მთავარი ეკონომიკა ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება ადგილობრივი წარმოების პროდუქციით უპირველესი სასურსათო უსაფრთხოებაა

ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება ადგილობრივი წარმოების პროდუქციით უპირველესი სასურსათო უსაფრთხოებაა

პოსტკრიზისული სტრატეგიის კონტურები

1547
გააზიარეთ
ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება ადგილობრივი წარმოების პროდუქციით უპირველესი სასურსათო უსაფრთხოებაა

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა აჟიოტაჟმა ბევრ ისეთ კითხვას გასცა პასუხი, რომლებზეც საზოგადოების გარკვეული ნაწილი დუმდა და არსებულ წინააღმდეგობებზე თვალს ხუჭავდა. საქართველოს მთავრობა ამ პრობლემის წინააღმდეგ ეფექტიანად მოქმედებს. ცალკე საუბრის თემაა, შესაბამისია თუ არა საფრთხის რეალური მასშტაბი და მის ირგვლივ შექმნილი საინფორმაციო ბუმი. ამ წერილში შევეხები შექმნილი მდგომარეობის შესაძლო სოციალურ და ეკონომიკურ ზეგავლენას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის საბაზისო ფასებში მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 28 პროცენტი იყო, _ მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის ჩათვლით, _ ეკონომიკის რეალური სექტორის ხვედრითი წონა. თუ აქედან გამოვრიცხავთ სოფლის მეურნეობას, რომელიც საქართველოში უფრო სოციალური დატვირთვის მქონე დასაქმებაა, ვიდრე ეკონომიკური, და, აგრეთვე, _ მშენებლობას, ეკონომიკის რეალური სექტორის წილად მხოლოდ 10,4 პროცენტი დაგვრჩება, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. საბაზისო ფასებში მშპ-ის 72 პროცენტი სხვადასხვა მომსახურების წილად მოდიოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოს ეკონომიკა უპირატესად მომსახურებაზე ორიენტირებული ეკონომიკა იყო.

გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და შექმნილი პანიკის ზეგავლენა ეკონომიკის ყველა სექტორზე ერთნაირი არ იქნება. განვიხილავ ზეგავლენის სამ დონეს:

* დაბალი _ როდესაც ეკონომიკის სექტორზე კრიზისის ზეგავლენა მინიმალურია;

* საშუალო _ როდესაც ეკონომიკის სექტორზე კრიზისი ზეგავლენას ნაწილობრივ მოახდენს, თუმცა მთელ სექტორზე ეს ზეგავლენა არ გავრცელდება;

* მაღალი _ როდესაც ეკონომიკის სექტორზე გავლენა ძალიან დიდია სექტორის სრული კოლაფსის ჩათვლით.

რასაკვირველია, საჭიროა უფრო ღრმა და დეტალური ანალიზი, მაგრამ ეს ამოცანა ერთი საგაზეთო სტატიის ფარგლებს სცილდება. ანალიზისთვის ვიყენებ იმ მონაცემებს, რომლებიც ხელმისაწვდომია სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე. ზეგავლენის ხარისხი თითოეულ სექტორზე, სავარაუდოდ, ასეთი იქნება (იხ. ცხრილი #1)

იხ. ცხრილი #1
 ცხრილი #1

მშპის სტრუქტურიდან გამომდინარე, ზეგავლენის ხარისხის მიხედვით, მშპის 42,5 პროცენტზე კრიზისის გავლენა დაბალი იქნება, 42,4 პროცენტზე _ საშუალო, ხოლო 15,1 პროცენტზე _ მაღალი, ანუ საქართველოს ეკონომიკის 15,1 პროცენტი მაღალი რისკის ზონაშია. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრიზისი მხოლოდ ამ სექტორებს შეეხება. ასეთი დაშვების პირობებში კრიზისის ერთი თვე ეკონომიკური ზრდის ტემპს დაახლოებით 2-2,5 პროცენტული პუნქტით შეამცირებს. თუ კრიზისი ორ თვეს გაგრძელდება, მაშინ წლის ბოლოს ზრდის ნულოვანი ტემპი გვექნება, ხოლო, თუ კიდევ უფრო მეტ ხანს გაგრძელდება, მაშინ მოსალოდნელია ზრდის ტენდენციის კლებით შეცვლა. ეს პროგნოზი, რასაკვირველია, განხილულიასხვა თანაბარ პირობებში”, ანუ ყველა სხვა ფაქტორის გარეშე.

როგორი იქნება კრიზისის სოციალური ზეგავლენა? ვირუსით გამოწვეული პანიკის უარყოფითი ფსიქოლოგიური ზეგავლენა ცალკე საუბრის თემაა. ამჯერად მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ პანიკის გავრცელების უარყოფითი ზეგავლენა თვითონ დაავადების გავრცელების ზეგავლენას არა ჯერადობით, არამედ თანრიგით აღემატება.

ეკონომიკის სექტორებზე ზეგავლენა, ბუნებრივია, ამ სექტორებში დასაქმებულებს შეეხება. სტატისტიკის სამსახურის სამუშაო ძალის გამოკვლევის 2018 წლის მონაცემებით, დასაქმების სტრუქტურიდან გამომდინარე, კრიზისის დაბალი ზეგავლენის ზონაში მთლიანი დასაქმების 61,4 პროცენტი ხვდება, ამის უდიდესი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, სადაც დასაქმების ნაყოფიერება მინიმალურია, თუმცა ასევე მინიმალურია კრიზისის ზეგავლენის რისკიც. 28,4 პროცენტი საშუალო ზეგავლენის ზონაშია, ხოლო 10,2 პროცენტი მაღალი რისკის ზონაა.

ამ დაშვებებიდან გამომდინარე, კრიზისი დაახლოებით 270 ათას დასაქმებულს შეეხება, რომელთაგან, კრიზისის 2-3 თვით გაგრძელების პირობებში, გარკვეული ნაწილი უმუშევრად დარჩება, ხოლო გარკვეული ნაწილი სასოფლო თვითდასაქმების სექტორში გადავა. აქედან გამომდინარე, სოციალური ზეგავლენაც მკვეთრად უარყოფითი იქნება (იხ. ცხრილი #2).

 ცხრილი #2
ცხრილი #2

ეს რაც შეეხებოდა არსებულ მდგომარეობას და “სხვა თანაბარ პირობებში” პერსპექტივას, რომელიც ყოველგვარი ჩარევის გარეშეც მოხდება, მაგრამ მთავრობას შეუძლია ამ უარყოფითი ზეგავლენის მნიშვნელოვნად შერბილება.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მთავრობის ბოლო რამდენიმე ინიციატივა, რომლებიც კრიზისის შედეგების შერბილებაზეა მიმართული: კომუნალური გადასახადების დაფარვა, შეღავათები კრედიტებზე და სხვ. ეს ინიციატივები უდავოდ მისასალმებელია და მთავრობის ეფექტიან მუშაობაზე მეტყველებს. ასევე აღსანიშნავია პრევენციული ღონისძიებები და სამედიცინო პერსონალის შეთანხმებული მუშაობა, რაც მათი უმაღლესი პროფესიონალიზმის დამსახურებაა და ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც აღიარებულია. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კრიზისულმა მოვლენებმა გვიჩვენა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მხოლოდ კერძო ინიციატივაზე მინდობის და სისტემიდან სახელმწიფოს გასვლის დაუშვებლობა. უპირველეს ყოვლისა, ეს დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახვა. ის გარემოება, რომ საქართველოში დღემდე წარმატებით უმკლავდებიან პრობლემას, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობის დიდი დამსახურებაა. გარდა ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია დიდი გამოცდლების მქონე პროფესიონალების ყოლა და მათი წვლილი. კრიზისმა გვიჩვენა, რომ სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აქტიურად უნდა მონაწილეობდეს, ასევე აუცილებელია მისი აქტიური ჩართვა ფარმაცევტიკის სფეროშიც.

ზემოთ ნახსენები ღონისძიებები, რასაკვირველია, ძალიან კარგია, მაგრამ ისინი მხოლოდ “ხანძრის ჩაქრობას” ემსახურება და არ შეეხება “სახანძრო უსაფრთხოებას”. ძალიან კარგია კომუნალური გადასახადების დაფარვა, ძალიან კარგი იქნება შემწეობის გაცემა, ძალიან კარგი იქნება ყველა მსგავსი ღონისძიება, მაგრამ ისმის კითხვა: როდემდე?

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა იწყებს ანტიკრიზისულ პროგრამაზე მუშაობას. ეს უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, კონკრეტულად როგორ მოხდება ეს. როგორც უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, “ყოველი კრიზისი უნდა განიხილო, როგორც შესაძლებლობა”, შესაძლებლობა იმისა, რომ შემდგომში გახდე უფრო ძლიერი, კრიზისის გამოცდილებით დაბრძენებული და ანტიკრიზისული იმუნიტეტით შეიარაღებული. ამისთვის აუცილებელია რეალური მდგომარეობის გათვალისწინება და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება. გავიმეორებ: კომუნალური გადასახადების დაფარვა და შემწეობების გაცემა ძალიან კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი ღონისძიებებია. ჩემი აზრით, მთავრობამ, უწინარესად, უნდა გაითვალისწინოს გაკვეთილები, რომლებიც კრიზისმა გვასწავლა. კერძოდ ის, რომ კრიზისის დაძლევისას, უპირატესად, საკუთარი ძალების (და არა გარედან მოსული დახმარების) იმედად უნდა იყო. რასაკვირველია, საერთაშორისო სოლიდარობა რაღაც დონეზე გვქნება, მაგრამ მისი მასშტაბი ვერ იქნება გადამწყვეტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველას თავისი გაჭირვება აწუხებს.

ამ მხრივ კი საქართველოში, პრაქტიკულად, ყველაფერი თავიდანაა დასაწყები. ქვეყანა, უკვე წლებია, იმპორტზეა დამოკიდებული. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ეკონომიკის რეალური სექტორის წილი ძალიან დაბალია. იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა კი გლობალური კრიზისების პირველი რიგის მსხვერპლია.

საქართველოს იმპორტ-ექსპორტის სალდო მკვეთრად უარყოფითია. მიუხედავად ბოლო წლებში ექსპორტის მოცულობის გაზრდისა, სალდო მაინც მკვეთრად უარყოფითია. იხილეთ დიაგრამაზე (იხ. ცხრილი #3).

ცხრილი #3
ცხრილი #3

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სურსათზე იმპორტდამოკიდებულებაა. საქართველოში მოხმარებული სურსათის უდიდესი ნაწილი იმპორტული წარმოშობისაა და კრიზისის უპირველესი მსხვერპლი სწორედ ეს ნაკადებია. 2019 წელს საქართველოში თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სურსათის იმპორტი განხორციელდა, მაშინ, როდესაც ექსპორტის ჯამური მოცულობა მხოლოდ 284 მილიონი აშშ დოლარი იყო. და ეს მაშინ, როდესაც საქართველოში განუხრელად იკლებს დამუშავებული მიწის ფართობი, პირუტყვის სულადობა და ასე შემდეგ. არადა, საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი იყო. ამჟამად კი საქართველოს საშინაო ბაზარი იმპორტირებული პროდუქციითაა გაჯერებული და საქართველოს მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქტები სამომხმარებლო ბაზრის უმნიშვნელო ნაწილს იკავებს (იხ. ცხრილი #4).

ცხრილი #4
ცხრილი #4

პოსტკრიზისული სტრატეგიის შემუშავების გადაწყვეტილება სწორი და დროულია; შეიძლება, ცოტა დაგვიანებულიც, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. არის რამდენიმე საერთო გარემოება, რომელზეც, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, ყურადღების გამახვილება აზრს მოკლებული არ იქნება:

1.არ უნდა გაგვიტაცოს ეიფორიამ, რომელიც კონკრეტულად ამ კრიზისისთვისაა დამახასიათებელი. დიდი შეცდომა იქნება, თუ მივეცემით ადმინისტრაციულ აღტაცებას და დავიწყებთ საკარანტინო და მსგავსი ტიპის ღონისძიებებისდახვეწას”. სტრატეგია უნდა იყოს კომპლექსური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს უნდა ითვალისწინებდეს;

2.დიდი შეცდომა იქნება, თუ პოსტკრიზისული განვითარების პროგრამა მიიღებს კამპანიურ ხასიათს, რომელსაც კრიზისის გავლის შემდეგ ყველა დაივიწყებს და მხოლოდ მომდევნო მსგავსი ან შეიძლება სხვა სახის კრიზის დადგომისას გაახსენდებათ, მაგრამ პროგრამა შეუსრულებელი დარჩება, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. მიმდინარე კრიზისმა გვიჩვენა, თუ რამდენად ეფექტიანია გეგმები, რომლებშიც გათვალისწინებულია მოსალოდნელი საფრთხეები;

3.სასურველი იქნება, სტრატეგიის შემუშავებისას თუ მოვამზადებთ სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, სამედიცინო, სასურსათო და სხვა სახის უსაფრთხოების კონცეფციას და მისი განხორციელების სტრატეგიას;

4.ძალიან კარგი იქნება, თუ მთავრობა შეძლებს რამდენიმე დამოუკიდებელი კვლევითი ჯგუფის შექმნას და, მათ მიერ მომზადებული დოკუმენტების შეჯერების შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ოპტიმალური გადაწყვეტილების შესარჩევად ყოველთვის უმჯობესია, როდესაც ერთსა და იმავე საკითხზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს.

ეს, რაც შეეხება, საზოგადოდ, პოსტკრიზისული სტრატეგიის შემუშავების პროცესს. მთავრობამ, უპირველესად, ეკონომიკის რეალური სექტორის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს. აუცილებელია ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას. ინდუსტრიული პოლიტიკის მთავარი პირობები უნდა იყოს:

1.იმპორტის ჩანაცვლება _ და არა მხოლოდ ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების მხარდაჭერა, როგორც ეს არაერთხელ ითქვა;

2.ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენება _ რასაკვირველია, არა რესურსების მტაცებლური ათვისება, როგორც ეს ძალიან ხშირად ხდება;

3.განვითარების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის უპირატესი ჩართვა _ პრიორიტეტი უნდა ენიჭებოდეს ისეთ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უზრუნველყოფს.

მაგრამ ინდუსტრიული პოლიტიკის პარალელურად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა, ამისათვის კი აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა.

აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარების დღემდე არსებული პროგრამებისა და პროექტების განხორციელების დროს გამოვლენილი პრობლემებისა და შეცდომების გათვალისწინება. პრობლემები და შეცდომები ამ მიმართულებით საკმარისზე მეტია.

სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ბოლო 30 წელიწადია, ლაპარაკობს ყველა, ვისაც არ ეზარება, მაგრამ შედეგი არ ჩანს და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ხშირად ისეთი ადამიანები ზრუნავენ, რომლებსაც ცოცხალი ძროხა ახლოდან არ უნახავთ, ხოლო მათი ცოდნა სოფლის მეურნეობასა და სოფლის პრობლემებზე ბებიის გამომცხვარი ხაჭაპურის იქით ვერ მიდის. “საქართველო და მსოფლიოს” მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოში სოფლის მეურნეობისა და, საზოგადოდ, სოფლის განვითარების შესახებ საუბარი ლიბერალური და კონსერვატორული მიმართულებების ემოციურ დონეს, ანუ გულზე მჯიღის ცემასა და ცინიკურ ქირქილს ვერ სცილდება. ასე ქმედითი პოლიტიკის შემუშავება და, მით უმეტეს, განხორციელება შეუძლებელია. სოფლის მეურნეობის განვითარება კი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა.

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას რამდენიმე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ხვდება, რომელთა გადალახვაც მხოლოდ სახელმწიფოს ქმედითი ჩარევით არის შესაძლებელი:

1.სამეურნეო მიწის მაღალი ფრაგმენტაცია _ ოჯახების სარგებლობაში არსებული 0,8 ჰექტარი ფართობის მიწა საშუალოდ 2,2 ნაკვეთად არის განაწილებული და მიწის ასეთ მცირე ფართობზე ვერანაირი ფინანსური დახმარება გრძელვადიანი ეფექტის მქონე ვერ იქნება. აუცილებელია სამეურნეო მიწის ფართობების კონსოლიდაცია. ამისათვის მინიმალური სოციალური რისკის შემცველი გზა კოოპერაციის მხარდაჭერაა. კოოპერაციის მხარდამჭერი დღემდე განხორციელებული ღონისძიებების შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო არ არის. კოოპერაციის მხარდაჭერისთვის აუცილებელია სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შემუშავება, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის შემადგენელი ნაწილი იქნება;

2.დაბალი მისაწვდომობა ფინანსებზე _ აუცილებელია სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტარის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სოფლის მეურნეობის სპეციფიკა. მაგალითად, როდესაც მიწათმოქმედი გაზაფხულზე იღებს კრედიტს სამეურნეო სამუშაოებისთვის, მას დაუყოვნებლივ არ უნდა ჩაურთო მრიცხველი, ვინაიდან იგი შედეგს მხოლოდ შემოდგომაზე მიიღებს. აღარაფერს ვამბობ უფრო გრძელვადიანი სამეურნეო საქმიანობების განხორციელებაზე, როგორიცაა მრავალწლიანი ნარგავების გაშენება ან მეცხოველეობის ფერმის გამართვა;

3.გასაღების ბაზარი _ სოფლის მურნეობის განვითარების მთავარი ამოცანა ადგილობრივი ბაზრის ათვისება უნდა იყოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ადგილობრივი მწარმოებლის ინტერესების დასაცავად. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, განვითარების პროცესის მთავარი გენერატორი ყოველთვის და ყველგან მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები იყო. გამონაკლისი არც საქართველოა.

პოსტკრისიზული ღონისძიებების შემუშავებისას აუცილებელია პრობლემის სისტემური ხასიათის გათვალისწინება. შეუძლებელია მხოლოდ სოფლის მეურნეობის ან მხოლოდ დამმუშავებელი მრეწველობის განვითარება. ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: შუაგულ ჯოჯოხეთში ცალკე აღებულ კვადრატულ სანტიმეტრზე სამოთხეს ვერ ააშენებ. დამამუშავებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა _ ეს ორი ყველაზე თვალში საცემი ფრაგმენტია. აუცილებელია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების კომპლექსური და მაღალი დეტალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, რომელსაც უნდა ერთვოდეს მონტირინგისა და შეფასების ინდიკატორთა ბადე მაჩვენებლების საპასპორტო მონაცემებით (როგორ იანგარიშება მაჩვენებლები, რა არის ინფორმაციის წყარო და ასე შემდეგ) და საპროგნოზო გათვლებით. ეს არის აუცილებელი ღონისძიება. ასეთი მიდგომის გარეშე ყველაფერი იმავე რეჟიმში გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო, ანუ დრეიფის რეჟიმში _ უკომპასოდ და საჭის გარეშე.

ნოდა კაპანაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here