მთავარი ისტორია სტალინი და საქართველოს მარკშაიდერი პრეზიდენტი

სტალინი და საქართველოს მარკშაიდერი პრეზიდენტი

ბერნარდ შოუს სიტყვები რომ გცოდნოდათ, მარკშაიდერო, იმ სისულელეს ხომ არ წამოროშავდით, რომლისთვისაც დაგცინიან?!

769
გააზიარეთ
სტალინი

ქალბატონო პრეზიდენტო, ვფიქრობ, დღეიდან თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, ნაწილობრივ მაინც, ვინ იყო სტალინი. თქვენ ჩვენს სახელოვან წინაპრებს ცილი კი არ უნდა დასწამოთ, არამედ ჩახვიდეთ გორში, სტალინის სახლმუზეუმში და მაშინ მიხვდებით, ვის ქვეყანაში ცხოვრობთ. თქვენ უნდა მოიშოროთ იმ ქარაქუცა მენშევიკების შურისძიების გულში ჩარჩენილი ბოღმა, რომელსაც ხშირად ანთხევთ ამ გაუბედურებულ საზოგადოებაში და სტალინის ლანძღვით კიდევ უფრო აღვივებთ ხალხის გაღიზიანებას ხელისუფლების მიმართ.

ვერ დავიჯერებ, არ იცოდით, რომ სტალინი რუსულ ენას მშვენივრად ფლობდა. პირველი დაწყებითი სკოლა გორში, რომელიც სოსო ჯუღაშვილმა ფრიადზე დაამთავრა, რუსულენოვანი იყო. უმკაცრესი რეჟიმით ასწავლიდნენ რუსულ ენას იმ სემინარიაში, რომლის კედლებშიც სოსო ჯუღაშვილმა ოთხი წელი გაატარა. ამას ემატება ციმბირში შვიდჯერ გადასახლება და ოთხ წლის განმავლობაში ტურუხანსკში ცხოვრება. ამ გადასახლებიდან ის მხოლოდ 1917 წლის რევოლუციამ გაათავისუფლა. სტალინი 1917 წლის აპრილში ჩავიდა პეტერბურგში და იმავე წლის სექტემბრიდან იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ მრავალტირაჟიან ბეჭდურ გამოცემა “პრავდას” რედაქტორობდა.

ქალბატონო პრეზიდენტო, სტალინს თქვენზე ძლიერი და დიდი ფესვები რომ ჰქონია საქართველოში, ამაში, მგონი, დარწმუნდით. სტალინმა თქვენზე და სხვებზე უკეთესად რომ იცოდა რუსული ენა, ვფიქრობ, ესეც გასაგები უნდა იყოს თქვენთვისა და თქვენნაირებისთვის. ქართული ზედმიწევნით რომ იცოდა და ენათმეცნიერებაშიც თავისი წვლილი რომ აქვს შეტანილი, ესეც ხომ დადასტურებულია?!

თქვენ საქართველოში ღრუბლის მოვალეობის შემსრულებლად ჩამოგიყვანეს, საქართველოს პოლიტიკის მზეს რომ გადაეფაროთ, ქვეყანა და ხალხი ჩრდილში მოაქციოთ, მაგრამ ისევ თქვენი ქვეყნის წარმომადგენლის, ფრანგი ჟურნალისტის ნათქვამს შეგახსენებთ: ხელისგულით მზე ვერ დაიფარება”…

შემრცხვა, როდესაც ნაპოლეონის არმიის შთამომავლებს ბეჭებში მოხრილმა და თავჩაღუნულმა ჩაუარეთ წინ, ხოლო საბავშვო ფილმის სიუჟეტი მეგონა, როდესაც ავღანეთში თვითმფრინავის ფონზე პოზირებდით.

როცა თქვენ ფრანგ ჟურნალისტს პოლიტიკაზე, საქართველოსა და სტალინზე ესაუბრებოდით, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ტელეარხ “კავკასიის” ეთერში იჯდა. პარლამენტის ყოფილი თავმჟდომარე, ამჟამად პარტია “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმიტომ გავიხსენე, რომ ის თქვენს ადგილას სხვანაირ პასუხს გასცემდა ფრანგ ჟურნალისტს, ისეთს, როგორიც გარკვეული ხნის წინათ გასცა ცნობილ ჟურნალისტსა და ტელეწამყვან ვლადიმერ პოზნერს რუსეთის პირველ არხზე მის საავტორო გადაცემაში მონაწილეობისას. პოზნერის კითხვაზე _ როგორია თქვენი დამოკიდებულება სტალინის მიმართ, ნინო ბურჯანაძემ უპასუხა: “საქართველოში სტალინის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა. არიან ადამიანები, რომლებიც მას დიდ პატივს სცემენ და ამაყობენ კიდეც მისი ქართული წარმომავლობის გამო, თუმცა საკამათოა, რამდენად იყო მასში მხოლოდ ქართული ხასიათი. არიან ადამიანები, რომლებიც მას ძალიან აკრიტიკებენ. ვფიქრობ, ის გამორჩეული, არაორდინარული ადამიანი იყო, ის პიროვნება გახლდათ და ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა. ის მსოფლიო ისტორიის ლიდერებს შორის არ იყო ყველაზე სისხლისმსმელი, ისევე, როგორც ბოლშევიკებს შორის, თუმცა იმ დროს საშინელი დანაშაულები ხდებოდა. მაგრამ საკითხავია, ჰქონდა კი მას სხვა არჩევანი? ის საინტერესო პიროვნებაა, თუმცა, როცა დიდ ადამიანზე ვსაუბრობთ, მაინც ვისურვებდი, რომ მათ ბოროტება არ ჩაედინათ”.

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

ჩამოდიოდა თუ არა სტალინი საქართველოში?

1925-დან 1940 წლამდე სტალინი ყოველწლიურად 48 დღის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი არათუ საქართველოსთვის, ძილისთვისაც კი ვერ იცლიდა. ომის დამთავრებისთანავე, 1945 წლის სექტემბრიდან 1952 წლის შემოდგომამდე, სტალინი ყოველწლიურად ჩამოდიოდა სამშობლოში და აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნის შრომით საქმიანობაში _ დაწყებული წვრილმანებით, დამთავრებული თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობით.

გამოდის, თქვენი ყველა სიტყვა მოკლებულია რეალობას და შურისძიებით დაბრმავებულს გსურთ, ტალახი ესროლოთ სტალინს და ლაფში ამოსვაროთ საქართველოს სახელი; შური იძიოთ თქვენი წინაპრების საქართველოდან გაძევებისთვის, მაგრამ ისინი საქართველოდან არავის გაუძევებია, თვითონ გაიქცნენ და გაიტაცეს საქართველოს საგანძური _ ოქროს ზოდები, ჯვარხატები, ძვირფასი სურათები და ყველაფერი, რაც კი რამ ღირებული იპოვეს.

აი ამ საკითხზე კი ცოტა ვრცლად:

1921 წლის 21 თებერვალს, დილის 8 საათზე, მენშევიკურმა მთავრობამ თბილისის უნივერსიტეტის შენობიდან ეროვნული განძის დიდი ნაწილი გაიტაცა ქუთაისის მიმართულებით. განძის გამტაცებელთა მეგზურები იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ ელიგულაშვილი. რა წაიღო მენშევიკურმა მთავრობამ ემიგრაციაში, ამაზე წარმოდგენას გვიქმნის გივი ჟორდანიას კვლევა, რომელიც მოცემულია წიგნში დაბრუნებული საუნჯე”. მინდა, მკითხველს ზუსტად მივაწოდო ჩანაწერი, ისე, როგორც ეს კვლევაშია მოცემული.

ოქმი 1921 წლის 21 თებერვლითაა დათარიღებული და მასში აღრიცხულია: 70 ყუთი და 507 ტომარა ფულით, 11 ტომარა საეკლესიო ნივთებით, 19 ჩანთა ოქროთი, 5 ჩანთა ვერცხლითა და ბოლოს _ 6 ხატი. მოგვიანებით ყველა დოკუმენტში იხსენიება, რომ სახაზინო, ანუ სავალუტო ქონება ჩალაგებული ყოფილა 100 ყუთსა და 12 ტომარაში (ხოლო სტამბოლში ამ 12 ტომრის ქონება გადაულაგებიათ ამდენივე ყუთში). როგორც ეტყობა, 30 ყუთში გადაულაგებიათ ტომრებისა და ჩანთების ქონება, ამას გარდა, დარჩენილა კიდევ ქონება, რომელიც ჩალაგებული ყოფილა 12 ტომარაში.

სად გადაალაგეს ტომრები და ჩანთები დიდ ყუთებში, ძნელი სათქმელია. შეიძლება ეს გააკეთეს ქუთაისის ხაზინაში, შესაძლებელია, თბილისშივე. და ის გარემოება, რომ ზემოხსენებულ ოქმში მაინც მოიხსენიეს, ყუთებისგან განსხვავებით, 518 ტომარა და 24 ჩანთა, ალბათ, იმით შეიძლება აიხსნას, რომ ეს ტომრები და ჩანთები გაუხსნელად ჩაალაგეს ყუთებში, გარდა 12 ტომრისა. თუ ტომრებისა და ჩანთების ყუთებში ჩალაგებას ჰქონდა ადგილი თბილისში, მაშინ თბილისიდან გატანილი იქნებოდა 154 დიდი ყუთი, 12 ტომარა, ერთი დიდი კალათი და ერთიც სურათების შეკვრა. ესე იგი, სულ 168 საცავი ერთეული; ხოლო, თუ გადალაგება ქუთაისში მოხდა, მაშინ გამოდის, რომ თბილისიდან გაუტანიათ 124 დიდი ყუთი, 518 ტომარა, 24 ჩანთა, ერთი დიდი კალათი და ერთიც სურათების შეკვრა, ესე იგი, 668 საცავი ერთეული” (გ. ჟორდანია, “დაბრუნებული საუნჯე”, გვ. 42).

ეროვნულმა განძმა თბილისიდან ქუთაისში ჩააღწია. ქუთაისის ხაზინაში ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ ელიგულაშვილი კიდევ ერთხელ ათვალიერებენ და ყუთებში აწყობენ ეკლესია-მონასტრების საგანძურს, ამას თვალყურს ადევნებდა მენშევიკური მთავრობის ფინანსთა მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი, რომელსაც ახლდა ბეკი _ თბილისის ხაზინის გამგე.

“ქუთაისის ხაზინის გამგემ მათ უჩვენა რამდენიმე ყუთი დაუთხრა: “გელათის მონასტრიდან გაახლათ მიტროპოლიტ ნაზარის მიერ დანიშნულმა ეკლესიის წარმომადგენლებმა, მოიტანეს ამ რამდენიმე დღის წინათ, თქვენს განკარგულებას ველოდებით” (ელიზბარ უბილავა. “განძის გუშაგი”, გვ. 30).

ძვირფასო მკითხველო, ეს ის ყუთები და ის განძია, რომელიც ჟორდანიას პირადმა წარმომადგენელმა (ვფიქრობ, ეს ექვთიმე თაყაიშვილი იყო _ გრ. ონიანი) პოლიციელთა თანხლებით გამოიტანა გელათის მონასტრიდან და “ტყემლის ტყლაპების” ყუთებით ქუთაისის ხაზინაში მიიტანა, რის გამოც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ, სინოდის წევრებთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მისსავე კაბინეტში ანათემას გადასცა.

1921 წლის 1 მარტს ექვთიმე თაყაიშვილს მისცეს ოფიციალური ცნობა ფრანგულ ენაზე ნათარგმნი: რომ მას, ექვთიმე თაყაიშვილს, მიაქვს საზღვარგარეთ მენშევიკური მთავრობის კუთვნილი ოქროვერცხლიზოდებად და მონეტებადისე, როგორც სხვა ძვირფასი ნივთები, რათა ჩააბაროს ისინი ევროპის ბანკებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით”. “და, რომ ამ განძისგამგებლობისუფლება ეკუთვნის აღნიშნული რესპუბლიკის მთავრობას”. რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართული განძის პატრონად ცხადდებოდა მენშევიკური მთავრობა (გ. ჟორდანია, დაბრუნებული საუნჯე”, გვ. 44).

არ მოიპოვება იმ საგანძურისა და ფასეულობების ჩამონათვალი, რომლებიც ქუთაისის ხაზინიდან გაიზიდა. არ არის აღრიცხული, რამდენი კილოგრამი იყო ოქრო ზოდებად ან მონეტებად. მათი ზომის ერთეულებია მხოლოდ “ტომრები”, “ჩანთები”, “ყუთები”, “კალათები” და “შეკვრები”, რომლებსაც არათუ ზომა და წონა უწერია, არამედ გატანის მომენტში თვით განძეულის დასახელებაც არ არის მითითებული, რაზეც ასე წუხდა შემდგომ “განძის გუშაგი”:

“მუზეუმებმა ვერ მოასწრეს საევაკუაციო ნივთების სიის შედგენა და ყუთების გასაღებების გადმოცემაც. ევაკუაცია მოულოდნელი იყო”, _ წერს ექვთიმე 1935 წლის მაისში პარიზში დაწერილ სტატიაში “ერთი შეკითხვის გამო” (გ. ჟორდანია, “დაბრუნებული საუნჯე”, გვ. 34).

სიმონ ჯანაშიას მოხსენებიდან ირკვევა: “არავითარი დოკუმენტი განძეულობისა თვით საცავებიდან ამოღებისა და გადაბარება-ჩაბარებისა არ შემონახულა. და, როგორც მცოდნე პირები მოწმობენ, არც ყოფილა ოდესმე შემონახული” (სახ. არქ. # 2233 ფ. 60. გვ.12).

“სია საფრანგეთში გაკეთებული ყოფილა 1934 წლის მაისში, როდესაც შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით ეს განძეულობა ჩაიბარა საფრანგეთის მთავრობამ. ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა იგი 1944 წლის ნოემბრამდის” (სახ, არქ. # 2233 ფ.60. გვ, 60).

აქტი

სამუზეუმო ფასეულობათა მიმღები კომისიისა

დღეს, 14 ივნისს, მუზეუმ “მეტეხის” მცირე ხელოვნების განყოფილების გამგემ, მეცნიერების დამსახურებულმა მოღვაწემ იროდიონ სონღულაშვილმა კომისიაში წარმოადგინა სამუზეუმო ფასეულობათა სიები და ოქმი ფრანგულ ენაზე, რომელიც შედგენილი ყოფილა პარიზში 1944 წლის 9 დეკემბერს, აღნიშნულ ქართულ სამუზეუმო ფასეულობათა საფრანგეთის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის წარმომადგენელთა მიერ საბჭოთა საკონსულოსთვის გადაცემის თაობაზე პარიზში.

აღნიშნული დოკუმენტები ამხ. ირ. სონღულაშვილისთვის გადაუცია მუზეუმ “მეტეხის” დირექტორს, პროფ. შ. ამირანაშვილს 1945 წლის ივნისის 13-ს, საღამოთი. კომისიის წევრები ადასტურებენ, რომ, მიუხედავად მათი მრავალგზისი შეკითხვისა, არსებობს თუ არა გადაცემა-მიღების აქტი, ამხ. ირ. სონღულაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესახებ, მათ პირველად გაიგეს 1945 წ. 13 ივნისს, დღისით ამხ. პ. შარიასგან, ხოლო პირადად მიიღეს ხელთ ეს დოკუმენტები დღეს, 1945 წლის 14 ივნისს”.

აქტს ხელს აწერენ:

კომისიის თავმჯდომარე:

. ჯანაშია.

წევრები: . ჭილაია, . მგალობლიშვილი.

კომისიის მდივანი:

. აფაქიძე.

(სახ. არქ, #2233 ფ. 60 გვ 93).

ვიდრე განძს გაიტაცებდნენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ განმეორებით მისწერა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას, რათა მას ხელი აეღო ეკლესიებიდან განძის გამოტანაზე და მისი დატაცების მცდელობაზე, რაც დაწვრილებით აქვს გადმოცემული ბატონ სერგო ვარდოსანიძეს თავის კვლევაში:

“დიდად პატივცემულო ნოე ნიკოლოზის-ძევ!

ტელეფონოგრამით, რომელიც თქვენი სახელით გადმომცა ტრიფონ ჯაფარიძემ ნოემბრის 26-ს, თქვენ მითვლიდით: “დღეს ან ხვალ ქუთაისიდან დაბრუნდება ჩემი რწმუნებული და მაშინ დაწვრილებით გეცოდინებათ გელათის ამბები”. დღეს, დეკემბრის 5-ს, თქვენი რწმუნეული, კარგა ხანია, დაბრუნდა და თბილისში იმყოფება, მაგრამ მე მაინც ღირსი არ გავხდი თქვენგან აღთქმული ცნობების მიღებისა! დღეიდან ეს ცნობები აღარ მჭირდება, მე უკვე მივიღე სრულებით საიმედო წყაროდან საჭირო ცნობები მთელი სისრულით.

ვცდილობ, მივხვდე, რამ გაიძულათ თბილისიდან რწმუნებულის გაგზავნა გელათში მონასტრის განძეულობის გადმოსატანად. ვერ გამიგია, ვერ მივმხვდარვარ, ვერ გავრკვეულვარ, ეს რა ჩაგიდენიათ და როგორ აგიყირავებიათ ყველაფერი. უეჭველია, თქვენ მიმითითებთ სოციალ-დემოკრატების გაზეთებში მოყვანილ ცნობაზე გელათის მონასტრის ვითომდა ბერებისაგან გაძარცვის შესახებ, მაგრამ ეს საბუთები არ გამოგადგებათ, რადგანაც დღეს ჩვენში სამი წლის ბავშმაც კი კარგად იცის, რა ღირებულებების და სისწორის ცნობებიც იბეჭდება ეკლესიებზე სოციალისტების ორგანოებში…

… ნუთუ ჩემი მდგომარეობა, როგორც საქართველოს მთელი მორწმუნე მოსახლეობის მამამთავრისა და საზოგადო მოღვაწისა, საბუთია თქვენთვის იმისი, რომ არაფერი ანგარიში არ გამიწიოთ, ჩვარივით მთელოთ და, ჩემდა სრულებით დაუკითხავად, ზიდოთ ტომრებით თქვენს ძირგავარდნილ ხაზინებში, ვითომდა დასაცველად, სასწაულმოქმედი ხატები, ჯვრები, წმინდა ნაწილები, შესამოსლები, ბარძიმ-ფეშხუმები და სხვ. არც სიცოცხლე, არც გონება და არც მორწმუნე ერისაგან მინიჭებული უფლებამოსილება, ღვთის მადლით, ჯერჯერობით არ დამიკარგავს და ვერ გამიგია, რომელი უფლებით გინებებიათ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის აღება ხელში და ბრძანების გაცემა, ასეთი რამეების გამოტანა გელათის მონასტრიდან, რასაც მორწმუნენი მუხლს უყრიან, წმინდა სანთელს უნთებენ და, თუ ეხებიან, მარტო მხოლოდ და მხოლოდ დიდი კრძალვამოწიწებით, ამბორის ყოფით, ისიც სამღვდელო პირთა დახმარებით და არა სხვა რომელიმე სახით. განა თქვენ გქონდათ ან დღეს გაქვთ იმის საბუთი, რომ შეიარაღებული მილიციონერების რაზმით შეჭრილიყავით მონასტერში ცნობის მიუცემლად და სრულებით დაუკჯითხავად ქუთაისის ეპარქიული მწყემსმთავრისა, რომელსაც ასეთი თქვენი საქციელით პატივისცემას უკარგავთ და საზოგადოების თვალში სახავთ ნდობადაკარგულ საეჭვო პირად? თქვენ შეუფერხებლად შეეხეთ და შეურაცხყავით მორწმუნეთა სინდისი, იმ ხალხისა, რომელიც ეკლესიის ეზოდან გამოსული ფეხს იბერტყავს, წმინდა ადგილის მტვერი არ გამყვესო, რომელიც ეკლესიის ეზოში ნაპოვნ ლურსმანს ხელს არ ჰკიდებს, ღვთისა არისო, თქვენ აბუჩად იგდებთ, როდესაც მის სალოცავ და სათაყვანო წმინდა ნაწილებით სავსე ხატებს, ჯვრებსა და ბარძიმ-ფეშხუმებს ტყემლის ტყლაპების ყუთებში აყრევინებთ უბრალონაირების მსგავსად თქვენგან გაგზავნილ საერო პირს. განა ეს, თქვენის მხრით, სხვისი სვინდისის შეგინება არ არის მორწმუნეთათვის და ბრძოლაში გამოსაწვევი ხელთათმანის გადაგდება არ არის? ნუთუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამგვარ პროფანაციას მორწმუნე ქართველობა აპატიებს და შეარჩენს ვინმეს?! სასტიკად ცდებით. გელათში დანთებულია თქვენგან ისეთი ცეცხლი, რომელიც, თუ ეხლავე თქვენივე ხელით არ ჩააქრეთ, სულ ჩქარა ცაში ავარდნილი გრანდიოზული ჭიაკოკონა წითლად შეღებავს მთელ საქართველოს და ამ კოცონის გარშემო მომუშავე ქრისტიანებს გვერდში ამოუდგებიან მაჰმადიანი ქართველებიც, რომლებიც ხმამაღლა გაიძახიან: სოციალისტები თავიანთი ჯურის ეკლესიას რომ სპობენ, განა ჩვენ კი სიკეთეს დაგვაყრიან, ჩვენ კი არ შეგვიბილწავენ მეჩეთებსა და ყურანს? თქვენ გაგეცინათ ამაზე, მაგრამ მოგახსენებთ, რომ თქვენი გაცინება თუ რისხვა არ აჩერებს არც მტკვარს და არც სხვა რომელიმე მდინარეს.

გული სისხლით მეწურება, როდესაც ვითვალისწინებ თქვენგან ჩადენილი ფაქტის შესაძლო სავალალო შედეგებს და სამშობლოს სახელით გემუდარებით, ნუ გაამწვავებთ ამ საქმეს, ნუ გაიტანთ გელათიდან საეკლესიო ნივთების გამოტანის ამბავს ფართო საზოგადოებაში, ინებეთ უკანვე მიბრუნება მონასტერში განძეულობისა და ყველაფერი თავისთავად მიჩუმდება, თორემ იცოდეთ, სავსებით გამომჟღავნება ხალხში თქვენი განკარგულება, რომელიც ნავთის ტბაში ანთებული ასანთის გადასროლა იქნება.

თუ გელათის მონასტერს არ დაუბრუნდება მისი საკუთრება, ვერც მე შემიძლია გაჩუმება და ამ შემთხვევისთვის ვიტოვებ მოქმედებათა თავისუფლებას. თქვენთვის უცნობი არ არის ქართული დიდი მოთმინება და მოკრძალება, ამ ენითა და კილოთი არასოდეს მილაპარაკნია თქვენთან, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს საზღვარი აქვს: უკანასკნელი საქციელით თქვენ შარაზე დასვით ყოფნა-არყოფნის საკითხი ქართული ეკლესიისა, ურომლისოდაც ერთ წამსაც არ მსურს სიცოცხლე, და ასეთ შემთხვევაში ჩემი გაჩუმება იქნებოდა ღალატი. თქვენგან უსამართლოდ უფლებააყრილი, შეურაცხყოფილი კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე”.

“1920 წლის ივლისში თბილისში გამართულ მეორე საეკლესიო კრებაზე მოწვეული იქნა პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი. მისი სურვილი იყო, შეეგონებინა კრებისთვის, რომ საქართველოს ეკლესიებიდან და მონასტრებიდან გადმოეცათ მღვდლებს მთავრობის მოთხოვნილებისამებრ მამაპაპათგან დღემდე დაცული სიწმინდეგანძეულობა, მაგრამ ექვთიმეს კრება დაუპირისპირდა, მათ შორის, კათალიკოსპატრიარქი ლეონიდეც (ამონარიდი მოძღვარ ნიკიტა თალაკვაძის ნაშრომიდან).

მენშევიკური მთავრობის საქმიანობამ ეკლესია-მონასტრების ძარცვისა და შევიწროების საქმეში კულმინაციას მიაღწია, რის გამოც საკათალიკოსო საბჭო, მთლიანად მრევლი და თვით კათალიკოს-პატრიარქი აღშფოთებას ვერ მალავდნენ. გაგზავნილ წერილებზე პასუხის მიუღებლობითა და ეკლესიების ძარცვით შეწუხებული კათალიკოსპატრიარქი ლეონიდე საეკლესიო საბჭოს რამდენიმე წევრთან ერთად მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას კაბინეტში ეახლა და ასე მიმართა:

ბატონო ნოე ნიკოლოზისძევ! თქვენ წინ დგანან საქართველოს თავისუფალი და დამოუკიდებელი ეკლესიის თავი, ამ ეკლესიის მუდმივი საღვთო კრების წევრები და ამ სამი დღის წინათ დასრულებული მცხეთათბილისიურბნისის საეპარქიო კრების დელეგატთა წარმომადგენლები. ამ შემადგენლობით მოვედით თქვენთან იმ მიზნით, რომ გაგიმეოროთ: ჩემ და საეკლესიო უზენაესი ორგანოს და ქუთაისის მღვდელთმთავრის დაუკითხავად, თქვენს რწმუნებულს გადაუზიდია გელათიდან ქუთაისის ხაზინაში ჯვრები, ხატები, წმინდა ნაწილები და სხვ. 25 ნოემბერს ტელეფონოგრამით გთხოვეთ განკარგულება ნივთების უკანვე დაბრუნებისათვის. თქვენ აღმითქვით დამაკმაყოფილებელი პასუხის მოცემა რწმუნებულის დაბრუნების შემდეგ, მაგრამ მე ასეთი არ მიმიღია, თუმცა თქვენი რწმუნებული, დიდი ხანია, დაბრუნდა თბილისში. ამის გამო მე გიცხადებთ უღრმეს გულისწყრომას და უსასტიკეს გაკიცხვას!”

ქალბატონო პრეზიდენტო, უცხოეთში წაღებული 248 ყუთი საგანძურიდან მხოლოდ 39 ყუთი გადაურჩა თქვენს მენშევიკ წინაპრებს და ისიც სტალინის დამსახურებითა და დახმარებით დაუბრუნდა საქართველოს.

ქალბატონო სალომე, თქვენი წინაპრების მენშევიკური წარსულითა და ემიგრანტობით კი არ უნდა ამაყობდეთ, არამედ უნდა გრცხვენოდეთ, რომ ხართ საქართველოს გამყიდველი და ქართველი ხალხის მძარცველი მენშევიკური ხელისუფლების წარმომადგენელთა შთამომავალი. და ბინძური ხელები შორს უნდა დაიჭიროთ სტალინის წმინდა სახელისგან.

აქ რაც დავწერე, ფრანგულად ვთარგმნი და გავგზავნი იმ რადიოსადგურში, რომელშიც თქვენ იყავით მიბრძანებული.

გრიგოლ ონიანი

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. კარგია ვიღაცამ ბოლოსდა ბოლოს ხომუნდათქვას სიმართლე,რაიცით შეიძლება ქალბატონმა პრეზიდენტმაც გაიგოს.

  2. სალომეც შესაბრალისია და ბრალეული სხვაც, ისინი ხომ თავიანთ თავს არ ეკუთვნოდნენ და არ ეკუთვნიან, მათ მბრძანებლები სხვები ჰყავთ, რომელთა ბრძანებას წინ ვერ უდგებიან, რადგან მათ სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. ისინი ხსნას ელიან ერისგან, ერი კი გონზე ვერ მოსულა და ვერ უპოვია გამოსავალი – გზა, არა მარტო მათი, არამედ მთელი ქვეყნის გამოხსნისა, მათ მარწუხებში რომ ასე დაუნდობლად მოქცეულა. არადა ეს გზა ჭეშმარიტად არსებობს, თანაც მეტად სასიამოვნო ყველასთვის, თვით იმ გაუმაძღარი ბობოლებისთვისაც კი. ეს გზა ღმერთის მიერ მოცემული წესით არჩევნების ჩატარებაა, რითაც სათავეში ყოველთვის რჩეულთა შორის რჩეულნი მოვლენ და ქვეყანა ყოველთვის კეთილად წარიმართება.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here