მთავარი ეკონომიკა მოსახლეობას 19,7 მლრდ აქვს ბანკების ვალი

მოსახლეობას 19,7 მლრდ აქვს ბანკების ვალი

8749
გააზიარეთ
ბიძინა ივანიშვილი

ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში თქვენ გექნებათ უფასო ფული, ანუ დიდი კრედიტები ნულოვანი პროცენტით და ამის გარანტი ვიქნები მე. ბანკები აღარ გაგძარცვავენ და აღარ იქნებიან სახელმწიფო სამსახურში, როგორც ახლა არიან”, _ ეს განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. “ქართული ოცნებისდეპუტატობის კანდიდატები იმხანად სოფელსოფელ დადიოდნენ და ამ ფრაზას იმეორებდნენ. იმასაც ამბობდნენ, ბანკები შავ ფულს ინახავენ იმისთვის, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ გადაურიცხონ და ასე ერთობლივად ძარცვავენ მოსახლეობასო. ჰოდა, იპოთეკარების არმიამ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ბანკებში სესხი კაბალური პირობებით ჰქონდათ და დღემდე აქვთ, დაუჯერესოცნებასდა ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ხელისუფლებაში მეექვსე წლის ათვლა დაიწყო. რა მივიღეთ შედეგად?

ფიზიკური პირების სესხები კომერციული ბანკების მიმართ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 19,7 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს კი, გასულ წელთან შედარებით 1,4 მილიარდით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 6,4 მილიარდით არის გაზრდილი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დოლარებით გაცემული სესხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 176 მილიონით შემცირდა და 5,1 მილიარდი შეადგინა. სამაგიეროდ, 2 მილიარდით მოიმატა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ და 6,48 მილიარდი ლარი შეადგინა.

მომატებულია სესხები იურიდიულ პირებზე _ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გაცემულია 7.308 მლრდ დოლარი (შარშან 6,845 მილიარდი იყო) და 2,52 მილიარდი ლარი (რაც 500 მილიონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს).

რა გამოდის? უფასო ფული კი არა, ფულს ისეთი ფასი დაედო, აქამდე რომ არ ჰქონია. ბანკებიდან კრედიტების გამოტანა იმის მაჩვენებელია, რომ მოსახლეობას საარსებო ფული არ აქვს და უკიდურეს ზომას მიმართავს _ ბანკიდან სესხს იღებს. სწორედ ამის შედეგად, იმავე ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების სუფთა მოგებამ (ანუ მოგების გადასახადის შემდეგ მოგებამ) 870 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 191 მლნ ლარით (28%-ით) მეტია. 2016 წელს ბანკების სუფთა მოგება 679 მილიონი ლარი იყო. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ 2017 წელს მოგების გადასახადის სახით ბანკებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 91 მილიონი ლარი გადაიხადეს.

რა გამოდის? გარდა იმისა, რომ ვიხდით მომატებულ გადასახადებს, ვყიდულობთ გაძვირებულ მედიკამენტებსა და პროდუქტებს, პარალელურად ვიხდით ბანკების ვალს, შედეგად ბანკებმა შარშან ლამის მილიარდიანი მოგება ნახეს; მაგრამ რაც ნახა ხალხმა გასულ წელს, რომელიც საოცარი უნდა ყოფილიყო, კარგად მოგეხსენებათ. ისე, მართლაც საოცარი წელი იყო ფინანსური თვალსაზრისით, რადგან მოსახლეობა უფრო მეტად გაღარიბდა და დაერქვა ღატაკი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

ეროვნული ბანკი აპირებს კომერციული ბანკები უფრო პრივილეგიურ მდგომარეობაში ჩააყენოს და სავალუტო ჯიხურებს პირობებს უმკაცრებს. სავალუტო ჯიხურების მუშაობის რეგულირების თვალსაზრისით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ეროვნული ბანკის უფლებამოსილება იზრდება. შედეგად, სებ-ი სავალუტო ჯიხურების ზედამხედველობას მხოლოდ ფულის გათეთრების კუთხით აღარ განახორციელებს. ამას გულისხმობს, “ეროვნული ბანკის” შესახებ კანონში შესული ცვლილებები. სწორედ ამ ცვლილებების მიხედვით, იმ საფინანსო დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლის ზედამხედველობასაც ახორციელებს ეროვნულ ბანკი, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებიც დაემატა. ახალი რეგულაციებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებული იქნება ვალუტის გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ მომხმარებელს მომსახურების გაწევისას სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

“ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავისი დადგენილი წესით. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესს”, _ წერია კანონში.

ცნობისთვის: ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესი ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 1 მარტამდე უნდა განსაზღვროს. სამწუხაროდ, ბოლო “პასადკა” ესეც არ არის. ეროვნული ბანკი უკვე მუშაობს რეგულაციებზე, რომელთა მიხედვით, სავალუტო ჯიხურის არსებობას აზრი ეკარგება. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ მე, თქვენ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე სავალუტო ჯიხურში გადავცვლით თანხას და, მაგალითად, ას დოლარში მივიღებთ 250 ლარს, მას უფლება ექნება, 3 დღის განმავლობაში დააკვირდეს კურსის ცვლილებას და, თუ კურსი მოიმატებს და გახდება, ვთქვათ, 2.55, მივიდეს იმავე სავალუტო ჯიხურში და დანამატი მოითხოვოს, ანუ დაამატებინოს სხვაობა 5 ლარი. შედეგად, სავალუტო ჯიხურს მოგება, უბრალოდ, აღარ ექნება, რადგან, თუ პირიქით მოხდა და სამი დღის განმავლობაში კურსი დაეცემა, მოქალაქეს არ აქვს ვალდებულება, მივიდეს და ჯიხურს სხვაობა აუნაზღაუროს. სავალუტო ჯიხურების დაკეტვის შემდეგ, ნებისმიერი მოქალაქე ვალდებული იქნება, ვალუტა გადაცვალოს კომერციულ ბანკში, რომელშიც, ყველამ იცის, რომ კაბალური კურსია და, სულ ცოტა, ხუთთეთრიანი სხვაობაა სავალუტო ჯიხურებთან შედარებით. მხოლოდ თბილისში სამი ათასამდე სავალუტო ჯიხურია და რამდენ ადამიანს ემუქრება უმუშევრად დარჩენა, ვხვდებით, ალბათ. ისე, ეროვნული ბანკი იმასაც ამბობს, რომ რეგულაციებს დაუწესებს ბანკებს, რომ მათ არ ჰქონდეთ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის 0,5%-ზე მეტი მარჟის დადების უფლება ყიდვა-გაყიდვას შორის, თუმცა ამას ბანკები უკვე აპროტესტებენ და კერძო ბიზნესში ჩარევად მიიჩნევენ.

სხვათა შორის, 2016 წლის იანვარში აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს საქმიანობა აუკრძალა და ვალუტის გადაცვლა მხოლოდ ბანკების ოფისებშია შესაძლებელი. ამასთანავე, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები შენარჩუნებულია ტურისტულ ადგილებში, მაგალითად, აეროპორტებსა და სასტუმროებში. აღნიშნულ სიახლეს მარეგულირებელი ორგანო უფრო ოპერატიული მომსახურების უზრუნველყოფით ხსნიდა, მაგრამ ადგილობრივები არ მალავენ, რომ ეს მხოლოდ ბანკებისთვის გაკეთდა და რეალურად კი მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. უფრო მეტიც, აეროპორტებსა და სასტუმროებში ადგილობრივებს ვალუტის გადაცვლის შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან მათ პირადობის მოწმობას სთხოვენ. როგორც ჩანს, აზერბაიჯანის მაგალითზე საქართველომაც გადაწყვიტა, ანალოგიურად მოიქცეს და პარალელურად, ამ ყველაფერს ტურისტების მოტყუების პრობლემის არსებობით ამართლებს. თურმე სავალუტო ჯიხურების მეპატრონეები ტურისტებს გვარიანად ატყუებენ და მათ, პრაქტიკულად, ძარცვავენ. ამ პრობლემის არსებობას სავალუტო ჯიხურების დიდი ქსელების მეპატრონეებიც ადასტურებენ, მაგრამ, წესით, ამას სამართალდამცავებმა უნდა მიხედონ და ერი არ უნდა გადააყოლონ რამდენიმე არაკეთილსინდისიერ თანამშრომელს. ვიღაცას თუ ატყუებენ, შეუჩერონ კონკრეტულ ჯიხურს ლიცენზია და შემდეგ დანარჩენები ისწავლიან ჭკუას, თუმცა ეს მხოლოდ მიზეზია, მიზეზი იმისა, რომ თავიდან ბოლომდე ბანკებზე დამოკიდებულები ვიყოთ.

არადა, ხელისუფლებას რომ ჰკითხო, წინ მივიწევთ, საქართველოში ბიზნესის კეთება ადვილია, უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა ვართ (და ეს იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც კომპანია “ჯეოსელს” ფლობდა, საქართველოდან გაიქცა) და… უცებ ირკვევა, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, საქართველოდან ათიათასობით მოქალაქე წავიდა და ევროპის ქვეყნებს თავშესაფარს სთხოვს. ხელისუფლება არ დაიბნა, აქედანაც სარგებელს ეძებს და მიიღებს კიდეც _ უკვე მუშავდება რეგულაციები, რომელთა მიხედვით, სავიზო რეჟიმის დამრღვევ საქართველოს მოქალაქეებს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევთ ბიუჯეტის სასარგებლოდ, ანუ წახვალთ, არალეგალურად იმუშავებთ 3, 4 ან 5 წელს, მოაგროვებთ მცირე კაპიტალს, რათა საქართველოში დაბრუნდეთ და მცირე ბიზნესი დაიწყოთ, მაგრამ ნურას უკაცრავად! ამ კაპიტალის დატოვება საბაჟოზევე მოგიწევთ სახელმწიფოს სასარგებლოდ, ანუ გამოვა ისე, რომ წახვედით, იშრომეთ, ჯანმრთელობა ევროპაში დატოვეთ და, უკან დაბრუნებულებს, თქვენს ნაშრომს სახელმწიფო წაგართმევთ.

სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა პროგნოზი მხოლოდ ხუთ წელზე გააკეთა და აღარ უთქვამს, მეექვსე წელი როგორი იქნება. ალბათ, არმაგედონის დაანონსებას მოერიდა ექსპრემიერი.

ბესო ბარბაქაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here