მთავარი ეკონომიკა მოსაზრებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე

მოსაზრებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე

624
გააზიარეთ
მოსაზრებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე

გასული საუკუნის 20-იან წლებში მოხდა საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტების სრული ინტეგრირება საბჭოთა სოციალურეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემაში. საქართველოც, სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, აღმოჩნდა საზოგადოებრივეკონომიკური გარდაქმნების ობიექტი, რომელშიც საზოგადოებრივეკონომიკური ექსპერიმენტი უმკაცრესი ცენტრალიზებული ფორმით განხორციელდა. მოცემულმა ფაქტმა ბიძგი მისცა იმ სოციალურეკონომიკურ ძვრებს, რომლებმაც საბოლოოდ განაპირობა საბჭოთა რესპუბლიკების სოციალური მოდერნიზაცია და ეკონომიკის ინდუსტრიალიზაცია.

ვინაც რა უნდა თქვას და ეპითეტებით შეამკოს საბჭოთა მობილიზაციური საზოგადოებრივ-ეკონომიკური მოდერნიზაცია, რომელიც დაეყრდნო სოციალისტურ ულტრამემარცხენე პარადიგმაზე დაფუძნებულ გარდაქმნებს, ამ უკანასკნელმა, საბოლოო ჯამში, საბჭოთა რესპუბლიკების ტექნიკური, ტექნოლოგიური და შესაბამისი ეკონომიკური პროგრესი განაპირობა. აღნიშნულ გარემოებას, თავის მხრივ, მოჰყვა მოსახლეობის, მოქალაქეების ცხოვრების დონის ზრდა და მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებელ და ფუნდამენტურ პირობას წარმოადგენს ინდუსტრიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის.

საბჭოთა სახელმწიფოში დეზინტეგრაციული პროცესების დაწყების შემდგომი პერიოდიდან და დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული, საქართველომაც, საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ორგანიზაციების რჩევებითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, განიზრახა ეკონომიკური ორგანიზების სოციალისტური, ულტრამემარცხენე ეკონომიკური მოდელიდან პირდაპირი ტრანზიტის განხორციელება ეტაპობრივობის, გრადუალისტური მიდგომის გარეშე, რეგულირებული კაპიტალიზმის (ბაზრის) გვერდის ავლით გადასულიყო ეკონომიკური ლიბერალიზმის, ულტრამემარჯვენე მოდელზე, რომელშიც კოლექტივიზმი ჩაანაცვლა ინდივიდუალური ეგოიზმის ნორმატიულმა პრინციპმა. აღნიშნულ ფაქტს კი შედეგად მოჰყვა ეკონომიკის ნგრევა, ინდუსტრიული საზოგადოების დემონტაჟი და, საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი სოლიდური მატერიალურტექნიკური ბაზის განიავებასთან ერთად, აგრარულინდუსტრიული სექტორის სრული განადგურება.

საქართველოს ეკონომიკური რეფორმირების განვლილმა ისტორიამ დაგვანახვა, რომ სუფთა სახით ეკონომიკური ორგანიზების ორი მოდელის პრაქტიკულმა რეალიზაციამ (როგორც სოციალიზმის სახელმწიფო ტიპმა, ასევე თვითრეგულირებული ბაზრის კაპიტალისტურმა სისტემამ) საქართველოს პირობებში ვერ გაამართლა და ვერ აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი. უფრო მეტიც, თუ საზოგადოებრივეკონომიკური მოწყობის პირველი მოდელის პირობებში, ეკონომიკური განვითარების საწყის ეტაპზე მოხდა საბჭოთა სისტემაში ინტეგრირებული საქართველოს რესპუბლიკის სრული ინდუსტრიალიზაცია და ტექნოლოგიური განვითარება, მეორის დანერგვის მცდელობას მოჰყვა სამრეწველო წარმოების დეინდუსტრიალიზაცია, ტექნოლოგიური პოტენციალის დეგრადაცია და ეკონომიკური რეგრესი. აღნიშნულმა ეკონომიკურმა მოვლენამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო მოსახლეობის სრულ გაღატაკებას და მასობრივ სუდუხჭირეს საზოგადოების ფართო ფენებში. საბოლოოდ კი მივიღეთ სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის ის ფორმა, რომელიც დამახასიათებელია განუვითარებელი კაპიტალიზმის მქონე, ჩამორჩენილი საზოგადოებებისთვის, რასაც ულტრალიბერალი ეკონომისტის, ვაშინგტონის კატონის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტის _ დევიდ ბოუზის სიტყვებით თუ ვიტყვით, უწოდებენ მე-18 საუკუნის ინდუსტრიამდელ ლიბერალურკაპიტალისტურ ეკონომიკას.

ამიტომ საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური ვითარების პირობებში დაძლეული რომ იქნას სოციალურეკონომიკური ტიპის პრობლემები, მასობრივი სიდუხჭირე და სიღატაკე, უპრიანია, ჩამოყალიბდეს ეკონომიკური განვითარების მოდერნიზაციული პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა დაეყრდნოს იმ ეკონომიკურ კონცეფციურ მიდგომებსა და ზოგად ეკონომიკურ თეორიულ პარადიგმებს, რომლებიც ჰარმონიულ შესაბამისობაში იქნება ქართველი ერის სოციოკულტურულ თავისებურებებთან, ტრადიციულ ფასეულობებთან, ეკონომიკური ქცევის ორიენტირებსა და ადგილობრივი მოსახლეობის აზროვნებით სპეციფიკასთან.

თუმცა, სანამ უშუალოდ შეუდგებოდეთ ეროვნული ეკონომიკური მოდელის ფორმირებაზე მუშაობას, პირველ რიგში, უნდა გადავწყვიტოთ რამდენიმე თეორიულ-პრაქტიკული ამოცანა. ჩემი ღრმა რწმენით, ქართული რეალობისა და ისტორიული ეკონომიკური გამოცდილების გათვალისწინებით, მისაღებ ეკონომიკურ მოდელს წარმოადგენს ორი ეკონომიკური სისტემის გონიერი ჰიბრიდიზაციის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ტიპი. აღნიშნული გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის იმგვარ კონსტრუქციას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება, როგორც კოლექტივისტური საწყისი, როდესაც წარმოებით ურთიერთობათა სფეროში ეკონომიკის ფუნქციონირება დაეყრდნობა სახელმწიფო რეგულირებას და ამასთანავე, მასში ზომიერი შერევის გზით დაეფუძნება საბაზრო ეკონომიკის პრინციპს და პირად ინიციატივაზე დაფუძნებულ, მოგებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ მოდელს, სადაც დაცული იქნება, როგორც საზოგადოებრივი საკუთრება, ასევე კერძო მესაკუთრის ინდივიდუალური უფლებები. საბოლოო ჯამში კი, ორივე ეკონომიკური ტიპის გააზრებული შერწყმით უზრუნველყოფილი უნდა იქნას საზოგადოების ყველა ფენის ეკონომიკური კეთილდღეობა.

ამგვარად, ეროვნული ეკონომიკური მოდელის ფორმირება უნდა დაეფუძნოს ორი ტრადიციული ეკონომიკური სისტემის, მათი ქვესახეობების ჰარმონიულ სინთეზს, როდესაც კოლექტივისტურ-სახალხო კაპიტალიზმი კონვერგირდება ეროვნულ სოციალიზმთან, სახალხო-კოლექტივისტური კაპიტალიზმის პირობებში, როდესაც საკუთრების აქციონერული ფორმის დროს უზრუნველყოფილი იქნება საკუთრების კერძო და საზოგადოებრივი ტიპის შერეული ფლობა. ასეთ შემთხვევაში მოცემული განაპირობებს კაპიტალის, საკუთრების მართვის დემოკრატიზაციას, კოლექტივიზაციის, ცენტრალიზაციისა და ეკონომიკური ინდივიდუალიზაციის შერეული ტიპის გააზრებულ თანაარსებობას. თუ ფრანგ ფილოსოფოს ალენ დე ბენუას დავესეხებით, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო გამოირჩევა ღიაობით, ამ მხრივ არც იდეათა სისტემაა დახურული, რაზეც დიდ გავლენას ახდენს იმ ერის თავისებურებები, რომელშიც ისინი იბადებიან ან ინერგებიან. ასე რომ, იმდენი სოციალურეკონომიკური სისტემაა, რამდენიც ერი თუ საზოგადოებრივი ორგანიზმია. ფრანგი სოციალისტის _ ედმონ ლასკინის სიტყვებზე დაყრდნობით კი, იმდენივე სოციალიზმი არსებობს, რამდენი ერიც. სოციალიზმს არ შეუძლია ერთი ერიდან მეორეს ისე გადაეცეს, რომ არ შეიცვალოს თავისი შინაარსი”. დაახლოებით ანალოგიურ აზრს ავითარებს გერმანელი ინტელექტუალი არტურ მიულერ ვანდენ ბრუკი: “თითოეულ ერს გააჩნია საკუთარი სოციალიზმი”. ასე რომ, როდესაც შევეცდებით სხვადასხვა ეკონომიკური სისტემის გონიერი ჰიბრიდიზაციის საფუძველზე ეროვნული ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებას, სოციალისტური ეკონომიკის ის ტიპი უნდა შევუერთოთ, რომელიც ქართული სახელმწიფოს ფარგლებში მცხოვრები მოსახლეობის, კონცენტრირებული პოპულაციის, ეროვნული ორგანიზმის ტრადიციულ კულტურულ სპეციფიკასთან იქნება შეზავებული. სწორედ ამას ვუწოდებ მე ეროვნულ სოციალიზმს, როდესაც ქართული საზოგადოებრივი სტრუქტურის თითოეული ჯგუფის, სოციალური ფენის ეკონომიკური ინტერესები იქნება დაცული, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული, სოციალური სამართლიანობა რეალიზებული და საზოგადოების ყოველი წევრის სოციალური გარანტიები უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება პრაქტიკულ ამოცანას, ზემოთ ფორმულირებული ეკონომიკურ თეორიულ-კონცეფციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა მოვახდინოთ მისი ქართულ სინამდვილეში პრაქტიკული იმპლემენტაცია და რეალიზაცია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია და ინტენსიურ ეკონომიკურ განვითარებაზე დაფუძნებული ინდუსტრიული საზოგადოების ფორმირება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ინდუსტრიული საზოგადოების თეორიტიკოსებისთვის (. ბეკინგემი, . ბერგსონი, . გელბრაიტი.), მისი ფუნქციონირების უმთავრეს ბაზისურ პრინციპს წარმოადგენს, მიუხედავად არსებული საკუთრების ფორმებისა და ეკონომიკური სისტემების ფუნქციონირებისა, ინდუსტრიული ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, ფაბრიკა-ქარხნების მუშაობა, პროდუქციის გამოშვება და წარმოებული პროდუქციის შიდა თუ გარე ბაზრებზე გაყიდვით მოგების მიღება, გამდიდრება და ტექნოლოგიური განვითარება. ხოლო საზოგადოებებს, რომლებსაც სურთ, განვითარებულ ინდუსტრიულ საზოგადოებად ითვლებოდნენ, ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური სპეციფიკისა და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, უნდა ცდილობდნენ იმ საკუთრებითი ფორმებისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემების მოძიებას, რომლებიც ზემოთ ჩამოყალიბებულ პირობებს სრულად უზრუნველყოფს, თუმცა აქვე უნდა დაისვას შეკითხვა: როგორ უნდა მივაღწიოთ ინდუსტრიალიზაციის იმ დონეს ან თუნდაც მისი პირველი ფაზის დაწყებას, რომელსაც ეტაპობრივად მოჰყვება ინდუსტრიული საზოგადოების ფორმირება? დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური “განვითარების” ისტორია გვიჩვენებს, რომ ზემოთ გადმოცემული ნააზრევის რეალურ ცხოვრებაში გატარება საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი, ვინაიდან ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისთვის ფულადი რესურსების მოძიება ადვილი არ არის. ეს იმ პირობებში, როდესაც დასავლეთიდან ამ მიმართულებით ინვესტიციების სახით კაპიტალდაბანდებებს არც უნდა ველოდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ინდუსტრიალიზაცია, სულ ცოტა, მისი პირველი ფაზა განხორცილებული იქნებოდა (რთულია იმ ქვეყნების ფინანსურ-ეკონომიკურ სტრუქტურებს ინდუსტრიალიზაციის კუთხით ფინანსური დახმარება მოვთხოვოთ, რომელთა რეკომენდაციებითა და მიზანმიმართული საქმიანობით განადგურდა საქართველოს ინდუსტრიული სექტორი), ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ფინანსური სახსრების მოძიება მოგვიწევს შიდა რესურსების გამოყენებით. ინდუსტრიული ობიექტების, სამრეწველო საწარმოების ასაშენებლად და წარმოებითი ურთიერთობების გასავითარებლად ფულადი კაპიტალის მიღება, მისი დაგროვება და შიდა ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ ჩვენს ხელთ არსებული ერთი ფინანსური წყაროდან, კერძოდ, სოფლის მეურნეობის ნედლი პროდუქციის ექსპორტირების გზით. ამისთვის აუცილებელია, პირველ ეტაპზე მომზადდეს სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მობილიზაციური პროგრამა, რომლის პრაქტიკული ხორცშესხმა უნდა მოხდეს ცენტრალიზებულად. მობილიზაციური ეკონომიკური გეგმის მეშვეობით, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს სოფლის მეურნეობის გადაუმუშავებელ, ნედლ პროდუქციაზე შესყიდვების მონოპოლიზაცია, შიდა თუ გარე გასაღების ბაზრებზე მისი გატანა და ექსპორტი. სახელმწიფოს ხელისუფლება კი, მოგებით შემოსული ფინანსური სახსრების აკუმულირებით, პირველ ეტაპზე უნდა შეუდგეს, თანამედროვე სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების შემოტანის საფუძველზე, მსუბუქ მრეწველობაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავბელი საწარმოების, ფაბრიკა-ქარხნების აშენებასა და ამუშავებას.

ინდუსტრიალიზაციის პროცესში ხარჯების ეფქტიანად გამოსაყენებლად, საწარმოების მშენებლობის ორგანიზება გეოგრაფიული სივრცითი არეალის გათვალისწინებით უნდა დაეფუძნოს “ვერტიკალური ინტეგრაციის” პრინციპს.

“ვერტიკალური ინტეგრაციის” მოდელი საკუთარ თავში მოიცავს წარმოების სხვადასხვა სტადიის გაერთიანებას და სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის მოქცევას ერთობლივ ტექნოლოგიურ პროცესში, ამიტომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მრავალფეროვანი ბუნებრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის პოტენციურად შესაძლებელი სხვადასხვა დარგების განვითარებიდან გამომდინარე, თითოეულ რეგიონში იმ სპეციალიზებული წარმოების საშუალებების კონცენტრირებაა აუცილებელი, რომლებიც ამა თუ იმ რეგიონში არსებული სოფლის მეურნეობის ნედლი პროდუქციის გადამუშავებით მაღალხარისხიანი პროდუქციის კონკრეტული სახეობების წარმოებას შეძლებენ. ამით უზრუნველყოფილი იქნება აგრარული და ინდუსტრიული სექტორების ერთმანეთთან მჭიდრო დაკავშირება.

ინდუსტრიალიზაციის პროცესთან დაკავშირებული წარმოებითი ურთიერთობების სისტემის ფუნქციონირება მჭიდროდ არის გადაჯაჭვული კონკრეტული საწარმოების საკუთრების ფორმის განსაზღვრასთან. ჩვენს შემთხვევაში, მოზიდული ფინანსური სახსრების წყაროს გათვალისწინებით, რომელსაც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო სექტორში ინდივიდუალურად დასაქმებული ეკონომიკური აქტორი (გლეხი) და, რომელთაგანაც უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ ცენტრალიზებულად ინდუსტრიალიზაციისათვის აუცილებელი ფულადი კაპიტალის ამოქაჩვა. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, აშენებული საწარმოები უნდა დაექვემდებაროს საკუთრებისა და კაპიტალის მართვის აქციონერულ ფორმას. ასეთ შემთხვევაში, საკუთრების აქციონერული ფორმის ფუნდამენტური პრინციპის გათვალისწინებით, ფორმირდებოდა საკუთრების კერძო (ინდივიდუალური) და კოლექტიური (საზოგადოებრივი) ფლობის სინთეზირებული მოდელი. როდესაც სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებული ეკონომიკური აქტორებისგან მონოპოლიზებულად შესყიდული პროდუქციის რეალიზაციის საფუძველზე და ცალკეული აქტორების ინდივიდუალური კაპიტალის გაერთიანების ბაზაზე ხდება საწარმოს აშენება აქციების პროპორციული გადანაწილებით, ყველაზე სამართლიანი იქნებოდა, იგი საკუთრებაში გადასცემოდა იმ ეკონომიკურ აქტორთა კოლექტივს, რომელთაგანაც ამოქაჩული ფულადი კაპიტალის გამოყენებით განხორციელდა კონკრეტული საწარმოს აშენება. ამასთანავე, აქციათა მეორე ნახევრის თანაბარი გადანაწილება უზრუნველყოფილი უნდა იქნას სახელმწიფოზეც, როგორც აღნიშნული მოდელის სისტემა წარმომქნელ სტრუქტურასა და რეგულატორზე.

არსებული რეალობისა და ქართული საზოგადოებრივ-ეკონომიკური სტრუქტურის გათვალისწინებით, საკუთრების ფორმის აღნიშნულ ტიპს მივიჩნევ ყველაზე უფრო მეტად სიცოცხლისუნარიანს, შემდეგი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორების გათვალისიწინებით: 1) საწარმოს ფლობის მოცემული მოდელის მიხედვით, ადგილი ექნება წარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული მოგების, დივიდენდის სახით პროპორციულ გადანაწილებას თითოეულ აქციონერზე და მათ შორის სახელმწიფოზეც; 2) ერთი მხრივ, ინდივიდუალური კაპიტალის გაერთიანების საფუძველზე შექმნილი წარმოების საშუალება, ინდივიდუალურ მოგებაზე ორიენტირებული მესაკუთრეთა ძლიერი კოლექტიური ჯგუფისა და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს, როგორც სისტემის რეგულატორ მესაკუთრეს შორის, შექმნის თანაბარი ძალების მქონე ურთიერთდაბალანსებულ და ურთიერთკონტროლის მექანიზმზე დაფუძნებული საწარმოოს მართვის სისტემას, სადაც მისი ფუნქციონირების პროცესში არც ერთ ეკონომიკურ სუბიექტს არ ექნება უპირატესი უფლება მეორეზე. თანაც, მოგებაზე ორიენტირებული ორივე მხარე დაინტერესებულნი იქნებიან და ხელს შეუწყობენ, ინდუსტრიული ობიექტების სტაბილურ მუშაობა-ფუნქციონირებას; 3) რაც შეეხება მესამე ფაქტორს, იგი შექმნის ისეთ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ სტრუქტურას, რომელშიც არაურბანულ სექტორში (სოფლად) მცხოვრებნი გახდებიან აქციონერები (მესაკუთრეები), ხოლო ურბანულ სექტორში (ქალაქად) დასახლებულთაგან შეიქმნება საწარმოებში დასაქმებულთა, მუშათა და პროლეტართა ძირითადი მასა. ამასთანავე, ეკონომიკურ ურთიერთობათა მოცემულ სისტემაში მესამე ეკონომიკური სუბიექტიც, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ორიენტირებული იქნება წარმოების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფაზე.

სოციალურ-ეკონომიკური ინჟინერიისა და საზოგადოების ეკონომიკური რეფორმირების პროცესში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება სამრეწველო ინფრასტრუქტურის მართვის ორგანიზების საკითხის მოწესრიგებას, ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება კლასობრივ და საზოგადოებრივ სტრუქტურაში იმ სოციალური ფენის მომზადება-ფორმირება, რომლებმაც საწარმოს მართვის ფუნქცია უნდა იტვირთონ მოცემულ სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემაში. ცნობილი ამერიკელი სოციოლოგის _ კრისტოფერ ლეშის ნაშრომზე “ელიტების ამბოხი და დემოკრატიის ღალატი” დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე პერიოდი ახალი სოციალური ელიტების გაჩენის ეპოქაა, სადაც მმართვის პროცესში უმთავრესი ფუნქციური დატვირთვა დაეკისრება ინფორმირებულ, განათლებულ და კომპეტენტურ სპეციალისტთა მენეჯერებისგან (მმართველებისგან) ფორმირებულ კლასს. კ. ლეშის აზრით, ეს სოციალური ფენა თავისი არსით განსხვავებული იქნება მდიდარი ბურჟუაზიისგან და მესაკუთრე კლასისგან, რომელსაც იგი უმაღლეს საშუალო კლასს უწოდებს. რაც შეეხება ქართულ რეალობასა და ჩვენ მიერ ფორმირებული თეორიული ჩარჩოს ფარგლებში ჩამოყალიბებულ სოციალურეკონომიკურ სისტემას, რომელშიც ეკონომიკურ და სამრეწველო ურთიერთობათა სფეროში სახელმწიფო, როგორც უმთავრესი სისტემაწარმომქნელი სუბიექტი და სამრეწველო საწარმოს ერთერთი მესაკუთრე, ფუნქციურად უნდა დაიტვირთოს ღია ვერტიკალური სოციალური მობილობის პრინციპზე დაყრდნობით, ახალი სპეციალისტებისა და მმართველთა კლასის მომზადებაჩამოყალიბების ფუნქციით.

ამასთანავე, საწარმო ურთიერთობათა აღნიშნულ სისტემაში, ფუნქციური დანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სახელმწიფოს უნდა მიეცეს, მის მიერ მომზადებულ მენეჯერთა სოციალური ჯგუფის, კომპეტენტური და კვალიფიციური მმართველების, საწარმოთა თანამესაკუთრე აქციონერთათვის დასამტკიცებლად წარდგინების უფლება. რაც შეეხება მესაკუთრე აქციონერთა მეორე ჯგუფს, ისინი სამართლებრივად უნდა აღიჭურვონ, დასამტკიცებლად წარდგენილ კანდიდატთა საუკეთესოს არჩევისა და პროგრამული დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისი გადარჩევის უფლებით. ეკონომიკური ობიექტების ასეთი მართვითი მოდელის რეალიზაციის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი წარმოებით ურთიერთობათა სფეროში მერიტოკრატიისა და დემოკრატიის შერეული ფორმის უზრუნველყოფა, რომელიც კოლექტივიზმზე დაფუძნებული სახალხო კაპიტალიზმის ფუნდამენტურ კომპონეტს წარმოადგენს.

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here