მთავარი პოლიტიკა რუსეთის ლანძღვა იდეა-ფიქსად გვექცა

რუსეთის ლანძღვა იდეა-ფიქსად გვექცა

თითქოს სხვა არაფერი გვაქვს დარჩენილი, გარდა იმისა, რომ ბედიცა და უბედობაც რუსეთს დავაბრალოთ

750
გააზიარეთ
რუსეთის ლანძღვა იდეა-ფიქსად გვექცა

კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის არაფერი დაგვიბრალებია. “კარგა ხანშიერთ კვირას ვგულისხმობ, თორემ ისე როგორ გავა დეკადა, ჩვენი ყოფა თუ ყოფნა რუსეთს არ დავაბრალოთ, ხელი არ შევაწმინდოთ, მტრის ხატად კიდევ ერთხელ არ გამოვაცხადოთ. ერთი მხრივ, ეს ყველაფერი ხელისუფლებისა თუ ოპოზიციისთვის ძალიან კარგია. მოგივა პოლიტიკური იაღლიში და მიდი, აქვეა რუსეთი, დააბრალე რაც გინდა, ჩრდილოელი მეზობელი მოთმინებით იტანს ყველაფერს. მაგრამ, თუ ვერ აიტანს, მერე ხომ, საერთოდ, ეშველებათ, ატეხენ ერთ ამბავს, ხომ ვამბობდით, რუსეთი აგრესორი და მტერიაო.

ნიჭსა და გონიერებას აქვს საზღვარი, იდიოტიზმი კი უსაზღვროაო, ხომ გსმენიათ და სწორედ ამის ნიმუში იყო ის, რაც გასულ კვირას მოხდა. რამდენიც უნდა იფიქრო, ვერ გამოიცნობთ, ბატონებო, ვისი ბრალია ის, რომ თურმე მამუკა ხაზარაძე დაკითხვაზე ჰყავდათ და არსებობს ვარაუდი, რომ “თი ბი სი” ბანკის შეფი, შესაძლოა, დააკავონ.

_ ვისი და რუსეთის. არ გაგეცინოთ, ამის შესახებ ძალიან სერიოზულად საუბრობდნენ ექსპერტები და ისეთი არგუმენტები მოჰყავდათ, ქვას გახეთქავდა… ქვას თუ არა, კენჭს მაინც…

თურმე ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელიც, ოპოზიციის მტკიცებით, რუსეთიდან იმართება და მაინც ჯიუტად მიიწევს ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ, რომლის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში მოსცხო, ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე სწორედ რუსეთის დაკვეთით აღძრა; თურმე იმავე რუსეთის დაკვეთით ბატონ მამუკას მალე დააკავებენ და ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ აძლევს ხელს რუსეთს ხაზარაძის დაპატიმრება და განეიტრალება? ძაღლის თავიც აქ არის დამარხული. ფანტაზიას გასაქანი (გამოსაქანიც) გვარიანი მისცეს და აღნიშნეს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ შედის რუსეთის ინტერესებში. ეს განაცხადა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა “სპეციალისტმა” გიორგი გობრონიძემ. ჰოდა, თუ რუსეთის ინტერესებში არ შედის პორტის მშენებლობა, ვინ უნდა გაანეიტრალონ?! _ რა თქმა უნდა, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. მქუხარე და ხანგრძლივი ტაში არ არის საჭირო, შემდეგისთვის შემოინახეთ, რადგან…

ერმა და ბერმა ბოლო პერიოდში მომატებულ ვირუსებზე ეჭვი ლუგარის ლაბორატორიაზე მხოლოდ იმ მიზეზით მიიტანა, რომ… რუსეთმა ქართულ მედიას დაუკვეთა, გაეკეთებინა სიუჟეტები, რომლებითაც მხილებული იქნებოდა საქართველოში მოქმედი ამერიკული ლაბორატორია. შემდეგ, ამ სიუჟეტებზე დაყრდნობით, მომწიფდებოდა საზოგადოებრივი აზრი, რომლის მიხედვით, ღორის გრიპისა თუ წითელას ვირუსების გამავრცელებლად სწორედ ლუგარის ლაბორატორია ჩაითვლებოდა და ხალხს ანტიამერიკული განწყობა გაუჩნდებოდა. ახლა ნამდვილად შეგიძლიათ მქუხარე ტაში გაგვაგონოთ!

ჯერ ერთი, ვეძებეთ, ვიხსენეთ… ვერც ვიპოვეთ და ვერც გავიხსენეთ სიუჟეტი, რომელიც მიმართული იქნებოდა კონკრეტულად ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ და რომელშიც ნათქვამი იქნებოდა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელდა აღნიშნული ვირუსები. სამაგიეროდ, სოციალურ ქსელში ასობით და ათასობით არის რიგითი მოქალაქეების მიერ გამოთქმული ეჭვები ლუგარის ლაბორატორიის მიმართ, თუმცა ეს ეჭვები არა არარსებული სიუჟეტის გამო გაჩნდა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ნდობა აქვთ დაკარგული კონკრეტულად ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისადმი. ნდობა აქვთ დაკარგული იმის გამო, რომ, ამდენი წელია, ერთ წრეზე დავყავართ და, რაც მთავარია, არ მალავენ, რომ ამ წრეზე სიარული საქართველოს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს. არავინ მალავს, რომ უახლოეს წლებში საქართველოს არც ნატოს კარის გაღება ეღირსება და არც ევროკავშირში მიიღებენ ოფიციალურ წევრად. თუ მანამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისთვის მომწიფდება, ეს კავშირი საერთოდ იარსებებს. საქმე ის არის, რომ ევროკავშირიდან თავქუდმოგლეჯილი გარბის დიდი ბრიტანეთი, ხოლო საბერძნეთს, იტალიას, ესპანეთსა და საფრანგეთს ამის სურვილი აქვთ, თუმცა ჯერჯერობით კატეგორიულად არ ითხოვენ. გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობაც მომხრეა, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირიდან გავიდეს, რადგან არ უნდათ ეკონომიკურად ჩამორჩენილი წევრების რჩენა, თუმცა ეს სხვა თემაა…

ახლა კიდევ ხმაური ატყდა, რუსეთი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ოკუპაციას აპირებსო. რაც მთავარია, ეს სახელმწიფოს კი არა, ერთ-ერთი არასამთავრობოს ნაფიქრია, აქაოდა, ჩვენი აზრით, ასე მოხდებაო და ატყდა ერთი ამბავი, _ რუსეთი ხაშურის წართმევას გვიპირებსო. ეს ისტერიკა ხდება იმის ფონზე, რომ არც ერთ უწყებას რუსეთიდან მინიშნებითაც კი არ უთქვამს, რომ ხაშურის მიმართ რაიმე ინტერესი აქვს. ისე არ გაიგოთ, თითქოს რუსი მესაზღვრეების მიერ გადმოწეული საზღვრები და გავლებული მავთულხლართები მოგვწონდეს, მაგრამ, როცა ხელისუფლება ყველაფერზე რუსეთისკენ იშვერს ხელს, როცა გაურკვეველი ორგანიზაციები საზღვართან მიდიან და გაიძახიან, არიქა, გვიშველეთ, ვიღუპებითო, როცა ქვეყანაში ამინდის გაუარესებაც ლამის რუსეთს დაბრალდეს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ რაღაც ამგვარი მოხდება.

სხვათა შორის, როცა რუსეთს ახსენებენ, არავინ, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია, მინიშნებითაც კი არ ამბობს, რომ სწორედ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს და სწორედ რუსეთში შოულობს იმას, რაც საქართველოში არ არის _ სამუშაოს. და ამ ყველაფრის ფონზე, ხელის გადატყავებამდე ვუკრავთ ტაშს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, გვიხარია ის, რომ თურმე რუსეთის ეკონომიკა შავ დღეშია და საერთოდ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ერთ არცთუ მშვენიერ დღეს რუსეთის ეკონომიკა მართლაც იმ დონეზე რომ დაეცეს, როგორზეც ამერიკა და ევროპა ოცნებობს, რა მოხდება?! ხომ იქნება ლოგიკური, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთმა სხვა სახელმწიფოების (მათ შორის, საქართველოს) მოქალქეები საკუთარი ქვეყნიდან, უბრალოდ, გამოყაროს. ისინი მაინც, ვინც იქ არალეგალურად არის, და მთელი დოვლათი მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს მოახმაროს. თუ გახსოვთ, როგორ გავაპროტესტეთ საქართველოში რუსეთიდან მოქალაქეების გამოძევების ერთი პროცესი? როგორ აღშფოთებული ვამბობდით, რომ რუსეთში ლუკმაპურის საშოვნელად წასული ჩვენი მოქალაქეები, თუნდაც ისინი, რომლებიც არალეგალურად იმყოფებოდნენ, უკან გამოუშვეს. და პირიქით რომ მომხდარიყო?! ჩვენ რომ გაგვეყარა რუსეთის მოქალაქეები? ხომ ატყდებოდა ჟრიამული, რუსეთს მოვერიეთ, მისი მოქალაქეები გავყარეთო?

ვინმე აგვიხსნის, რატომ გვგონია, რომ სამშობლო რუსებზე მეტად გვიყვარს და რატომ გვგონია, რომ მათ უნდა მოგვითმინონ ყველაფერი, ჩვენ კი თმენის ვალდებულება არ გვაქვს. სხვათა შორის, დაგვამადლეს კიდეც: ლუგარის ლაბორატორია რომ არა, ვირუსები მერე გენახათო და მეტი რაღა უნდა გვენახა _ ღორის გრიპის ვირუსით 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ოფიციალურად დაადასტურეს წითელას ეპიდემია და, რაც მთავარია, საყოველთაო ვაქცინაციისკენ რომ მოგვიწოდეს, რამდენიმე დღის შემდეგ გამოგვიცხადეს: კატეგორიულად აკრძალულია ორსულებისთვის ვაქციანაციაო. არადა, თურმე 11-მა ორსულმა ჩაიტარა ვაქცინაცია დათუ კატეგორიულად აკრძალულია, რატომ არ უთხრეს ეს ექიმებმა? არ იცოდნენ თუ არ ჰკითხეს?!

სწორედ ასეთი განუკითხაობის ბრალია, ამ დღეში რომ ვართ…

თავის დროზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რუსეთის ბაზარი უზარმაზარია, ფეკალიები რომ გაიტანო, ისიც კი გაიყიდებაო. რეალურად კი, ქართული პროდუქციის გასაღების მთავარი ბაზარი სწორედ რუსეთია და ქართული ღვინო, ხილი თუ ციტრუსი სწორედ რუსეთის ბაზარზე გადის. ასეთ პირობებში კი ერთ-ერთმა კომპანიამ ჩამოასხა საფერავი, რომლის ეტიკეტზე, სახელწოდებისა და შემადგენლობის გარდა, დაიტანა აღნიშვნა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ… დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იგივე კომპანია, იმავე საფერავს სხვა ეტიკეტითაც ჩამოასხამს, რუსეთში გაიტანს და იქიდან მიღებული მოგებით ბედნიერიც იქნება. სამაგიეროდ, აქ _ ხელისუფლებას, საზღვრებს გარეთ კი ევროპას კოჭს გაუგორებს: ხედავთ, როგორი პატრიოტი ვარ, პროდუქციაზეც კი ოკუპაციას ვაპროტესტებო.

ასეა თუ ისე, ფაქტია _ ცეცხლს ვეთამაშებით და ამას შეგნებულად ვაკეთებთ. რუსეთის გაღიზიანება თითქოს იდე-ფიქსად გვექცა, თითქოს სხვა არაფერი გვაქვს დარჩენილი, გარდა იმისა, რომ ბედიცა და უბედობაც რუსეთს დავაბრალოთ. საკმარისია, რომელიმე პოლიტიკოსმა ევროპაში ან ამერიკაში ხმამაღლა თქვას, რომ რუსეთი ცუდია, მაშინვე გმირად ვნათლავთ და ტაშს ვუკრავთ. და ეს იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის მილიონამდე მოქალაქეს ინახავს, ის მილიონი მოქალაქე კი ერთ მაგდენს საქართველოში პატრონობს. მაგრამ როდის იყო, ევროპა-ამერიკა საქართველოს მოსახლეობაზე ზრუნავდა, ან როდის ყოფილა, ხელისუფლებას ის გაეკეთებინოს, რაც მოსახლეობის უმრავლესობს სურს. ამიტომაც ვცხოვრობთ ასე დუხჭირად და ერთი სული გვაქვს, ყველაფერი ვინმეს დავაბრალოთ. ეს ვინმე კი ბოლო პერიოდში მხოლოდ რუსეთია და თანაც ისე, რომ ჩვენ ყოველთვის მართლები ვიყოთ, ისინი კი _ ყოველთვის მტყუანნი. არადა, რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება… არასდროს არ ხდება.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here