Home რუბრიკები საზოგადოება “გავაკეთე, რაც შემეძლო, სხვამ გააკეთოს უკეთ”

“გავაკეთე, რაც შემეძლო, სხვამ გააკეთოს უკეთ”

334

ნოდარ მეძმარიაშვილი 1973-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის მინისტრად, 1981-1982 წლებში _ რესპუბლიკის საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 1991 წლიდან დაინიშნა საქართველოს მთავრობის მუდმივ წარმომადგენლად რუსეთში. იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი რუსეთში. გამოსცა წიგნიოქროს აკვანი მოწამეთაში”. გთავაზობთ ერთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან.

ორ მინისტრს შუა _ ორ ცეცხლს შუა

იქონიე გამბედაობა _  იცხოვრე შენი ჭკუით

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არსებობდა პრინციპული წინააღმდეგობა იმ სამინისტროსა, რომლიდანაც გადმომიყვანეს საქართველოში (საბჭოთა კავშირის მძიმე ინდუსტრიის ობიექტების მშენებლობის სამინისტრო) და იმ სამინისტროს შორის, რომელშიც აღმოვჩნდი საქართველოში (საბჭოთა კავშირის მშენებლობის სამინისტროს სისტემაში). ამ სამინისტროებს მართავდა ორი დიდი მშენებელი პროფესიონალი _ მშენებლობის მართვის ორი დაპირისპირებული სისტემის აპოლოგეტი _ ნიკოლაი გოლდინი და გიორგი კარავაევი. ორივე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ორივე სოციალისტური შრომის გმირი.

პირველი _ ნიკოლაი გოლდინი _ დინჯი, ყოველთვის გაწონასწორებული და კეთილგანწყობილი, ჭარმაგი მეცნიერი-პრაქტიკოსი წყნარი ხმით მოლაპარაკე, საინჟინრო წინასწარი გათვლების გროსმაისტერი, გრაფიკებით მუშაობის მტკიცე მომხრე, ჩემი მასწავლებელი. მე, როგორც მშენებელი, ამ პრინციპზე ვიყავი ჩამოყალიბებული.

მეორე _ გიორგი კარავაევი _ იმპულსური, სულ ანთებულ-აგიზგიზებული ცეცხლის ალი, პრაქტიკოსი-მეცნიერი, ხმამაღლა მოლაპარაკე, საბოლოო შედეგზე ორიენტირებული ხელმძღვანელი, რასაც შეგპირდებოდა, შეგისრულებდა. მისი ლოზუნგი _ “გადაისროლეთ მუშების დამატებითი რაოდენობა გასაშვებ ობიექტზე სხვა ტრესტებიდან” _ ძირფესვიანად ეწინააღმდეგებოდა ჩემს პროფესიულ პრინციპებს.

იყო კიდევ ამ ორ სისტემას შორის ერთი პრინციპული განსხვავება: მაშინ ინერგებოდა სამშენებლო პრაქტიკაში ინდუსტრიული მშენებლობის სისტემა _ მსხვილი პანელებითა და მსხვილი ბლოკებით მშენებლობა.

გოლდინი ითხოვდა სამშენებლო კომბინატების ისეთი ახალი სისტემის შექმნას, როცა შენობის ასაშენებლად საჭირო დეტალების მთლიანი კომპლექტაცია ხდებოდა ერთი ქარხნიდან _ ე.წ. ერთი ჭიშკრის სისტემა. მე ამ სისტემის მტკიცე მომხრე ვიყავი და, მიუხედავად კარავაევის ზეწოლისა, მაინც ვნერგავდი საქართველოში.

კარავაევი კი გვიკარნახებდა, უკვე არსებული მოძველებული ქარხნებისგან დაგვეკომპლექტებინა მშენებარე ობიექტები, მე ამის გაგონებაც არ მინდოდა.

კარავაევის სამინისტროს სისტემაში შედიოდა კიდევ ერთი მინისტრი, ზუსტად ჩემსავით მოაზროვნე, ლიტვის მშენებლობის მინისტრი _ ლენინური პრემიის ლაურეატი რომულდას ნიკოლას საკალაუსკასი. ჩვენ, რომულდასი და მე, ყოველთვის საკავშირო კოლეგიის სხდომაზე ერთად ვისხედით და ჩვენს მინისტრს გამოხატვის საშუალებას ვუადვილებდით, იგი ჩვენკენ გამოიშვერდა ხელს და ამბობდა: “აი ჩემი იდეური მოწინააღმდეგეები”.

საკალაუსკასი, ისე როგორც მე, მიუხედავად ყოველივესი, ლიტვაში ნერგავდა თავის სისტემას და გაიმარჯვა. ჩვენც სახლსამშენებლო კომბინატების შექმნამ და “ერთი ჭიშკრის” პრინციპის პრაქტიკაში დანერგვამ წაგვწია წინ.

მეამაყებოდა, რომ ჩემი პრინციპი, მიუხედავად ზევიდან წინააღმდეგობისა, დავნერგეთ საქართველოში (ისე, როგორც დაინერგა მინისტრ საკალაუსკასის პრინციპი ლიტვაში).

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მე კი ვიყავი კმაყოფილი იმით, რომ ჩემ მიერ წინა სამინისტროში მუშაობის დროს შესისხლხორცებულ პრინციპებს, მიუხედავად კარავაევის წინააღმდეგობისა, ვნერგავდი საქართველოში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, იწვევდა ჩემსა და კარავაევს შორის ურთიერთობის დაძაბვას.

საკალაუსკასისა და ჩემი დუეტის დაშლის მიზნით კარავაევმა რომან ნიკოლაევიჩი, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, მოსწყვიტა ლიტვას და დანიშნა თავის მოადგილედ მოსკოვში.

ჩემი მოსკოვში სამუშაოდ გადაყვანის შემდეგ, მივიღე ბინა მინისტრთა საბჭოს იმ სახლში, რომელშიც ცხოვრობდა შვიდი საკავშირო მინისტრი, მათ შორის კარავაევიც. ჩვენი ურთიერთობა განახლდა, კარავაევის ინიციატივით მიიღო მეგობრული ხასიათი და ურთიერთპატივისცემის ფორმა.

თუ შენი გზა არ იყო ვარდებით მოფენილი, მაშ, საიდან დარჩა ამდენი ეკალი?”

ერთ დღეს, სამუშაო დღის ბოლოს, გაისმა ჩემთან კაბინეტში ტელეფონის ზარი _ ცენტრალური კომიტეტიდან მატყობინებენ, რომ დღეს, საღამოს 10 საათზე ცკ-ის მეორე მდივანი, ამხანაგი გენადი კოლბინი მიბარებს თავისთან. რატომ ასე დაგვიანებით მატყობინებენ, რატომ ასე გვიან მიბარებს ცკ-ის მეორე მდივანი? რაღაცამ კი გამკრა გულში, მაგრამ ამაზე ყურადღება არ გავამახვილე.

მივედი, კოლბინი შემომხვდა, ხელი ჩამომართვა და პატარა მაგიდას მივუსხედით ერთმანეთის პირისპირ. გამომკითხა, თუ როგორ ვართ სახლში _ ხომ მშვიდობაა და ა.შ. აქ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მეუღლეები ახლო მეგობრები იყვნენ და ჩვენც ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ასე რომ, მან ჩვენი ოჯახური მდგომარეობა კარგად იცოდა და ამიტომ ეს კითხვა ძალზე ფორმალურად ჟღერდა. მეც ვალი მოვიხადე და ფორმალური პასუხი გავეცი. კოლბინმა მითხრა, რომ ცკ-ში “არის აზრი”, გადამიყვანონ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და მომანდონ რესპუბლიკის კაპიტალური დაბანდების საკითხი.

მცირე პაუზის შემდეგ მკითხა, თუ როგორ ვუყურებ მე ამ წინადადებას. გითხრათ მართალი, გულზე მომეშვა და მადლობა გადავუხადე ასეთი წინადადებისთვის. ამით, ფაქტობრივად რამდენიმე წუთში, ჩვენი შეხვედრის მიზეზი ამოიწურა. ვთხოვე, რომ 15 დღით გამეგრძელებინა ჩემი სამსახური, რათა “დამეხურა” შედეგები. მერე ნახევარი თვე დამესვენა და ამის შემდეგ შევუდგებოდი მუშაობას ახალ თანამდებობაზე _ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. გენადი ვასილის ძემ ამაზე თანხმობა განმიცხადა. წამოვდექი და გამოსამშვიდობებლად ხელი გავუწოდე, მაგრამ მან მითხრა, რომ ჩვენ ახლა უნდა ავიდეთ პირველის კაბინეტში, “იგი” გველოდება. მე უარი განვაცხადე ამ თხოვნაზე. კოლბინმა თხოვნა გამიმეორა, მაგრამ გავჯიუტდი, ხელი ჩამოვართვი და კაბინეტიდან გამოვედი. ასე გადაწყდა მოკლედ და მშვიდობიანად მინისტრობიდან ჩემი დათხოვნის საკითხი.

შვიდ წელზე მეტი ვიყავი მშენებლობის მინისტრის ამ ურთულეს თანამდებობაზე. რაც საკმარისია, რომ “დრო მოჭამო”, მაგრამ რატომ მზადდებოდა ეს ყველაფერი საიდუმლოდ? არა მგონია, რომ ჩემი შეცვლის საკითხი უნდა ყოფილიყო საიდუმლო საერთოდ და მითუმეტეს ჩემთვის. მაგრამ ქვეყანაში, როგორც ცნობილია, არსებობდა მოქმედების ასეთი ფორმა: ყველაფერი იყო გასაიდუმლოებული, თუმცა არაფერი იყო საიდუმლო, ამიტომ არ ავედი “ზემოთ პირველთან”.

რატომ დანიშნეს მინისტრად ტრესტის მმართველი და არა მინისტრის რომელიმე მოადგილე? ეს ტრესტი კარგით არაფრით გამოირჩეოდა სხვა ტრესტებისგან _ არაფრით _ არც ერთი მაჩვენებლით, არც ერთი ინიციატივით და, საერთოდ, არანაირი სიკეთით. თუ მაინცდამაინც ტრესტის მმართველობის დონეზე ეძებდნენ, მაშინ რატომ აუარეს გვერდი ჩვენი ტრესტების ისეთ გამორჩეულ მმართველებს, როგორებიც იყვნენ: გივი კვიჭიძე, დათო ჯობავა, მირიან უსტიაშვილი, კარლო გოგიჩაიშვილი, გურამ გოგიჩაძე (რომელიც ჩვენგან წაიყვანეს სხვა სამინისტროში მინისტრის მოადგილედ) და სხვები.

უფრო მეტიც _ რატომ აუარეს გვერდი ისეთ გამოცდილ მშენებლებს, უკვე თითქმის მზა მინისტრებს, როგორებიც იყვნენ ზოგიერთი ჩემი მოადგილეები (ანბანის მიხედვით ჩამოვთვლი) ოთარ ბიბილეიშვილი, ომარ კიკნაძე, ვლასი მანჯგალაძე, ომარ მარგველაშვილი, გივი შენგელია.

რატომ “გამორჩათ” ამ სიაში სახმშენის თავმჯდომარე გურამ მირიანაშვილი ან მისი მოადგილე მერაბ ნიკოლაიშვილი?

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აშკარად, ყოველივე კითხვის გარეშე, ყველაფრით უფრო მაღლა იდგნენ: ჭკუით, განათლებით, გამოცდილებით, სიტყვა-პასუხით, ავტორიტეტით, პროფესიული და მოქალაქეობრივი პოზიციით, კულტურით, ადამიანობით და რითაც გინდათ, ვიდრე ახლად დანიშნული. სად არის აქ ძველი მინისტრის უკეთესით შეცვლის მცდელობა? სად არის აქ ცკ-ის “გამჭრიახობა და შორსმჭვრეტელობა?”

მსურს, შემოგთავაზოთ ამონარიდი ომარ მარგველაშვილის წიგნიდან “დრო, დრო აღნიშნე” (გვ. 162):

“ერთ დღეს ბევრი ჩვენგანისთვის მოულოდნელად და დაუმსახურებლად მშენებლობის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჭეშმარიტი პროფესიონალი და სამშენებლო საქმის დიდი ორგანიზატორი ნოდარ მეძმარიაშვილი. მისი ერთადერთი “ნაკლი” ის იყო, ზოგიერთივით მუხლებზე ხოხვა არ შეეძლო და სათქმელს მოურიდებლად და პირდაპირ ამბობდა…

მახსოვს, როცა პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა გენადი კოლბინმა მისი გათავისუფლების შესახებ სამინისტროს კოლექტივს აცნობა, დარბაზში ქალბატონების შეუკავებელი ქვითინი გაისმა… მდივანმა ნოდარს გაწეული მუშაობისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა, ყველას თვალწინ გადაეხვია და გადაკოცნა.

აი, ასეთი აღიარებული და ნაცადი ხელმძღვანელის მაგივრად მინისტრად დანიშნეს ვლადიმერ გოგოლაძე, მანამდე “მრეწვმშენის” ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ტრესტის ხელმძღვანელი, რომელსაც საქმის სისტემატური შეუსრულებლობის გამო თითქმის ყოველ კოლეგიაზე მწვავედ აკრიტიკებდნენ. როგორც გაირკვა, ის გურიის სოფელ მამათის სკოლაში ედუარდ შევარდნაძესთან ერთად სწავლობდა”.

მე კი, საქართველოში, გასული საუკუნის 70-იან წლებში, მშენებლობის მინისტრად ჩემი 7-წლიანი მუშაობით და მისი შედეგებით, როგორც პროფესიონალი, კმაყოფილი ვარ (თავისებურ ანგარიშს გაბარებთ, პატივცემულო მკითხველო), სამინისტროს ხელმძღვანელ ინჟინერთა იმ დიდ ჯგუფთან ერთად, ვინც მხარში ამომიდგა.

კმაყოფილი ვარ პირადი შედეგითაც: მშენებლობის მინისტრად მუშაობისთვის დაჯილდოებული ვარ სამი ორდენით, გავხდი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მომანიჭეს საპატიო წოდებები: დამსახურებული ინჟინრისა და დამსახურებული მშენებლისა, ვარ საქართველოს საინჟინრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პრეზიდიუმის წევრი და აკადემიკოსი, არჩეული ვიყავი საქართველოსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების დეპუტატად.

ყველაფერი ეს იყო და მე კი ვიყავი კმაყოფილი ჩემი მუშაობით და პირადი შედეგებით, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ცკ-ის დარგობრივი მდივანი არ იყო კმაყოფილი ჩემი კმაყოფილებით და იმით, რომ მე ამ ადგილს “ვაფუჭებდი” და დაიბადა “სხვა აზრი”…

ერთხელ უკვე ვთქვი და ვიმეორებ: არ მსურს, ვიყო ვინმეს მსაჯული. ღმერთმა განსაჯოს… და ღმერთმა განსაჯა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო…

ნოდარ მეძმარიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here