Home რუბრიკები ისტორია უკვდავი სახელები: რუსუდან ნიკოლაძე

უკვდავი სახელები: რუსუდან ნიკოლაძე

2400
რუსუდან ნიკოლაძე

პირველი ქალი რუსეთის იმპერიაში, რომელმაცსაუნივერსიტეტო ნიშანიმიიღო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში, რომელშიც თავიდან 369 სტუდენტს 18 პროფესორმასწავლებელი ასწავლიდა, გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთის იმპერიაში არსებულმა უნივერსიტეტებმა. პეტერბურგის, მოსკოვის, ყაზანის, ტომსკის, კიევის, ოდესის, ხარკოვისა და იურევის (ტარტუს) უმაღლეს სასწავლებლებში განსწვალული ქართველობა, ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორმასწავლებლები გახდნენ. ერთერთი მათგანია პროფესორი რუსუდან ნიკოლაძე, ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის იმპერიაში პირველი ქალი, რომელმაცსაუნივერსიტეტო ნიშანიმიიღო.

მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი რუსუდან ნიკოლაძე მხატვარ დავით გურამიშვილის დის _ ოლღა გურამიშვილისა და ნიკო ნიკოლაძის უფროსი ქალიშვილი იყო. მთელი მისი ცხოვრება და უმწიკვლო მოღვაწეობა 70 წლის განმავლობაში უშუალოდაა დაკავშირებული საქართველოს ტექნიკური ინტელიგენციის მრავალათასიანი კადრების მომზადებასა და აღზრდასთან.

რუსუდან ნიკოლაძემ მეტად საინტერესო სკოლა გაიარა, ჯერ თავის სახლში, მერე კი რუსეთისა და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

ცნობილია, რომ მეფის რუსეთში ქალისთვის უმაღლესი განათლების მიღება და ისიც უნივერსიტეტის დამთავრება ძნელი, თითქმის შეუძლებელი საქმე იყო. რუსუდანი კი 1896-1898 წლებში სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში, შემდეგ (1898-1904 წწ.) _ თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში, რომელიც ოქროს მედლით დაამთავრა. 1909 წელს პეტროგრადის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო 1913 წელს _ პეტროგრადის უნივერსიტეტი ფიზიკა-ქიმიის განხრით და იქვე დატოვებს სამეცნიერო მუშაობისთვის.

რუსუდან ნიკოლაძე პირველი ქალი იყო რუსეთის იმპერიაში, რომელმაც 1913 წელს ბრწყინვალედ ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, მიიღო დიპლომი და მოიპოვა უფლება, ეტარებინა მამაკაცებისთვის განკუთვნილი საუნივერსიტეტო სამკერდე ნიშანი.

მშობლების წყალობით რუსუდანი ბავშვობიდანვე ეზიარა ევროპულ კულტურას, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მან შემოიარა ევროპის დიდი ქალაქები _ პარიზი, ლონდონი, რომი, ბერლინი, ჟენევა, ვენა და სხვ. შინ შეისწავლა ფრანგული, გერმანული, ინგლისური, აგრეთვე, იტალიური და ჩეხური ენები.

რუსუდანი პარიზში ყოველ ჩასვლაზე სორბონის უნივერსიტეტში ისმენდა მარიამ კიურის, მასტანისა და ლეშატელიეს ლექციებს, ბერლინში თავის ძმა გიორგისთან ერთად _ ზომბარტისა და სხვა გამოჩენილი პროფესორების ლექციებს. შვეიცარიაში ხვდებოდა და მეგობრობდა ცნობილ ფილოსოფოს ციგლერთან და ლაპშინთან, ჟენევის უნივერსიტეტში ისმენდა ქიმიკოს გრებესა და კერმანის ლექციებს.

რუსუდან ნიკოლაძის ბიოგრაფია მამამისის, ნიკო ნიკოლაძის, ბიოგრაფიის გაგრძელებაა. ნიკო ნიკოლაძის გარდაცვალების შემდეგაც (1928 წ.) მის სახლში რუსუდანის წყალობით არ ჩამქრალა დიდი შემოქმედებითი ძიება, კამათი და აზრთა ჭიდილი. აქ მსჯელობდნენ ძველსა და ახალ ლიტერატურაზე, თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებზე, ისმოდა გარდასულ დროთა საინტერესო მოგონებები. ისევ გრძელდებოდა ნიკოს მიერ დაწყებული მეგობრობის დიდი ტრადიციები.

1917 წელს რუსუდან ნიკოლაძე დაბრუნდა სამშობლოში და აქტიურად ჩაება საგანმანათლებლო მუშაობაში _ ჯერ დიდი ჯიხაიშის სკოლებში (1921 წლამდე), შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთქმული ქიმიკოსის _ პეტრ მელიქიშვილის ლაბორატორიაში და ითვლებოდა მის ნიჭიერ მოწაფედ.

მას შემდეგ, რაც ნიკო ნიკოლაძემ სოფელ დიდ ჯიხაიშში მოაწყო საცდელი მეურნეობა, გაიყვანა გზები, სარწყავი არხები, დააარსა ფოსტატელეგრაფი, საავადმყოფო და სხვა კულტურული დაწესებულებანი, ჯიხაიში გახდა დასავლეთ საქართველოს კულტურის ცენტრი, სადაც ჩამოდიოდნენ დიდი ქართველი მწერლები. ჯიხაიშში მოწყობილ ნიკოს საცდელ მეურნეობაზე ლაპარაკობდნენ არა მარტო მოსკოვსა და პეტერბურგში, არამედ პარიზსა და ლონდონში, ბერლინსა და რომში, ჟენევასა და მადრიდში, სადაც ნიკო ნიკოლაძეს მრავალი ნაცნობმეგობარი ჰყავდა. ნიკომ, აგრეთვე, პირველად მთელ საქართველოში სოფელ დიდ ჯიხაიშში გიმნაზია გახსნა, სადაც მოიწვია საუკეთესო მასწავლებლები.

1917 წელს რუსუდან ნიკოლაძე პეტერბურგიდან დიდ ჯიხაიშში ჩამოვიდა თავის მამასთან და იქ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა.

1921 წლიდან რუსუდან ნიკოლაძე განათლების კომისარიატში იწყებს მუშაობას და მთელი ენერგიით ხელმძღვანელობს დაწყებითი შრომის სკოლებისა და საბავშვო ბაღების მუშაობას. ის კომისარიატში ეწევა დიდ თეორიულ და პრაქტიკულ მოღვაწეობა,. მუშაობს საბავშვო ბაღებისა და შრომის სკოლების შესაფერისი სახელმძღვანელოების შედგენისთვის.

1933-1974 წლებში რუსუდან ნიკოლაძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე მოღვაწეობდა, იყო ამ კათედრის გამგე. მუშაობდა არაორგანული ქიმიის საკითხებზე. ავტორია მრავალი სამეცნიერო, მეთოდური და მემუარული ნაშრომისა. 1970 წელს დ. გვარამაძესთან ერთად შეადგინა ქიმიის ტერმინოლოგია.

რუსუდან ნიკოლაძე გარდაიცვალა 1981 წელს, 96 წლისა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მომზადდა ალექსანდრე სიგუას ნარკვევისმეცნიერი და მოქალაქე” (1975.) მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here