Home რუბრიკები საზოგადოება “საქართველო დაიღალა, საქართველო ბერდება”

“საქართველო დაიღალა, საქართველო ბერდება”

2752
ეთერ თათარაიძე

ყველას ახლად შობა უნდ,

მე რად ძველისკ მაბრუნებ,

სულო ბედისწერაო?

ყველა ახალ ბუდეს ღობს,

მე რად უფრო მენატრებ,

დანახავსარ კერაო?

ეთერ თათარაიძე

იმ საღამოს მოვუსმინე ეთერ თათარაიძეს. ტელეეთერში. საქვეყნოდ ცნობილ მეცნიერფოლკლორისტს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელს, პოეტს, მრავალი წიგნის _ მეცნიერული ნაშრომებისა და ლექსების კრებულების ავტორს. “უნივერსიტეტიდან მახსოვს პატარა თუში გოგო, რომელიც მოკრძალებით იდგა მისაღებ გამოცდაზე და რადგან ვერ ჩაეწერა ამ ხისტი პროცედურის სტანდარტებში, მიუხურეს ალმამატერის კარნი. ვერ გაუგეს, ან არ მოინდომეს, გაეგოთ…”

ვუკითხავ წინდაწინ მომზადებულ ამ ტექსტს, ინტერვიუს ლიდად რომ უნდა წარვუმძღვარო (მოვემზადე), და პირველ ჩასწორებაზე პირველი შეკითხვის დასმამდე კინაღამ წავიმტვრიე კისერი:

_ მეშვიდედ ვიდექი მისაღებ გამოცდებზე უნივერსიტეტში, _ განმარტავს ეთერი, _ ჩემი სასკოლო ატესტატი 4,5 ქულა იყო, არც ოქროს, არც ვერცხლის მედალზე არ დამიმთავრებია. გამოცდებზე მიღებულ ქულებს ატესტატის ქულებიც ემატებოდა. ბევრჯერ ნახევარი ქულა დამაკლდა, ერთ-ნახევარიც დამაკლდა ზოგ წელს. ბოლოს მივიღე ორიანი.

_ მეექვსე მცდელობაზე?

_ დიახ. ქართული ენისა და ლიტერატურის წერით გამოცდაზე.

_ თემა?

_ “ბუნება ვაჟა-ფშაველასთან”. მუხლები 15 წუთს სიხარულისგან მიკანკალებდა, თემა რომ გამოგვიცხადეს. ალბათ, უფალმა გამომიგზავნა და ახლა კი ნამდვილად მივიღებ-მეთქი ხუთიანს, მაგრამ ორიანი დამიწერეს. გავასაჩივრე და რა აღმოჩნდა, იცით? ვაჟას დაუწერეს ორიანი _ მისი ციტატები ჩაასწორეს(!). ერთი ციტატა, მახსოვს, იწყებოდა ასე:

დაწუხებულმა, არაგვო,

რო გნახე, გავიხარეო

სქელი წითელი ხაზი ჰქონდა გადასმული დაწუხებულს და ასე იყო ჩასწორებული: “დამწუხრებულმა, არაგვო, რომ გნახე გავიხარეო”. ამ დროს დაწუხებულმა ფშავურად დამწუხრებულს კი არ ნიშნავს, არამედ _ მონატრებულს: მონატრებულმა, არაგვო, რომ გნახე, გავიხარეო, ხოლო რომ კავშირი მთის დიალექტებში არის ყოველთვის რო. აი ასე იყო ჩასწორებული ვაჟას ციტატები. ამის შესახებ შემდეგ, რომ გავთავხედდი, დავწერე და გამოვაქვეყნე კიდეც გაზეთში. ჩემს მსჯელობაში ერთი უბრალო წითელი მონასმიც არ იყო გაკეთებული _ ვაჟას ასწორებდნენ. ენა დაუწუნეს ვაჟას.

“საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ ფოფხაძემ საქართველოს იმდროინდელი ხელმძღვანელის, ედუარდ შევარდნაძის დახმარებით მიაღებინა ეთერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტად. როგორც გამონაკლისი. ეს მოხდა 1979 წელს”, _ ვაგრძელებ შესავლის კითხვას.

_ უგამოცდოდ, _ მისწორებს ეთერი. მეორე შესწორება _ დავით ჩხიკვიშვილის რეტორობის დროს.

“თუ სადმე შემორჩა საქართველოს (ჯერ კიდევ შემორჩა) იდენტურობა, სიკისკასე ადგილობრივი დიალექტის, უწინარესად, _ თუშეთის მხარეში. სწორედ მან, ეთერ თათარაიძემ, გვაზიარა ამ ფენომენს, გაგვაოცა და აღგვაფრთოვანა თუშური კილოს მელოდიურობით.

ფენომენს _ კი, მაგრამ თავისი უნიკალური შემოქმედების მეშვეობით, ლექსებით”.

_ ჩემი ლექსი საზომით, საწონით, აზროვნებით არ არის ხალხური ლექსი. გავთავხედდები და გეტყვით, რომ წმინდა თუშურ დიალექტზე ლექსი პირველად მე დავწერე. ერთ-ერთი ჩემი სალექსო კრებულის შესავალში ზურაბ კიკნაძე ამბობს, რომ თუ ვიტყვით _ რით უნდა იყოს ეთერი დავალებული, მხოლოდ თუშური ხმით ნატირლებითო. მხოლოდ თუშური ხმით ნატირალი სრულდებოდა დიალექტზე მანამდე, უცებ ამოითქმებოდა, თუშურად ელაპარაკებოდნენ მიცვალებულს. მთელი თუშური ხალხური პოეზია არის დაწერილი კოინეზე, ანუ ნაზავ მთიურ კილოებზე. ჩემი ლექსი არის კლასიკური ლექსი, შეიძლება ასე ითქვას, თუშურ დიალექტზე შექმნილი და ერთადერთი საქართველოს პოეტურ სივრცეში, _ ამიხსნა ქალბატონმა ეთერმა.

გასამდა.

საკმარისია და ამას იქიდან ჩემს შეფასებას გადავდებ და შეკითხვებით შემოვფარგლავ ჩემს აქტიურობას (აქტივობებს, როგორც ახლა ხშირად ამბობენ _ “ევროპულად”. მხოლოდ ერთს ვიტყვი, საქმეში ჩახედული სპეციალისტების ნათქვამს გავიმეორებ: ჩვენი წელთაღრიცხვის მეცხრე საუკუნის ხანმეტ დიალექტზე წერს ეთერ თათარაიძე და ამითაც ერთადერთი და განუმეორებელია).

მაშ, შეკითხვა:

_ ვახოს ერთი ლექსის სტროფი მახსენდება, _ უადგილო გაშინაურებასავით წამომცდება სახელი ვახო. უცებვე ბოდიშს ვუხდი ეთერს _ სკოლაში 11 წლის განმავლობაში ერთ მერხზე ვისხედით მე და ლეგენდარული ვახუშტი კოტეტიშვილი, იმ დროიდან მომყვებამეთქი ეს ბიჭური სახელი.

_ როგორ უყვარდით, აი, არ ვიცი! ეგ ხომ ჩვენი ბალღია, ეგრე ამბობდა. ძალიან დიდი სითბოთი მოგიხსენიებდათ, მართლა (აღადგინა პარიტეტი). შეიძლება ჩემზე უკეთ იცნობდით, მაგრამ მე ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორც ადამიანობის მაგალითს. ჩემთვის ყველაფერი იყო… და ჩუბჩიკა ხომ… (თენგიზ მირზაშვილზე თქვა ასე).

_ ვახუშტი კოტეტიშვილს აქვს ერთგან ნათქვამი (ვაგრძელებ):

გავიბითურეთ სამშობლო,

მართლაც სამოთხის

სადარი,

სხვა საქართველო კი არა,

თვით საქართველო

სად არი?!”

ამის გაგრძელებასავით

არის თქვენეული:

საქართველო დაიღალა?

საქართველო ბერდება

რამ დაგასმევინათ

ეს დიაგნოზი?

_ როცა ადამიანს ასაკი ემატება და შორს მშვიდად რომ იხედება, სწორედ იმ ასაკში ვარ. ახლა მივხვდი, რა მოკლეა ეს წუთისოფელი, საერთოდ, მაგრამ რა ბევრია ადამიანისთვის, თუ უნდა, რომ ჯანმრთელ თემებზე იფიქროს. საქართველო ჩემთვის არის ყველაფერი _ უწინარესად, ის, რაც ქართული სიტყვაა. მე სიტყვით ვცოცხლობ. სიტყვა ჩემთვის არის ეკლესიაც, მწვერვალიც. ერთი სიტყვაც კი, დიდხანს გაუფიქრებელი, ანდა დიდი ხნით სადღაც მიკარგული ქართული სიტყვა რომ გავიგო, ერთი კვირა ბალღივით დავფრინავ: რა მიხარია, რა მიხარია, და იმ სიტყვას მივადგები.

ახლა მე დავინახე, რომ მართლა ბერდება საქართველო: დაიკარგა ყველაფერი, და იკარგება ისე სტიქიურად, რო გული მისკდება. ალბათ _ მაგან მათქმევინა.

ხანდახან ვფიქრობ _ ვისთვის ვწერ, არის საჭირო?

თუშეთი
თუშეთი

მერე უცებ გადავწვდები ან ფანტასტიკურ ჩემს ერთ სტუდენტს ან მოწაფეს _ სკოლებში რომ მივდივარ, რომლებიც ისეთ ჯანმრთელ კითხვას დამისვამენ, რომ მაშინვე ვიფიქრებ _ არა, არასოდეს ეს არ მოხდება-მეთქი, არ ბერდება საქართველი იმიტომ, რომ იცოცხლებს და განვითარდება.

ძალიან მძიმეა, როცა მიხვდები, რომ ის, რასაც მთელი ცხოვრება ემსახურები, მთელი გულით, მთელი რწმენით, ზოგადობისთვის ზედმეტია და “სასაცილოც” კი, სატირალი რო არ იყოს, მაშინ ფიქრობ, რო მიბერდება ქვეყანა, ჩემსავით ბერდება და ჩემსავით გაეფარება ერთ დღეს საითკენღაც.

_ დაბერება _ კი, მაგრამ მოხუცებით მდიდარ სოფელს თქვენ სიყვარულით იხსენებთ. ერთერთ ინტერვიუში ამას ხაზგასმით აღნიშნავთ.

_ ჩემს ბავშვობაში თუშური სოფელი მართლა მდიდარი იყო ცხოვრებაგამოვლილი მოხუცებით, რომლებიც სრულ ფერადოვნებებს ყვებოდნენ თავიანთ წარსულზე, ქვეყანაზე. იმიტომ ვიყავი მათზე მიჯაჭული, რომ ერთადერთს მე არა მყავდა ბებო და პაპა. ბერდედა მარიამი იყო მხოლოდ ცოცხალი, დედაჩემის დედა. აი, იმასთან კი ფერადოვანი ბედნიერება მახსოვს სურათებად. ერთ-ერთი უკანასკნელი წავიდა თავისი თუშური სამოსით ამ ქვეყნიდან. არ გაიხადა.

სულ შავოსანი იყო, რადგან ხუთი ბიჭი ყავდა დამარხული, სხვა ფერებში ბებო არ მინახავს.

ნათლიმცემლის ძირში, მწვანე ყანებს იქით რომ გამოჩნდებოდა (ვიცოდი, რომელ დღეს მოვიდოდა: რომ იტყოდა, არ არსებობდა არ მოსულიყო. დილითვე გავეპარებოდი დედას და იმ ყანებში ველოდებოდი), რომ გამოჩნდებოდა, გავიქცეოდი ამ ყანებზე, შესახვედრად. მოდიოდა, წნული კალათი ჰქონდა ხელზე შემოცმული, რომელშიც ფერადი ძაფები ელაგა, დულუკაებს ეძახიან თუშეთში, მრგვალი ბურთებივითაა, და ჩვენ წინდებს ქსოვდა, შვილიშვილებისთვის. სულ წინდა ეჭირა ხელში. რო მივუახლოვდებოდი, გაუნათდებოდა სახე, მეხუთე ჩხირს ჩაათავებდა, გაურჭობდა წინდას და იმ მწვანე ყანაში შორს მოისროდა, საქსოვ ჩხირებს რომ არ შევჯახებოდი, გამიშლიდა ხელებს, მეც მუხლებზე შემოვეხვეოდი, და დიდხანს ვიჯექით იმ ყანაში. იმის სურნელიც მახსოვს.

რიტუალივით იყო.

ბერდედების, ბებიებისა და ბაბუების გარეშე საქართველო ვერ იარსებებს. ეგ ზუსტად ვიცი.

ახლა კი დედებიც არ ჰყავთ ბავშვებს! სხვა ცხოვრებააო, ამბობენ, სხვა რიტმი, მაგრამ სხვა ცხოვრება იყო ყოველთვის: ყველა დროში სხვა ცხოვრებაა. ასე არის, როცა გამოდის ეს ჭრელი სივრცე გარეთ. მე არ ვამბობ, რომ უნდა იმალებოდეს, მაგრამ ჯანმრთელი ურთიერთობები მკვდარია _ ნათესავები აღარ ნათესაობენ, ოჯახები ერთმანეთთან ვერ მიდიან. ანუ ყველაფერი, რითაც საქართველო ინარჩუნებდა თავის სითბოს, ნათესაურს, ქრება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისე უკვდებათ ახლა დედები და მამები, და-ძმები, რომ სამუშაოს საპოვნელად სადღაც გადახვეწილები ტელეფონით დასტირიან თავისიანებს. ამაზრზენია. საშინელი რამ ხდება.

მე ვამბობ, რომ უწინარეს ყოვლისა, უდედოდ ბერდება საქართველო, უბერდედოდ. ნამდვილი დედისა და ბერდედის წინ ყოფნა ყოველთვის იყო პირველი ამბავი საქართველოსთვის. ეგ აღარ არის და ძალიან მწყინს!

_ ალვანებს ამბობთ კახეთის სოფლების ზემო ალვანისა და ქვემო ალვანის ხსენებისას. სხვებისგან არ მსმენია.

ალვანებიდან თუშებს ბავშვები ზაფხულობით ომალოში აჰყავდათ: “ბალღებ თუშეთში გარეკეთო”. იქ ითვისებდნენ ურთიერთობათა ეთიკას, თუნდაც ყოფით დონეზე

_ კახეთის ალვანებიდან _ ორი სოფლიდან, ნაწილობრივ _ ლალისყურიდან, ფშაველიდან ცოტანი თუშეთის 32-37 სოფლისკენ მიემართებოდნენ.

ბერდედები დედებს აფრთხილებდნენ: “ბალღებ არ გასწიროთ ალონში!”

თამარ მეფეს უკავშირდება ალვანების წარმომავლობა და ლალისყურისაც. ლეგენდის მიხედვით, დილით, ამალით რომ მოდიოდა, ლალის საყურე დაეკარგაო, და იკითხა _ სად არის ჩემი ლალის ყურიო. ეგ ძალიან მიყვარდაო. ლალისყურიც ამიტომ დაერქვა იმ ადგილს. გზა რომ გამოაგრძელეს, მზე თანდათან რომ ამოიწვერა, თქვაო თამარმა _ ალიონი იწყებაო, ცოტა ზემოთ რომ ამოვიდა, ახლა ნამდვილი ალიონიაო. ასე გაჩნდა ეს სახელი _ ალიონი-ალონი-ალვანი. ალონებს ამიტომ ხმარობენ თუშები.

_ “თუშურ დიალექტს საფრთხე ემუქრება”, _ ესეც თქვენი ნათქვამია.

_ ნამდვილად ემუქრება, ჩემდა სამწუხაროდ, მაგრამ არა მარტო თუშურ დიალექტს. ერთ შეხვედრაზე, სადაც ენის დეპარტამენტის ხალხი იყო მოსული, შეკითხვა დავსვი: რას ფიქრობთ ენის კილოკავებსა და დიალექტებზე საქართველოში-მეთქი. ლიტერატურულ ქართულს, რომელიც სქემად იქცა და აღარაფერს აღარა ჰგავს, რა კვებავს, თქვენ როგორ ფიქრობთ? წერილიც მაქვს დაწერილი _ ლიტერატურული ქართულის დედამდინარეში როგორ ჩაედინება ეს ნაკადულები, ეს კილოკავები, ეს დიალექტები, როგორ მდიდრდება მუდმივად იმისგან.

ახლა რა ხდება: დაიცალა სოფლები, წავიდნენ დედები, დარჩნენ ბებოები. ახალგაზრდები უფროსებისგან ცალკე გადგნენ. უჭირავთ ეს მობილურები, ამას ხომ წინ ვერაფერი დაუდგება, თურქულ სერიალებს უყურებენ…

_ დაბორიალებენ სომნამბულებივით

_ და მეტყველება გახდა ჯოჯოხეთური. საუბედუროდ, უცხო ენები არ ვიცი, მაგრამ, საბედნიეროდ, ვიცი ყველა დიალექტი და ყველა კილოკავი, რაც საქართველოშია. და ზუსტად შემიძლია გითხრათ, რა დააშავა ამა თუ იმ დიალექტზე მეტყველმა ადამიანმა.

თუშურზე ცალკე ვიტყვი.

თუშურ დიალექტს საფრთხე იმიტომაც ემუქრება, რომ მახვილმა გადაინაცვლა. მახვილი ძალიან მნიშვნელოვანია თუშურ დიალექტში, რომელიც ყოველთვის ხმოვანზე მოდის.

(აქ ქალბატონი ეთერი წვრილად მიხსნის თუშურ დიალექტში მახვილის ხმარების თავისებურებას. ფრიად საინტერესოა, მაგრამ ვინაიდან აუდიო ეფექტის გამოყენება გაზეთში შეუძლებელია, ამ თემის აღნიშვნითღა უნდა შემოვიფარგლო).

ნასესხობების ენაში შეტანა ბუნებრივი პროცესია. იმდენი ნასესხობა გვაქვს ირანული, თურქული თუ ევროპული ენებიდან და ისე კარგად მორგებული, რომ ვეღარც ვიგებთ, ფანჯარა და ქარხანა სპარსული რომ არის. ფანჯარა სარკმლის მაგიერ თუშეთშიც დამკვიდრდა: ფანჯარაშიითა გნახე, ეტყვის ერთი მეორეს, _ ფანჯრიდან დაგინახეო.

ახლა კი დაწყებულია ნასესხობის სრული მიღვრის პროცესი.

რამდენიმემ ჩემ შემდეგ მოსინჯა, თუშურად დაეწერა ლექსი. ეგეც ბუნებრივია. ეგონათ, თუშურად თუ ილაპარაკებ, ლექსია. ლექსი ხომ სხვა რამეა. რაღაცდროს მიხვდნენ და აღარც უცდიათ. მაგრამ დარჩა თითო-ოროლა ახალგაზრდა, რომლებიც მთელ საქართველოს ატყუილებენ, რომ ვითომ თუშურად წერენ. აი, ეს პროცესები ძალიან მძიმეა, როცა ხედავ, თან შენიდან რომ იპარავს სქემებს და ყველაფერს, რადგან ჩემს მეტი წინაპარი არავინა ყავს დიალექტზე დამწერ ადამიანს. ჩემთვის არავის უსწავლებია. ჩემს სახესაც, ჩემს სიტყვათქმნადობასაც უცებ ვცნობ, ვიცი, რომ ჩემი ლექსია.

(მარტომ აითვისა ეს ყამირი, ერთადერთმა ტრიალ მინდორზე, მარტომ გაკვალა:

არაფერ მაქვ დასამალ, _

ტრიალ მინდორს ვღგევარ,

ალაგ ხეყვავილ ნაშალ,

ალაგ გუბედ ვდგევარ.

ადგ ალაბუღად შლილ,

ალაგ ყანად ვღელავ,

ალაგ ჩირთ მონაძალარ,

ალაგ ბილიკ ვხევარ.

ალაგ ხშირ ხილტკმილაი

ალაგ ხრილ ხედმხმევარ,

ზედ ხშირ წვიმა

ჩამოღვრილ,

ტანშრობად მზის

მკვლევარ.

არაფერ მაქვ დასამალ, _

ტრიალ მინდორს

ვღგევარ.)

სახელს არ ვახსენებ იმ ბიჭისას, რომელიც მამით კახელია, დედით _ თუში, მაგრამ გონშიც არ არის, თუშური დიალექტი რა არის და ვითომ თუშურად წერს. წაღებული აქვს ჩემგან ყველაფერი, რისი წაღებაც გაბედა.

_ და გასავალი აქვს.

_ ისე უკრავენ ტაშს! რისთვის უკრავენ? ერთი ლექსიც რომ ავიღოთ და გავარჩიოთ, სრული ჯოჯოხეთია. ურთიერთგამომრიცხავი. არაფერი დაგვრჩება.

ზუსტად ვიცი, რა ხდება თუშეთში. იგივე პროცესებია ფშაურში. მე მაინცადამაინც ლექსების წერაზე არ ვამბობ. პირიქით, ჩვენ ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს ფშავში და ხევსურეთში, ისეთ შესანიშნავ კაფიებს წერენ, რომ ხან ერთი დასცემს ბეჭებზე მეორეს, ხან _ პირიქით. ძალიან მიხარია, რომ ეს ხალხური ტრადიცია გრძელდება, სიტყვას ასე რომ ერკინებიან.

ყველა დიალექტი დასაცავია, რადგან საშიში დრო დადგა დიალექტებისთვის და კილოკავებისთვის.

_ კიდევ ერთი ციტატა: “როცა იქაურობა ძალიან მომენატრება, მეტირება და ჩუმად ველაპარაკები იმ გზა-ბილიკებს, იმ ნიავს, შრიალით რომ გამივლიდა ყურთან. ხან გავლექსავ ხოლმე ჩემს განცდებს”.

ეგებ, ჩვენი გაზეთის მკითხველებსაც მოასმენინოთ რამდენიმე ნიმუში?

_ პატარები ავიღოთ მაშინ, ჩასაწერადაც ადვილი იქნება და წასაკითხადაც.

(და კითხულობს ლექსების კრებულიდან “ჩიტ რო იძახის, წიავ”.

უნდა უსმინო და უსმინო და მიჰყვე პოეტურ სტროფებს. პატარ-პატარა ჩანჩქერებივით რომ გადაევლებიან უჟამო ჟამის მდინარებით გაჭრილ კალაპოტებს კალთებზე მთისა.

საკუთარს, სხვათათვის მიუწვდომელს.

საკუთარი რიტმითა და რითმებით, რომლებიც ვერლიბრის მსგავსია თითქოს, ეგებ იაპონურ ტანკასაც ჰგავს რაღაცით, მაგრამ ორიგინალურია თავიდან ბოლომდე _ ქართულია, თუშური და არც უნდა შემედარებინა არაფრისთვის.

თენგიზ მირზაშვილი, ჩუბჩიკა თუშეთზე შეყვარებული მხატვარი, ორიანებს უწოდებდა ამ მარგალიტებს: ორიანები წამიკითხეო (სამხაზიანებიც არის, იხსენებს ეთერ). ორსტრიქონიანები _ სამყაროს სურათს რომ წარმოაჩენს კალმის ერთი მოსმით, და ადამიანის განწყობილების მრავალწახნაგოვნებას ამასთანავე).

დამეძინად რას ვხედავ:

ეთერო, აღარ ვარიდ,

ფერცრეც ჩიტად ვისახ

ან:

თეთრ, ქათქათა ბუმბულში

ნახვევ, მტრედად ნაქცევარ

ფირუზ ცისაკ წავედ

ან:

ჩიტმ რო ნისკარტით,

ისრ ვზიდ

ჩემ საბუდრის წკირებ

ახლა სხვებიც მოვისმინოთ:

დანადუმარ ჭალაებთ,

დაჩუმებულ სოფლებმა

უნდ მიხეთქონ გულ

ჩქარა გედ,

გძელ ზამთარო

ჩქარა მოდ გაზაფხულო,

ჩემ თუშეთის ცოცხლებად

ღონიერ ჩიგდ სულ.

კიდევ:

აი, ჩამონამქრული

ზამთრისწინა მთებ,

ღრუბლის განამქრალ

ფარდაი

აქაიქ რო წყდებ.

აი, ცხვა გაზაფხულამდ

მომლოდინე გზებ.

ერთიც _ ლირიკული:

ვიც, ბოლო არ ექნების

შენამდ მოსაღწევასა

შენთან ყოფნის სავალს.

რამდენიც გინდ

ფეხუხრემლ,

თვალულუვომ ვისწრაფო

ლოცვის რიდე გაფარე

სუ კითხვა მაქვ უფალსთან:

სიყვარულის წაგლეჯა

რად არ სტანჯავს,

რადავ?..

და იქვე პასუხად _ ლოცვად აღვლენასავით:

უფალო, შენ წყალობას

წამისწამზე ვგებულობ,

მე, ცოდვებს ვერ ნარევალ,

სიამეს ვერ ვკლებულობ.

ათას უჭკომაჭკო ფიქრს

თავში ვიყრი ვჭედულობ,

რად გიყვარვარ, უფალო,

სუ რად გყევარ თვალად,

გაგიგეწ, ჩემ უფალო,

სიყვარულ ხარ თავად

(ეს ლექსები ამოკრეფილია ეთერ თათარაიძის ლექსების კრებულიდან _ “ჩიტ რო იძახს, წიავ”, რომელსაც ყდის შიდა მხარეს ვახუშტი კოტეტიშვილის წარწერა აქვს წამძღვარებული: “ეთერ თათარაიძის პოეზია გახლავთ დიალექტზე შექმნილი ლიტერატურის უიშვიათესი შემთხვევა”.

და ზურაბ კიკნაძის დასკვნა აგვირგვინებს. (ესეც ყდაზე, ოღონდ ბოლოს, როგორც სცენაზე წარმოდგენილი ბრწყინვალე წარმოდგენის დასასრულს, ტაშის გრიალში დაშვებული ფარდა).

_ უფალი ხომ არ გაწერინებთ ამ საოცრებებს, ქალბატონო ეთერ?

_ ეგ ხმამაღალი იქნება. მაგრამ მე შემხვედრია (მარტო თქვენ გეტყვით) ჩემი ლექსები, რომლებიც არც კი მახსოვს, როგორ დავწერე. გეტყვით, რომ გამხარებია: ის როდის გავაკეთე და როგორ კარგათ-მეთქი?! უფალს ჩემნაირებთან რა უნდა…

_ ერთმა თუშმა გზაზე მკვდარი ნიბლია ჩიტი ნახა და თქვა: ეგ რა თუშივით გზაში მომკვდარაო. გზაზე მინდა გკითხოთ. თქვენ გითქვამთ: ქალაქში მანქანით ორჯერ მოვხვდი დაარ მინდა იმ გზების დანახვა. მე სულ სხვა გზებით მივლია და ჩემი სული ვერ ეგუება იმ დაგლეჯილ მთებს”. აკი გზა სიმდიდრის შემომტანია და გამტანი?

_ გააჩნია რა სიმდიდრით შედის და რას აღარიბებს ის გზა. მატერიალურად შეიძლება გაუადვილა თუშს იმ გზამ ცხოვრება. მაგრამ იმ გზების გაჭრის მიზეზით დაიძრა მთები და ჩაიკეტა თუშეთამდე მისასვლელი ხისომდე. დაგუბდა ალაზანი და ტბა შექმნა. ეს მოაქვს უთავბოლოდ გზების გაჭრას თუშეთში. ეს ხომ არ არის შვეიცარია, სადაც იციან და დიდ ფულს ხარჯავენ, რომ ყველა ხიფათი, განსაკუთრებით, მიწის ზვავების საშიშროება თავიდან აიცილონ.

საშიში იყო მაშინაც, როცა ცხენით დადიოდნენ წვრილ ბილიკებზე, მაგრამ იმ ცხენმა იცოდა, სად გატარებდა. თავის ნებაზე რომ მიგეშვა, თვითონ მიგიყვანდა დანიშნულების ადგილზე. დანოდან წამოსულს ისევ დანოში დაგაბრუნებდა. მთვრალი მწყემსები ბევრჯერ მოუყვანია დანოში ისე, რომც არ გაუგიათ, როგორ მოაღწიეს.

ყველას უნდა თანამედროვე, მშვიდი, ბედნიერი ცხოვრება, წუთიერი გადასვლა კავკასიონზე და იმ საუფლოში მოხვედრა. მაგრამ, თუ ეს გზები თუ გიზიანებს იმ ბუნებას, არ მიმაჩნია (შეიძლება ჩამორჩენილი ვარ) სწორი იყოს _ აღარ დაუტოვო სასუნთქი შენ ქვეყანას. კანონმდებლობით უნდა იყოს დაცული ის მხარეები.

რაც ცოცხალი ვარ, არ გამახსენდება რომელიმე მთავრობას ეკითხა ჩემთვის, რას ფიქრობ თუშეთზეო. მეტი რა ვიცი!

მთის პრობლემებზე მომუშავე კომისიის წევრებმა არ იციან, მთა სასმელია თუ საჭმელი.

ამიტომაა ჩვენი მთების საქმე ასე ცუდად. მე ნუ დამიძახებენ, მაგრამ მიიწვიონ ადგილობრივი მოსახლეობა, ჰკითხონ, რითი მიეხმარონ იქაურ ხალხს.

რომელი მთის კანონი მუშაობს, იქნებ მითხრან! შიმშილით რომ იხოცებიან და გვირაბებში და გამოთხრილებში რომ ცხოვრობენ?!

_ ახლა ტურიზმის განვითარებაზე ლოცულობენ.

_ ამან ხომ სულ გადააგვარა თუში ადამიანი. არ მიგიპატიჟებს. წყალიც, შეუძლია გთხრას, არ მაქვსო. ძალიან ძუნწები გახდნენ. გამონაკლისები დარჩნენ ნამდვილ თუშებად.

ახლა მოხევეებიც ერთმანეთს ეკითხებიან: მანქანა გაქუ? _ არაო თუ უპასუხებს, _ არც დელიკაიო? _ ჩაეკითხება.

_ დელიკა რა არის?

_ დელიკა იაპონური მინივენია, რომლითაც დაარბენინებენ ტურისტებს.

ტურიზმს მთაში ძალიან დიდი რეგულაციები სჭირდება, კარგად გათვლა. მასპინძელიც უნდა უხვდებოდეს სტუმრებს ღირსეული. ამ საქმეში თათები უდევს დიდ სასტუმროებს _ ერთსა და იმავე კუთხეებში, თუშურად რომ ვთქვა, ადოდგოებენ ტურისტებს და რაც სანახავია, იქ არ უშვებენ. იმიტომ, რომ მარტო ამათ გააკეთონ ფული.

_ მომსახურე ხალხად ვიქეცით.

_ მომსახურეც არ ჰქვია _ მოსამსახურე და მოჯამაგირე გაგვხადეს. ეგაა ყველაზე ცუდი რამე.

_ ამას რაღა ეშველება?

_ სანამ მართლა რაღაცას არ გადაგვყრის უფალი, რომ მივხვდეთ და შევჩერდეთ, სხვა აღარაფერი გვიხსნის. იმ დაბერებასა და შიშშიც ეგა მაქვს ნაგულისხმევი! ყველაფერი დავიწყებისკენ მიექანება. ტელევიზიაც კი არ გვაქვს, სადაც თუნდაც ერთი ეროვნული გადაცემა მიდიოდეს.

ერთი და იგივე სტუმრები, სისულელეებზე ლაპარაკი, უკაცრავად და, გატყლარჭული “საზოგადოება”. ვინ არიან? თუ ისინი არიან ამ ქვეყნის სახე, მაშინ ეს არის უბედურება!

არაფერი არ დატოვეს ეროვნული. ეცინებათ _ ჩამორჩენილობააო. მე არ მაშინებს ასეთი ჩამორჩენილობა.

იმ ძველმა, ერთადერთმა ტელევიზიამ თავის დროზე მოახერხა და ცალკე გადაცემა გაუკეთა ფოლკლორს.

_ ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქცია დააარსა ნუგზარ ფოფხაძემ, კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ.

_ დღეს ამაზე აღარც კი ფიქრობენ. ესეც დაბერების ნიშანია.

_ დაღლის.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. დასასრულ, მოდი, ყველამ, ვინც ოდესმე თუშეთში ავსულვართ, ეთერ თათარაიძის ამ ლექსით გავიხსენოთ ეს სასწაული მხარე და სული გავილაღოთ:

მწვანე ხეებს ჩარიგებ,

ლურჯ ცას დადგამ თაღად,

შუაში ედემს დახფენ,

ჩიტებს ცას აშლ ლაღად.

ცივლიპ ზამთარს

გადაშლი

საქონს მიხფენ დაღად,

მთვარეს პირბადრს,

განამსვებს

ცას ჩამაბამ ჭაღად.

ვაი, შენ იქ არ ყოფნაი,

ნადარ ნამწვარ ბადაგს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here