Home რუბრიკები საზოგადოება “ადამიანის პატიოსნება, ღირსება, სინიდისი მისი ზნეობითი კუთვნილებაა და ჩვენ მჩვრად გაგვიხდია”

“ადამიანის პატიოსნება, ღირსება, სინიდისი მისი ზნეობითი კუთვნილებაა და ჩვენ მჩვრად გაგვიხდია”

1248
აქცია

რომელი საქმეების მოგვარებაა ქვეყნისთვის პირველ რიგში პრიორიტეტული _ საშინაო თუ საგარეო? ჯერ კიდევ საუკუნის წინათ ჰქონდათ ჩვენს სახელოვან წინაპრებს პასუხი იმ კითხვაზე. ილიასა და მის თანამოაზრეებს მიაჩნდათ, რომ მხოლოდ საშინაო საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს ქვეყნის საგარეო უშიშროებას და ფასს დაგვდებს უცხო ქვეყნების თვალში. თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატიურ იგნორირებას, საკუთარ თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს შევუქმნით, ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც უდავოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს. დღევანდელ საქართველოში შექმნილი უმძიმესი სიტუაცია სოციალურეკონომიკურ და სამხედრო სფეროში ამის თვალნათელი დასტურია.

ერმა ყველა დაბრკოლება და სიძნელე დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე და მოპოვების შემდეგაც შეიძლება გადალახოს მხოლოდ ეროვნული ერთიანობისა და ერთიანი ეროვნული ცხოვრების შენარჩუნებითა და განმტკიცებით _ აი ამას ქადაგებდნენ ილიას თაობის ეროვნული მოღვაწეები და სათანადო არგუმენტებსაც ასახელებდნენ ნათქვამის გასამყარებლად. ეროვნული ერთობისა და ძმობის განცდა არის ერის თავისუფლებისა და აღორძინების მთავარი პირობა. ამის გარეშე ნებისმიერი რიცხოვნებისა და თვისობრიობის ერი უძლურია, გადაწყვიტოს რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემაო.

აქედან გამომდინარე, აჯობებდა, ჩვენი ხელისუფლება საკუთარი რესურსებითა და შრომით ქვეყნის განვითარების აუცილებლობაზე ფიქრობდეს და არა მხოლოდ უცხოელთა ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებაზე, რაც არასოდეს უანგაროდ არ მომხდარა. მით უმეტეს, რომ ქართველები მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტრებით გარშემორტყმული ეული და მცირერიცხოვანი ერია, რომელმაც მხოლოდ გაძლიერებასა და განათლებაზე უნდა იმუშაოს, თორემ, თუ კვლავ სხვის იმედზე და სხვისი დახმარების მოლოდინში იქნება, ხელსა და ჭკუას არ გაანძრევს, პერსპექტივა ძალზე არასახარბიელო აღმოჩნდება.

პოლიტიკოსებმა ქვეყნის სიყვარული პრაქტიკული საქმეებით უნდა დაამტკიცონ და არა ცარიელი ლაპარაკით; ისწავლონ ადამიანის ღირსების, პატიოსნების, სინდისის დაფასება; სწორედ ის, რაც ასე აკლია დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს. მაგრამ, როგორც დიდი ილია ამბობს, მათ ადამიანის ღირსება, პატიოსნება, სინდისი ჩვრად გაუხდიათ და ისე ექცევიან, როგორც ფეხის მტვერს. ამის უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთზე შევჩერდეთ.

აქცია

გახარია გადადექი

რუსთაველის გამზირზე, მთელი თვეა, იმართება აქცია შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ამ აქციაზე ვხედავთ მთავარ ძალას _ “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპული საქართველოს”, რომლებიც ახალგაზრდების ერთ ნაწილს არიან ამოფარებულნი.

ამ ეტაპისთვის გახარიას გადადგომის მოთხოვნა გათავხედებული ბავშვის სიჯიუტეს უფრო ჰგავს. რას ჰქვია გადადგეს? თუ ამდენი რამ დააშავა, გადადგომა მისთვის “ბაირამობა” იქნება, მაშინ “წადიო” კი არ უნდა უძახონ, ისე მაგრად უნდა ჩაავლონ ხელი, რომ არსად გაექცეთ და კანონის მთელი სიმკაცრით აგებინონ პასუხი. მაგრამ…

არსებობს კი უტყუარი არგუმენტები მისი დანაშაულის დასამტკიცელად?

დღეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ მოწოდებას “გახარია გადადექი” მსგავსი არგუმენტები არ ახლავს. უბრალოდ, ვისაც ხელს უშლის მისი მინისტრად ყოფნა, ის მართავს ამ პროცესებს. “ამ საზიზღარმა ჩვეულებამ ამ უკანასკნელ ათის-თხუთმეტის წლის განმავლობაში მოიკიდა ფეხი ჩვენში და დღეს-აქამომდე განუკითხველად მოქმედობს. მით უფრო სავალალოა ეს, რომ მისნი ამყოლნი დღეს-აქამომდე ქადულობენ, რომ ახალ-თაობის კაცნი ვართო და წმინდას სახელს ახალ-თაობისას და ლიბერალობისას ზედ აფარებენ ამ უკადრის საქციელსა”. ილია ჭავჭავაძის ეს თვალსაზრისი თითქოს ერთგვარი წინასწარმეტყველებაა, რადგან საოცარი სიზუსტით მიესადაგება დღევანდელ ვითარებას ჩვენს ქვეყანაში. რამეთუ ლიბერალობას ამოფარებული ცრულიბერალები დღეს ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოს, ანგრევენ ქართულ მენტალიტეტს და ებრძვიან ქართულ ტრადიციებს, რომლებითაც საუკუნეების განმავლობაში ამაყობდა და განთქმული იყო ქართველი ერი. დღეს კი “უსაბუთოდ გამოლაშქრება კაცზედ, მისი გაუპატიურება, მისის ღირსების აქეთ-იქით თრევა, მისის პატიოსნების წაბილწება და თელვა, მისის განზრახვის, სინდისის და გულისნადების თავისებურად ჩხრეკა” არაფრად მიგვაჩნია.

20-21 ივნისს პოლიციას თავისი ძალაუფლებისთვის არ გადაუმეტებია, მან გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ ის საშუალებები, რომლებიც კანონით დაშვებულია ძალადობისა და შტურმის წინააღმდეგ. ვარაუდებზე დაყრდნობით ადამიანის განკითხვა და მისთვის ჩირქის მოცხება კი “დიდი უკადრისობაა და, კიდევ ვიტყვით, ადამიანის პიროვნების უფლების სრული უარყოფაა. ეს არ უნდა ეპატივოს არავის, ვინც კი ამაში დამნაშავედ აღმოჩნდება”, მაშინ, როდესაც არც ისე დიდი ხნის წინათ “ნაციონალური მოძრაობა” მშვიდობიან აქციებს სასტიკად არბევდა, მომიტინგეებს კი ფიზიკურად უსწორდებოდა… სწორედ ეს ადამიანები დღეს უსირცხვილოდ ამუნათებენ “ოცნებას” და თავიანთი ზრახვების განსახორციელებლად ახალგაზრდებს იყენებენ, გულუბრყვილო ახალგაზრდების ამბიციებს საკუთარი მზაკვრული მიზნის მისაღწევად.

აქცია

თუ უნდა ახალთაობას თვით ღირსება დაიცვას, ესე უნდა მოიქცეს

“ბალღი იმიტომ არის ბალღი, რომ მალე სტყუვდება, და ის ახალ-თაობა კი, რომელზედაც მიქცეულია მთელი ჩვენი სასოება და რომელსაც ეკუთვნის ჩვენი მერმისი, ესე იგი ჩვენი მომავალი, არასოდეს ამით არ უნდა მოსტყუვდეს. მან უნდა ზურგი შეუქციოს ურცხვს მოქადულეს და მისი ქადილი ზიზღით უარჰყოს. თუ უნდა ახალ-თაობას თვით ღირსება დაიცვას, ესე უნდა მოიქცეს” _ გაითვალისწინეთ ეს, ახალგაზრდებო, და არასოდეს დაივიწყოთ, რომ სწორედ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მერმისი.

გახსოვდეთ:

* “დღეს-აქამომდე ადამიანი, გრძნობა ადამიანის ღირსებისა, ადამიანის პატიოსნება, სინდისი და ერთობ ყოველივე _ რაც კი შეადგენს უძვირფასესს ზნეობითს კუთვნილებას ადამიანისას, რაც უკეთეს ნაწილს კაცობრიობისას იმოდენად დიდ საგნად მიაჩნია, რომ მისთვის სიცოცხლის გაწირვა თითქმის კანონად აქვს აღიარებული, ჩვენ სწორედ მჩვრად გაგვიხდია და ისე ვექცევით, როგორც ფეხის მტვერსა. აბა აიღეთ რომელიმე ნაწერი რომელსამე კაცზედ ჩვენში, თუ იმ ნაწერში ყოველივე ეს შეგინებული არ იყოს დაუსჯელად, ყოველივე ღირსება ადამიანისა უარყოფილი არ იყოს. ამ საზიზღარმა ჩვეულებამ ამ უკანასკნელ ათის-თხუთმეტის წლის განმავლობაში მოიკიდა ფეხი ჩვენში და დღეს-აქამომდე განუკითხველად მოქმედობს. მით უფრო სავალალოა ეს, რომ მისნი ამყოლნი დღეს-აქამომდე ქადულობენ, რომ ახალ-თაობის კაცნი ვართო და წმინდას სახელს ახალ-თაობისას და ლიბერალობისას ზედ აფარებენ ამ უკადრის საქციელსა” (“შინაური მიმოხილვა”. 1882 წ. ივნისი).

როცა კაცზედ ვისმეზე დასჯა და ლაპარაკი მოგვინდება ხოლმე, მოქმედებას კი არ ვუსინჯავთ; არა, ამას თავს ვანებებთ, სინდისში, გულში ვცდილობთ ჩახედვასა და იქაურობას ვუქოთებთ. არ არის არსად ქვეყანა, რომ ამისთანა საქციელს ასეთი სარბიელი ჰქონდეს, როგორიც ჩვენში აქვს, ჩვენდა სამწუხაროდ. უფრო სამწუხარო ის არის, რომ ამ საქციელის მომქმედსა კარი ღია აქვს ჩვენს ჟურნალგაზეთობაში და აქაოდა კარი ღია არისო, ვისაც რა მოხვდება, აბრახუნებს მოშლილ წისქვილივით (“შინაური მიმოხილვა”. 1882 წ. ივნისი).

“უსაბუთოდ გამოლაშქრება კაცზედ, მისი გაუპატიურება, მისის ღირსების აქეთ-იქით თრევა, მისის პატიოსნების წაბილწება და თელვა, მისის განზრახვის, სინდისის და გულისნადების თავისებურად ჩხრეკა და აქოთება _ ისე გვეადვილება არამცთუ შინაურს ლაპარაკში, არამედ საჯაროდ ჟურნალ-გაზეთობაში, რომ თითქო ბაკლა და ისპანახი იყოს. ყოველს ჩვენგანს სხვისი გული, სხვისი სინდისი დაუწერელ ქაღალდად მიაჩნია და რაც ქეიფში მოუვა, ზედ იმასა სწერს (“შინაური მიმოხილვა”, 1882 წ. ივნისი).

“ადამიანის ღირსება, პატიოსნება, სინიდისი, მისი ზნეობითი და ძვირფასი კუთვნილებაა და ყოველივე ესე სახელმწიფოსაგან, საზოგადოებისაგან და თვითოეულ ადამიანისაგან პატივცემულ უნდა იყოს, სრულიად ხელშეუხებელი, ვიდრე ცხადი, უცილო, უტყუარი საბუთი არ გვექნება ხელში, რომ იგი მაგ კუთვნილებას სხვის სავნებელად ხმარობს. ჭეშმარიტს ლიბერალობას ეს ძვირფასი კუთვნილება ადამიანის პიროვნებისა დიდი სასოებითა აქვს დაწერილი თავის დროშაზედ. მაშასადამე, ჩვენმა ახალმა თაობამ, თუ თავისდა სასახელოდ ჭეშმარიტის ლიბერალობის მიმდევარია, ეგევე უნდა დაიწეროს თავის დროშაზედ და ყოველივე ამის წინააღმდეგ მომქცევი უნდა ზიზღით სდევნოს. გვერწმუნეთ, ამით თითონ ლიტერატურას თავის სიმაღლეზედ დავაყენებთ და ჩვენს მოქმედებას უფრო ადვილად ძლევით შევმოსავთ (“შინაური მიმოხილვა”. 1882 წ. ივნისი).

ბევრია ჩვენში ამისთანა უწვრთნელი, რომელსაც ადამიანის წარამარად ხსენება, გაუპატიურება, ადამიანის პიროვნების შეგინება, არამც თუ სამარცხვინოდ მიაჩნია, არამედ სასახელოდაც, რაღაც ვაჟკაცობად და გულადობად ჰგონიათ, რომ მე ესა და ეს კაცი გაზეთში გამოვლანძღეო. ამასთანაც ქადულობენ კიდეც, ჩვენ ახალთაობის კაცები ვართო. ბევრი ბალღია ჩვენში, ამ ქადილითა სტყუვდება და ბარაქალას უთვლის ადამიანის ღირსების ფეხქვეშ მთელელსა. ბალღი იმიტომ არის ბალღი, რომ მალე სტყუვდება, და ის ახალთაობაკი, რომელზედაც მიქცეულია მთელი ჩვენი სასოება და რომელსაც ეკუთვნის ჩვენი მერმისი, ესე იგი ჩვენი მომავალი, არასოდეს ამით არ უნდა მოსტყუვდეს. მან უნდა ზურგი შეუქციოს ურცხვს მოქადულეს და მისი ქადილი ზიზღით უარჰყოს. თუ უნდა ახალთაობას თვით ღირსება დაიცვას, ესე უნდა მოიქცეს(“შინაური მიმოხილვა”. 1882 წ. ივნისი).

“რა საკადრისია, კაცმა კაცს ის უკიჟინოს, რომ შენ იმიტომ მეწინააღმდეგებიო, რომ ესა და ეს საქმე არ გაგირიგეო, და საწინააღმდეგოდ წამოყენებულს საბუთებს კი კვალში არ ჩაუდგეს და თვითოეულად არ განიხილოს. მტრობით მოსდის. კაცს კაცის წინააღმდეგობა, უკმაყოფილობით, თუ სიმართლის სიყვარულით, ეგ მისის სინდისის საქმეა და, მაშასადამე, იმისთანა საგანია, რომელსაც ვერც კაცის თვალი მისწვდება, რომ დაინახოს, ვერც ხელი _ რომ შეეხოს. ამ შემთხვევაში, თუ რამ ითქმის, მარტო ვარაუდობით ითქმის. (“შინაური მიმოხილვა”. 1882 წ. ივნისი).

“ადამიანსა ცალკედ და ერს საერთოდ, რაც უნდა უკან დაწეული იყოს, ვიდრე პირში სული უდგას, ჯიგართან იმისთანა ძაფები აქვს სხვათა შორის, რომელთ ხელის ხლებაც მეტად საფრთხილოა და საშიშარი. შინაურია, თუ გარეული, უნდა ერიდოს მაგ ძაფების წარამარად ხელის ხლებას. ამისთანა რჩევას ამაო დიდგულობა კი არ იძლევა, არამედ ძმური გრძნობა და სიყვარული. ყველამ იქაური ქუიდ უნდა დაიხუროს, საცა შეეხიზნება, იქაური ჭირი და ლხინი გაიზიაროს, იქაურებთან ერთად ჩაებას ცხოვრების მძიმე უღელში და საერთო კეთილისათვის იღვაწოს. სხვა გზა, სხვა ფარ-ხმალი ტყუილ-უბრალო გულის ფხანაა და მცონარე ენის ქავილია. სხვა რაღაცაების მოიმედე _ ტყუილად ატყუებს თავის-თავსაც და სხვასაცა. მის იმედებს დიდი მანძილი არა აქვს და არც თავის-დღეში ექნება” (“შინაური მიმოხილვა”. 1882 წ. ივლისი-აგვისტო).

რასაკვირველია, ჭორი და ცილი _ ეგ უკადრისი იარაღი სისუსტისა და უკადრისი კაცის _ ჩვენი იარაღი არ იქნება საომარს სარბიელზედ და არც უმართებულოდ ხსენება ჩვენის მოპირდაპირისა. ჩვენს თავს არ ვაკადრებთ, ადამიანის სინდისი _ ეგ უძვირფასესი ზნეობითი განძი ადამიანისა _ საქანელად გავიხადოთ. ადამიანის განზრახვის შესაბღალავად იმისთანა საბუთს არ ვიხმარებთ, რომელშიაც იგულისხმება კარგიც და ავიც ადამიანის სურვილისა, და რომლის მარტო ავ მხარეს ჰკიდებს ხოლმე ხელს უძლურება და სიბრიყვე ადამიანის შესამწიკვლელად, მაშინ როდესაც საბუთში მეორე მხარეც არის, მაშინ როდესაც საბუთიდამ მეორე დასკვნის გამოყვანაც შეიძლება სასარგებლოდ ადამიანის განზრახვისა. ეს პირველი ანბანი ზნეობისა და ადამიანობისა შერყეულია ჩვენში, და ჩვენდა სამწუხაროდ _ შერყეულია ახალ-თაობის სახელითა, ესე იგი იმ თაობის სახელითა, რომელზედაც დამყარებულია ჩვენის ზნეობის ამაღლების იმედი, ჩვენის განკარგების სასოება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ დანაშაულობაში ნამდვილი და ჭეშმარიტი ახალი თაობა არაფერს შუაშია, და მით უფრო ვწუხვართ, რომ მის წმინდა სახელს ასე ამაოდ და მოურიდებლად ამ უკადრის ქცევაში იხსენიებენ. შორს, შორს ახალთაობისაგან ის, ვინც ადამიანის პიროვნებას, ადამიანის სინდისს ფეხქვეშ სათელავ მჩვარად ხდის. რა არის მთელი პროგრესი კაცობრიობისა, თუ არა ის, რომ ადამიანის პიროვნება, ადამიანის სინდისი, ყოფაცხოვრება, _ უსაბუთოდ, უსაფუძვლოდ არავისაგან ხელშეხებულ არ იყოს, არავისაგან შემწიკვლულ, შეგინებულ და შევიწროებულ (“შინაური მიმოხილვა”. 1883 წ. აპრილი).

“ყველაფერი საოცარია ამ უცნაურს დროში, თითქო ყოველისფერი აირივ-დაირიაო და ლოღიკა სამარცხვინო დანაშაულობად გადაიქცაო. აქეთ მიიხედავ თუ იქით, შეჰნიშნავთ, რომ ზოგი კაცი კაცსა ჰკიცხავს, ზოგი საზოგადო საქმეს სახელს უტეხავს, სძრახავს, და ყოველივე ეს მარტო ლიტონის სიტყვით, იმისთანა ფრაზებით, რომელთაც განსაკუთრებული, განსაზღვრული აზრი არა აქვს რა. არ ვიცით, ღმერთმან იცის, რას მივაწეროთ ამისთანა სამწუხარო და სავალალო ამბავი? ეს სენი ჰაერში ტრიალებს, თუ ქვეყანამ უკუღმა დაიწყო ტრიალი და ყველაფერი შესცვალა? თუ ჰგონიათ, რომ იგი, რაც არსებობს, უსათუოდ საკიცხავიაო, სად წავა? თუ ჰგონიათ კიდევ, რომ იგი, რაც არსებობს, თუ არ გავკიცხეო, ლიბერალად აღარავინ ჩამაგდებსო, სასაცილოა. არც ერთი და არც მეორე იმისთანა სანუკბარნი არ არიან, რომ წაიცდინონ ადამიანის კეთილგონიერება და დამჯდარი ჭკუა. მაშ რათა სჭირს ეს ჭირი დიდსა და პატარას ეხლანდელ დროში? მაშ დიდსა და პატარას რათ დაუხვევია ხელზედ ლიტონი სიტყვა და მარჯვნივ და მარცხნივ თავისუფლად და რაღაც თავმოწონებით ისვრის. ჰკითხავ კაცს: კაცო, ეს რომ არ მოგწონს, ახლა შენი მოწონებულის თქვიო! ის პასუხის მაგიერ ან გეტყვის: მიყურე და მიცანიო, ან არადა, ვიღაც სვიმონაზედ ზღაპარს მოგიყვება. წადი და გამოიცან” (“შინაური მიმოხილვა”. 1883 წ. მაისი).

“დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და “ღრჭენა კბილთა” მოსდევს. არა, ბატონებო, ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თითონ ბრალეული თავისის-თავის გამკითხველია და მსაჯული. მაშასადამე აქ “კბილთა ღრჭენას” და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავის ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილ-უბრალოდ არ გააქარწყლოს” (“შინაური მიმოხილვა”. 1885 წ. თებერვალი).

“ვით მამაზეცისა იყავნ შენც სრული” _ აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, _ ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, _ აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა” (“შინაური მიმოხილვა 1895 წლისა”. 1896 წ. 4 იანვარი).

ადამიანის გონების აღმატებულებას მისი ზნეხასიათის აღმატებულება უნდა ჰქონდეს შეწონილი

“სავსება ერთობ ადამიანისა იმაშია, რომ მისი გონების აღმატებულებას შეწონილ ჰქონდეს აღმატებულება ზნე-ხასიათისაცა. საჭიროა ზნე გაწმენდილი და გაფაზიქებული ჰქონდეს პატიოსნებითა, ნამუსიანობითა, კაცთმოყვარეობითა და სამართლიანობის გრძნობითა. უამისოდ მისი მსჯელობა და ყოფაქცევა ერთმანეთს გადაუდგება, ერთმანეთს არ შეეთანხმება, მის აზრი სხვა იქნება დ ყოფაქცევა სხვა, გონება ერთს ეტყვის და გული სხვას აქმნევინებს. უზნეობა, უხასიათობაც ეს არის და ამ უზნეობითა და უხასიათობით არის ავი ზნე უწრთვნელი სწავლული კაცი” (“პედაგოგიის საფუძვლები”. 1888 წ.).

“ჭეშმარიტი განათლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის და, ჩვენის ფიქრით, ისევ გონება განუვითარებელი და ზნე-ხასიათგაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული დაზნე-ხასიათით გაუწვრთნელი. ხოლო ზნე-ხასიათის წურთვნა დიდად დამოკიდებულია სწავლასა და ცოდნაზედა, და ამიტომაც ჩვენა გვგონია, რომ თუ სკოლას უნდა თავის დანიშნულება შეასრულოს, ეგ სწავლა-ცოდნა ზნე-ხასიათის წურთვნასაც უნდა შეურჩიოს, ესე იგი ამ თვისების სწავლა-ცოდნა უნდა აძლიოს, როცა გონების გახსნილობასაცა ჰშველის და ზნე-ხასიათის წურთვნასა და დამთავრებასაც უხდება და ჰრგებს” (“პედაგოგიის საფუძვლები”. 1888 წ.)

“ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთსულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველ პატიოსანისა და ჭკუათმყოფელ ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს ყოველ შემთხვევაში, და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად ხსენება _ დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთა თქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსება.. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ ეპატიება, არ შეენდობა” (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

“ერის სახელით ბრძოლას სამართლიანადა აქვს დიდი პატივი და საბუთი” (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

ჭეშმარიტის ღირსების ქვეყანაში მოსაფენად საჭირო არ არის ბუკი და ნაღარა. კარგად იცის, რომ მატრაკვეცობა მისის ერთგვარ გუნდისა ვერაფერი თამასუქია არც იმისათვის, რომ სხვისა ავად ხსენებით, სხვა ერის ძაგებით იქ გამოინასკვოს, საცა არ არის. ჭეშმარიტი ღირსება საქმითა თვისითა ჰღაღადებს მხოლოდ და არა ყვირილითა და დაფაზურნითა. ჭეშმარიტს ღირსებას ყვირილი არ უნდა. მისი ბუნება და თვისება ის არის, რომ მით უფრო სასახელოა და საგულებელი, რაც უფრო მდუმარეა. ნუ გგონიათ, ამ ბუნებას ღირსებისას კაცმა ჭკუა ვერ მიაწვდინოს, თუ გამეცნიერებული და განათლებული არ არის. ამისათვის საკმაოა საღი ჭკუა და უბრყვილო გული უბრალო გლეხკაცისაც. “კარგი ვარ, ამას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა”, ან: “ვაჟკაცი წყნარი სჯობია, ჩალად არა ჰღირს მკვეხარი”, _ განა გლეხკაცის ნათქვამი არ არის?” (“ქვათა ღაღადი”, 1899 წ.).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here