Home რუბრიკები საზოგადოება ბარბარობას გილოცავთ, მეგობრებო!

ბარბარობას გილოცავთ, მეგობრებო!

423

დიდმოწამე ბარბარე ღირსი იქმნა იესო ქრისტეს სასუფევლისა დეკემბრის მეოთხე დღეს (ახალი სტილით 17 დეკემბერს). დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები ჯერ ილიოპოლიში განისვენებდა, შემდეგ კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა _ ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ნაწილები . კიევშია, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული. წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა.

გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

ცხოვრობდა ბარბარე გოდოლში დამწყვდეული, შვებას ოდენ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. გრძნობდა იგი, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებოდა სიბრძნით, სიკეთით, სათნოებით და სურდა, გაეგო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა. გული უკარნახებდა, რომ სამყაროს შემქმნელი უნდა იყოს ერთი და არა მრავალი, როგორც მისი წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ.

კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული _ ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.

მაგრამ დიოსკორეს დიდად სურდა ქალიშვილის გათხოვება; ერთხელაც ამ საკითხზე ჩამოუგდო მას საუბარი, შესთავაზა თავის სურვილისამებრ აერჩია მისი ხელის თხოვნის მრავალრიცხოვან მსურველთაგან ვინმე გულისწორი.

ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა, მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.

ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა.

ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი.

ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარე მივიდა, თითით გამოსახა ჯვარი მარმარილოზე და აი, სასწაული! ამოხეთქა იქ წყალმა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა, მრავალი სასწაული მოახდინა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა, ასევე დარჩა ბარბარეს ნატერფალიც.

ბარბარემ დაინახა ორი სარკმელი და მშენებლებს მოსთხოვა, მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან ეშინოდათ დიოსკორესი. მაშინ ბარბარემ დაარიგა, რომ მამამისისთვის ეთქვათ, ეს ბარბარეს მითითებით რომ გააკეთეს. ამის შემდეგ მშენებლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს.

წმ. ბარბარეს წმინდა ნაწილები (კიევი)

რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მიზეზი მესამე სარკმლის გაჭრისა. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს.

დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა, აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. მანაც მიუგო: სამნი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა”, “ესე სამნი არიან მამაი, ძეი და სული წმიდაი”.

დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილისთვის თავი უნდოდა მოეკვეთა. ბარბარემ მოასწრო გაქცევა, ილიოპოლი დატოვა და ქალაქის მახლობლად გამოქვაბულს შეეფარა. მამამისი ყველგან დაეძებდა. ბოლოს მიადგა იმ მთას, სადაც ბარბარე იმყოფებოდა.

დიოსკორემ თმით ჩამოათრია ქალიშვილი მთიდან, ჩაკეტა სახლში და მცველებიც მიუჩინა, რათა არავინ შესულიყო მასთან. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და ამდენად ის ღირსი იყო წამებით სიკვდილისა.

მარკიანემ ბრძანა, მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, ღმერთს შესთხოვა შეწევნა.

მოიყვანეს ბარბარე მარკიანესთან. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა სცადა ტკბილი სიტყვით მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია, მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი უმკაცრესად დასჯით დაემუქრა.

მიუგო მას ბარბარემ: “არა გიცნობიესა, ჰეი უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ ათქს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ”.

მარკიანე ამ პასუხმა განარისხა, ბრძანა ქალწულის ცემა ტყავის შოლტებით. ბარბარეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს საპყრობილეში და მცველები დაუყენეს.

შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა: ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანასა დღესასწაული შენი, ხოლო შენ შეძრწუნდები უსჯულოისა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ”.

სიხარულით აღივსო წმიდა ბარბარე, ჯანმრთელმა და უვნებელმა ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწული საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შეძლებდა. მივიდნენ მსახურები მის წამოსაყვანად და ნახეს, რომ ფეხზე დგას იგი და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაი და არა არს სხუაი ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე”.

მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს.

ეს უგუნური შეგონება რომ მოისმინა, ქალწულმა შეჰნერწყვა მმართველს და უთხრა: “ჰეი, უსჯულოო ბილწო ეშმაკისაო, აჰა, ხარ შენ ბრმა და ღმერთნი შენნი ბრმა არიან, ვითარცა შენ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ხედვად, არცა შეწევნად მოსავთა მათთა. ვითარ შემძლებელ არიან შეწევნად ჩემდა, რომელნი თავთა თვისთა ვერშემძლებელ არიან შეწევნად, არამედ ქრისტე, რომელი ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა თქუეს წიგნთა და ჯუარითა მისითა ცხოველითა განმაძლიერა მე შენ ზედა”.

მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შესძახეს: “ჩეუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რაითა არა არს სხუაი ღმერთი მისსა გარეშე”.

მარკიანემ ბრძანა, დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური ცხოვრება საუკუნო.

შემდეგ მარკიანემ ბრძანა ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე ტარება.

ღვთის შეწევნით წმ. ბარბარეს გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა მისი წმიდა სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა.

მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო ქალწულს, შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე, და ამიტომ დიოსკორეს, წმიდა ბარბარეს მამას, უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და თავი მოეკვეთა მისთვის.

წაიყვანა დიოსკორემ თავისი ასული. როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმიდა ქალწულმა შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ სიცილით და კიცხვით მიუგო: “რაი ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაიზომ შემძლებელ ხარ, რაითა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა”. მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები.

დაასრულა თუ არა ლოცვა, ზეციდან ხმა გაისმა: “მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა ივლიანეს თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროისი ამისსა მიგცე შენ”.

ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: “აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰეი, უღმერთოო”.

დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დასწვა, ამოვარდა ფიცხელი ქარი და გაფანტა ფერფლი.

ასევე დაისაჯა მარკიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.

წამებულის წმიდა სხეული ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ, ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here