მთავარი ისტორია სტალინი _ მსოფლიო პოლიტიკისა და დიპლომატიის კორიფე

სტალინი _ მსოფლიო პოლიტიკისა და დიპლომატიის კორიფე

1229
გააზიარეთ
უინსტონ ჩერჩილი, ჰარი ტრუმენი და სტალინი

მსოფლიო ომების ისტორიაში უამრავი კავშირი და ტრიუმვირატი შექმნილა, მაგრამ ხშირად ამ კავშირებს დადებითი შედეგისთვის ვერ მიუღწევია. ამის უახლესი მაგალითია მსოფლიო ომში გერმანიაიტალიის კავშირი, რომლის არაორგანიზაციულობის შედეგად ორივე ქვეყნის მთავარსარდლებმა სიცოცხლე სამარცხვინო სიკვდილით დაასრულეს. სიცოცხლის ბოლო დღეებში ჰიტლერი წუხდა, რომ მისი გაერთიანება მუსოლინისთან დამარცხების ძირითადი მიზეზი იყო _ “მუსოლინი მე ფეხებში მებლანდებოდა”. რამ განაპირობადიდი სამეულისსიმტკიცე და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება? პასუხი ერთადერთია: სტალინმა.

სტალინმა კარგად იცოდა, რომ მისი ომისდროინდელი მოკავშირეები იმ ომის მოკავშირეები იყვნენ, რომელიც თვითონ გააჩაღეს ჰიტლერის ხელით. აკი რუზველტმა (ამერიკის პრეზიდენტმა) თავისი შვილის შეკითხვას _ “ომში რატომ არ ვებმებით?” _ ასე უპასუხა: ჩვენ სათადარიგო მოთამაშეები ვართ და სათადარიგო სკამზეც ვზივართ. ძირითადი მოთამაშეები რუსები და გერმანელები არიან. ჩვენ მათ გარედან ვუყურებთ. რომელი გუნდიც დაიღლება და რესურსი გამოელევა, მის ნაცვლად შევალთ მოედანზე და დაღლილ გუნდს ადვილად მოვუგებთ”. ამ პრინციპით მიჰყავდა თამაში მოკავშირეებს, რასაც კარგად ხვდებოდა სტალინი და სამოკავშირეო ხელშეკრულების დადების დღიდან პრინციპულად მოითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას.

1943 წელს, თეირანის კონფერენციაზე ჩასვლის მომენტში, სტალინს ბეჭებზე ჰყავდა გაკრული ჰიტლერი და სტალინგრადში გერმანიის გამარჯვების მზის ჩასვენებითა და წითელ მოედანზე სტალინგრადის გმირი მებრძოლების პატივსაცემად გასროლილი საარტილერიო ზალპით მსოფლიოსთვის დამტკიცებული ჰქონდა თავისი წინასწარმეტყველება, რომ “გაივლის ექვსი თვე, ერთი წელი, შეიძლება წელიწად-ნახევარი, რომ ჰიტლერს თავისი დანაშაულებრივი სიმძიმე გასრესს”. თეირანში სტალინი დიდი სამეულის, ერთ-ერთი წევრი კი არა, “ხაზეინი” იყო. სწორედ ირანის დედაქალაქში მოსთხოვა მოკავშირეებს მეორე ფრონტის დაწყების თარიღის დასახელება. და როდესაც მოკავშირეებმა ყოყმანი დაიწყეს, სტალინმა ვოროშილოვს მიმართა: “მე აქ სალაყბოდ არ ჩამოვსულვარ, უამრავი საქმე გვაქვს შინაც”. ფეხზე წამომდგარ სტალინს მორჩილად დაუწყო თხოვნა ჩერჩილმა და დაუსახელა მეორე ფრონტის გახსნის კონკრეტული თარიღი, შემდეგ კონფერენციამ მუშაობა განაგრძო. ამ ერთი კონკრეტული მომენტით დაიწყო ურთიერთობა “დიდმა სამეულმა”, რომლის წევრებმაც უამრავი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ სტალინის რკინის ხელმა ყველა ღალატისა და თვალთმაქცობის მცდელობა ძირშივე აღკვეთა. სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი წერილი, რომელიც სრულიად ახალ მასალებზეა აგებული და მოიცავს პერიოდს 1945 წლის მარტიდან სტალინის სიცოცხლის ბოლომდე _ 1953 წლის მარტამდე.

1945 წლის მარტში გენერალი კარლ ვოლფი საიდუმლოდ შეხვდა იტალიის ხელმძღვანელობას, რაც აგენტურულმა ქსელმა დაუყოვნებლივ აცნობა სტალინს. სტალინმა მოითხოვა, სასწრაფოდ დაეკავშირებინათ შვეიცარიაში მყოფ მოლოტოვთან, რომელსაც დაავალა, დაუყოვნებლივ გარკვეულიყო საქმეში და შედეგები მოეხსენებინა. მოლოტოვმა გაარკვია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ვოლფსა და იტალიის ხელმძღვანელობასთან საბჭოთა ოფიცრობა მიიწვიეს, სადაც გამოჩნდა გერმანელების უფლებამოსილი პირი. აღნიშნულის გამო საბჭოთა ოფიცრებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მოლოტოვმა სტალინს აცნობა, რომ ეს უბრალო “გაუგებრობა” კი არ იყო, არამედ უნდა განეხილათ, როგორც “უარესი”. მოლოტოვმა სტალინს სთხოვა, ეპასუხა, იყო თუ არა მისი გამგზავრება საჭირო სან-ფრანცისკოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის გამო. სტალინმა მოლოტოვს უარი განუცხადა ამერიკაში გამგზავრებაზე. სან-ფრანცისკოში მოლოტოვის წაუსვლელობამ ძალიან შეაშფოთა ჩერჩილი და რუზველტი. ამ პერიოდში სტალინს ესაუბრა დუაიტ ეიზენჰაუერი (იმხანად გენერალი), რომელმაც ბერლინის ოპერაციაზე სხვადასხვა საკითხი წამოწია, მაგრამ ბერლინის აღებაზე დიდი ყურადღება არ გაუმახვილებია და ის მეორეხარისხოვან საკითხად ჩათვალა. საუბრის დამთავრების შემდეგ სტალინი ჟუკოვსა და კონევს მოეთათბირა და მისცა საიდუმლო ინსტრუქცია, ნებისმიერ ფასად აეღოთ ბერლინი. რაც, ეიზენჰაუერისაგან განსხვავებით, უპირველეს საკითხად მიაჩნდა. დაძაბულობამ კულმინაციას 3 აპრილს მიაღწია და სტალინმა ამერიკის პრეზიდენტს წერილი მისწერა:

“თქვენ ამტკიცებთ, რომ მოლაპარაკება არ ყოფილა. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თქვენი ინფორმირება ჯერჯერობით სრულად არ მომხდარა. ჩემი სამხედრო კოლეგები კი დარწმუნებულნი არიან, რომ მოლაპარაკებები გაიმართა და დასრულდა გერმანელებთან შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც გერმანელი მარშალი კოსელრინგი ფრონტის გახსნას და ინგლის-ამერიკის ჯარების აღმოსავლეთისკენ გადაადგილებას დასთანხმდა. სამაგიეროდ, გერმანელებს მშვიდობის უზრუნველყოფას დაჰპირდნენ. ვფიქრობ, ჩემი კოლეგები სიმართლისგან არც ისე შორს არიან. ამის შემდეგ გერმანელებმა ინგლისისა და ამერიკის წინააღმდეგ ბრძოლები შეწყვიტეს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ომს მაინც განაგრძობენ”.

12 აპრილს რუზველტმა სტალინს გაუგზავნა საპასუხო წერილი, რომელშიც იგი ბრალდებებს უარყოფდა. იმავე დღეს, 12 აპრილს, რუზველტი გარდაიცვალა. როგორც ჩანს, სტალინი და მოლოტოვი დამწუხრებულები იყვნენ იმ ადამიანის დაკარგვით, რომელმაც საბჭოთა ხელმძღვანელობასთან ნდობის დასამყარებლად საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა. რუზველტისადმი პატივისცემის გამოსახატავად სტალინმა თავისი სიტყვა უკან წაიღო და თანხმობა განაცხადა, მოლოტოვი სანფრანცისკოს კონფერენციას დასწრებოდა. თანაც ეს რუზველტის უცნობი მემკვიდრის, ვიცეპრეზიდენტ ჰარი ტრუმენის გაცნობის შესაძლებლობაც იქნებოდა.

ვენისა და ბერლინის აღების კვალდაკვალ, სტალინის საგანგებო ბრძანებით, ისე გააკეთეს, რომ პრაღა გერმანელებისგან რუსებმა გაათავისუფლეს და არა ამერიკელებმა. ჩერჩილი გააფთრებით ადევნებდა თვალს, როგორ ეცემოდა ერთმანეთის მიყოლებით ცენტრალური ევროპის დედაქალაქები რუსი ჯარისკაცების წინაშე. იგი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ენტონი იდენს, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, წერდა საშინელი პერსპექტივის შესახებ, რომ მალე მთელი ევროპა რუსეთის ბატონობის ქვეშ აღმოჩნდებოდა. ეს კი ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა იქნებოდა.

ამავე ეტაპზე სტალინმა მიიღო ზომები, რომ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ევროპის მთავრობებს კომუნისტებთან, რადიკალურ და გლეხურ პარტიებთან ეთანამშრომლათ და შეექმნათ კოალიციები. ასეთი რამ მოხდა უნგრეთსა და ბულგარეთში, 1945 წლის მარტში ანალოგიური რამ კიდევ სამ ქვეყანაში გააკეთეს.

პოსტდამის კონფერენცია, 1945 წ.
პოსტდამის კონფერენცია, 1945 წ.

ლონდონიდან დაბრუნებული ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ბენეში იძულებული იყო, მოსკოვში შექმნილი სახალხო ფრონტი მიეღო. ამ გზით კომუნისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაიგდეს ხელში, რაც პოლიციისა და ჯარების კონტროლის შესაძლებლობას იძლეოდა. ამასთანავე, მათ ხელში აღმოჩნდა სამი სხვა სამინისტროც: სოფლის მეურნეობის, ინფორმაციისა და განათლების.

პოლონეთი საჯილდაო ქვად რჩებოდა. იგი თავსმოხვეულ რეჟიმს იმაზე მეტ წინააღმდეგობას უწევდა, ვიდრე ამას რუსეთი მოელოდა. მარტში რუსებმა პოლონეთის იატაკქვეშა მოძრაობის თექვსმეტი ლიდერი მიიწვიეს, რათა მათთან ერთად ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ემსჯელათ. იმუნიტეტის გარანტიების მიღების შემდეგ იატაკქვეშა მოძრაობის ლიდერები მარშალ ჟუკოვის შტაბში გამოცხადდნენ. ამის შემდეგ ისინი აღარავის უნახავს და რა დაემართათ, უცნობია.

აპრილის ბოლოს ჩერჩილმა სტალინს გაუგზავნა გრძელი წერილი, რომელშიც სწერდა, რომ, მართალია, ინგლისი პოლონეთის მთავრობას მხარს არასოდეს დაუჭერდა, მაგრამ მტრულად განწყობილ საბჭოთა კავშირს არ უნდა დავიწყებოდა, რომ ინგლისელები ომში პოლონეთის გამო ჩაებნენ. მათ არასოდეს დაავიწყდებოდათ, რომ ომი სამართლიანად დამთავრდა. ჩერჩილმა წერილი ასე დაასრულა: “არც ისე სასიამოვნოა, როცა თქვენ და თქვენი ქვეყნები ერთ მხარეს დგახართ; ისინი კი, ვინც ინგლისურენოვანი ქვეყნების გარშემო გაერთიანდნენ, _ მეორე მხარეს. სრულიად ნათელია, რომ მათი შეჯახება მსოფლიოს ნაკუწებად აქცევს… ხანგრძლივი პერიოდით საწინააღმდეგო პოლიტიკა, ლანძღვა და ეჭვიც კი კატასტროფა იქნებოდა მშვიდობიანი განვითარებისთვის”.

სტალინის პასუხი უკომპრომისო იყო და აჩვენებდა, რა ღრმა უფსკრული აშორებდა მათ. აუცილებელი იყო პოლონეთისათვის ანგარიშის გაწევა, როგორ მეზობლისთვის, და სსრკ-ის უსაფრთხოებისთვის. სტალინმა ჩერჩილს შეატყობინა, რომ თექვსმეტი დაკარგული პოლონელი წითელი არმიის მიმართ საფრთხისშემცველი ქმედებებისთვის იყო დაპატიმრებული და მალე სასამართლოს გადასცემდნენ. სტალინმა წერილი ასე დაასრულა: გულახდილად უნდა გითხრათ, რომ ასეთი პოზიცია პოლონეთის საკითხის შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს”.

იუგოსლავიის ლიდერ იოსებ ბროზ ტიტოს მცდელობები _ ტრიესტში გამაგრება და ავსტრიის მოკავშირულ-ერთობლივი ოკუპაციისთის მზადება _ ჩერჩილს აღელვებდა, ტრუმენი კი ჰარი ჰოპკინსის სპეციალური მისიით მოსკოვში ვიზიტზე დიდ იმედს ამყარებდა. სტალინი შეეცადა, სტუმრისათვის გამორჩეული მიღება მოეწყო და ჩერჩილის არყოფნით ესარგებლა. სტალინი კრემლში ჰოპკინსსა და აშშ-ის ელჩ ჰარიმანს ექვსჯერ შეხვდა, თანაც რამდენიმე შეხვედრა ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

განხილვები არაოფიციალური და მარტივი ხასიათის იყო. სტალინი მეგობრულობითა და გონივრული საუბრით გამოირჩეოდა, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებში არაფერს თმობდა. წარმოქმნილი გართულებები ჩერჩილს დააბრალა: “დიდ ბრიტანეთს საბჭოეთის საზღვრებზე “სანიტარული დერეფნის” სისტემის აღორძინება სურსო. ჩერჩილს შეეძლო ეთქვა, რომ ამის გაკეთება სტალინს სურდა, მაგრამ ჰოპკინსი საბჭოთა კავშირ-ამერიკის ურთიერთობების გადასარჩენად იყო ჩამოსული და არა ინგლისელების დანაშაულზე სადავოდ. მან სტალინს რამდენჯერმე გაუმეორა, რომ პოლონეთის საკითხი მნიშვნელოვანი იყო, როგორც ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი პრობლემა. მაშინ სტალინმა თქვა, რომ ამ პრობლემის გადაჭრა რთული არ იქნებოდა. მან პოლონეთის მთავრობის 25 თანამდებობიდან ოთხი თუ ხუთი ადგილი შესთავაზა იმ პირებს, რომლებიც ვარშავის იმჟამინდელ ჯგუფთან კავშირში არ ყოფილან და ჰოპკინსი დაარწმუნა, რომ დაცული იქნებოდა სიტყვის თავისუფლება და სხვა თავისუფლებები, რა თქმა უნდა, ფაშისტური იდეოლოგიისა და პარტიის გარდა.

ჰოპკინსი პოლონეთის საქმეებს კარგად არ იცნობდა. როგორც რობერტ შერვუდი ამბობს (ჰოპკინსის ჩანაწერების რედაქტორი), “მისთვის ისეთი სახელები იყო ცნობილი, როგორებიც გახლდათ მიკოლაიჩიკი და ლანგე, მაგრამ საკმარისი იყო, სხვა სახელები დაესახელებინათ, რომ მან უკვე აღარ იცოდა, ვინ რას წარმოადგენდა და სანდოები იყვნენ თუ არა ისინი”. როდესაც ჰოპკინსი თექვსმეტი ლიდერის ციხიდან გასათავისუფლებლად სტალინის დაყოლიებას ცდილობდა, სტალინმა თავი გააქნია, მას მართლმსაჯულების საქმეებში ჩარევა არ შეეძლო, მაგრამ იმედი ჰქონდა, სასჯელი ხანგრძლივი არ იქნებოდა. სტალინმა ჰოპკინსთან იმ ტაქტიკას მიმართა, რომელმაც იალტაში წარმატება მოუტანა. სანფრანცისკოს კონფერენციაზე საბჭოთა დელეგაციამ კვლავ გამოხატა იმ საკითხის მიმართ უკმაყოფილება, რომელსაც ამერიკელები იალტაში უკვე შეთანხმებულად თვლიდნენ. ვაშინგტონიდან მიღებული ინსტრუქციის მიხედვით, ჰოპკინსმა ამერიკელთა იმედგაცრუება გამოთქვა და სტალინს ამ საკითხის გადახედვა სთხოვა. როგორც ჰარიმანმა აღნიშნა, როდესაც საბჭოებთან საქმე გაქვს, ერთი და იმავე ცხენის ორჯერ საყიდლად მზად უნდა იყო.

ჰოპკინსისა და სტალინის მოლაპარაკებებმა ბევრი საკითხის გადაჭრა ვერ უზრუნველყო, თუმცა ჰოპკინსის ვიზიტს ფუჭად არ ჩაუვლია. სტალინმა უსაფრთხოების საბჭოს პროცედურის მიხედვით მოლოტოვის გადაწყვეტილება შეცვალა. ტრუმენი და ჩერჩილი პოლონეთის საკითხში საბჭოთა წინადადებას დათანხმდნენ. ყველაზე მეტი, რაც მათ შეძლეს, მიკოლაიჩიკისთვის ვიცეპრემიერის თანამდებობის მიღება იყო და ამის შემდეგ პოლონეთის მთავრობა აღიარეს.

ამრიგად, სანამ სამი ლიდერი 1945 წლის ივლისში გერმანიაში ერთმანეთს შეხვდებოდა, სტალინის დაჟინებამ და დიპლომატიურმა ოსტატობამ ყველანაირი წინააღმდეგობა გადალახა და იალტაში მოკავშირეების მიერ მიღებულ პოლონეთის საზღვრებს კიდევ ერთი პუნქტი დაამატა _ ეს იმ მთავრობის აღიარება იყო, რომლის შესახებაც პირველად 1943 წელს თეირანში ისაუბრა. ახლა უკვე მესამე პუნქტი უნდა შეეთანხმებინა _ საუბარია პოლონეთის დასავლეთის საზღვრებზე.

პოტსდამში ბოლო შეხვედრა 1945 წელს 16 ივლისი– 2 აგვისტოს პერიოდში გაიმართა. რუზველტს ჰარი ტრუმენი და მისი სახელმწიფო მდივანი ჯიმი ბირნსი ცვლიდნენ. შეხვედრების შუა ქარცეცხლში ჩერჩილი და იდენიც შეცვალეს. ასე რომ, სტალინი თავდაპირველი ტრიუმვირატის ერთადერთი უცვლელი მონაწილე აღმოჩნდა. განადგურებულ ბერლინს არ შეეძლო კონფერენციის მასპინძლობა.

შეიძლებოდა კი არნახული მასშტაბის განადგურებული ტერიტორიების აღდგენა და უსახლკაროდ დარჩენილი დაახლოებით 40 მლნ ადამიანისთვის თავშესაფრის მიცემა? _ აი საკითხი, რომელიც ბევრს აწუხებდა. ასეთი ვითარება იყო იმ პერიოდში, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება. ეს ის საკითხებია, რომელთა გადაჭრასაც სტალინი მთელი დარჩენილი ცხოვრება ცდილობდა _ როგორ უნდა აღგენილიყო ჩამოშლილი ეკონომიკა და კონტინენტის უსაფრთხოება.

იმის ნაცვლად, რომ ომისდროინდელი მოკავშირეების ძალების გაერთიანება მომხდარიყო, იმდროინდელი ევროპის მდგომარეობა დაუსრულებელი კამათის მიზეზად იქცა. ბრალდებებისა და კონტრბრალდებების სისტემა საგარეო საქმეთა სამინისტროებისთვის საკმაოდ ნაცნობი მოვლენა იყო. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პროპაგანდულ ომს კი ჯერ კიდევ პოტსდამში ჩაეყარა საფუძველი. ინგლისელები და ამერიკელები რუსული საოკუპაციო ჯარების სამხედროებისა და ადგილობრივი კომუნისტური პარტიების მხრიდან დასავლეთ ევროპაში მათი უფლებების დარღვევის შესახებ მოხსენებებს წარადგენდნენ. რუსები კი ამ ყველაფერს უარყოფდნენ და პასუხს მოითხოვდნენ იმაზე, რატომ თელავდნენ ინგლისელები დემოკრატიას ფეხქვეშ და საბერძნეთში ფაშისტებს მხარს რატომ უჭერდნენ.

კურსი, რომელზეც იალტის კონფერენციამდე ჯორჯ ქენენმა წერილში ილაპარაკა, საუკეთესო ვერ იქნებოდა “გავლენის სფეროს მიხედვით ევროპის შუაზე გაყოფა, რუსებისგან თავის შორს დაჭერა და მათი გვერდით გაწევა”. ეს კურსი იმას ნიშნავდა, რომ გერმანიის სრული გაყოფის აღიარება და დასავლეთ ევროპის ფედერაციის ჩამოყალიბება მომხდარიყო. ვინ იცის, ამ საკითხზე რომ შეთანხმებულიყვნენ 1945 წელს, შემდეგი უთანხმოებისთვის თავი აერიდებინათ. შეუძლებელია, სტალინს ოდესმე ეფიქრა, რომ დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან ამ გადაწყვეტილებებზე თანხმობას მოისმენდა. რისი იმედიც მას ჰქონდა, იყო ის, რომ იმავე შედეგისთვის ინტერვენციის დახმარებით მიეღწია. იმ შემთხვევაში, თუ პროცესი თანდათანობითი და დანაწევრებული იქნებოდა, სტალინმა გათვალა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები პროტესტს გამოთქვამდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიიღებდნენ, რადგან საუბარი უკვე მომხდარ ფაქტზე იქნებოდა.

თეირანის კონფერენციაზე, 1943 წ.
თეირანის კონფერენციაზე, 1943 წ.

სტალინის გათვლების სისწორეს ორი კითხვიდან გვიჩვენებს ის ერთი პასუხი, რომელზეც ყველაზე დიდი დრო დაიხარჯა და პოტსდამში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ეს იყო პოლონეთის დასავლეთ საზღვრების საკითხი. ამერიკელები და ინგლისელები იალტაში დათანხმდნენ, რომ პოლონეთი აღმოსავლეთში რუსეთის სასარგებლოდ ტერიტორიული დანაკარგის გამო კომპენსაციას მიიღებდა. დასავლეთ სახელმწიფოებმა თავისდა გასაკვირად ნახეს, რომ ინფორმირებისა და მათთან კონსულტაციების გარეშე რუსებს ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია სტალინსა და ჩერჩილს შორის დაპირისპირება, მაგრამ ის, რომ წითელმა არმიამ ყველა იმ ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, რომელთა შესახებაც იყო საუბარი, გადამწყვეტი აღმოჩნდა. ინგლისელები და ამერიკელები ომის დამთავრების შემდეგ რუსებსა და პოლონელებს ტერიტორის იძულებით დატოვებას აღარ აიძულებდნენ.

სხვა მთავარმა საკითხმა კი აჩვენა, რომ სტალინის გათვლები გამოყენებული არ იყო იმ რაიონებისთვის, რომლებიც სხვა სახელმწიფოების მიერ იყო ოკუპირებული. კონფერენციის დაწყებამდე რუსებმა საკუთარი ზონებიდან ყველაფრის გატანა დაიწყეს, რისი გატანაც კი შეიძლებოდა, მაგრამ სხვა სახელმწიფოები გერმანიის რეპარაციაზე უარის თქმას არ აპირებდნენ. რუსებმა 10 მლრდ დოლარი, რომელსაც მოთხოვდნენ, ვერ მიიღეს და იძულებულნი იყვნენ, იმ პრინციპებს დათანხმებოდნენ, რომელთა მიხედვითაც თითოეულ სახელმწიფოს თავისი რეპარაციული მოთხოვნები საკუთარ ტერიტორიაზე უნდა დაეკმაყოფილებინა, ამას ემატებოდა დასავლეთ ზონებში საწარმოო დანადგარების პროცენტი. შედეგად, ეს დამატება საკამათო შეიქნა და საბჭოელებმა, დასავლეთ ზონიდან აღებული რეპარაციის გარდა, ბევრი ვერაფერი მოიგეს.

პოტსდამში ჩასვლიდან მეორე დღეს ტრუმენს შეატყობინეს, რომ აშშ-ის პოლიგონზე, ნიუ-მექსიკოში, ატომური ბომბი წარმატებით ააფეთქეს. ამერიკელებმა ინგლისელებთან ხანგრძლივი სჯა-ბაასის შემდეგ მოილაპარაკეს, რომ სტალინისთვის შეეხსენებინათ: “მოკავშირეებს არნახული გამანადგურებელი ძალის მქონე ახალი იარაღი აქვთ”, მაგრამ ამ ძალის საიდუმლო არ უნდა გაემხილათ. სტალინმა თქვა, რომ ამის მოსმენა ძალიან უხარია, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ გამოუჩენია. ამან ჩერჩილი და დანარჩენები დაარწმუნა, რომ სტალინმა ინგლის-ამერიკული ატომური იარაღის შესახებ არაფერი იცოდა. რა თქმა უნდა, ისინი ცდებოდნენ. თავის მხრივ, სწორედ მათ არ იცოდნენ არაფერი რუსული ატომური პროექტის შესახებ მანამდე, სანამ, მათდა გასაოცრად, 1949 წელს საბჭოთა ატომური მოწყობილობა წარმატებით არ გამოსცადეს.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ცალსახაა, რომ სტალინი ღმერთის მიერ მოვლენილი გენია იყო, რომ გადერჩინა რუსეთი. და რუსეთი გადარჩა! სტალინის ფენომენში ეს ცალსახად იკითხება.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here