Home რუბრიკები პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: ნატო არ გვაძლიერებს, ნატო გვამზადებს თავისი ამოცანების გადასაწყვეტად

გურამ ნიკოლაიშვილი: ნატო არ გვაძლიერებს, ნატო გვამზადებს თავისი ამოცანების გადასაწყვეტად

“იცვლება მხოლოდ სახეები და ხმის ტემბრი, პოლიტიკური აფერები და ცბიერების სტრატეგია კი იგივეა”

6755
გურამ ნიკოლაიშვილი

9 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლებამტკიცე სული 2019”-ის დასრულებისას დამსწრეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომგზა ნატოსკენ _ ეს არის გზა გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისკენ”. მისი თქმით, აღნიშნული სწავლების მთავარი მიზანი და გზავნილი, რომძალა პარტნიორობაშია”, შეესაბამება მასში მონაწილე ყველა ქვეყნის ერთობლივ ძალისხმევას, საქართველო კი, ამ სწავლების მასპინძლობით, კიდევ ერთხელ ადასტურებს არჩეული კურსის ერთგულებას, რაც ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვასა და ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს გულისხმობს. მისივე შეფასებით, ის, რომ საქართველოს წვლილი, საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში წლიდან წლამდე იზრდება, ნათლად მიუთითებს ქვეყნის უალტერნატივო ევროატლანტიკურ მომავალზე.

“საქართველო თავისი ნაბიჯებით, სამხედრო და პოლიტიკური რეფორმებით, თავისი ეკონომიკური მდგრადობით სულ უფრო სანდო და საიმედო პარტნიორი ხდება. თავდაცვასა და შეიარაღებაზე ზრუნვისას ჩვენ ნატოს სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ: თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იხარჯება, შეიარაღებაზე კი _ თავდაცვის ბიუჯეტის 20%. ჩვენ საამაყო ჯარისკაცები გვყავს, რომლებიც როგორც აქ _ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სამშვიდობო მისიებში იცავენ მშვიდობას და იმსახურებენ ჩვენი პარტნიორების დიდ პატივისცემას”. პრეზიდენტს არ განუმარტავს, კონკრეტულად რომელ სამხედრო რეფორმასა და ეკონომიკურ მდგრადობას გულისხმობდა იმ დროს, როცა 2012 წლიდან დღემდე შეიარაღებული ძალებიდან არაერთი გამოცდილი ოფიცერი უმიზეზოდ დაითხოვეს, მათ ნაცვლად კი თანამდებობებზე შესაბამისი გამოცდილებისა და განათლების არმქონე კადრები დანიშნეს.

რა რეფორმები ჩატარდა ან ტარდება დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ადეკვატურია თუ არა პრეზიდენტის შეფასება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ ქვეყნისშეუქცევადსწრაფვაზე? _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, ამას წინათ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო, თავისი ეკონომიკური მდგრადობითა და შეიარაღებულ ძალებში გატარებული რეფორმებით გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ნატოსკენ. რა რეფორმები ტარდება დღეს საქართველოში და როგორია მათი შედეგები?

_ ჯერ, მოდი, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება “მტკიცე სული 2019”-ზე ვისაუბროთ. მსგავსი სწავლებებისა და სამშვიდობო ოპერაციებისთვის მხოლოდ წლეულს აშშ-მა 35 მილიონი დოლარი გამოყო; ამ თანხიდან 2,5 მილიონი კონკრეტულად იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარებულიყო სწავლება. ამ სწავლებებს აქვს ერთადერთი მიზანი _ სამშვიდობო ძალების ერთობლივად გამოყენება. ეს არის ის, რაც სჭირდება ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის და არა ის, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი. ეს არის სწავლებები, რომლებიც გათვლილია არა საქართველოს დასაცავად ჯარის მოსამზადებლად, არამედ იმაზე, როგორ უნდა გამოიყენონ ჩვენი შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა, როცა პრეზიდენტი გამოვიდა და ისე წარმოაჩინა ყველაფერი, თითქოს ქართულ ჯარში საათივით აწყობილი სისტემა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ არათუ არც ერთი პრობლემა არ იქნება ახლო ხანებში გადაჭრილი, საერთოდ, არ მიაჩნიათ, რომ პრობლემები არსებობს. არადა, გვახსოვს, რას გვპირდებოდა სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ…

_ რომელ დაპირებას გულისხმობთ?

_ სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად ამბობდა, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს საზღვაო ძალებიც და საჰაეროც, ანუ სამხედრო ავიაცია. გავიდა უკვე შვიდ თვეზე მეტი მისი არჩევიდან და რატომ არ შესრულდა ეს დაპირება? უმაღლესი მთავარსარდალი ფიცის დადებისას ამბობს, რომ დაიცავს ზღვას, ხმელეთსა და საჰაერო სივრცეს, მაგრამ როგორ დაიცავს, როცა არც ავიაცია გვყავს, არც საზღვაო ძალები და არტილერია? რაც ყოველთვის ყველაზე ძლიერი მხარე იყო ჩვენი შეიარაღებული ძალების, ფაქტობრივად, განადგურებულიამე, როგორც გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დღეს აბსოლუტურად არასწორად მიდის ჯარის განვითარება, არასწორადაა დაგეგმილი მისი სტრუქტურა, მისი დანიშნულება, ამოცანის შესრულების დაყოფა და .. ამ დროს პრეზიდენტი გამოდის და უტიფრად აცხადებს, რომ წარმატებული რეფორმები ხორციელდება. რა არის წარმატებული: ის, რომ ზღვა გაქვს და დაუცველია? ის, რომ საჰაერო სივრცეს ვერ აკონტროლებ? ეს რეფორმა კი არა, ღალატია, ეს არის ჯარის მიზანმიმართული ნგრევა, რომელიც, უკვე წლებია, მიმდინარეობს

_ პრეზიდენტმა წარმატებებს შორის დაასახელა ისიც, რომ შეიარაღებული ძალები ახალი მაღალი დონის კადრებით კომპლექტდება. ამაზე რას იტყვით?

_ ბოლო ორი წლის განმავლობაში 2500 ოფიცერი გაუშვეს ჯარიდან, მათ შორის, ისეთი მაღალი დონის კადრებიც, რომელთა შემცვლელი ვერ წარმომიდგენია. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამი წელია, თავდაცვის აკადემია 150 იუნკრის მაგივრად 50-58-ს იღებს. რატომ? _ იმიტომ, რომ არ უნდათ.

ახლა შეიარაღება ნახეთ: ტანკები დააყენეს კონსერვაციაზე და, ფაქტობრივად, ჯართად აქციეს; ანალოგიურად მოექცნენ ავიაციასა და არტილერიასმათი მიდგომა არის ის, რომ თურმე მძიმე ტექნიკისა და მრავალრიცხოვანი ჯარის შენახვა ძვირი ჯდება და უნდა შეიქმნას მსუბუქი ბატალიონები მსუბუქი შეიარაღებით. მსუბუქი შეიარაღება კი არისჯაველინებიდასტინგერები”. სხვათა შორის, თბილისისთვის შეიძინეს თუ აწი შეიძენენ, არ ვიცი, ფრანგული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, რომლის მონაცემებიც ჯერჯერობით ვერ გავარკვიე, მაგრამ სპეციალისტები რასაც ლაპარაკობენ, ეს სისტემა 15 პროცენტითაც ვერ ფარავს დედაქალაქის საჰაერო სივრცეს, ანუ საიმედო დაცვას ვერ უზრუნველყოფს. რაც შეეხება იმას, რომ ნატოსთან დაახლოება ქართულ ჯარს თითქოს დღითიდღე აძლიერებს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითს გადავხედოთ და მივხვდებით, რეალურად რა მოთხოვნებს უყენებს ალიანსი არათუ ჩვენისთანა მცირე ქვეყნებს, გაცილებით დიდ და მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოებსაც. მაგალითად, ჩეხეთს, სულ რაღაც, 12-ათასიანი ჯარი ჰყავს, არადა, თავის დროზე ჩეხოსლოვაკიას 380-ათასიანი არმია ჰყავდა. პოლონეთს _ თითქმის 40-მილიონიან ქვეყანას, 30-ათასიანი ჯარი ჰყავს. დაახლოებით ამდენივე ჰყავს რუმინეთსაც. ალიანსი არ არის დაინტერესებული იმით, რომ მასში შემავალი არაწამყვანი სახელმწიფოების შეიარაღება მნიშვნელოვნად გაძლიერდეს. ამ ქვეყნების სამხედრო პოტენციალი ნატომ იმ დონემდე დაიყვანა, რომ მათ შეძლონ შედარებით მარტივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება საერთაშორისო სამშვიდობო მისიების ფარგლებში. აი, ზუსტად ამ სტანდარტით ხელმძღვანელობენ საქართველოს მიმართაც და ზუსტად ამას გულისხმობს თავდაცვის მინისტრის განცხადებაც, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს მსუბუქი ბატალიონები. მაგრამ თითქმის 40 წელი ვიმსახურე ჯარში და რას ნიშნავს ეს მსუბუქი ბატალიონები ან როგორ უნდა გაუმკლავდეს ის თუნდაც მოტომსროლელ ბატალიონს, რომელსაც საცეცხლე საშუალებები ხუთჯერ მეტი აქვს, აბსოლუტურად გაუგებარია. “ჯაველინებით”? სულ არ შემოვა მოწინააღმდეგე ტანკებითა და ჯავშნიანი მანქანებით

_ იმ პირობებში, როცა ქართული ჯარი რეალურად ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და, როცა ის ორიენტირებულია არა სტრატეგიულ სახელმწიფოებრივ ამოცანებზე, არამედ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს პრეზიდენტისა და მთლიანად პოლიტიკური ისტებლიშმენტის განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე შეიარაღებულ ძალებში ერთობ წარმატებული რეფორმები ხორციელდება?

_ პრეზიდენტიც, პრემიერიც, თავდაცვის მინისტრიც და სხვებიც უტიფრად ატყუებენ მოსახლეობას, როცა ეუბნებიან, რომ ნატო გვაძლიერებს. ნატო არ გვაძლიერებს, ნატო გვამზადებს თავისი ამოცანების გადასაწყვეტად. თუმცა აქ არის ერთი მომენტი, რომელიც უნდა აღინიშნოს: თავის დროზე, როცა სააკაშვილის რეჟიმი ცრუობდა ნატოში უსათუო ინტეგრაციაზე, ეს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სჯეროდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი ეს ტყუილი გაუფასურდა. უკვე პირდაპირ გვეუბნებიან ნატოს ლიდერები ხან მერკელის, ხან აპატურაის და ხანაც სხვა მაღალჩინოსნების პირით, რომ ნატოში შესვლაზე ფიქრსაც კი თავი უნდა დავანებოთ. მხოლოდ “ოცნებაა” იმ ძველ ტყუილში ჩარჩენილი და ჰგონია, ეს მუშაობს. სინამდვილეში მსგავსი ტყუილის მოსმენის შემდეგ მოსახლეობაში იზრდება მმართველი გუნდისადმი აგრესია. ამ ტყუილების შედეგად პოლიტიკა და დიპლომატია ისე გაუფასურდა, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელის მიმართ, თუნდაც სულ ახალი დაყენებული იყოს თანამდებობაზე და სუფთა წარსული ჰქონდეს, უკვე არის ერთგვარი აგრესია. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ამდენი ტყუილის მოსმენისა და სიბინძურის ხილვის შემდეგ ხალხმა გამოიტანა დასკვნა: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. იცვლება მხოლოდ სახეები და ხმის ტემბრი, პოლიტიკური აფერები და ცბიერების სტრატეგია კი იგივეა. რაც შეეხება გამოსავალს, ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ჩვენი საგარეოპოლიტიკური ორიენტირი უნდა იყოს სამხედრო მიუმხრობლობა. უარი უნდა ვთქვათ იმ ბლოკსა და გაერთიანებაზე, რომელიც მიმართულია რომელიმე სახელმწიფოს, განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში, რომელ ბლოკზეც უნდა იყოს საუბარი, რომელ კავშირზეც და გაერთიანებაზეც, ამას ყოველთვის მოჰყვება მწვავე კონფრონტაცია. ეს ერთი. და მეორე, ყველაზე ცუდი: ამ კონფრონტაციის არეალში იქნებიან არა ამ ბლოკებისა და გაერთიანებების წამყვანი სახელმწიფოები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგს განსაზღვრავენ, არამედ ჩვენ და ჩვენისთანა მცირე ქვეყნები. მატყუარა პრეზიდენტსა და მაამებელ თავდაცვის მინისტრს კი რა ენაღვლება, რამე რომ მოხდეს, დაკრავენ ფეხს და საზღვარგარეთ გაიქცევიან, ჩვენ კი დანგრეული და გაჩანაგებული ქვეყანა დაგვრჩება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ერთი ამ ხალხის ტვინში ჩამახედა. ასეთ ინფორმაციის მოპოვებაზე რაც აქ წერია ჯაშუშები სასიკვდილოდ თავს წირავენ და აქ პირდაპირ წერია ღიად რა შეიარაღება გვაქვს და მომავალში რას ვაპირებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here