წლევანდელი სექტემბრიდან ბრიტანელ მოსწავლე გოგონებს სკოლაში კაბებით მისვლა კატეგორიულად აეკრძალათ, რადგან ქალების გარდერობის ეს აუცილებელი შემადგენლები თურმე დროზე ადრე იწვევს განსხვავებული სქესისადმი აღგზნებული დამოკიდებულების გამომჟღავნება–განვითარებას.
ამ ინფორმაციას დასავლეთის მედია ავრცელებს.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ბრიტანეთის ნორტჰემპტოშირის სასწავლო დაწესებულების Moulton Scool and Scileg-ის ხელმძღვანელობამ. სკოლის განსწავლული მამები განგვიმარტავენ, რომ ამ სკოლაში, სადაც 11-დან 18 წლამდე ბავშვები და ყმაწვილები სწავლობენ, უწინ კაბის ჩაცმა პრობლემად არ ითვლებოდა, მაგრამ ბოლო ხანებში მშობლები სულ უფრო ხშირად ნებას რთავენ თავიანთ ქალიშვილებს, კაბებითა და ქვედაბოლოებით გამოცხადდნენ სკოლაში, რაც შიშველი მუხლების გამოჩენას უწყობს ხელს და რასაც ნაადრევი სექსუალიზაციისკენ მივყავართ.
ეტყობა, ბევრი იფიქრეს ამ “ჩიხიდან” გამოსავალზე და დაადგინეს: მოსწავლე ბიჭებს გოგონების მიმართ სექსუალური ლტოლვა რომ არ გაუჩნდეთ, ქალიშვილებს აეკრძალოთ სასწავლო დაწესებულებაში ქალის ტანსაცმლით გამოცხადება. მათ უნდა ჩაიცვან მხოლოდ შავი შარვლები. თუ ამ წესს დაარღვევენ, შინ მიაბრძანებენ.