდელ ბოცვრებად რომ ვართ ქცეული, არაერთხელ დაგვიწერია. რეალურად, დასავლეთმა რუსეთს ორი სახელმწიფო მიუგდო _ საქართველო და უკრაინა და ესკალაციის შემთხვევაში მზად არის, აღშფოთება და შეშფოთება გამოთქვას. მასხარა უძახეთ და ვლადიმერ ზელენსკი ყველაფერს მიხვდა და მწვავე განცხადებაც გააკეთა.

“ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნატოს კარი ღიაა, თუმცა ჯერ უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს არ სურს ჩვენი დანახვა ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი დანახვა, გულწრფელად გვითხარით. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ ღია პასუხები გვჭირდება და არა წლობით დახურული კითხვები. ნუთუ უფლება სიმართლეზე არ შედის ჩვენს გაფართოებულ შესაძლებლობებში? საუკეთესო დრო ამისთვის მადრიდის უახლოესი სამიტია”, _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, მაგრამ მან ყველაზე კარგად იცის, რომ უახლოეს სამიტზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრება გამორიცხულია. რაც შეეხება საქართველოს… ჩვენ გვგონია, რომ დასავლეთს ვახსოვართ და ერთი სული აქვს, როდის მიგვიღებენ ნატოსა თუ ევროკავშირში, მაგრამ უახლოეს ათწლეულებში ეს არ მოხდება და ათწლეულების შემდეგ ვიარსებებთ თუ არა ასეთ პირობებში, საკითხავია.

ისე, ზელენსკიმ კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა და ქართულმა მხარემ დუმილი არჩია. “მე მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც მხარში უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით. არიან ქვეყნები, რომლებიც დგანან უკრაინის გვერდით, დგანან სიმართლისა და საერთაშორისო სამართლის გვერდით. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა, ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს. მაგრამ ეს მათი საქმეა, ეს ამ ქვეყნების კარმაა და ის შეგნებაა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორონ. თუმცა არ ვიცი, როგორ აუხსნიან ამ ქმედებას დღეს უკრაინაში ორ მოკლულსა და სამ დაჭრილ ჯარისკაცს და, რაც მთავარია, როგორ აუხსნიან სამ გოგოს კიევიდან, ერთი ათისაა, მეორე ექვსის და მესამე, სულ რაღაც, ერთი წლის, დღეს ისინი დილის 6 საათზე მამის გარეშე დარჩნენ, როდესაც უკრაინელი ოფიცერი დაიღუპა, ჭურვის შედეგად”, _ განაცხადა ზელენსკიმ და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მაშინვე თქვეს, ქვეყნებში, რომლებსაც უნდა შერცხვეთ, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს გულისხმობდაო. ბოდიში და, მაშინ რატომ არ გულისხმობდა საქართველოს ზელენსკი, როცა ადეიშვილსა და სააკაშვილს მაღალ თანამდებობებზე ნიშნავდა? სისხლის სამართლის დანაშაულში ორ ბრალდებულს, რომლებზეც საქართველოს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული და, რაც მთავარია, რას ეტყვის ზელენსკი ციხეებში წამებით მოკლული ადამიანების ოჯახებს ან მათი ოჯახის წევრებს, ვინც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქუჩაში ჩაცხრილეს? ჰო, მაშინ საქართველოში ომი არ იყო და მშვიდობიანობის დროს კლავდნენ ადამიანებს, ომში კი… ომში მსხვერპლი გარდაუვალია. მაშინ არ შერცხვა ზელენსკის თუ სხვა, ევროპული ქვეყნების დარად, საქართველოს სერიოზულად ისიც არ აღიქვამს?! დღეს შექმნილ ვითარებას კი დაძაბული აღარ ჰქვია. დღეს ომის ზღვარზეა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ამ ქმედებებით ომის ზღვარზე ვართ ჩვენც. მარტივად შეიძლება იმის დასაბუთება, რომ დასავლეთი ომის გამო ყველაფერზეა წამსვლელი და, რაც მთავარია, ევროპა და ამერიკა უფრთხილდებიან თავიანთ თითოეულ მოქალაქეს და მათ ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მოქალაქეებს ვინ ჩივის, აგერ ნატომ მიიღო გადაწყვეტილება კიევში ოფისის დახურვის შესახებ. თანამშრომელთა ნაწილი ლვოვში, ნაწილი კი ბრიუსელში გადავიდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოფისი “დროებით დაიხურება”.

“ნატო და მისი წევრი ქვეყნები ზედმიწევნით აკვირდებიან ვითარებას და უსაფრთხოების ყველა აუცილებელ ზომებს იღებენ. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ ისინი ლვოვსა და ბრიუსელში გადაგვყავს. შესაბამისად, ნატოს ოფისი უკრაინაში არ დახურულა და ის ფუნქციონირებას განაგრძობს”, _ წერია განცხადებაში.

ევაკუაცია გამოაცხადა იაპონიის საელჩომაც, ხოლო საფრანგეთის საელჩომ უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, მოიმარაგონ სასმელი წყალი, საკვები და თბილი ტანსაცმელი. რა გამოდის? ევროპა დარწმუნებულია, რომ ომი გარდაუვალია და მისი თავიდან ასაცილებლად აკეთებს ერთადერთ რამეს _ რუსეთს ემუქრება ეკონომიკური სანქციებით, თანაც ზუსტად იცის, რომ ეს სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. რეალურად, დასავლეთი იმის იმედად არის, რომ არა ეკონომიკური სანქციებით, არამედ სწორედ საომარ მოქმედებებში ჩათრეით შეძლებს რუსეთის დაზარალებას. აგერ, ბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რუსულ კომპანიებს გირვანქა სტერლინგითა და დოლარით ვაჭრობას შევუჩერებ, ამაში მხარს ამერიკაც მიჭერსო. საინტერესოა, რომელი ვალუტით გადაიხდის ევროპა ენერგომატარებლების საფასურს და, რაც მთავარია, რას გადაიხდიან რუსეთში შეტანილ თუ იქიდან მიღებულ საკვებ პროდუქტებზე? სკანდინავიის ქვეყნებმა უკვე გასაგებად თქვეს, რომ ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებენ, რადგან ეს მათ დაარტყამს და არა რუსეთს. სამაგიეროდ, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოს, უკრაინას, დასჭირდება იარაღი, საკვები, ფული. ამ ყველაფერს დასავლეთი “შესაბამის პროცენტში” გაიღებს და უკრაინას ზუსტად ისე დაიმონებს რამდენიმე ათეული წლით, როგორც საბერძნეთის შემთხვევაში გააკეთა. ჰო, საბერძნეთის, რომელიც ევროკავშირში მიიღეს, მერე კი ისე გაანადგურეს, უახლოესი 50 წლის განმავლობაში ბერძნები სულს ვერ მოითქვამენ და საშუალო დონის სახელმწიფოდაც კი ვერ ჩამოყალიბდებიან, რადგან ევროპის ძლიერი ქვეყნების ვალები უნდა იხადონ. დღევანდელი გადმოსახედიდან, არავინ იცის ზუსტად, რა იქნება ხვალ და ზესახელმწიფოები თავიანთი ინტერესებისთვის, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას კი არა, ევროპის უდიდეს სახელმწიფოსაც კი წირავენ. ჰო, გაწირვა ჰქვია იმას, რასაც ისინი აკეთებენ, რადგანომის ზღვარზე მყოფ ქვეყანას იარაღი კი არ უნდა მიაწოდო, დიალოგისკენ უნდა მოუწოდო და როგორმე შეიარაღებული დაპირისპირება ააცილო. აგერ, თვითონ ზელენსკიმ თქვა, მზად ვარ, ვლადიმერ პუტინს შევხვდე და ვესაუბროო, რაც დასავლეთს ძალიან არ მოეწონა, სასაუბრო არაფერი გაქვთო. არადა, ქვეყნები ომის ზღვარზე არიან და თურმე მათ ლიდერებს სასაუბრო არაფერი აქვთ. ამას ეუბნებიან საქართველოს ხელისუფლებასაც და ჩვენი ქვეყნის ლიდერები უსიტყვოდ ემორჩილებიან, აი, ზელენსკი თუ არ დამორჩილდა და შეხვედრა გამართა, ეგებ თეთრს თეთრი და შავს შავი დაერქვას და ეს ჩვენთვისაც კარგი მაგალითი იქნება.

ბესო ბარბაქაძე

P.S. საუკუნეების წინათ გერმანელმა მოგზაურმა იაკობ რაინეგსმა საქართველოში მოგზაურობის შემდეგ დაწერა: “საქართველოს მოსახლეობა ყველგან ერთნაირად ღარიბია, მათი მმართველები კი _ ხარბები… ქვეყანა, რომელსაც შეეძლო თავისი მოსახლეობა ყველა ერთნაირად ბედნიერი, ერთნაირად მდიდარი გაეხადა თავისი ნაყოფიერებით, სუსტი მართვის გამო ძლივს აღწევს თავს შიმშილს. მეორე წყარო სიღარიბისა არის სამართლის უქონლობა. როგორ არ ეცადა წარსულში მეფე ვახტანგი, დაედო წესრიგი სამართლის წარმოებაში, მაინც ყველა მისი გარჯა წყალში ჩაიყარა, ამიტომაც მიაწერა მან ბოლოში საკუთარი ხელით სამართლის წიგნს: მართალია, მე შევადგინე ეს სამართლის წიგნი, მაგრამ საქართველოში ჯერ არასოდეს ყოფილა სწორი სამართლის წარმოება და არც იქნებაო. შფოთიანმა და უსამართლო დროებამ აიძულა ეს მეფე, მიეტოვებინა საქართველო და თავისი დღეები რუსეთში გაელია…”

როგორ გგონიათ, რამე შეიცვალა საუკუნეების შემდეგ საქართველოში?!

ბ.ბ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here