Home რუბრიკები ეკონომიკა ქვეყანა ხორბლის დეფიციტის საფრთხის წინაშეა, ხელისუფლება კი ევროპაში ლოკოკინების ექსპორტზე ფიქრობს

ქვეყანა ხორბლის დეფიციტის საფრთხის წინაშეა, ხელისუფლება კი ევროპაში ლოკოკინების ექსპორტზე ფიქრობს

348

სათვალავი აგვერია, მერამდენედ გვიწევს იმის დაწერა, რომ საქართველო ასეთი ქმედებებით, შესაძლოა, შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდეს. საქმე ისევ ხორბალს ეხება, პროდუქტს, რომლისგანაც უმთავრესი საკვები _ პური ცხვება და ამ პროდუქტის 100% რუსეთიდან შემოგვაქვს. წელიწადზე მეტი ნამდვილად გავიდა, რაც განგაშის ზარები პირველად დავარისხეთ, მაშინ, როცა მსოფლიო ბაზარზე ხორბალი გაძვირდა. იმხანად ისიც დავწერეთ, რომ დასავლეთის სანქციების ფონზე რუსეთმა ხორბლის დიდი ოდენობით დათესვა დაიწყო და რეკორდული მოსავალიც მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი ხორბლის ბაზარზე მთავარი მოთამაშე გახდებოდა და მოლაპარაკებები უნდა დაგვეწყო.

ჩვენ არავინ დაგვიჯერა და, რაც მთავარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი დაბეჯითებით იმეორებდა: ყველაფერი რიგზეა, მარაგები გვაქვს და საგანგაშო არაფერიაო, მაგრამ შარშან რუსეთმა არამეგობარი ქვეყნებისთვის ხორბალზე სპეციალური, ე.წ. მცურავი ბაჟი დააწესა, რომელმაც მისი გაძვირება გამოიწვია. სამაგიეროდ, ფასი არ შეცვლილა პურის ფქვილზე და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისევ მშვიდად ამბობდა: პრობლემა არ არის, მარაგები არსებობსო… რამდენიმეჯერ ისიც ითქვა, _ ხორბლის შემოტანის ალტერნატიულ გზებს ვეძებთო. არადა, ამ გზებს ჯერ კიდევ 2006 წლიდან ეძებდა სააკაშვილის მთავრობა, მაგრამ ვერ იპოვა.

“ქვეყანა გადადის ფქვილის იმპორტზე, ხორბლის არშემოტანის ხარჯზე, რაც საკმაოდ საგანგაშო და საყურადღებო მდგომარეობაა იქიდან გამომდინარე, რომ ხორბლის სასურსათო მარაგები მიდის მილევისკენ. გაეროს რეკომენდაციით, იმისათვის, რომ სასურსათო უსაფრთხოება იყოს დაცული ქვეყნებში, მათ უნდა ჰქონდეთ სურსათის მთლიანი მოხმარების ორი თვის მარაგი. ახლა მარაგები არის, მაგრამ იმაზე ცოტა, რაც ორი თვის უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ეს არის რამდენიმე წლის წინათ ხელმოწერილი მემორანდუმი იმის შესახებ, რომ ჩვენ, კერძო სექტორი უზრუნველვყოფთ სასურსათო უსაფრთხოებას და ორთვიანი მარაგების მუდმივად არსებობას ქვეყანაში. ვადასტურებ, შევატყობინეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ ჩვენ ჩვენი ხელმოწერის გამოწვევას ვახდენთ ამ მემორანდუმიდან იქიდან გამომდინარე, რომ ვერ უზრუნველვყოფთ ორთვიანი მარაგების შენარჩუნებას. სახელმწიფო საქმის კურსშია, რომ ჩვენი ხელმოწერა გამოწვეულია მემორანდუმიდან და ცხადია, ფქვილის იმპორტის შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა ჩვენზე არ არის”, _ ეს განცხადება ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ გააკეთა. ზემოაღნიშნული პრობლემის გამო საქართველოში უკვე გაჩერდა ათზე მეტი წისქვილკომბინატი. ისინი ხვდებიან, რომ ხორბლის შემოტანა წამგებიანია და დიდი ოდენობით შემოტანის შემთხვევაში ზარალი შეიძლება მილიონებს გასცდეს. მცურავი ბაჟის პირობებში, ტონა ხორბალსა და ტონა პურის ფქვილზე სხვაობა დაახლოებით 100 დოლარია. მოგეხსენებათ, ერთი ტონა ხორბლისგან ამდენივე ფქვილი ვერ მიიღება, ცალკეა ქატო, რომელიც ფქვილზე გაცილებით იაფია, და ახლა ქატოც გაძვირდება, რადგან მისი შემოტანაც მოგვიწევს, რაც ცალკე მესაქონლეობას დაარტყამს, ცალკე _ მეფრინეველეობას და ცალკე _ მეღორეობას. რაც ყველაზე საგანგაშოა, პურის ფქვილით გამორიცხულია ორთვიანი მარაგების შექმნა, რადგან მზა ფქვილი მალე ფუჭდება, მისი შენახვა და დასაწყობება ბევრ ხარჯთან არის დაკავშირებული, საჭიროა შესაბამისი ტემპერატურა, ვენტილაცია და ასეთ პირობებშიც კი ორთვიანი მარაგი კრიტიკული ზღვარია. ელემენტარულად, ორი თვის განმავლობაში რომ შეინახონ ფქვილი და ის არ გაიყიდოს, მთხოვნა შემცირდეს, უბრალოდ, უნდა გადაყარონ (საუკეთესო შემთხვევაში _ პირუტყვს აჭამონ).

მოქმედ წისქვილკომბინატებს სწორედ ორთვიანი მარაგების გამოყენება აქვთ დაწყებული და ხორბალი აღარ შემოაქვთ. ყველაზე საიმედო გათვლებით, დღეს არსებული მარაგები მარტის დასაწყისისთვის ამოიწურება და პურის ფქვილის შემოტანაგაყიდვაზე გადავალთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მარტის დასაწყისისთვის აუცილებლად გაძვირდება პურპროდუქტები, ქატო დასიმინდი. ჰო, სიმინდი, რადგან საფურაჟე სიმინდის 95%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოგვაქვს და ხორბლის ჩანაცვლება სოფლის მეურნეობაში ამ პროდუქტით უნდა მოხდეს, მაგრამ, როგორც კი მოთხოვნა გაიზრდება, მისი ფასი აუცილებლად მოიმატებს.

ასეთ პირობებში, რა გგონიათ, რას აკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო? საქმის რა გითხრათ, მაგრამ განცხადებასაც კი არ აკეთებს საგანგაშო მდგომარეობაზე. მეხუთე წელია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლევან დავითაშვილს აბარია და ამ ხნის განმავლობაში ის მაინც უნდა ესწავლა, როცა რაღაც ფუჭდება, მოსახლეობა გააფრთხილოს, მოამზადოს თუნდაც მოსალოდნელი გაძვირებისთვის, მაგრამ არა _ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი საზრუნავი ახლა ის ყოფილა, რომ საქართველოში ნაწარმოები ლოკოკინა როგორმე ევროპულ ბაზარზე გავიდეს და, დიდი ალბათობით, გავა კიდეც. რამდენ ლოკოკინასაც ერთი წლის განმავლობაში გავყიდით ევროპაში, თანხობრივად იმაზე მეტ პურს დღეში მოვიხმართ, მაგრამ პრიორიტეტი მაინც ლოკოკინაა, რადგან საქმე ევროპასთან გვაქვს და არა რუსეთთან. ყველა ქვეყანამ, რომლებიც ხორბალს რუსეთისგან ყიდულობენ, სახელმწიფოს პირველი პირების დონეზე მოაგვარა ურთიერთობა, შეათანხმა ფასი, გააფორმა გრძელვადიანი ხელშეკრულება, ჩვენ კი… ხელშეკრულებას ვინ ჩივის, ლარსის გამშვებ პუნქტამდე მისასვლელი გზა დროულად რომ არ გაიწმინდოს, საქართველოში შიმშილი დაიწყება. ამჟამინდელი ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ მოსვლის დღიდან სოფლის მეურნეობაში უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. თავდაპირველად ამ სფეროში დიდძალი ფული მართლაც ჩაიდო, მაგრამ საკითხავია, მიზნობრივად და გონივრულაად თუ გაიხარჯა. წყლის გარდა, დაასახელეთ ერთი პროდუქტი მაინც, რომელსაც საქართველო აწარმოებს, და რომელიც მოსახლეობას წლიდან წლამდე ჰყოფნის. ვერ დაასახელებთ, იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი პროდუქტი და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მწვანილიც კი შემოგვაქვსმწვანილი, რომელიც იმდენად იაფი ღირდა და იმდენი გვქონდა, დეზერტრების ბაზარში რაც არ იყიდებოდა, დღის ბოლოს სანაგვეში ყრიდნენ, იმიტომ, რომ მეორე დღეს ძველ მწვანილს არავინ იყიდდა. ახლა კი… საქართველოში მცხოვრებლებს მიწაზე მუშაობა რომ არ ესწავლებათ, კარგად მოგეხსენებათ. მაშ, რა ხდება, რატომ თქვა გლეხმა უარი მიწის დამუშავებაზე? მიზეზი ბევრია, მათგან უმთავრესი კი ის არის, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების 70% სახელმწიფო საკუთრებაა და დაურეგისტრირებელია. არადა, არ დაადგა საშველი მიწის ისეთ რეფორმას, რომელიც ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებდა. პირობა იმისა, რომ ეს პროცესი გამარტივდებოდა, “შესრულდა” _ 1 იანვრიდან მიწის გაფორმების მსურველებს საჯარო რეესტრში განაცხადის წარდგენის შემთხვევაში თანხის გადახდა მოუწევთ და თანხის ოდენობა… 600 ლარიდან იწყება. .., იმას, რაც უფასო იყო, ფასი დაედო და მითხარით, რატომ უნდა დაინტერესდეს გლეხი მიწით? თანაც, ქართულ პროდუქტს ფასი არ აქვს, მისი მოყვანა ძვირი ჯდება და უცხოეთიდან შემოტანილს კონკურენციას ვერ უწევს. სამცხესა და სვანეთში მოყვანილი კარტოფილი ადგილზე 1.20 ლარი რომ ღირს და შემოტანილი კარტოფილის ღირებულება 60 თეთრიდან რომ იწყება, როგორ გინდა, იარსებო? საყოველთაო გაჭირვების ფონზე, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცდილობს, სწორედ იაფი პროდუქცია შეიძინოს და არა ხარისხიანი, რადგან ხარისხიანი ძვირია და ვერ წვდება რიგითი ადამიანების ბიუჯეტი. საბედნიეროდ, ზამთრის ნახევარი გავიდა და საბედნიეროდ იმიტომ, რომ ასეთი ზამთარი, დიდი ხანია, აღარ ახსოვს საქართველოს. მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად წასვლა უკვე სერიოზული რისკია, რადგან ის თანხა, რომელიც წინა დღეს გეყოთ, შეიძლება მეორე დღეს საკმარისი აღარ იქნეს იმავე ოდენობის პროდუქტების შესაძენად. ყოველდღიური გაძვირების ფონზე გაზაფხული თითქოს შვებად ჩანს, მაგრამ ეს მაშინ, როცა საგაზაფხულო სამუშაოებისთვისაა შემართული ერი და ბერი, ახლა კი… ახლა მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, სეზონური პროდუქტი მეტ-ნაკლებად იაფი ღირდეს. და ერთი, მარტივად შესამოწმებელი ფაქტი: კომპანიები, რომლებიც საქართველოში დამწნილებულ პროდუქციას ყიდიან, იძლებული შეიქნენ, თავიანთი პრუდუქცია გაეძვირებინათ, მაგრამ, როგორც გვითხრეს, მთავრობაში ხელი დაუქნიეს და… დააკვირდით, ბატონებო, ქილებს, რომლებშიც მჟავე კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო, პომიდორი, წიწაკა დევს. ქილებში წყლის ოდენობა მომატებულია, საკვები პროდუქტი კი ნაკლებია. ამ გზით ახერხებენ კომპანიები ფასის შენარჩუნებას და მერე რა, თუ იგივე ფასს ახლა პროდუქტის ნაცვლად მჟავე წყალში ვიხდით. თუ გგონიათ, რომ ამ განცხადების შემდეგ ვინმე ვინმეს გააკონტროლებს, ძალიან ცდება. საქართველოში კონტროლის მექანიზმი, უბრალდოდ, არ არსებობს და ეს ყველაზე კარგად ხელისუფლებაში იციან.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here