Home რუბრიკები ეკონომიკა ხელისუფლების მორიგი ბლეფი ეკონომიკურ წარმატებებზე

ხელისუფლების მორიგი ბლეფი ეკონომიკურ წარმატებებზე

პრემიერი ხალხს თვალში ნაცარს აყრის

1088
მამუკა ბახტაძე

რამდენიმე დღის წინათ შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს ამაყად აუწყა, რომ 2018 წელი ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო, რაც ფორუმის ყველა ეკონომიკურ პანელზე განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა.

მისი შეფასებით, იმსწორიდათანმიმდევრულიეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, საქართველო უკვე საერთაშორისო დონეზე ყველაზე წარმატებული ქვეყნის მაგალითად მოჰყავთ. ეს წარმატება კი თურმე რეგიონში შეუქცევადი წინსვლისა და განვითარების პრეცედენტს ქმნის, რომლის გამოც მეზობელი ქვეყნები გვთხოვენ, დავეხმაროთ აქ უკვე წარმატებით ჩატარებული რეფორმების მათთან განხორციელებაში: “საქართველო მოჰყავთ ყველაზე წარმატებული ქვეყნის მაგალითად, რომელმაც განიცადა, როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური ტრანსფორმაცია. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ამის მოსმენა. ჩვენი ბევრი მეზობელი გვთხოვს, დავეხმაროთ იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც საქართველოში უკვე შედგა”. პრემიერის განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი: “საქართველო აუცილებლად გახდება ჩვენი რეგიონისთვის ეკონომიკური ცენტრი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ მეტი სამუშაო ადგილების შექმნას და შედეგად _ სიღარიბის დაძლევას”…

არის თუ არა საქართველო სამაგალითო ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, სწორია თუ არა მთავრობის პოლიტიკა ამ მიმართულებით და რას მოიტანს მომავალში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, “საქართველო და მსოფლიომშეფასება ექსპერტებს სთხოვა.

დემურ გიორხელიძე

ამ გაშმაგებული ოლიგოპოლიის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესი სულს ღაფავს

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

_ საერთაშორისო რეიტინგები და მათ შორის დავოსის ფორუმის შეფასებაც, ხშირად პირობითია ხოლმე და ეს ყველაფერი ვერ ასახავს სინამდვილეს. რაც შეეხება რეალობას, მართალია, საქართველოში დღეს მშვიდობიანი პერიოდია და გარკვეულწილად უმჯობესდება მდგომარეობა, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ აქ რაღაც ეკონომიკური ტრანფორმაცია ხდება, რომ წარმატება წარმატებას მოსდევს და მეზობელი ქვეყნები გვეხვეწებიან, დავეხმაროთ წარმატებული რეფორმების გატარებაში, ნამდვილად გადაჭარბებულია. ყოველ შემთხვევაში რამე ისეთი მნიშვნელოვანი ხელშესახები წარმატება საქართველოს ამ წლების განმავლობაში არ ჰქონია, რომ სერიოზულ ეკონომიკურ წინსვლაზე ვილაპარაკოთ. ისე, ჩვენ მართლა შეგვეძლო უფრო წარმატებული ეკონომიკა გვქონოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა მიმართულებით წავედით და უზარმაზარ ჭაობში აღმოვჩნდით. კიდევ ვიმეორებ: არანაირი ისეთი წარმატება მთავრობას დღეს არ აქვს, რომელიც მას ტრაბახისა და თავის მოწონების საშუალებას მისცემს. თუმცა ის ფაქტი, რომ განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან, რეკეტი და ძალადობა არ ხორციელდება ბიზნესზე, გარკვეულწილად წინგადადგმული ნაბიჯია.

ახლა მოდი, სტატისტიკას გადავხედოთ _ რა ხდება და რა ვითარება გვაქვს. ერთი მხრივ, გვესმის განცხადებები, რომ სამაგალითო ქვეყანა ვართ და რეგიონში ლიდერებად ვყალიბდებით; მეორე მხრივ კი, ნებისმიერ რიგით მოქალაქეს რომ ჰკითხოთ, დიდი უმრავლესობა გეტყვით ერთსა და იმავეს _ ცხოვრება გართულდა. სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მოიმატა ფასებმა _ გაძვირდა საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, კომუნალური გადასახადებიპარალელურად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, ხოლო შემოსავალი მოსახლეობის იმ მცირე ნაწილისა, რომელიც, ასე თუ ისე, დასაქმებულია, დარჩა იგივე; აგრეთვე, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ პრაქტიკულად არ არსებობს წარმოება; ქვეყანა, ძირითადად, დამოკიდებულია იმპორტზე და, რაც იწარმოება, იმის გასაღებაც ძალიან ჭირს. აი, ამ ყველაფრის ფონზე მოსახლეობა მასობრივად ტოვებს ქვეყანას და საზღვარგარეთ მიდის იაფ მუშახელად. ბუნებრივია, რიგით მოქალაქეს გაუჩნდება შეკითხვა: კი მაგრამ, თუ ეკონომიკა ვითარდება, ჩვენ რატომ ვერ ვგრძნობთ? საერთოდ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და, მით უმეტეს, მთავრობის მეთაური უნდა მოერიდოს ასეთ ხმამაღალ განცხადებებს, რადგან, ერთი მხრივ, ეს შეიძლება მათთვის გარკვეული პიარი იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსახლეობისთვის გამაღიზიანებელია.

_ ისე, საინტერესოა, რის საფუძველზე შეიძლება პრემიერი ეკონომიკურ წინსვლაზე საუბრობდეს, როცა სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე დევს მონაცემი, რომელიც ზუსტად ასახავს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს. მაგალითად, ამ მონაცემის თანახმად, ერთი შრომისუნარიანი მოქალაქის საარსებო მინიმუმი დღეს 175 ლარია, რაც ვერანაირ საერთაშორისო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

_ რა გითხრათ. უბრალოდ, ვიღაცას შეიძლება დიდ ბედნიერებად მიაჩნია, როცა თვითონაა კარგად, ვინაიდან გონიერი, მდიდარი კაცი ასეთ შეფასებას ამ ვითარებაში არ გააკეთებს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ილუზია. და იცით, რატომ არ მომწონს მთავრობის ეს განწყობა? როცა შენ მიგაჩნია, რომ ყველაფერი კარგადაა, რატომ უნდა გააკეთო რამე?! რატომაა ამდენი მუშაობა და წელზე ფეხის დადგმა საჭირო, როგორც ისევ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ ხოლმე?!

_ თქვით, რომ ქვეყანა ჭაობში აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ჭაობიდან ნელნელა ამოვიდეთ? რა უნდა იყოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი?

_ მთავარი პრობლემა ჩვენი 15-მილიარდიანი ეკონომიკისა დღეს არის ის ტოტალური უმუშევრობა, რომელსაც ვერც ერთმა ხელისუფლებამ და მის მიერ გატარებულმა .. რეფორმებმა ვერ უშველა.

ახლა რა უნდა გაკეთდეს: უნდა გაკეთდეს ის, რაც გააკეთა ყველა რეალურად წარმატებულმა სახელმწიფომ. ეს არის გარემო სოფლის მეურნეობის, ბიზნესისა და რიგი სხვა მიმართულებების გასავითარებლად; ეს არის კანონი, ყველასთვის ერთნაირი; და მთავარი: ეს არის ოლიგოპოლიების არსებობის გამორიცხვა. დღეს ჩვენთან ყველა სფერო მონოპოლიზებული აქვთ მსხვილ კომპანიებს _ ასეა ფარმაცევტულ ბაზარზე, ასეა ნავთობპროდუქტების მიმართულებით, ექსპორტ-იმპორტში და სხვ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სახელმწიფო შესყიდვებზე მონოპოლია აქვს რამდენიმე ჯგუფს და პრაქტიკულად შეუძლებელია, ამ სფეროში სხვამ დაიკავოს რამე ადგილი. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ამ გაშმაგებული ოლიგოპოლიის პირობებში სულს ღაფავს, რომ, ფაქტობრივად, ქვეყანაში ორი ბანკი განაგებს ყველაფერს და ა.შ. აი, ეს ყველაფერი არის ის, რაც ჯამში აფერხებს ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ ამის მოგვარება შეიძლება, თუმცა ამისთვის ჯერ საჭიროა თითოეული შემაფერხებელი ფაქტორის სწორად დანახვა და შეფასება, რისი იმედიც დღეს, სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არ მაქვს…

ვალერი კვარაცხელია

დამშეულ ქვეყანაში ორმეტრიანი კაცი რომ დგახარ და ამ სისულელეს ლუღლუღებ, ნამუსი არ გაქვს?!

ვალერი კვარაცხელია, სოციოლოგი:

_ პირველი, რაც ამ და სხვა მსგავსი განცხადებების მოსმენისას გახსენდება, არის სიტყვები: ადეკვატურობა, ნორმალურობა, ფსიქიკური გაწონასწორებულობა, სიგიჟე, თავხედობა, უსინდისობა… რატომ? იმიტომ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომლის მოსახლეობაც ფსევდოდამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განახევრდა. სად წავიდა ეს ხალხი? ზოგი დაიხოცა და ზოგი საზღვარგარეთ გადაიხვეწა ლუკმაპურის საძებნელად, რათა შიმშილით სული არ ამოხდეს. როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანებს უხარიათ ქვეყნის დატოვება? მიდიან იმიტომ, რომ აქ არც სამუშაო არსებობს, არც სოციალური დაცვის გარანტია, არც პერსპექტივა. რაც შეეხება პრემიერმინისტრის კონკრეტულ განცხადებას, რომ თურმე დავოსში საქართველოს ეკონომიკური წარმატებები განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა, მინდა, გულწრფელად ვკითხო ამ ადამიანს: ვინ შეგიქოთ ეკონომიკური რეფორმები და წარმატებები? იმ ქვეყნებმა, რომლებიც სავსეა საქართველოდან გაქცეული დამშეული მოქალაქეებით?! იმ ქვეყნებმა, რომელთა შესაბამის სამსახურებში გრძელ რიგებში დგანან ლტოლვილად ჩაბარებული ქართველები?!

ეს ერთი.

და მეორე _ ქართული ეკონომიკა რეალურად თუ ვითარდება, ჩნდება შეკითხვა: სად მიდის ეს რესურსები, ვის ჯიბეში, ვინ მდიდრდება და ქეიფობს ამ თანხებით და ვის ხმარდება იგი? სხვათა შორის, ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა ადრე დაახლოებით ასეთი შინაარსის განცხადება: მოსახლეობა ვერ გრძნობს, თორემ ეკონომიკა იზრდებაო. ერთი ამათ თავებში ჩამახედა! დამშეულ ქვეყანაში ორმეტრიანი კაცი რომ დგახარ და ამ სისულელეს ლუღლუღებ, ნამუსი არ გაქვს?!

წარმატება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება მხოლოდ ისაა, რასაც თითოეული მოქალაქე გრძნობს საკუთარ თავზე. მიმიფურთხებია ყველა სხვა “წინსვლისთვის”. ეს ქვეყანა ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით დაინგრა; ეს არის ქვეყანა, რომელსაც ამ პოლიტიკისა და მიდგომების პირობებში მომავალი არ აქვს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. პრემიერის ომახიანი განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური წინსვლა უპრეცენდენტო მასშტაბებს აღწევს და ამ მხრივ რეგიონში უპირობო ლიდერებად ვყალიბდებით, რეალურად, ალბათ, ხელისუფლების მხრიდან საშინაო მოხმარებისთვის გათვლილი გარკვეული პიარია, რომლითაც დამშეულ და პირში ჩალაგამოვლებულ მოსახლეობას კიდევ ერთხელ აყრის თვალში ნაცარს, თუმცა ერთია პიარი და მაღალი ტრიბუნიდან მთავრობის მეთაურის მიერ გახმიანებული იაფფასიანი დემაგოგია, ხოლო მეორე _ ციფრები და მონაცემები, რომლებსაც ოფიციალური სტატისტიკა გვთავაზობს. აი, როგორია რეალურად საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ყოფა, რომლის შელამაზებასაც ივანიშვილის პოლიტიკური შთამომავლობა გაშმაგებული პროპაგანდითა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს. მაშ ასე: გადავხედოთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპატრამენტის ვებგვერდს. ბოლო მონაცემით,

* აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში გაზრდილია და იგი ამჟამად 21,9% შეადგენს, ფარდობითი სიღარიბე კი 2015 წლიდან მოყოლებული მუდმივად იზრდება და ამჯერად 22,3% –ია;

* კატასტროფულად დაბალია შრომისუნარიანი მოქალაქის საარსებო მინიმუმიც (175,0 ლარი), ხოლო ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში მხოლოდ 348 ლარია, რაც დღეში 11,6 ლარს შეადგენს, ანუ ოჯახის თითო წევრზე 1,93 ლარია. დაბალია მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური მაჩვენებელიც და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროცენტული წილი ამ მაჩვენებელში. მაგალითად, თუ 2013 წელს იგი 9,4%- შეადგენდა, 2014 წელს 9,3% გახდა, 2015-ში _ 9,1%, 2016-ში _ 9,0% და 2017 წელს _ 8,0%.

* სამაგიეროდ გაიზარდა ფასები. გაძვირდა ტრანსპორტი, ჯანმრთელობის დაცვა, მოიმატა კომუნალურმა გადასახადებმაკერძოდ, ტრანსპორტის ჯგუფში ფასების 6,5%-იანი ზრდაა, რაც ეროვნული ვალუტის წლიურ ინფლაციაზე 0,86 პროცენტული პუნქტით აისახა. მათ შორის ფასები გაიზარდა (10,3%-ით) პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზეც.

* ახლა ჯანდაცვა. ფასებმა 6,1%-ით მოიმატა, განსაკუთრებული ზრდა კი შემდეგ ქვეჯგუფებზე დაფიქსირდა: სამედიცინო პროდუქცია, ამბულატორიული მომსახურება, საავადმყოფოების მომსახურება და სხვ.

* რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს (საცხოვრებელი, დენი, წყალი, ბუნებრივი აირი), ფასები 4,4%-ით გაიზარდა, რომლის წილმაც წლიურ ინფლაციაში 0,37 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ჩამონათვალის გაგრძელება, ოფიციალური მონაცემებზე დაყრდნობით, ცხადია, კიდევ შეიძლება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე ყველაზე ზუსტად გრძნობს, სად, რამ და რამდენად მოიმატა ან შემცირდა, ცხოვრების დონეზე და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიდუხჭირეზე ვრცლად მსჯელობა, ალბათ, საჭირო არ არის.

ცნობისთვის: “მეოცნებეხელისუფლება, რომელიც საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკით თვითკმაყოფილების ნირვანაშია და მოსახლეობას თვალში ნაცარს აყრის,_ რეგიონის ლიდერები ვართო, ამ წელს ინფრასტრუქტურული პროეტების განსახორციელებლად დამატებით 1 მილიარდ 301 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის აღებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო ვალი ამჟამად 17,2 მილიარდი აშშ დოლარია, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით სამჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ აღემატება

..

1 COMMENT

  1. ვერ გავიგე ეს პარაზიტი ნაძირალა ხელისუფლება, რომელმაც გადაუსწრო ნაძირლობაში ნაცებს, ვალებს იღებს იტენის და იტენის ამ ფულებს ყველგან სადაც შეუძლია , და ჩვენი გასასტუმრებელია??? ჩვენი უმუშევარი და ყველასგან ცალ ფეხზე დაკიდებული ხალხის??? ცალ ცალი კალოშით მოთრეულები 1992 წლიდან დაწყებული დღემდე ვინც იყო მთავრობა ხელისუფლებაში ყველა გამდიდრდა და ჩვენ,გვტენიან იმ ვალს????? ვაი მაგათ პატრონს საქართველოს მოსახლეობის ვალი კი არაა მინისტრების და პარლამენტარების ვალებია და ისინი გადაიხდიან , გაყიდიან მანქანებს, სასახლეებს ვილებს სხვადასხვა ქვეყნებში და გადაიხდიან, და აი თუ არ მოუნდებათ ნაქურდალის დაბრუნება მერე ჩვენ დავეხმარებით ქონების ჩამორთმევაში, გაყიდვაში და იმ 17,2 მილიარდი ვალის დაბრუნებაში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here