მთავარი პოლიტიკა პრემიერის საშინაო დავალება და თბილისური პრაიდის აჩრდილი

პრემიერის საშინაო დავალება და თბილისური პრაიდის აჩრდილი

213
გააზიარეთ
მამუკა ბახტაძე

10 აპრილს საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვიდა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ამ გამოსვლის რამდენიმე მონაკვეთი კარგად ასახავსქართული ოცნებისადა მისი ევროპელი პარტნიორების ურთიერთდამოკიდებულებასა და იმ პრობლემებს, რომელთა წინაშე საქართველოს ხელისუფლება დგას.

ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ, დასავლეთთან ურთიერთობაში ბეჯითი მოწაფის როლი მოირგონ. ეს დამოკიდებულება სააკაშვილის მმართველობის წლებში დამკვიდრდა და “ქართულ ოცნებას” არაფერი შეუცვლია. ქვეყნის პირველი პირები ანგარიშს აბარებენ ევროპელ მოხელეებსა და ევროპარლამენტარებს ისე, როგორც საშინაო დავალებას და თითქოს ევაჭრებიან, რომ, სამიანი კი არა, ოთხიანი დაუწერონ, საუბარი ხუთიანზე ამ ეტაპზე ზედმეტია.

მცირე შესავალში პრემიერმა ხაზი გაუსვა 9 აპრილის მნიშვნელობას საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, შემდგომ კი თქვა, რომ “ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩემი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება ეკუთვნის საქართველოსაც და ევროსაბჭოსაც” და საუბარი “ყურადღების ღირს მიღწევებზე” დაიწყო.

დემოკრატიული განვითარების კონტექსტში მან, უპირველესად, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება დაასახელა და ვენეციის კომისიის დადებითი შეფასება დაიმოწმა, მიუხედავად იმისა, რომ ის ეხებოდა საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის დასრულებას და არა კონსტიტუციას მთლიანად. ამასთანავე, ბახტაძემ თქვა, რომ მისი პარტია ერთპარტიულ დომინირებაზე უარს აცხადებს და მიუთითა იმაზე, რომ 2024 წელს (რატომ არა 2020-ს?) არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. მან ივარაუდა, რომ ცვლილებების შედეგად პარლამენტში უფრო ბევრი მცირე პარტია მოხვდება, ხოლო მთავრობას პოლიტიკის შემუშავებისას “მეტი კონსენსუსი დასჭირდება”. ამ მონაკვეთმა შეიძლება გაამყაროს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგქართული ოცნებაკოალიციური მთავრობის შექმნას აპირებს, მით უმეტეს, რომ მისი შანსი უმრავლესობის მოპოვებისა დღითიდღე მცირდება, ხოლო დასავლელ პარტნიორებს, სავარაუდოდ, ძალიან ცუდი რეაქცია ექნებათ 2016 წლის სტილში გამარჯვებაზე.

ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის ტელეინტერვიუში, მამუკა ბახტაძეც ცდილობდა, სასამართლო სისტემაში მომხდარი ცვლილებები ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად წარმოეჩინა. მან მოიყვანა სტატისტიკა, რომელიც ცხადყოფს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან შედარებით სიტუაცია სასამართლოში ნამდვილად გაუმჯობესდა. იმავე კონტექსტში მან ისაუბრა პენიტენციურ სისტემაზე, მიტინგების დაშლაზე და ა. შ. ქართველი მსმენელების ნაწილმა ამ დროს, ალბათ, გაიფიქრა: “იყო სააკაშვილზე უკეთესი, არ ნიშნავს იყო კარგი”. მიუხედავად იმისა, რომ ბახტაძე საუბრობდა იმაზე, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, ის არ ასახელებდა მათ, ვინც ამაში დამნაშავე იყო; არ აკრიტიკებდა ძველ ხელისუფლებას, ხოლო ზოგიერთ საკითხში მის დამსახურებაზეც მიანიშნებდა, მაგალითად, “90-იან წლებში საქართველო ყველაზე კორუფცირებულ ქვეყანათა შორის განიხილებოდა. დღეს კი ვამაყობთ, რომ ჩვენთან კორუფციის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ნაკლებია”. “ნაცმოძრაობასთან” დაპირისპირების პათოსი, რომელიც 2012-15 წლებში ხელისუფალთა ევროპულ გამოსვლებში გაცილებით მკაფიო იყო, არ გამქრალა, მაგრამ ძალიან შერბილდა.

მამუკა ბახტაძემ ისაუბრა პროგრესზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, იმაზე, რომ ყველა “თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რომლის მიზიდულობის ცენტრი არის ადამიანი”; შეეხო განათლების რეფორმას, რომელიც ხარჯების მუდმივ ზრდას ითვალისწინებს. პრემიერმა აღწერა სიტუაცია კონფლიქტურ რეგიონებში არა გეოპოლიტიკის ენით (ტერიტორია, იურისდიქცია), არამედ აქცენტი ადამიანის უფლებებზე გადაიტანა _ როგორც დევნილების, ისე კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის. მაგრამ, როდესაც საუბარი რუსეთზე დაიწყო, მისი ტონი საკმაოდ ხისტი გახდა. გამოსვლის “რუსული მონაკვეთი” მან ერთობ უცნაურად დააგვირგვინა, ახსენა რა ის უთანხმოება, რომელიც რუსეთსა და ევროპის საბჭოს საწევროს გადახდაზე აქვს, ბახტაძემ თქვა, რომსაქართველო, ბოლო 20 წელია, სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით”. ამ მომენტში ის, ალბათ, ყველაზე ახლოს იდგა ბეჯითი მოწაფის როლთან. გამოსვლის დასკვნით ნაწილში მან ახსენა ზურაბ ჟვანიას ფრაზა: “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი”, თუმცა დამსწრე საზოგადოების მომდევნო კითხვებმა ნათლად აჩვენა, რომქართულ ოცნებასევროპულობამდე ბევრი უკლია.

როდესაც ერთი მხარე ცდილობს, ბეჯითი მოწაფე განასახიეროს, ეს მეორეს მკაცრი მასწავლებლის როლის შესრულებას უადვილებს.

ბახტაძეს დაუსვეს ორი კითხვა საპრეზიდენტო არჩევნებზე: ერთი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებს ეხებოდა, მეორე _ უიმედო ვალების ჩამოწერას მეორე ტურის წინ (რუმინელმა დეპუტატმა კითხვა ისე დასვა, თითქოს სავარაუდო დანაშაულზე საუბრობდა). პირველ შემთხვევაში ბახტაძე შეეცადა, ვითარება ისე წარმოეჩინა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ხელისუფლება პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობს; ხოლო მეორეში გადაეფარა ივანიშვილს, როგორც ალექსანდრე მატროსოვი ამბრაზურას და თქვა, რომ ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად ყოფნის პერიოდში, 2018 წლის დასაწყისში, გაასაჯაროა. “გარწმუნებთ, რომ ამ პროექტს არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან”, _ განაცხადა პრემიერ მინისტრმა. ძნელი სათქმელია, აღმოჩნდა თუ არა სხდომათა დარბაზში თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც მისმა არგუმენტაციამ დააკმაყოფილა.

მას დაუსვეს კითხვა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის _ ია კერზაიას გარდაცვალების თაობაზე, რომელზეც ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში, შესაძლოა, ზეწოლას ახორციელებდა. ბახტაძემ უპასუხა, რომ გამოძიება გრძელდება და ამ საქმით ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები სპეკულირებენ. ანალოგიური პასუხი _ “გამოძიება გრძელდება” _ მან გასცა ავსტრიელი დეპუტატის კითხვას აზერბაიჯანელი აქტივისტის _ მუხთარლის საქართველოში სავარაუდო გატაცებაზე. ამასთანავე, მას აუფრიალეს ციტატა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშიდან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოსამართლეები საქართველოში პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიან.

დღევანდელი ხელისუფლება, ძველის მსგავსად, მწვავე პრობლემის სასწრაფო გადაწყვეტის ნაცვლად ცდილობს, “გადააგოროს” საყოველთაო აღშფოთების პერიოდი, “გაწელოს” პაუზა და ვარაუდობს, რომ, ადრე თუ გვიან, ვნებათაღელვა ჩაცხრება. ამ ტაქტიკას, საბოლოო ჯამში, მისთვის გაცილებით დიდი საიმიჯო ზიანი მოაქვს, მაგრამ არა აწმყოში, არამედ მომავალში, რომლის მიმართ შემდეგი დამოკიდებულება აქვს: “ან ვირი მოკდება, ან ვირის პატრონი”. ვერც გირგვლიანის საქმემ, ვერც ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ ვერ ასწავლა მმართველ ელიტას, რომ მსგავსი პრობლემების რეალურ გადაწყვეტას ალტერნატივა არ აქვს.

ბახტაძემ, ფაქტობრივად, თავი აარიდა საუბარს პრობლემებზე ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთობაში, რაც, ალბათ, ასევე არასწორი იყო. მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ივანიშვილს ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, ისინი დასავლეთისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ რჩებიან და შეფასებების ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. თუ ხელისუფლება არსებულ ეჭვნარევ კითხვებს ამომწურავ პასუხს არ გასცემს და “ვსიო ხოროშო, პრეკრასნაია მარკიზა!”-ს სტილში ისაუბრებს, სავარაუდოდ, სულ უფრო ძლიერი წნეხის ქვეშ მოექცევა.

სლოვენიელმა დეპუტატმა ვიოლეტა ტომიჩმა მამუკა ბახტაძეს კითხვა დაუსვა ლგბტ აქტივისტების აქციის თაობაზე, რომელიც 2018 წელს ჩაიშალა, და ულტრამემარჯვენეების მუქარებზე მათი მისამართით. მან ჰკითხა ბახტაძეს, თუ რას გააკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ წელს იგივე არ განმეორდეს. პრემიერმა უპასუხა, რომ საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რაც ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია, ხოლო ნახსენები მემარჯვენე ჯგუფები მარგინალურია და მსგავსი ჯგუფები სხვა ქვეყნებშიც არსებობს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით და იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც ევროპელი მეგობრებისგან ვიღებთ”, _ დასძინა პრემიერმინისტრმა.

ძნელი სათქმელია, როგორ შეიძლება იამაყო რეკომენდაციებით, თუმცა ფაქტია, რომ ბახტაძემ თავი აარიდა პირდაპირ ფორმულირებას, მას არ უთქვამს: “ჩვენ ყველა საშუალებით დავიცავთ ამ აქციას” ან რაღაც მსგავსი, რადგან ეს კონსერვატიული საზოგადოების თვალში ბევრ ქულას დააკარგვინებდა, მაგრამ ეს რიტორიკული მანევრი მოვლენათა შესაძლო განვითარებას ვერ შეცლის _ მაისის მეორე და ივნისის პირველ ნახევარში ქუჩაში, დიდი ალბათობით, როგორც ლგბტაქტივისტები, ისე მათი მოწინააღმდეგეებიც გამოვლენ. ერთი შეხედვით, ხელისუფლებას ხელს აძლევს, რომ საზოგადოებამ ყურადღება მმართველი პარტიის კრიზისიდან ამ დაპირისპირებაზე გადაიტანოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ის დასუსტებულია და, სავარაუდოდ, არ სურს, რომ თბილისში 2013 წლის 17 მაისის მოვლენები განმეორდეს. ხელისუფლებას კონსერვატიული საზოგადოების უარყოფითი რეაქციის ეშინია, მაგრამ იმასაც ითვალისწინებს, რომ ზოგიერთი ძალისთვის დასავლეთში თბილისში პრაიდის ჩატარებაარჩატარება მნიშვნელოვან ინდიკატორად იქცა და ამიტომ შეიძლება ამ ღონისძიების აქტიური დაცვა მოუწიოს. მოკლედ, პრობლემები ნებისმიერ შემთხვევაში შეექმნება, თუმცა ვერაფერს ვიზამთ, გამოუვალ მდგომარეობაში თავი თვითონ ჩაიყენა და მარყუჟში თავი თვითონვე გაყო. ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა სხვა შედეგს ვერ მოიტანს.

ბოლო წლებში ლგბტ-პრაიდებს მათი მონაწილეების მხარდასაჭერად კანადის, ირლანდიის, შვედეთის, სერბეთისა და სხვა ქვეყნების პრემიერმინისტრები, მინისტრები თუ მერები შეუერთდნენ. საინტერესოა, მოუწევს თუ არა მამუკა ბახტაძესა და მის კაბინეტს ახლო მომავალში იმავე გზის გავლა?!

ლუკა ნემსაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here