Home რუბრიკები ეკონომიკა რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში აქტიური ჩართვა სურს

რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში აქტიური ჩართვა სურს

667
რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში აქტიური ჩართვა სურს

ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანი ბაქოთბილისიყარსის მარშრუტზე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის უზრუნველყოფაა.

რუსეთის რკინიგზამ ხელმოწერილ მემორანდუმთან დაკავშირებით ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, რომლის სათაურია „რუსული სარკინიგზო ლიანდაგი შესაძლოა, თურქეთამდე გაგრძელდეს“.

პრესრელიზში საუბარია ახალქალაქი-ყარსის მონაკვეთზე მეორე სარკინიგზო ლიანდაგის დამატებაზეც, რომლის სიგანე 1520 მმ იქნება.

შეგახსენებთ, თბილისიდან ახალქალაქამდე სწორედ საბჭოთა სტანდარტის 1520 მმ-იანი ლიანდაგია, ახალქალაქიდან ყარსამდე აშენებული მაგისტრალი კი – ევროპული სტანდარტის (1435 მმ) ლიანდაგია.

რუსეთის რკინიგზის ცნობით, განიხილება ყარსში სატერმინალო-ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის საკითხიც.

„ხელმოწერილი მემორანდუმი ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზზე გადაზიდვების განვითარების შესაძლებლობას ხსნის. აღნიშნული მაგისტრალი ახლა აზერბაიჯანელი რკინიგზელების ხელმძღვანელობით შენდება. ეს ნიშნავს, რომ თურქეთი უერთდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ერთიან ტექნოლოგიურ სივრცეს, ასევე ფინეთს, ბულგარეთს, ირანს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან“, – განაცხადა რუსეთის რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ოლეგ ბელოზიოროვმა.

მისივე ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ტვირთები შესაძლოა, სამხრეთ კორეიდან, ჩინეთიდან და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებიდან მოხვდეს.

ამასთან, რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი გუშინ ბაქოს ეწვია, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის თემასაც. ბაქოში რუსეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიებს შორის კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სარკინიგზო სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ავტორისანდრო ჯუფალაკიანი

1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here