მთავარი ეკონომიკა როგორ და რატომ დაგვემატა ერთ თვეში 2 მლრდ ლარის ვალი

როგორ და რატომ დაგვემატა ერთ თვეში 2 მლრდ ლარის ვალი

329
გააზიარეთ
როგორ და რატომ დაგვემატა ერთ თვეში 2 მლრდ ლარის ვალი

როცა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ისიც თქვა, _ იძულებულნი ვართ, საგარეო ვალი დავიმატოთო, არავის გაუპროტესტებია. ხალხი ტელეპანდემიით იყო დაზაფრული და ამას ყურადღება არ მიაქცია. მას შემდეგ ბევრმა თუ ცოტა წყალმა ჩაიარა, ისიც კი გავიგეთ, რომ თურმე იმაზე მეტი ვალი აგვიღია, ვიდრე გვჭირდებოდა, და ეს ფული პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებში კი არა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში წავიდა. არც ამაზე უთქვამს ვინმეს რამე და ამ შემთხვევაში გვგონია, რომ მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაკარგა. აღარ აქვს სურვილი, იყვიროს, გააპროტესტოს. ყველა კუჭზე ფიქრობს, რადგან კუჭი მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის უზენაესია და ეს არც გასაკვირია და არც დასაძრახი. ცოტა ძნელი ასატანია, შინ მისულს, შვილი რომ გეტყვის, _ მშიაო და რომ უპასუხებ: საგარეო ვალის აღების საპროტესტო აქციიდან მოვდივარ და დღეს საჭმელი არ გვექნებაო.

ოფიციალური მონაცემებით, ჩვენი საგარეო ვალი მიმდინარე წლის აგვისტოსთვის 20 მილიარდი ლარი იყო, სექტემბრის ბოლოს კი 22 მილიარდამდე გაიზარდა. ყურადღება! შეკითხვა: ერთ თვეში 2 მილიარდი როგორ და რატომ დაგვემატა? სავარაუდოდ, ხელისუფლებამ კვლავ აიღო ვალი და აღარ გაამხილა. მეორე ვარიანტი: ისეთი პროცენტით ავიღეთ სესხი, თვეში 2 მილიარდი ემატება (მაგალითად, 10%-ად რომ გვქონდეს, ზუსტად ჯდება). ყველაზე მეტი აზიის განვითარების ბანკისა გვმართებს _ 1.412 მილიარდი დოლარი, ანუ 3 მილიარდ ლარზე მეტი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, უხეშად რომ დავიანგარიშოთ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, გუშინ რომელიც დაიბადა და ხვალ რომ დაიბადება იმასაც, დაახლოებით 7-ათასლარიანი ვალი აქვს. მედალს მეორე მხარეც აქვს და გუშინ ვინც გარდაიცვალა და ხვალ ვინც გარდაიცვლება, იმას, ერთი შეხედვით, კი მიაქვს ეს ვალი საფლავში, მაგრამ რეალურად შვილებსა და შვილიშვილებს უტოვებს, რადგან ეს თანხა სწორედ ჩვენი გადასახადებიდან არის გადასახდელი

პრემიერმა განაცხადა: სრული ჩაკეტვა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აღარ იქნება, რადგან ეკონომიკა ამას ვერ გადაიტანსო, მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებს შემოვიღებთო. ამ ყველაფერს შეგვიძლია საუკუნის აღიარება ვუწოდოთ. ხელისუფლება დაუფარავად გვეუბნება: ვერ შეგინახავთ, ფული არ გვაქვს და სხვა გზა არ არის, უნდა დაიხოცოთო. ჰო, სწორედ რომ დახოცვაა გამოსავალი, რადგან, თუ მკაცრი შეზღუდვები არ დაწესდება, თუ გეომეტრიული პროგრესიით მიმდინარე მატება არ შემცირდება, დაგვემართება ის, რაც დაემართა ევროპისა და ამერიკის კონტინენტებს. არაფერს ვამბობთ აზიაზე, სადაც ვირუსმა ლამის მთელი უბნები გაწყვიტა.

მოსახლეობის შენახვა კი ერთადერთი მიზეზით ვერ ხერხდება: ადამიანების უმრავლესობა ვერ ქმნის დოვლათს და ვერ აკეთებს ყოველთვიურ დანაზოგს. ავადსახსენებელი კომუნიზმიხომ გახსოვთ? არ არსებობდა ოჯახი, რომელსაც ყოველ თვე რაღაც თანხა შავი დღისთვის არ გადაედო. ესშავი დღეებიმაშინ, ძირითადად, ან ახალი ავეჯისა და ავტომობილის ყიდვით სრულდებოდა, ან ზაფხულში მთელი ოჯახის ზღვაზე ადამიანურად დასვენებით. ახლა კი, თვის ბოლოს დანაზოგის გადადება კი არა, დილიდან საღამომდე სული როგორ მიიტანონ, იმაზე არიან გადასულნი. ყოველდღიური საკვების პრობლემა დაუდგა ძალიან ბევრ ადამიანს. მოსახლეობის მხოლოდ 10% თუ ახერხებს რაღაც თანხის გადადებას სამომავლოდ და სწორედ ეს 10% გვეუბნება ახლა: ხმა მომეცი და ამირჩიეო. არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებაა თუ ოპოზიცია, პრაქტიკულად, ყველა ვნახეთ ხელისუფლებაში და ყველას ჰქონდა შანსი იმისა, რომ რაღაც სასიკეთოდ შეეცვალა. 2020 წელს იმას რომ გაგახსენებენ, დენი და ბუნებრივი აირი გაქვთ 24 საათიო (წყალმომარაგება საქართველოს უმეტეს რაიონებში 24-საათიანი არ არის), რაზე უნდა ილაპარაკო?! მთვარემდე საბაგირო გზის გაკეთებას აპირებენ უცხოელები, ამ მიმართულებით მუშაობენ და ჩვენ კიდევ, დენი და ბუნებრივი აირი რომ გვაქვს, ეს ყოფილა მიღწევა. ახლა ვინმე იტყვის, ბანანის რესპუბლიკა ვიყავითო, მაგრამ ის თუ იცით, ბანანის რესპუბლიკაში ერთი ყუთი ბანანი 2 დოლარი რომ ღირს და ჩვენთან კი 120 ლარი? შემოგვედავებით: ის ბანანის სამშობლოაო. ყურძნის სამშობლო თუ არის საქართველო, იმიტომ ვერ შემოგვაქვს ზამთარში სომხეთიდან 32 მილიონი დოლარის ყურძენი?!

ისევ ხელისუფლებას დავუბრუნდეთ. ერთ თვეში გუგულის კვერცხივით შემოპარებულ 2 მილიარდ ლარზე ხმას არც ოპოზიცია იღებს. რატომ? ორი ვარიანტია _ ან ეს თანხა ისეთი ქვეყნისგან ვისესხეთ, ხმაური რომ არ უნდა ავტეხოთ, ან ოპოზიციას არ აინტერესებს და მხოლოდ არჩევნებზე, .., საკუთარი ცხოვრების შემდეგი 4 წლით მოწყობაზეა გადასული.

2021 წლის 26 თებერვალს 1 წელი გავა მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. მერე იყო უმკაცრესი შეზღუდვები, კომენდანტის საათი და მისი უდიდებულესობა ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც მოსახლეობისთვის შვება უნდა მიეცა და, რაც მთავარია, ეკონომიკას მინიმალურად უნდა დატყობოდა. საუბარი არ არის იმაზე, რომ გეგმა არ ვარგოდა, გეგმის შედგენაც კი არ ვიცით, განხორციელებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ხომ შეიძლება, დაწერო ისეთი გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც მართლა უკეთესობა იქნება. ჰოდა, მაინც არ ასრულებ (რა შეუსრულებიათ, რო?!) და გეგმა მაინც დაწერე ისეთი, ქვა გახეთქოს, სათქმელი რომ გქონდეს: აგერ დავწერეთ, მაგრამ ვერ გავაკეთეთო. შედგენაც კი არ ვიცით ისეთი გეგმის, რომელიც ქვეყანას უშველის. საუბარი ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზეა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება, როცა საქმე სახელმწიფო განვითარების გრძელვადიან გეგმას ეხება. ალბათ, მაშინ, საერთოდ, ყავაზე მკითხაობენ, მაგრამ მაგასაც ნიჭი უნდა და გვეეჭვება, მთავრობაში ვინმეს ჰქონდეს ეს ნიჭი.

ერთი სამუშაო ადგილის შექმნას საქართველოში დაახლოებით 35 ათასი ლარი სჭირდება (ესეც სახელმწიფო სტრუქტურების მიერ არის დაანგარიშებული). ჰოდა, იმ 2 მილიარდი ლარით, ერთ თვეში ვალად რომ დაგვემატა, 57 142 სამუშაო ადგილის შექმნა იქნებოდა შესაძლებელი. ერთ თვეში დამატებული ვალით 50 ათას ოჯახზე მეტის უზრუნველყოფაა შესაძლებელი და ესეც თქვენი მთავარი დაპირება _ უმუშევრობის მოსპობა.

მარტივი აქსიომაა: ძლიერი ოჯახი სახელმწიფოს სიძლიერის გარანტიაა და სწორედ ეს არ უნდათ ჩვენს “სტრატეგიულ პარტნიორებს”. არ უნდათ იმიტომ, რომ ძლიერი სახელმწიფოს დამონება ურთულესი, ხშირად შეუძლებელია… ამიტომ სჯობს, ხალხს “სკლინტი აბაზიანი ეგონოს და მაშინ არის ის პატიოსანი”. აქეთ კი არ მივდივართ, უკვე მივედით და საქართველოს ერთი ნახევარი თუ ნაგვის ურნებშია გადაყუდებული, მეორე ნახევარი დილიდან საღამომდე შრომობს იმისთვის, რომ სწორედ “აბაზიანი” მიიტანოს საღამოს შინ.

ჰო, არჩევნები ყველას და ყველაფრის ფასად უნდა ჩატარდეს. მერე რა, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი უკვე ინფიცირებულია, მათთვის სპეციალური კოვიდუბნები შეიქმნა და ხმას იქ მისცემენ. არც ის არის პრობლემა, რომ ასეთი კომისიის წევრობა არავის არ უნდა და, ამდენ ათას ადამიანს ქალაქში რომ გამოიყვანენ ხმის მისაცემად, ახალი კლასტერები შეიქმნება. მთავარი ხომ ის არის, რომ კონკრეტული პირები პარლამენტში მოხვდნენ, შემდეგ კი ოთხი წლის განმავლობაში გვმოძღვრონ და… კანონებს ვერ მიიღებენ, რადგან, წესით, მომღერალმა, პიანისტმა, კალათბურთელმა და მორაგბემ კანონებთან ურთიერთობა არ უნდა იცოდნენ. ეს _ ერთი შეხედვით, თორემ კანონებსაც ზუსტად ისე შემოგვაპარებენ, როგორც ეს 2 მილიარდი შემოგვაპარეს დასაინტერესოა, ყოველთვიურად გვემატება ეს 2 მილიარდი და სახელმწიფოს გაკოტრებულად გამოცხადებისკენ მივდივართ თუ ნელნელა გვიმატებენ, მთელი ცხოვრება რომ ვალებში ვიყოთ და წინსვლაზე მოქმედებას კი არა, ფიქრსაც შევეშვათ.

დღევანდელი მდგომარეობით, რეალურად ერთადერთი რეკომენდაცია დარჩა _ ლოცვები გააძლიერეთ, ლოცვები! უფლის იმედად ვართ, სხვა საშველი მართლა არ ჩანს.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here