Home რუბრიკები საზოგადოება ატმის კულტურა

ატმის კულტურა

2577
ატამი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

ატამი კურკოვანი კულტურაა, რომელიც მოდის მსოფლიოს როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. წარმოების მოცულობით ატამი ხილის სახეობებს შორის მე-10 ადგილზეა მსოფლიოში. მისი წლიური გლობალური წარმოება 22-23 მილიონ ტონას შეადგენს, ხოლო ბაღები გაშენებულია 1 500 000 ჰაზე.

ატმის წარმოშობისა და დომესტიკაციის (მოშინაურების) ცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთი და ცენტრალური ჩინეთია, სადაც, ლიტერატურული წყაროების თანახმად, ამ ხილს 3000 წლის წინათ იცნობდნენ. ევროპაში ატამი ირანიდან რომაელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე შეიტანეს. საქართველოში ატამი უძველესი დროიდან არის გავრცელებული, რაც დასტურდება ისტორიული და ლიტერატურული წყაროებითა და გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნებით.

ატმის ნაყოფი გამოირჩევა თავისი კვებითი ღირებულებით _ მდიდარია ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, ფერმენტებითა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა ნაერთებით.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფში ბეტაკაროტინის, კალიუმისა და რკინის შემცველობას, რომლებიც ადამიანისთვის ადვილად შესათვისებელ ფორმებშია წარმოდგენილი. ატამი შეიცავს სასარგებლო პოლიფენოლებს და ანტიოქსიდანტებს _ ქლოროგენის მჟავას, კატექინს, ეპიკატექინს, ლუტეინს, ბეტაკრიპტოქსანტინს და სხვა ორგანულ ნივთიერებებს.

ატმის კლასიფიკაციაში გამოირჩევა ორი მსხვილი ჯგუფი: ატამი და ნექტარინი (ვაშლატამა). ნექტარინი ატმისგან განსხვავდება მხოლოდ ბუსუსების არ არსებობით, რაც განპირობებულია კონკრეტული გენით. ის, თავის მხრივ, განაპირობებს ნექტარინის დამახასიათებელ რბილობის კონსისტენციასა და გემოს.

მსოფლიოში ატმის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთია _ 14 000 000 ტონა. მოსავლის მოცულობით გამოირჩევა აშშ, იტალია და ესპანეთი (1 000 000-ზე მეტი ტონა). დიდი რაოდენობით ატამი მოჰყავთ, აგრეთვე, საბერძნეთში, თურქეთსა და ირანში (500 000-800 000 ტონა). 300 000 ტონის ფარგლებში მოსავალს აწარმოებს ეგვიპტე, საფრანგეთი და არგენტინა.

საქართველოში ატმის წარმოების მთავარი რეგიონებია: კახეთი და შიდა ქართლი. ატმის ბაღების ძირითადი ფართობები გაშენებულია გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში.

ატმის ბაღების ფართობი შეადგენს 3 100 ჰა-ს (2004 წლის მონაცემი), ხოლო წარმოება მნიშვნელოვნად _ 6 900 ტონიდან (2010 წ.) 28 000 (2016წ.) ტონამდე.

 ბიოლოგიურსამეურნეო თავისებურებები

ატამი სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა. მინიმალური ტემპერატურა არ უნდა ეცემოდეს მინუს 20-220cზე დაბლა. ჯიშების უმეტესი ნაწილი არ მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას (თვითფერტილია). ატამი უპირატესობას ანიჭებს ნაყოფიერ, კარგი აერაციის უნარის მქონე მსუბუქ ნიადაგებს.

ატამი ადრე მსხმოიარობს. მოსავალს იძლევა დარგვიდან მეორე-მესამე წელს, საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 20-25 ტონა/ჰა-ზე შეადგენს, ნექტარინების მოსავლიანობა, ჩვეულებრივ, 15-20%-ით ნაკლებია ატამთან შედარებით. ატმის ხეები არ გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით (15-20 წელიწადი), თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ამ კულტურის მსხმოიარობის ადრეული დაწყების უნარს, ეს უარყოფითი თვისება სამეურნეო თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევა.

ატმის წარმოება ჯიშების შესაბამისად წარმატებით შესაძლებელია, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, თუმცა სამრეწველო მოსავლის მისაღებად საუკეთესო რეგიონებად კახეთი და შიდა ქართლია მიჩნეული. ატამი ადრეული ყვავილობით ხასიათდება, ამიტომ მისი გაშენება ისეთ ზონებში, რომლებშიც გაზაფხულის წაყინვები ხშირია, ნაკლებად მიზანშეწონილია. გვალვიან მშრალ რეგიონებში უპირატესობას ანიჭებენ ნუშის საძირეზე გამოყვანილ ატმის ნერგებს, ხოლო ჭარბტენიან პირობებში _ ტყემლის საძირეზე დამყნილ ჯიშებს. წყლით უზრუნველყოფილ ნაყოფიერ ნიადაგებზე ატმის საუკეთესო საძირეს ატმის ნათესარი წარმოადგენს.

გაშენების სისტემები

ბაღში მცენარეთა განლაგების სწორი სისტემის შერჩევა საშუალებას იძლევა, ფართობის ერთეულზე განლაგდეს მცენარეთა ოპტიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მცენარეთა მიერ კვების არის მაქსიმალური ათვისება, სინათლის ეფექტიანი გამოყენება, ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაცია, შრომის ნაყოფიერების ზრდა.

ამჟამად ფართოდ გამოიყენება მცენარეთა სწორკუთხოვანი განლაგება. ატმის გაშენების გავრცელებული სქემებია 5X5, 5X4, 5X3 და 5X2 მეტრზე. ატმის დარგვა შესაძლებელია როგორც შემოდგომაზე, ასევე ადრეულ გაზაფხულზე.

აგროტექნიკური თავისებურებები

ატმის ბაღის გაშენებისას სასურველია, ორმო ამოღებული იყოს ბაღის გაშენებამდე რამდენიმე დღით ადრე; ორმოს დიამეტრი უნდა შეადგენდეს 50-60 სმ-ს, ხოლო სიღრმე _ 30-40 სმ-ს.

ატმის ბაღებში ნიადაგის მოვლის რეკომენდებული სისტემებია: მწკრივებს შორის დაკორდება (ბალახის მუდმივი საფარი) და შავი ანეული (ნიადაგის ხშირი დამუშავება). ამ დროს ხდება სათიბელით (ან მულჩერ-სათიბელით) 3-6-ჯერ თიბვა ან კულტივაცია სეზონის განმავლობაში. ხეებს შორის რიგში: ახდენენ ჰერბიციდით (ბასტა, ნოკდაუნი, კლინი და სხვა _ 3-5 ლ/ჰა) დამუშავებას ან გათოხნა-კულტივაციას.

განოყიერება ხორციელდება ნიადაგის ანალიზის შესაბამისად. განოყიერების საშუალო საორიენტაციო ნორმები ასეთია: ორგანული ნივთიერებები (კომპოსტი, ნაკელი და სხვ.) _ 15-20 ტონა, მინერალური ნივთიერებები _ აზოტი 90-120 კგ/ჰა, ფოსფორი 90-120 კგ/ჰა, კალიუმი 60-90 კგ/ჰა.

სასუქის შეტანის პერიოდებია: ორგანული ნივთიერებებისა (კომპოსტი, ნაკელი და სხვ.) _ შემოდგომა ან გაზაფხული, მინერალური ნივთიერებებისა _ შემოდგომა, ადრე გაზაფხული ან ვეგეტაციის პერიოდი.

ატმის წარმატებული მოყვანა შეუძლებელია მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ მიზანმიმართული ინტეგრირებული ბრძოლის გარეშე. ატამს განსაკუთრებით აზიანებს დაავადებები: ფოთლის სიხუჭუჭე და კლასტეროსპოროზი და მავნებლები (ბუგრები, აღმოსავლური ნაყოფჭამია, ტკიპები). ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებაა კვირტების დაბერვამდე სპილენძის პრეპარატების გამოყენება, ხოლო მავნებლების წინააღმდეგ _ შესაბამისი ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების გამოყენება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლის მექანიკურ ღონისძიებებს (ჩამოცვენილი ფოთლებისა და ანასხლავის დროული გატანა ბაღიდან) და გენეტიკურ მეთოდს _ შედარებით გამძლე ჯიშების შერჩევას.

გასხვლაფორმირება

ატამი, ძირითადად, მსხმოიარობს ერთწლიან ნაზარდებზე, ამიტომ მოსავლის ერთხელ მიღების შემდეგ ტოტი აღარ იძლევა მოსავალს. ამ თავისებურების გამო, გასხვლის გარეშე ატამს მიდრეკილება აქვს ტოტების გაშიშვლებისკენ, მსხმოიარობის პერიფერიაზე გადანაცვლებისა და ნაყოფების სიწვრილისკენ. რამდენიმე წლის გაუსხლავი ატამი სიმაღლეში აღწევს 4-5 მეტრს და შემდეგ ხმება, ამიტომ მის გასხვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ატმის გასხვლის მიზანია, მივიღოთ ყოველწლიური ნაზარდი, რომელიც განლაგებულია ხის ქვედა ნაწილებში, რათა არ მოხდეს მსხმოიარობის ზემოთ გადანაცვლება.

ატმისა და ნექტარინის ფორმირების საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს ჯამისებრი ფორმირება, თუმცა ინტენსიურ ბაღებში მიმართავენ ლიდერულ, შპინდელის, იფსილონისებურ და ტატურას ტიპის ფორმირებასაც.

მაღალი და სტაბილური მოსავლის მისაღებად აუცილებელია მცენარის წყლით სტაბილური უზრუნველყოფა. გავრცელებულია და რეკომენდებულია მორწყვის შემდეგი მეთოდები:

წვეთოვანი მორწყვა _ სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში საჭიროა საშუალოდ 25-30 მორწყვის ჩატარება. თითოეული მორწყვა 6-8 საათის განმავლობაში 40–60 მ3 მოცულობით;

მოღვარვით ან კვალში მორწყვა _ რეგიონების შესაბამისად, 5-6 ჯერ სეზონზე, 600 -800 მ3 1 მორწყვაზე.

მოსავლის აღება

ხილის კრეფა ყველაზე დაძაბული და საპასუხისმგებლო პერიოდია ატმის ბაღში. არადროულ და მოსავლის არასწორ აღებას შეუძლია მოსავლის დიდი დანაკარგი გამოიწვიოს და შესამჩნევად დააქვეითოს პროდუქციის ხარისხი. კრეფა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მშრალ ამინდში, წვიმიანი ამინდის შემდეგ კრეფა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაყოფზე წვეთები აღარ იქნება. თუ ხილი დანამულია, კრეფა უნდა გადაიდოს 1-2 საათით, ნამის გაშრობამდე.

კრეფისას ხის ვარჯი პირველ და მეორე იარუსებად ნაწილდება, ნაყოფი იკრიფება ჯერ ქვედა იარუსის, შემდეგ კი ზედა იარუსის ტოტებზე.

ატმის კრეფა ხორციელდება შემდეგნაირად: ნაყოფი ხელისგულში თავსდება, შემდეგ ნაყოფის გვერდზე გადაწევის გზით ხდება ნაყოფის კრეფა. დაუშვებელია ნაყოფის ტოტიდან ქვევით ჩამოგლეჯა. კრეფის დროს თავიდან უნდა იყოს აცილებული ნაყოფის ერთმანეთთან მიხეთქება და დაჟეჟვა. აღსანიშნავია, რომ ხილის კანის შენარჩუნება მექანიკური დაზიანების გარეშე განაპირობებს შენახვის გახანგრძლივებას.

კრეფისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ნაყოფებს ბუსუსი ნაკლებად გაეცალოს, სანაყოფე ტოტები არ დაზიანდეს და არ დაიმტვრეს. მკრეფავებმა უნდა იმუშაონ თითებიანი მოქნილი ხელთათმანებით, შიშველი ხელით კრეფისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ხელის თითებზე ფრჩხილები არ იყოს წამოზრდილი.

შენახვა

ატმის შენახვის პერიოდი მერყეობს ჯიშების მიხედვით და საშუალოდ შეადგენს 2-3 კვირას. შენახვის ტემპერატურა შეადგენს 0 – 1 0c -ს.

ზვიად ბობოქაშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here