მთავარი პოლიტიკა უოლტერსის განცხადება, რომ შავ ზღვაში პოზიციები განიმტკიცეს, სურვილის რეალობად წარმოჩენის მცდელობა უფროა

უოლტერსის განცხადება, რომ შავ ზღვაში პოზიციები განიმტკიცეს, სურვილის რეალობად წარმოჩენის მცდელობა უფროა

445
გააზიარეთ
გივი იოკურიძე

ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ამერიკელმა გენერალმა ტოდ უოლტერსმა 3 თებერვალს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ბოლო პერიოდში ალიანსის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ყველაფრის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოება. მისი თქმით, ახლახან შავ ზღვაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი წვრთნებით, რომლებშიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროსაზღვაო ძალების ორი ხომალდი _ “დონალდ კუკიდაპორტერიმონაწილეობდნენ, თავიანთი პოზიციები განიმტკიცეს: “შავ ზღვაში ჩვენ განვამტკიცეთ ჩვენი პოზიციები და ამაში შესანიშნავი მხარდაჭერა მივიღეთ საქართველოსა და უკრაინისგან. ეს იყო ურთიერთთავსებადობის განვითარების ნათელი მაგალითი”.

მისივე შეფასებით, დღეს ევროატლანტიკურ სივრცეში ბევრი გამოწვევა არსებობს, რომელთა შორის ერთ-ერთი მეტოქეების მხრიდან განხორციელებული მავნე აქტივობებია (უოლტერსს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა მეტოქეებში ან რა აქტივობები ჰქონდა მხედველობაში). ამერიკელმა გენერალმა ასევე განმარტა, რომ, გამომდინარე არსებული საფრთხეებიდან, ალიანსი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს სწავლებებს შავი ზღვის აკვატორიაში, რომლებიც რეგიონის სტაბილურობას განაპირობებს.

ცნობისთვის: ტოდ უოლტერსმა შავ ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გააქტიურების აუცილებლობასა და საქართველოზე რუსეთის გავლენის მატების საშიშროებაზე გასული წლის თებერვალში სენატში სპეციალური ანგარიშის წარდგენის დროსაც ისაუბრა. მაშინ მის გამოსვლას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთგვარი პოლიტიკური ოვაციები მოჰყვა, ხოლო წინა კვირაში გაკეთებულ მის განცხადებას მმართველ გუნდში “კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი” უწოდეს, რომელიც თურმე ცხადყოფს, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო და უკრაინა ფართომასშტაბიან დახმარებას უნდა ელოდონ.

განიმტკიცა თუ არა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავ ზღვაში პოზიციები და რას მოუტანს ეს საქართველოს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალმაიორი გივი იუკურიძე.

_ ბატონო გივი, ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მეთაურმა ტოდ უოლტერსმა განაცხადა, რომ ახლახან ჩატარებული სამხედრო წვრთნებით ალიანსმა განიმტკიცა პოზიციები შავ ზღვაში, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველომ და უკრაინამ ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი შეიტანეს. რეალურია ეს განცხადება? რეალურად ძლიერდება ალიანსის პოზიციები შავ ზღვაში და რა მოაქვს ამ პროცესს საქართველოსთვის, რომელიც მძაფრ კონფრონტაციაშია რუსეთთან?

_ რეალურად ვითარება ასეთია: შავ ზღვაში დღითიდღე მზარდი ინტერესები აქვთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რუსეთს და, რა თქმა უნდა, თურქეთს, ოღონდ თურქეთს არა მხოლოდ, როგორც ალიანსის წევრ სახელმწიფოს, არამედ, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს. გამომდინარე აქედან, სამხედრო სწავლებების კასკადი, რომელიც ამ რეგიონში ტარდება, მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ _ თითოეულმა მხარემ განიმტკიცოს თავისი პოზიციები და გაიკვალოს გზა მომავალში უფრო მეტი გავლენებისკენ. ეს არის მარტივი ახსნა ამ ყველაფრის, თუმცა, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღეს ნატო სულ უფრო მეტ სწავლებას ატარებს და აქტიურდება, არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთიც. რუსეთი ნამდვილად არ არის უმოქმედოდ. ის დღითიდღე აძლიერებს საკუთარ წარმომადგენლობას ამ არეალში, ზრდის მათ შორის მცურავი საშუალებების რაოდენობას, როგორც ყირიმში, ისე ნოვოროსიისკის პორტში და, ამის გარდა, ახლახან ყირიმის ტერიტორიაზე შეიყვანა დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც უახლესი საშუალებებია და შეუძლიათ, გადაწყვიტონ ნებისმიერი ამოცანა. რაც შეეხება ბატონ უოლტერსის შეფასებას, განცხადება, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შავ ზღვაში განიმტკიცა პოზიციები, ვფიქრობ, სურვილის რეალობად წარმოჩენის სურვილი უფროა, ვიდრე რეალობა. კი, შავ ზღვაში ნამდვილად იყო შემოსული ორი ამერიკული სამხედრო გემი _ “დონალდ კუკიდაპორტერი”, რომლებიც ნამდვილად დიდი საცეცხლე შესაძლებლობების მქონე გემებია, მაგრამ მათ ყველგან დაჰყვებოდნენ რუსული გემები. აი, ეს არის რეალობა, ამიტომ, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, შავ ზღვას რუსეთი არ დათმობს, შავი ზღვა რუსეთისთვის არის ზესტრატეგიული მნიშვნელობის აკვატორია, რომელიც მისთვის ახლომახლო ტერიტორიებზე გავლენის გაძლიერებას თუ არა, შენარჩუნებას მაინც ემსახურება.

_ უოლტერსმა თავის გამოსვლაში საქართველო და უკრაინა განსაკუთრებული ხაზგასმით ახსენა და განაცხადა, რომ შავ ზღვაში ჩატარებული სწავლებები მნიშვნელოვნად ზრდის ამ ქვეყნების უსაფრთხოებას. რას იტყვით ამ შეფასებაზე?

_ უკრაინას, საქართველოსგან განსხვავებით, მცურავი საშუალებები მაინც ჰყავს. ჩნდება მარტივი შეკითხვა _ როგორ არის ჩვენი უსაფრთხოება დაცული? ეს ერთი, მეორე _ რომელ სტაბილურობაზეა საუბარი, როცა გვერდით არის ზესახელმწიფო, რომლის სტრატეგიულ ინტერესებსაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ეს პროცესები? კი, ნატო ცდილობს, გამოიყენოს უკრაინის მცურავი საშუალებები, მოლდოვაც ჩართოს ამ საკითხებში და ბულგარეთიც, რომელიც ისედაც მათთანაა მიბმული, მაგრამ მიაპყარით ყურადღება ერთ რამეს: თურქეთი ალიანსთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე მაქსიმალურად ცდილობს, თავისი გავლენა გააძლიეროს როგორც უკრაინაში, ისე ბულგარეთში, ამას აკეთებს დამოუკიდებელი პოლიტიკის ფარგლებში. რაც შეეხება რუსეთსა და მის რესურსებს, ჩვენთან გარკვეული სუბიექტების მხრიდან რატომღაც ისმის შეფასებები, რომ, თურმე, რუსეთი ჩამორჩა შეიარაღებაში და მას უკვე აღარ აქვს ადრინდელივით დიდი სამხედრო შესაძლებლობები. რეალობას თვალი გავუსწოროთ, ბოლო წლებში მათ შექმნეს არაერთი სხვადასხვა დანიშნულებისა და დასახელების რაკეტები, რომელთა საწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის საშუალებები მაღალგანვითარებულ ქვეყნებსაც არ აქვთ. მათ შორისაა, მაგალითად, ზებგერითი რაკეტაკინჟალი”, იგივეცირკონი და ა.შ. აქ რეალურად საუბარია ულტრათანამედროვე ტიპის შეიარაღებაზე, რომლის ანალოგზეც, სხვათა შორის, ამერიკელები ახლა მუშაობენ. აი, ეს არის რეალობა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა გვეშინოდეს და შიშისგან ხმის ამოღებას ვერ ვბედავდეთ, მათ შორის მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან, არა, რაც საჭიროა, უნდა ვილაპარაკოთ საერთაშორისო არენაზეც, მაგრამ სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად დავრჩებით ილუზიებსა და წარმოდგენებში, რომ აი, ნატო წვრთნებს ჩაატარებს და უფრო დაცულები ვიქნებით; აი, ამერიკის სამხედრო გემები შემოვლენ და ვერავინ ვერაფერს ვერ გაგვიბედავსარ მოხდება ეს და ვერც მოხდება, იმიტომ, რომ, მოგვწონს თუ არა, გვინდა თუ არა, რუსეთი ამ რეგიონში წარმოადგენს უმთავრეს ფაქტორს და მის წინააღმდეგ მიმართულ არც ერთ ქმედებას ის უპასუხოდ არ დატოვებს

_ ობიექტური თვალსაზრისით, რა შეიძლება იყოს თუნდაც პოლიტიკური სასჯელი ჩვენთვის შავ ზღვაში ნატოს პროვოკაციულ მოქმედებებში მონაწილეობის გამო?

_ სიმართლე გითხრათ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხვალ-ზეგ დაგვარტყამენ და ომს დაგვიწყებენ, არა, ყველამ კარგად იცის საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები, მაგრამ რუსეთს სხვა უამრავი ბერკეტი გააჩნია. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური ბერკეტები, მოგეხსენებათ, დღეს საქართველო დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. გარდა ამისა, აფხაზეთში, ალბათ, კიდევ უფრო გააძლიერებენ სამხედრო ბაზებს, გაზრდიან კონტინგეტს და .., თუმცა დღესაც საკმაოდ დიდი ძალა ჰყავთ იქ და ამ თვალსაზრისით რამე საშუალებების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან… სხვათა შორის, დასაწყისში შეიარაღებაზე ვსაუბრობდით და ცოტა ხნის წინათ მოსკოვში ჩატარდა სამხედრო კოლეგია პუტინის მონაწილეობით, რომლის ფარგლებშიც ძალიან საინტერესო რამ ითქვა. მათი შეიარაღების 70% უკვე სრულიად ახალი ტექნიკითაა აღჭურვილი, ხოლო კონკრეტულად სარაკეტო ძალებში და იმ ძალებში, რომლებსაც შეუძლიათ, გამოიყენონ ბირთული იარაღი, ეს მაჩვენებელი 87-88%-მდე აღწევს. საერთოდ, მათ ბირთვული იარაღის კომპონენტი, როგორც სახმელეთო ბაზირების, ასევე საზღვაო, მიწისქვეშა და მიწისზედა, უმაღლეს დონეზე აქვთ. ეს უნდა დავინახოთ, გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ გვეშინოდეს, არა, უბრალოდ, იმიტომ, რომ მათ შორის პოლიტიკოსებმა მხედველობაში მიიღონ რეალობა, რომელსაც ვერსად გავექცევით.

_ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გაქვთ იმედი, რომ ამ პრინციპით იხელმძღვანელებენ? ეს ერთი და მეორე _ ხომ არ ფიქრობთ, რომ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამხედრო ელიტის წარმომადგენლებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები?

_ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მაქვს და, ვფიქრობ, არც უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ, რაც არ მომხდარა ამ რვა თუ ცხრა წლის განმავლობაში, აწი მოხდება. არ მოხდება და ვერ მოხდება მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის იმის გამოც, რომ ამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამოუკიდებლობის ხარისხი ძალიან დაბალია.

რაც შეეხება შეკითხვას, უნდა მონაწილეობდნენ თუ არა სამხედრო ელიტის წარმომადგენლები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში: პოლიტიკას, რა თქმა უნდა, უნდა წარმართავდნენ გამოცდილი, კვალიფიციური პოლიტიკოსები, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებასა და მასთან დაკავშირებულ სისტემაზე როცა ვსაუბრობთ, ცხადია, გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ პროფესიონალი სამხედროები. მაგრამ საქართველოში, განსხვავებით განვითარებული ქვეყნებისგან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც, სამწუხაროდდამკვიდრებულია პრაქტიკა, რომ ძველ, გამოცდილ კადრებს ყრიან. აი, ამის შედეგია ის, რომ არ არსებობს არანაირი კვალიფიციური კომისია, რომელიც იმსჯელებს იმაზე, რომელი იარაღი უნდა შევიძინოთ, რაში ღირს ფულის დახარჯვა, რაში _ არა, რანაირი ჯარი უნდა გვყავდეს და .. ვფიქრობ, ეს არის მავნე პრაქტიკა, რომელიც საზიანოა ქვეყნისთვის, ამიტომ პარლამენტშიც უნდა იყვნენ გამოცდილი სამხედროები, პრეზიდენტთან, როგორც უმაღლეს მთავარსარდალთან, და უნდა იყოს კომპეტენტური ჯგუფი, რომელშიც იქნებიან, როგორც თავდაცვის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეა, მაგრამ საქართველოში ყველაფერი პირიქითაა. ჩვენთან, სამწუხაროდ, დღეს გადაწყვეტილებებს იღებენ აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანები, სახელმწიფო სამხედრო უსაფრთხოების სპეციალისტის დიპლომი სულ ერთ ან ორ კაცს აქვს. აი, ეს არის ჩვენი უბედურება, რომლის გამოსწორებაზეც არავინ ფიქრობს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here