მთავარი ყველაზე ყველაზე მსოფლიოს 8 ყველაზე მძლავრი არმია

მსოფლიოს 8 ყველაზე მძლავრი არმია

138 ქვეყნის სიაში საქართველოს შეიარაღებული ძალები 89-ეა

478
გააზიარეთ
მსოფლიოს 8 ყველაზე მძლავრი არმია

ანალიტიკური კომპანია Global Firepowerმა მსოფლიოს ქვეყნების არმიების 2020 წლის სარეიტინგო სია გამოაქვეყნა. ექსპერტებმა გააანალიზეს 50-ზე მეტი ისეთი პარამეტრი, როგორებიც არის ფინანსური შესაძლებლობები, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და მოხმარება, ლოჯისტიკური სერვისების ხარისხი, სამხედროსაჰაერო, სახმელეთო, სამხედროსაზღვაო ძალების მდგომარეობა და სხვ.

Global Firepower-ის სარეიტინგო სიაში, რომელშიც 138 ქვეყნის არმიების შესაძლებლობებია გაანალიზებული, საქართველოს შეიარაღებული ძალები 89-ე ადგილზეა და მისი ინდექსი 1,6679-ს შეადგენს. სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკებიდან საქართველოს უსწრებს: რუსეთი _ მე-2 ადგილი, ინდექსი 0,0681; უკრაინა _ 27-ე ადგილი, ინდექსი 0,4457; უზბეკეთი _ 52-ე ადგილი, ინდექსი 0,08186; ბელარუსი _ 53-ე ადგილი, ინდექსი 0,8179; ყაზახეთი _ 63-ე ადგილი, ინდექსი 0,9098; აზერბაიჯანი _ 64-ე ადგილი, ინდექსი 0,9463; თურქმენეთი _ 77-ე ადგილი, ინდექსი 1,3292; ლიეტუვა _ 83-ე ადგილი, ინდექსი 1,475.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საქართველო უსწრებს ყირგიზეთს _ 98-ე ადგილი, ინდექსი 1,9244; ლატვიას _ 102-ე ადგილი, ინდექსი 2,0145; სომხეთს _ 111-ე ადგილი, ინდექსი 2,1251; მოლდოვას _ 112-ე ადგილი, ინდექსი 2,12291; ესტონეთს _ 119-ე ადგილი, ინდექსი 2,5893; ყოფილი საბჭოთა კავშირის მე-15 რესპუბლიკა ტაჯიკეთი სიაში შეყვანილი არ არის.

მსოფლიოს 8 მძლავრი არმიის სია კი ასეთია:

  1. დიდი ბრიტანეთი

უცნობია, როგორ აისახება Brexit-ი ატომური იარაღის მფლობელ სახელმწიფოზე, მაგრამ მისი არმია ერთ-ერთი მძლავრია მსოფლიოში. დიდ ბრიტანეთს მესამე ადგილი უკავია ავიამზიდების რაოდენობით (2), მეხუთე _ ფრეგატების (13), მერვე _ ნაღმოსანი ხომალდების (13) მიხედვით. ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია 4 ატომური წყალქვეშა ნავი ბალისტიკური რაკეტებით; სამხედრო ბიუჯეტი კი 55,1 მლრდ დოლარს შეადგენს.

  1. საფრანგეთი

დასავლეთ ევროპის ამ სახელმწიფოს გავლენა მსოფლიოს დიდ ნაწილზე ვრცელდება მეცნიერების, პოლიტიკის, ეკონომიკისა და, უწინარესად, კულტურის მეშვეობით, თუმცა საფრანგეთს სამხედრო სფეროშიც აქვს მიღწევები. ის მსოფლიოში მერვე ადგილზეა ფრეგატების (11) და ნაღმოსანი ხომალდების (17) მიხედვით, მეათე ადგილზეა თავდაცვის ბიუჯეტით _ 41.6 მლრდ.

  1. სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის სამხედრო ბიუჯეტი 44 მლრდ დოლარს შეადგენს. ამ ქვეყანას 3,1 მლნ რეზერვისტი ჰყავს და ამ მაჩვენებლით მეორეა მსოფლიოში. სამხრეთი კორეა გამოირჩევა, აგრეთვე, ისეთი პარამეტრებით, როგორიც არის დაჯავშნილი ტექნიკა (მე-4 ადგილი) და თვითმავალი არტილერია (მე-3). ამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებშია 22 წყალქვეშა ნავი (მე-6), 18 ფრეგატი (მე-5) და 2 ავიამზიდი.

  1. იაპონია

ტექნიკურად ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში დისკუსია მიმდინარეობს კონსტიტუციის მე-9 მუხლის შეცვლაზე, რომლის მიხედვით იაპონია უარს ამბობს სახმელეთო ჯარის, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ფლოტის შექმნასა და საერთაშორისო დაძაბულობის კერებში გამოყენებაზე. იაპონიის არმიას ფორმალურად ჰქვია თავდაცვის ძალები _ ამ ძალების შესანახავად ოფიციალურად იხარჯება 49 მლრდ დოლარი. ის საზღვაო პორტებისა და ტერმინალების რაოდენობით (მათი რაოდენობა 44-ია) მსოფლიში პირველია, ხოლო ავიამზიდებისა (4) და საესკადრო ნაღმოსნების (40) მიხედვით _ მეორე.

  1. ინდოეთი

ინდოეთი მოსახლეობით (1,29 მლრდ) მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ; მეორეა სამხედროების რაოდენობისა (1,4 მლნ) და რეზერვისტების (2,1 მლნ) მიხედვითაც. ინდოეთის შეიარაღებულ ძალებს ემსახურება 4292 ტანკი (მე-5 ადგილი), 2123 საფრენი აპარატი (მე-4). სამხედრო ბიუჯეტი კი 61 მლრდ დოლარია.

  1. ჩინეთი

ჩინეთი წლიდან წლამდე აძლიერებს თავის შეიარაღებულ ძალებს და ასე უპირისპირდება აშშ-ის სწრაფვას, იბატონოს რეგიონზე. ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა მოსახლეობისა (1,3 მრდ) და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების (2,1 მლნ) რაოდენობით. ჩინეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ტექნიკის საერთო რაოდენობით მესამეა, საზღვაო ფლოტის ძალები _ მეორე. ჩინეთს ჰყავს 3500 ტანკი და 33 ერთეული დაჯავშნილი ტექნიკური საშუალება. სამხედრო ბიუჯეტი 237 მლრდ დოლარია.

  1. რუსეთი

რუსეთი მსოფლიოს ყველაზე მძლავრ არმიებს შორის მეორეა. ეს სახელმწიფო აქტიური სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობით (1 მლნ) ჩამორჩება ჩინეთსა და ინდოეთს, მეორეა სამხედრო-საჰაერო ტრანსპორტის რაოდენობით (4163 ერთეული), მაგრამ მსოფლიოში პირველია ტანკების (12950), თვითმავალი არტილერიისა (6083) და ზალპური ცეცხლის სისტემებით (3860). რუსეთი, აგრეთვე, პირველია კორვეტებისა და საესკადრო ნაღმოსნების რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი მხოლოდ 48 მლრდ დოლარს შეადგენს.

  1. აშშ

Global Firepower-ის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მძლავრი არმია აშშ-ს ჰყავს. ის პირველია სამხედრო ბიუჯეტის (750 მლრდ), სამხედრო-საჰაერო ტექნიკისა (13264 ერთეული) და დაჯავშნილი ტექნიკის (39253 ერთეული) მიხედვით, ტანკების რაოდენობით კი მეორეა (6289 ერთეული).

* ცნობისთვის: Global Firepowerის კვლევაში არ არის მონაცემები ამა თუ იმ ქვეყნის ბირთვული იარაღის შესახებ, ამიტომ ეს მონაცემები სხვადასხვა ინტერნეტრესურსში მოვიძიეთ. ბირთვული ქობინების რაოდენობით მსოფლიოში პირველია რუსეთი. მას 7500 ბირთვული ქობინი აქვს; მეორეა აშშ _ 6800 ქობინი, მესამე _ საფრანგეთი (300), მეოთხე _ ჩინეთი (240), მეხუთე _ დიდი ბრიტანეთი (215), მეექვსე _ ინდოეთი (110), მეშვიდე _ პაკისტანი (120), მერვე _ ისრაელი (80).

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here