Home ახალი ამბები დავით სერგეენკო: ყველას ვთხოვ, ყურადღებით მოისმინოს ახლა რასაც ვამბობ

დავით სერგეენკო: ყველას ვთხოვ, ყურადღებით მოისმინოს ახლა რასაც ვამბობ

2514

სახელმწიფო აუდიტის გავრცელებულ ინფორმაქციას, რომ შესაძლოა 2016-2017 წლებში, იმუნიზაციის პროგრამაზე საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა, შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სიცრუეს უწოდებს.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგებოდა არ შეესაბამება სიმართლეს, რაც ნიშანდობლივია მისი არცერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს“, – აცხადებს მინისტრი.

„უფრო მეტიც, ყველას ვთხოვ ყურადღებით მოისმინოს, ახლა რასაც ვამბობ: ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლო 3 წელი არც ერთი ადამიანი გარდაცვლილა ცოფით, სწორედ ამ ვაქცინაციისა და იმუნიზაციის პროგრამის დამსახურებით. ეს მაშინ, როცა წელიწადში საშუალოდ 5-6 ადამიანი გარდაიცვლებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა კომუნიკაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მე დღესაც მქონდა შეხვედრა მათ ხელმძღვანელობასთან და მათ დამიდასტურეს, რომ ყველა კითხვა, რომელიც კი შეეხებოდა ამ საკითხს, მოხსნილია დღის წესრიგიდან.

ჩვენ მათ ძალიან მკაფიო განმარტებები მივეცით და დღესაც დამიდასტურეს, რომ ეს საკითხი საერთოდ აღარ არის დღის წესრიგში. თუმცა, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამას სწავლობენ ბევრ სხვა რამესთან ერთად, მათ შორის, ფინანსური პარამეტრებით. ასევე ხაზგასმულად მინდა ვთქვა და ვთხოვო მედიას, თქვენი სახით, რომ როდესაც ასეთ თემებზეა საუბარი, გზავნილები უნდა იყოს ძალიან მოზომილი. მე არ ვაპირებ, რომ მენტორულად, როგორ შეასრულოთ თქვენი სამუშაო, უბრალოდ ერთ მაგალითს გეტყვით: როდესაც 2004-2005 წლებში საქართველოში იყო წითელას აფეთქება და ეს იყო არაიმუნიზირებული ფენა, ვისაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა, ანუ 15-30 წლის ასაკში, მაშინ სახელმწიფომ გადაწყვიტა, მასიური ვაქცინაცია. მხოლოდ ერთი სიუჟეტი, რომელიც გავიდა მაშინ მედიაში, რომელიც ემსახურებოდა დისკრედიტაციას ზოგადად იმუნიზაციის, საერთოდ მოშალა ეს ყველაფერი და შედეგად მივიღეთ 2013-2014 წლებში წითელას აფეთქება, როდესაც მთელი 15 000 ადამიანი დასნეულდა და მათგან 4 გარდაიცვალა. ასე რომ, ეს იმუნიზაცია-ვაქცინიზაცია არის ტექნოლოგია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაადასტურა, რომ ეს არის ერთადერთი ქმედითი საშუალება გადამდები დაავადებებისგან გადასარჩენად. ყველას ვთხოვ, საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე.

ვაქცინაცია, როგორც ტექნოლოგია, არის უსაფრთხო, ეფექტური და იცავს დაავადებებისგან და ის ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში, არის მაღალი ხარისხის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here