ალექსანდრე სელკირკი უკაცრიელ კუნძულ მას–ა–ტიერაზე 4 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ის 1709 წლის 2 თებერვალს გადაარჩინეს. სახელდობრ, სელკირკი იქცა ინგლისელი მწერლის, დენიელ დეფოს, გახმაურებული რომანის პერსონაჟ რობინზონ კრუზოს პროტოტიპად. 76 დღე გასაბერი ტივით ოკეანეში, 30 წელი ჯუნგლებში… ვინ არიან თანამედროვე რობინზონები?
ალექსანდრე სელკირკი
ალექსანდრე სელკირკი შოტლანდიელი მეზღვაური იყო. ერთ-ერთი მოგზაურობისას სელკირკსა და გემის, რომელზეც მეზღვაურად მსახურობდა, კაპიტანს შორის კონფლიქტი მოხდა. შედეგად მამაკაცმა მოითხოვა, ერთ-ერთ უკაცრიელ კუნძულზე დაეტოვებინათ, რადგან დარწმუნებული იყო, რომ გემი მის წასაყვანად დაბრუნდებოდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. სელკირკმა კუნძულზე 4 წლისა და 4 თვის განმავლობაში იცხოვრა. სელკირკამდე კუნძულზე უკვე ცხოვრობდნენ ადამიანები _ მათ კუნძულზე დატოვეს თხები და სხვა ცხოველები.
ლინ პენი
1942 წელს გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ინგლისური გემი “ბელომონდი” ჩაძირა. ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა ლინ პენის გარდა, რომელმაც გასაბერი ტივითა და ცოტა პროდუქტით ზღვაში დრეიფი დაიწყო. მეზღვაური 100 დღის განმავლობაში თევზითა და წყლით სულდგმულობდა, ზოგჯერ კი წყალმცენარეებსაც მიირთმევდა, რომლებმაც პენი სურავანდით დაავადებას გადაარჩინა. მამაკაცის გადარჩენას რამდენიმეჯერ შეეცადნენ, მაგრამ თავდაპირველად ის სხვა გემის ბორტზე არ აიყვანეს, იმიტომ, რომ ჩინელი იყო, შემდეგ ამერიკელებმა სპეციალური სამაშველო ბული გადაუგდეს, მაგრამ შტორმის გამო გადარჩენის მისია ვერ შესრულდა. ლინ მენმა ამ ხნის განმავლობაში 9 კგ დაიკლო. შეეძლო დამოუკიდებლად გაადგილება და ლაპარაკი. მამაკაცი მხოლოდ 1943 წელს გადაარჩინეს. მოგვიანებით პენის რეკომენდაციები გადარჩენის სახელმძღვანელოდ იქცა ბრიტანეთის ფლოტში.
ჰიუ გლასი
ფილმ “გადარჩენილის” გმირის პროტოტიპი, ამერიკელი ჰიუ გლასი რამდენიმე კაცთან ერთად მდინარე მისურის სათავისკენ აუყვა, სადაც შემთხვევით თავს დაესხა დათვი და სხეული მრავალ ადგილას მძიმედ დაუზიანა. მაგრამ ჰიუ დანებებას არ აპირებდა. თანმხლებმა პირებმა იფიქრეს, რომ ჰიუს გადარჩენის შანსი მცირე იყო, მისი აღჭურვილობა და საკვები წაიღეს და მომაკვდავი ამხანაგი მიატოვეს. გონსმოსული ჰიუ მდინარის ნაპირამდე მიცოცდა და ტივით ფორტ-ნოქსამდე მიაღწია.
ჯერალდ კინგსლენდი
ბრიტანელი ჟურნალისტის, ჯერალდ კინგსლენდის, ისტორია განსაცვიფრებელია. 1980-იანი წლების დასაწყისში მამაკაცმა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა ექსპერიმენტი. შეძლებდა თუ არა, ერთი წლის განმავლობაში ეცხოვრა ტროპიკულ კუნძულზე ცივილიზებული პირობების გარეშე. კინგსლენდი შეეცადა, მეწყვილე ეპოვნა და გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა, მაგრამ მას მამაკაცის ნაცვლად ახალგაზრდა ქალი გამოეხმაურა _ ლუსი ირვინი, რომელმაც თანხმობა განაცხადა სოციალურ ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. 1982 წელს წყვილი გაემგზავრა ავსტრალიასა და ახალ გვინეას შორის მდებარე კუნძულ ტაინზე. სხვათა შორის, ახალგაცნობილი ლუსი და ჯერალდი დაქორწინდნენ, რათა გაეიოლებინათ ვიზების მიღება. მოგვიანებით წყვილმა განაცხადა, რომ ყველაზე მძიმე ურთიერთგაგების უქონლობა იყო.
1983 წელს კუნძულს თავს გვალვა დაატყდა და “ახალდაქორწინებულები” მტკნარი წყლის გარეშე დარჩნენ. ლუსი და ჯერალდი აბორიგენებმა გადაარჩინეს. დიდ ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ წყვილი განქორწინდა. მოგვიანებით ორივემ ცალ-ცალკე დაწერა წიგნი უცნაურ ექსპერიმენტზე. ორივე წიგნი ბესტსელერად იქცა.
მარინა ჩაპმანი
მარინა 5 წლის იყო, როცა მოიტაცეს, გოგონა დაიკარგა და კოლუმბიის ჯუნგლებში ამოყო თავი. მალე ის მაიმუნების ხროვამ შეიფარა. სწორედ მათმა დახმარებამ შეუნარჩუნა მარინას სიცოცხლე, მაგრამ ცხოველებთან 5 წლის ცხოვრების განმავლობაში გოგონას ლაპარაკი დაავიწყდა და ოთხზე დაიწყო სიარული. კარგა ხნის შემდეგ მარინა ადგილობრივმა მონადირემ იპოვა, რომელმაც ის ბორდელში ჩააბარა. ჩაპმანმა მოახერხა გაქცევა და დიდ ბრიტანეთში, ბრედფორდში გადაბარგდა.
ჯულიანა კეპკე
ჯულიანა ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა 92 მგზავრიდან, რომელიც ცოცხალი გადარჩა თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ. თვითმფრინავს მეხი დაეცა და პერუს ჯუნგლებში ჩავარდა. ჯულიანა იხსნა სავარძელმა, რომელზეც უსაფრთხოების ქამრით იყო მიბმული, თუმცა ლავიწის ძვალი მოტყდა. ქალი ტყის მჭრელებმა იპოვეს. მას შემდეგ, რაც სამშობლოში დაბრუნდა, ჯულიანას ისტორია საფუძვლად დაედო ფილმს “სასწაულები კვლავ ხდება”.
პავლე ვავილოვი
1942 წელს ყინულმჭრელ “ალექსანდრე სიბირიაკოვის” ეკიპაჟი ფაშისტურ კრეისერთან ბრძოლაში ჩაება. ყინულმჭრელის ეკიპაჟისა და მგზავრების უმრავლესობა დაიღუპა, გადარჩენილები კი გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. პავლე ვავილოვი ცეცხლფარეში იყო. ყველაზე სახიფათო მომენტში ის წყალში აღმოჩნდა, შემდეგ კი შეძლო ცარიელ სამაშველო ნავზე ასვლა. შუქურის სიგნალის დანახვის შემდეგ ვავილოვმა მისკენ გაცურა და რაღაც დროის შემდეგ კარსის ზღვის (ჩრდ. ყინულოვანი ოკეანე) კუნძულ ბელუხაზე აღმოჩნდა.
პავლე ვავილოვმა კუნძულზე 34 დღე გაატარა _ შუქურის ზედა მოედანზე. იკვებებოდა ქატოთი და სვამდა ყინულის დნობით მიღებულ წყალს.
მოამზადა ნიკა კორინთელმა