მთავარი პოლიტიკა ნატოში რომც მიგვიღონ, მერე რა, როო?!

ნატოში რომც მიგვიღონ, მერე რა, როო?!

1716
გააზიარეთ
ნატო

გადაუჭარბებლად შეიძლება იმის თქმა, რომ დედამიწის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (გონიერი ნაწილი) დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დაძაბულ მოლოდინშია, რომელიც 16 ივლისს გაიმართება ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში. დაძაბულ, რადგან პოლიტიკაში მეტნაკლებად ჩახედული ადამიანი ხვდება, რომ ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, ამ მართლაც ისტორიულ სამიტზე მიღებული თუ მიუღებელი გადაწყვეტილებები არა მხოლოდ აშშსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე იქონიებს გავლენას უახლოესი მომავლის თვალსაწიერზე, არამედ ხილულად თუ უხილავად გლობალური მასშტაბით მეტნაკლებად მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს ცხოვრებაზე აისახება; მათ შორის _ საქართველოზეც.

1962 წლის ე.წ. კარიბის კრიზისის შემდეგ, როდესაც სსრკ-ისა და აშშ-ის (შევთანხმდეთ, რომ ქვემოთ, სადაც სსრკ-ს ვახსენებ, რუსეთი იგულისხმეთ და პირიქით) პირველმა პირებმა _ ნიკიტა ხრუშჩოვმა და პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ერთობლივი ძალისხმევით შეძლეს მსოფლიოსთვის ბირთვული აპოკალიპსის არიდება.

1966 წელს მაშინდელ სსრკ-ს ხანგრძლივი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის ლეგენდარული პრეზიდენტი _ შარლ დე-გოლი ეწვია, რომელმაც, ლეონიდ ბრეჟნევის წინააღმდეგობის მიუხედავად (აქაოდა, სტალინის კულტი ახალი დაგმობილი გვაქვსო), დაჟინებით მოითხოვა ფაშიზმზე გამარჯვების მთავარი აქტორის, იოსებ სტალინის, საფლავის მონახულება.

სტუმართან მასპინძლებს უარი არ გაუვიდათ და, მართალია, ტელეკამერებისა და პრესის გარეშე, მაგრამ მაინც დიდმა ფრანგმა, სამხედრო სალმით სმენაზე გაჭიმულმა, პატივი მიაგო გენერალისიმუსის ხსოვნას! შემდეგ მაღალი სტუმარი ბაიკონურის კოსმოდრომზე წაიყვანეს, სადაც მას რელიეფურ რუკაზე პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებზე დამიზნებული საბჭოთა ბირთვული რაკეტები აჩვენეს. ამის შემხედვარემ, დე გოლმა სამშობლოში დაბრუნებისას საფრანგეთი ნატოს სამხედრო სტრუქტურებიდან გამოიყვანა და პარიზი მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური პოლიტიკური ალიანსის არასამხედრო წევრად დარჩა.

1972 წელს სსრკ-ს აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ეწვია. აშშ-ვიეტნამის (წაიკითხე, აშშ-სსრკ) ომი დასასრულს უახლოვდებოდა, ომი, რომელშიც ამერიკა სამარცხვინოდ დამარცხდა. ბრეჟნევმა და ნიქსონმა მსოფლიო გავლენის სფეროებად გადაინაწილეს, კოსმოსში ერთობლივად ამერიკულ-რუსული ხომალდები _ “სოიუზი” და “აპოლონი” გაუშვეს და ე.წ. რაზრიადკა დაიწყო, რომელსაც მოჰყვა 1975 წელს ჰელსინკში გაფორმებული ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, “ჰელსინკის პაქტად” ცნობილი, და რომელსაც სსრ კავშირიც აწერდა ხელს.

ერთი სიტყვით, ნიქსონის ვიზიტი მართლაც ისტორიული გამოდგა, რადგანაც ორ სუპერ სახელმწიფოს შორის დაიწყო მშვიდობიანი თანაარსებობის (დღეს რომ კოაბიტაცია ჰქვია) პროცესი და მსოფლიომ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, შვებით ამოისუნთქა _ ბირთვული ომის ალბათობა მინიმუმამდე შემცირდა(?!).

რა მოხდება 16 ივლისს ჰელსინკში, აშშ-რუსეთის უმაღლესი დონის სამიტზე, რომელიც უკვე არის ისტორიული იმ გაგებით, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისეთი დაძაბული ვითარება, როგორიც დღესაა აშშ-სა და რუსეთს შორის, არასდროს ყოფილა. კონგრეს-სენატში დომინანტი “ქორები” და მსოფლიო ნეოლიბერასტული ძალები არნახულ ზეწოლას ახდენდნენ აშშ-ის პრეზიდენტზე, პუტინისა და ტრამპის შეხვედრა რომ არ შემდგარიყო. დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტების თითქმის ორი წლისთავზე ძლივს მოახერხა საკუთარი წინასაარჩევნო დანაპირების შესასრულებლად (რომ იგი რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებდა) პირველი ნაბიჯის გადადგმა. თუ სასწაული არ მოხდა, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა აუცილებლად შედგება.

გახდება კი მომავალი სამიტი იმ მხრივაც ისტორიული, რომ, ნიქსონბრეჟნევის რანდევუს მსგავსად, ახლაც მოხდება აშშისა და რუსეთის ურთიერთობებში ისეთი გარღვევა, რომელიც შედარებით უსაფრთხოს გახდის მსოფლიოს, რომელიც დენთის კასრზე ზის?

კომპრომისებისთვის რომ მზად არის დონალდ ტრამპი, ამას ის მოწმობს, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე განაცხადა _ ყირიმი რუსეთია და საერთოდ ვერ გამიგია, რატომ უჭერთ მხარს უკრაინას, ამ ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოსო?! ტრამპის ამ განცხადებამ შოკში ჩააგდო, ერთი მხრივ, G-7 (დიდი შვიდეული) და მეორე მხრივ _ ევროკავშირი და უკრაინა, რადგან ეს, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების დე ფაქტო აღიარებას ნიშნავს და, ალბათ, აქედან გამომდინარეობდა ტრამპისთვის მოგვიანებთ დასმული შეკითხვაც აშშ-ის მიერ ყირიმის უკვე დე იურე ცნობის ალბათობაზე, რაზეც, “ვნახოთო”, ბრძანა მისტერ ტრამპმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი გახდა ლოზუნგით, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: დიადი ამერიკისთვის, ანუ ამერიკის ინტერესები, უპირველეს ყოვლისა. პირველ რიგში, ზემოთ ხსენებული ლოზუნგის შინაარსიდან გამომდინარე, განაცხადა ტრამპმა ის, რაც განაცხადა, რადგანაც მოცემულ დროსა და სივრცეში უკრაინა ამერიკისთვის უსარგებლო, პოლიტიკური შაკიკი, ანუ თავის ტკივილია მხოლოდ…

პუტინი-ტრამპის შეხვედრის მოწინააღმდეგენი სამიტის ჩატარების ადგილსაც წუნობენ. აქაოდა, ფინეთი რომანოვების რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და მეტიც, ის სასახლე, რომელშიც სამიტი უნდა ჩატარდეს, თავის დროზე რუსეთის იმპერატორთა რეზიდენცია იყო და ამდენად, ვლადიმერ პუტინი გარკვეულ წილად საკუთარ მოედანზე შეხვდება ამერიკელ კოლეგასო, რაც ფსიქოლოგიურ უპირატესობას ანიჭებს რუსეთის პრეზიდენტსო.

ნიშანდობლივი ფაქტია ისიც, რომ გასულ კვირას მოსკოვში ჩამოვიდა აშშ-ის კონგრესის სოლიდური დელეგაცია, ხოლო მანამდე პუტინს სტუმრობდა დონალდ ტრამპის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი, სხვათა შორის, რუსეთის მიმართ უკიდურესად აგრესიული განწყობის მქონე.

ერთი სიტყვით, მომავალი სამიტის მომზადების მიზნით მოსკოვს ის ხალხი სტუმრობდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ რუსეთს “ბენზოკალონკას” ეძახდა, ხოლო ვლადიმერ პუტინს _ მთავარ “ზაპრავშიკს”…

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ალბათ, ცხადია, რომ ჰელსინკში, აშშისსტრატეგიულ მოკავშირესაქართველოზე, საუბარი კი არა, უბრალოდ ხსენებაც კი არ იქნება!

ჰელსინკის ისტორიულ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 11-12 ივლისს ბრიუსელში გაიმართება ნატოს მორიგი სამიტი, რომელსაც დონალდ ტრამპიც დაესწრება ერთადერთი მიზნით: აიძულოს ნატოს წევრი ქვეყნები, რომ ნაციონალური შიდა პროდუქტის 2% გადაიხადონ ნატოს ბიუჯეტში, რადგან, მისივე ხატოვანი თქმით, აშშ აღარ აპირებს ევროპისთვის ფულის ყულაბად ყოფნას.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ბიზნესმენი, ისე უდგება ამ საკითხს: თუ გინდათ, ამერიკამ დაგიცვათ _ ფული გადაიხადეთ!

ჰელსინკისგან განსხვავებით, ნატოს სამიტზე საქართველოს არა თუ მხოლოდ ახსენებენ, არამედ, როგორც ალიანსის არაწევრ ქვეყანათა შორის უდიდეს კონტრიბუტორს (პატარა საქართველოდან ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობს მსოფლიოს ცხელ წერტილებში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში), მადლობასაც გადაგვიხდიან; მეტიც, კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და, აშშ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუციისა არ იყოს, ახლა საქართველოსთვის ნატოს განცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე აღნავლდება ქოც-ნაცთა ხელისუფლება და აი, როგორც იქნა, მივადექით მთავარ სათქმელს:

ერთადერთი, რის თქმასაც ოპოზიციური ძალები ბედავენ, არის ის, რომ ნატო იმიტომ არ გვინდა, რადგან იქ მაინც არ მიგვიღებენ, ანუ არც მწვადს წვავენ და არც შამფურს _ საქართველოში არ არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც გაბედავს და ხმამაღლა დასვამს კითხვას: რომც მიგვიღონ ნატოში, მერე რა, როო?!

რადა, ნატოს წევრობა აპრიორი არ ნიშნავს, რომ, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში (ჩვენში ხომ მხოლოდ რუსული საფრთხე განიხილება), ჩვენისთანა პატარა ქვეყნის მიმართ, ავტომატურად ამუშავდება ნატოს წესდების მე-5 მუხლი, რომლის მიხედვით ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ნატოზე თავდასხმად განიხილება და ამიტომ ნატო ომს დაუწყებს რუსეთს.

ეს რომ ასეა, ამის დასტური ამ ორი წლის წინათ სირიაში რუსეთ-თურქეთს შორის მომხდარი სამხედრო ინციდენტია, როცა ნატოს წევრმა თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამისთვის რუსეთის ავიაკოსმოსურმა ძალებმა თურქეთის ის ტერიტორია, რომელზეც პარაშუტით დაშვებისას რუსი პილოტი ჰაერშივე დახვრიტეს, ნაცარტუტად აქციეს.

რუსეთის კიდევ უფრო მასშტაბური შურისძიების მოლოდინით შეშინებული თურქეთის პრეზიდენტი ნატოს შტაბ-ბინაში მივარდა, სადაც მას არაორაზროვნად მიუთითეს, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ნატოს წევრ თურქეთს ნატო ვერაფრით დაეხმარებოდა და გაწბილებული რეჯეპ თაიფ ერდოღანი, რომ იტყვიან, მოსკოვში ეახლა ვლადიმერ პუტინს და დაჩოქილმა პატიება სთხოვა. უზარმაზარ თურქეთს უთხრა უარი ნატომ და, აბა, პატარა საქართველო რაღა სახსენებელია?! საქართველო, რომელსაცსტრატეგიული მოკავშირეაშშ აგვისტოს ომის დროს მხოლოდ შეშფოთებააღშფოთებით, პამპერსებითა და მტკნარი წყლით დატვირთული კრეისერებითდაეხმარა”…

ზემოთ თქმულს კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჰელსინკის სამიტზე, დიდი ალბათობით, აშშ და რუსეთი მსოფლიოს გადაინაწილებენ და ამ გადანაწილებაში, ყირიმთან ერთად, რუსეთისთვის კავკასიის თემაც დახურულია!

ქოც-ნაცების ხელისუფლება ამას წინათ სომხეთში მიმდინარე მოვლენებს იმედის თვალით შეჰყურებდა _ არიქა, ნიკოლ ფაშინიანის სახით სომხეთშიც ჩვენისთანა ლიბერასტები მოდიან ხელისუფლებაშიო, მაგრამ ამაოდ. სომხეთის პრემიერად დანიშვნის შემდეგ უკვალოდ გაქრა ნიკოლ ფაშინიანის რევოლუციური რიტორიკა, რომ დისტანცირებას მოახდენდა რუსეთთან, ევრაზიული კავშირიდან და ე.წ. ოდეკაბედანაც (რუსეთის ეგიდით კოლექტიური უსაფრთხოების სამხედრო ალიანსი) გამოვიდოდა და დასავლეთისკენ აიღებდა კურსს. რევოლუციის გზით გაპრემიერებული ფაშინიანის პირველი ვიზიტი სოჭში ვლადიმერ პუტინთან შედგა და მის წინაშე ერთგულების ფიცი დადო. აბა, რას იზამდა გიუმრიში უდიდესი რუსული სამხედრო ბაზის მფლობელი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ?!

იმავეს თქმა აზერბაიჯანზეც შეიძლება, რომლის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღის ფაქტორით “დაბმული” რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება რეგიონში.

ასე რომ, ამიერკავკასიაში სამიდან ორი რესპუბლიკა რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირეებად განიხილება და საქართველოს აარევინებს პოლიტიკურ პასიანსს რუსეთი?!

ზემოთ თქმულის მიუხედავად, რუსეთი არავის დაუთმობს კავკასიას, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ 2 საუკუნის განმავლობაში რუსი ჯარისკაცების ზღვა სისხლი დაიღვარა აქ და აშშ-ის საბოლოოდ აბარგება რეგიონის ცენტრ საქართველოდან დროის ამბავია მხოლოდ…

ლოგიკური იქნება, რომ საქართველომ ნატო-ევროკავშირის ქიმერის დევნაზე უარი თქვას და პოლიტიკურ-ეკონომიკური გეზი ერთმორწმუნე რუსეთისკენ აიღოს, რადგან სხვა შემთხვევაში საქართველოს დაღუპვა ელის.

დავით მხეიძე

P.S. ტოტალური რუსოფობიით მოცულ საქართველოში უეჭველად აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც წინამდებარე წერილს რუსოფილიად, რუსეთუმეობად ჩამითვლიან. არადა, წინამდებარე სტატიის შექმნის საფუძველი ისტორიული მეხსიერება, ცხოვრებისეული გამოცდილება და საღი აზრია მხოლოდ.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ეჰ ბატონო დავით მერედა ვის სუურს საქართველოში //ვგულისხმობ მთავრობას//მაგ შეგონების მოსმენა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here