მთავარი ეკონომიკა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარი საზომი რიგითი ადამიანის მაცივარია და არა რეკორდულ მონაცემებზე...

ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარი საზომი რიგითი ადამიანის მაცივარია და არა რეკორდულ მონაცემებზე საუბარი

60
გააზიარეთ

საქართველოში წამლების ფასებში განსაკუთრებით პენსიონერები არიან გარკვეული. ის, რომ მედიკამენტები ყოველკვირეულად ძვირდება, ახალი ამბავი არაა. ჰოდა, არჩევნების შემდეგ პრემიერმა ღარიბაშვილმა პირდაპირ განაცხადა, მედიკამენტებზე ფასები უნდა დარეგულირდეს და ამას ჩვენი ხელისუფლება მოახერხებს, თურქეთის ბაზარს გავხსნით, თურქულ წამლებს შემოვიტანთ და ფასები აუცილებლად შემცირდებაო.

საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის, თქმით, ორ ქვეყანას შორის ფარმაცევტულ სფეროში თანამშრომლობის საკითხი ჯერ კიდევ წინა პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას, თურქეთში ვიზიტისას იყო განხილვის საგანი, მაგრამ პანდემიის დაწყებამ ეს პროცესი შეაფერხა, ახლა კი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაახლა. რა გამოდის? გახარიამ პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს, ანუ თითქმის ერთი წლის წინ დატოვა და ის, რომ წამალი ძვირი ღირს, ახლა მივხვდით? იქნებ ის უფრო მართალია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ფარმაცევტულ ბიზნესში არიან ჩართულნი, საჭირო ხალხი შეაწუხეს და პროცესი “მიაძინეს”, მაგრამ ახლა, როცა ფასებმა ასტრონომიულ ნიშნულს მიაღწია, გაჩუმება აღარ შეიძლება. იმედია, თურქეთის ელჩი რამდენიმე წლის შემდეგ არ იტყვის, ეს პროცესი ჯერ გახარიამ დაიწყო და მერე ღარიბაშვილმაო, და ბატონი ირაკლი დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, მანამდე კი…

ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 22,6%-ით მოიმატა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 524 598 ადამიანი იყო. ამასთანავე, ბოლო წლის განმავლობაში მოიმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბია და ფულადი დახმარება სჭირდებათ. კერძოდ, თუ 2020 წლის დეკემბერში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 011 868 ადამიანი, 2021 წლის დეკემბერში ეს რაოდენობა 1 091 378-მდე გაიზარდა. თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ, საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონს აღწევს, მაგრამ ძალიან გვეეჭვება, ეს მაჩვენებელი რეალური იყოს, რადგან არ არსებობს ადამიანი საქართველოში, რომელსაც ოჯახის წევრი თუ არა, ნათესავი მაინც არ ჰყავდეს საზღვარგარეთ ლუკმაპურის საშოვნელად წასული. ამიტომ საქართველოში მცხოვრებთა რაოდენობა 3 მილიონზე ოდნავ მეტი უნდა იყოს და გამოდის, დახმარების სურვილი ყოველ მესამე ადამიანს აქვს, ანუ ყოველი მესამე თვლის, რომ სოციალური დახმარება სჭირდება. თანაც, მილიონზე მეტმა რომ მიმართა სააგენტოს, ერთი ოჯახის წევრები ცალ-ცალკე ხომ არ მიმართავდნენ და თითოეული ადამიანის უკან, წესით, სულ ცოტა, ერთი ადამიანი უნდა იდგეს. არაფერს ვამბობთ პენსიონერთა იმ არმიაზე, რომელთა უმრავლესობა ზამთარში შინ თბილად ჩაცმული ზის, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია რომ არ დაწვას და თვის ბოლოს მცირე გადასახადი რომ მიუვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქტების გაძვირების ფონზე, შიმშილი ემუქჰრებათ. ჰოდა, შიმშილს ისევ სიცივეში ჯდომა სჯობს.

შესაძლოა, ხელისუფლებაში არ იციან, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების არც ისე მცირე ნაწილმა საინტერესო რამ მოიფიქრა: ისინი ძირითადად პოლონეთში მიდიან სამუშაოდ, სამი თვის განმავლობაში იქ მუშაობენ, შემდეგ, რეჟიმი რომ არ დაარღვიონ, სამშობლოში ბრუნდებიან და პოლონეთში სამი თვის განმავლობაში ნაშოვნი 1500-2000 ევრო აქ სამ თვეს ჰყოფნით. შემდეგ ისევ მიდიან და ასე დაუსრულებლად. ვიღაცამ შეიძლება თქვას, კარგიაო, მაგრამ რეალურად კატასტროფაა. დავიწყოთ იმით, რომ ეს მოქალაქეები ვერ ქმნიან დოვლათს, ანუ ვერ ქმნიან მომავალს, ვერ აკეთებენ ფულის ეკონომიას, სამომავლოდ ელემენტარული ყოფითი პირობები რომ გაიუმჯობესონ, მცირე ბიზნესი წამოიწყონ. შედეგად, როცა ფიზიკური მუშაობა აღარ შეეძლებათ, შიმშილისთვის იქნებიან განწირულნი. ზევით სოციალური დახმარების მთხოვნელთა რაოდენობა ვახსენეთ და ის თუ იცით მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოების თავმჯდომარეებმა, ჯამაგირი 4500 ლარამდე რომ მოიმატეს. იმის გამო, რომ თურმე თვითმმართველობების პირველმა პირებმა ქრთამის აღებაზე არ იფიქრონ, სოლიდური ჯამაგირი უნდა ჰქონდეთო. ბატონებო, იმას თუ ხვდებით, რომ რეალურად, ქრთამის მიმცემი აღარ დარჩა ქვეყანაში, ძლიერნი ამა ქვეყნისანი, რაც სურთ, ქრთამის გარეშეც აკეთებენ, რიგით ადამიანებს კი, ქრთამის ფული კი არა, მეორე დღეს რა ჭამონ, ის აქვთ საფიქრალი

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, დეკემბრის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 223.5 ლარი იყო, რაც წინა წლის საარსებო მინიმუმთან შედარებით 31 ლარით, ანუ 16%-ით მეტია. ეს საარსებო მინიმუმის ზრდის ტემპის რეკორდული მაჩვენებელია, ანუ საარსებო მინიმუმი ამდენი არასდროს ყოფილა საჭირო. საარსებო მინიმუმის მატება, ბევრ ფაქტორთან ერთად, მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც დეკემბერში ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი _ 13,9%-ანი ინფლაცია აღინიშნა. განსაკუთრებულად მაღალია და 15,6%-ს შეადგენს ფასების წლიური მატება სურსათის ჯგუფში, რომელიც საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიაში წამყვან ადგილზეა. იმავე დოკუმენტში წერია, რომ 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 198 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 27,4 ლარით არის გაზრდილი. სავარაუდოდ, როცა საარსებო მინიმუმს ანგარიშობენ, გამორიცხავენ თამბაქოს, რადგან მწეველ ადამიანს თვეში, სულ ცოტა, 150 ლარი მხოლოდ სიგარეტში უნდა. ამას დაამატეთ გაძვირებული ტრანსპორტი, გაძვირებული პროდუქტი და, ცოტა არ იყოს, უცნაურია, როგორ არგებენ 223,5 ლარს შრომისუნარიან მამაკაცს, რომელსაც, შესაძლოა, ერთ ჭამაზე ნახევარი ცხვარი არ ეყოს. ხელისუფლებას, ალბათ, ისიც არ ახსოვს, ახალი წლის წინა დღეებში დეზერტირების ბაზართან, საკუთარ “ტაჩკაზე” ახალგაზრდა კაცი რომ გაიყინა. წასასვლელი არ ჰქონდა არსად, ის “ტაჩკა” იყო მისი სახლიც, კარიც, მარჩენალიც და აკი ზედ დააკვდა კიდეც. რამდენი უსახლკარო ადამიანი ეთამაშება ყოველდდღიურად სიკვდილს, არავინ იცის და ზოგი სიცივის, ზოგი შიმშილის გამო ბეწვის ხიდზე გადის. სხვათა შორის, როცა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, მთავარ მიზეზად ის დასახელდა, რომ გაეროს დასკვნით, საქართველოში თურმე 75 ათასი ბავშვი შიმშილობს. მას შემდეგ ასეთი სტატისტიკა აღარ გამოქვეყნებულა და რა ხდება? დავაპურეთ ის ბავშვები თუ ნეგატიური ინფორმაციით აღარ გვტვირთავთ?!

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველა ხელისუფლების მთავარი გამოწვევა უმუშვერობა გახლდათ და ახლაც ასეა. ვერა და ვერ მოახერხა ვერც ერთმა ხელისუფალმა, რომ მოსახლეობისთვის, შრომისუნარიანი ადამიანებისთვის, ღირსეული სამსახური მიეცა და ამის უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ ქვეყანა არც კი ცდილობს, რაიმე აწარმოოს, რაიმე ნიშა დაიკავოს თუნდაც რეგიონში არსებულ ბაზრებზე. მოსავლიდან მოსავლამდე ვართ დამოკიდებულ-ჩამოკიდებული ხან ყურძენზე და ხან ვაშლსა და ატამზე. აგერ, ციტრუსის მოსავალი დავაბინავეთ და ვინმემ რამე თქვა? არა და იმიტომ, რომ მოსავალი იყო მცირე, მარტივად აითვისა ბაზარმა და, დიდი რომ ყოფილიყო, გასაღების პრობლემა დაგვიდგებოდა, სამაცივრე მეურნეობების პრობლემა დაგვიდგებოდა. არ ჰგავს ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოს, რომელიც მზად არის, გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს. დასავლეთის მიერ დარქმეულიგანვითარებადი ქვეყნისსტატუსი ისე ლამაზად მოვირგეთ და გავითავისეთ, თითქოს ამის იქით არაფერია. ნაომარი და გაოხრებული ყაზახეთი რომ ისევ გვისწრებს ეკონომიკით, ომგამოვლილი აზერბაიჯანი და სომხეთი კვლავ რომ გვჯობნიან, შუა აზიის სახელმწიფოები მშპთი რომ გისწრებენ, ელემენტარული, თავმოყვარეობა მაინც ხომ უნდა გქონდეს, წინ წაიწიო, სადმე გამოჩნდე, კვალი დატოვო. აღარაფერს ვამბობთ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რუსეთზე, ბელარუსზე, უკრაინაზე… ჰო, იმ უკრაჰინაზე, მასხარა რომ ჰყავს პრეზიდენტად და მაინც ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში რომ არის. უკრაინას ოფიციალურად მაინც მართავს მასხარა, ჩვენ, ჩვენ ვინ გვმართავს და საით მივდივართ?

სოციალური დახმარების მიღების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად რომ იმატებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკან და უკან მივდივართ. 10%-იანი ზრდა კი არა, სულაც 50%-იანი და უპრეცედენტო თუ რეკორდული რომ დაწეროთ ფურცელზე, არავინ დაგიჯერებთ ქვეყნის შიგნით, რადგან ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარი საზომი რიგითი ადამიანის მაცივარია. ის მაცივარი, რომელიც ზამთარში უმრავლესობას გამორთული აქვს და ის მცირე პროდუქტი, რომელიც მაცივარში უნდა შეინახოს, აივანზე უდევს და ელექტროენერგიას ზოგავს.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here