მთავარი ისტორია მონღოლური გადასახადები და სამხედრო ბეგარა

მონღოლური გადასახადები და სამხედრო ბეგარა

1531
გააზიარეთ
მონღოლეთი

საქართველოში ამჟამად მოქმედი საგადასახადო სისტემა მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომასა და აღშფოთებას იწვევს. თავისი ხასიათით ეს სისტემა ანტისოციალურია და აბსოლუტურად უგულებელყოფს ხალხის რეალურ შესაძლებლობებს. ქვემოთ გთავაზობთ მონღოლი დამპყრობლების მიერ დაწესებული ხარკისა და ბეგარის ჩამონათვალს, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს, ზუსტად დაადგინოს, როგორწავიდა წინსაქართველოს ხელისუფლება გადასახადების მომატების საქმეში.

XIII საუკუნის 50-იანი წლებიდან მონღოლთა სახელმწიფოში ახალი ხანა დაიწყო _ დიდი ქვეყნების დაპყრობები ძირითადად დამთავრდა, რბევითა და ალაფით შეძენილმა შემოსავალმა იკლო, არსებული საგადასახადო სისტემა უკვე ვერ უზრუნველყოფდა უზომოდ დიდი იმპერიის შესანახ ხარჯებს. საჭირო შეიქნა გადასახადების გადიდება, მოსაწესრიგებელი იყო სამხედრო ორგანიზაციაც.

გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულებათა განსაზღვრისათვის საჭირო იყო, მონღოლებს ზედმიწევნით სცოდნოდათ, თუ ქვეშევრდომ ქვეყნებს რა რაოდენობის ჯარისა და რაოდენი შემოსავლის მოცემა შეეძლოთ. ამ მიზნით მათ ყველა თავიანთი სამფლობელო აღწერეს.

აღწერა მოხდა 1254 წელს, მანგუ ყაენის დროს. მონღოლებს აუწერიათ ყველაფერი (ადამიანები, პირუტყვი, ხეები, მიწა, ყანა, ვენახი, ბაღი, ბოსტანი, სათევზაო ადგილები _ მდინარეები, ტბები, ზღვები და სხვ.), რასაც კი შემოსავლის მოცემა შეეძლო, რაკი მონღოლებს ლაშქარში წასაყვანი მამაკაცები აინტერესებდათ, ამიტომ დავთარში შეუტანიათ 15-დან 60 წლამდე მამაკაცები.

მონღოლებმა გადასახადი დაადეს ყველას და ყველაფერს: სოფლის მეურნეებს, ვაჭრებს, ხელოსნებს, მეთევზეებს, მაღაროში მომუშავეთ, მიწას, მიწის ნაყოფს, ვაჭრობას და ა.შ. გაათავისუფლეს მხოლოდ მოხუცნი, ბავშვები, ქალები, ყოველგვარი რელიგიური კულტის მსახურნი, ეკლესია და მათი მიწა-წყალი (ესენი დავთარში არ შეიტანეს).

მონღოლთა იმპერიაში დადგენილია სულ 40-მდე სახეობის სამონღოლო ნატურითი და შრომითი გადასახადი. ცხადია, ყველა ერთდროულად მოქმედი არ იყო, მათ შორის მხოლოდ ძირითადი გადასახდელები წარმოადგენდა მუდმივს და საყოველთაოს.

ქართული, სომხური და სპარსული წყაროების მიხედვით, საქართველოს ვილაიეთში ამ პერიოდისათვის მოქმედებდა თოთხმეტზე მეტი სახეობის სამონღოლო ვალდებულება-გადასახადი, რომლებსაც თავიანთი სახელწოდება ჰქონდათ, ხოლო ქართველები მათ, საზოგადოდ, სათათროს უწოდებდნენ.

მალი ეწოდებოდა სოფლის მეურნეობაზე დადებულ გადასახადს. იგი აიღებოდა როგორც ნატურით, ისე ფულადად…

ყაფჩერი, ქართულად საბალახე, აიღებოდა პირუტყვიდან _ ყოველ ას სულზე ერთი სული (მომდევნო ხანებში მონღოლები ამ გადასახადს ფულადაც იღებდნენ 1-10 დინარამდე).

ულუფას ქართველები ძღვენსაც უწოდებდნენ. ის განკუთვნილი იყო მონღოლი მოხელეების სასარგებლოდ. ძღვენს შეაწერდნენ სოფელს, რომელსაც ათასეულისთავისათვის (ნოინისათვის) თითო კრავი და თითო დრაჰკანი უნდა გაეღო, ხოლო ათიათასისთავისთვის (დუმანნოინისათვის) _ ერთი ცხვარი და ორი დრაჰკანი. სოფელში მოსული მონღოლი მოხელის ცხენის ქირაც, მიზდი, სოფელს უნდა გადაეხადა, დღეში სამი თეთრის ოდენობით.

ტამღა (დამღა) იყო სავაჭრო გადასახადი 3 პროცენტის რაოდენობით, ე.ი. ყოველ 100 თეთრის ნასყიდობაზე აიღებოდა 3 თეთრი. ტამღას იხდიდნენ ვაჭრები და ხელოსნები…

საიამე ითვალისწინებდა როგორც შრომით, ისე ნატურით ვალდებულებას. მონღოლებმა გზებზე სადგურები (იამები) ააგეს, სადაც გზად მიმავალი მონღოლი მოხელის დასახვედრად და ღამის გასათევად ცხენები, საკვები და სხვა საჭირო რამ უნდა ყოფილიყო მომარაგებული…

არსებობდა სოფლებზე ცალკე ე.წ. ულაყის (საფოსტო ცხენის) გადასახადიც. ამ პერიოდის ქართულ წყაროებში ულაყის გადასახადი მოხსენიებული არ არის, მაგრამ მისი არსებობა უეჭველია, რადგან XV ს. საბუთებში მას ხშირად ვხვდებით როგორც უკვე ქართულ გადასახადად ქცეულს…

საქართველოში მოქმედებდა მონღოლური გადასახადი სატუზღუე… როგორც დადგენილია, ეს გამოსაღებელი შეიცავდა ძვირფასეულ ქსოვილებსა და ნივთებს. ადგილობრივი ფეოდალი ვალდებული იყო, ასეთი ძვირფასი ნივთები, ანუ თარღუ (ტუზღუ) მიერთმია აქ მობრძანებული მაღალი თანამდებობის პირისათვის ან ყაენის ოჯახის წევრისთვის. თარღუს ზომა განსაზღვრული არ იყო, იგი ფეოდალის სახელით მიერთმეოდა მონღოლ დიდებულს, რადგან საამისო თანხას ან თვით ნივთებს (თუ ამ ადგილას ვაჭარ-ხელოსნები ესახლნენ) იგი სოფლიდან კრეფდა.

ჰულაგუ ყაენმა (1256-1265) ჯარის შესანახავად შემოიღო კიდევ ერთი ახალი გადასახადი თაღარად წოდებული. თაღარი, ძირითადად, საკვები პროდუქტებისაგან შედგებოდა. მას კრეფდნენ სოფლებში სალაშქროდ მიმავალი ან დაბანაკებული მონღოლი ჯარის გამოსაკვებად. თაღარის ზომა და რაოდენობა სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა იყო. კირაკოს განძაკეცის ცნობით, თაღარი შედგებოდა შვიდი სხვადასხვა გამოსაღებლისაგან. თითოეულ პიროვნებას, ვინც კი სახელმწიფო დავთარში იყო შეტანილი, უნდა გადაეხადა: 100 ლიტრა პური, 50 ლიტრა ღვინო, 2 ლიტრა ბრინჯი, 3 თოფრაკი, 2 თოკი, 1 ისარი, 1 ნალი, 1 თეთრი. ამას გარდა, მას უნდა გადაეხადა 20 პირუტყვზე 1 პირუტყვი და 20 თეთრი (ვერცხლის ფული). ეს გადასახადი მოქმედებდა უმთავრესად საქართველოს სომხურ თემებში.

ნემარი წარმოადგენდა არარეგულარულ გადასახადს, რომელსაც სახელმწიფო კრებდა მაშინ, როცა მას დამატებითი ხარჯი მოსდიოდა ან ფული ესაჭიროებოდა. ნემარის ზომა და შინაარსი იცვლებოდა. მაგ., ერთ-ერთ პროვინციაში ნემარად აუღიათ ყოველ ათ სულ პირუტყვზე ორი სული.

აბუსაიდ ყაენის (1317-1335 წწ.) ანისის სპარსული წარწერიდან ჩანს, რომ საქართველოში მოქმედებდა: ტარხი, ბაჟი და თერნაგირი. საფიქრებელია, ეს გადასახადები საქართველოში შემოღებული იყო გვიან, რადგან 1254 წლის აღწერის დროს ქართულ და სომხურ წყაროებში არ იხსენიება.

ტარხი იყო ვალდებულება, როცა სახელმწიფო დროდადრო (მაგ., მოუსავლიანობის პერიოდში და ა.შ.) აიძულებდა მოსახლეობას, მიეყიდა დაბალ ფასებში ხაზინისათვის მეურნეობის პროდუქტები (“თარხი”), ანდა პირიქით, როცა სახელმწიფოს ფული ესაჭიროებოდა, იგი აიძულებდა ვაჭრებს, მოქალაქეებს, გლეხებს, შეესყიდათ ხაზინიდან თარხი მაღალ ფასებში.

თერნაგირის ზუსტი შინაარსი დადგენილი არ არის. ის იყო საქალაქო კარის ბაჟი. გარდა აბუსაიდის წარწერისა, ის გვხვდება იმავე პერიოდის ანისის კერძო პირთა სომხურ წარწერებში (XIV ს. 20-იანი წწ.), სადაც მოხსენიებულია “დიდი თერნაგირი” და მცირე თერნაგირი. ცნობილია, რომ ამ დროს ქ. ანისს ორი კარი ჰქონდა: მცირე და დიდი. როგორც ფიქრობენ, ორგვარი თერნაგირიც აქედან წარმოდგა.

საელჩო იყო მონღოლი მოხელის, ელჩის საჭიროებისთვის დაწესებული ულაყისა და ულუფის გადასახადი. …ელჩთა მიმოსვლის სიხშირის გამო, საელჩო ულუფისა და ულაყის გადასახადი მძიმედ აწვა დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობას.

ყაზან ყაენმა (1295-1304 წწ.) სცადა ელჩთა სამოხელეო წყობილების მოწესრიგება. XVII ს-ში საქართველოში, როგორც დადგენილია, მოქმედებდა გადასახადი საელჩო ულუფა, როგორც უცხო სახელმწიფოს მოხელე-ელჩებისათვის დაწესებული ულუფა.

ბაჟი იყო საგზაო გადასახადი, რომელიც აიღებოდა სავაჭრო-საქარავნო გზეზე, ქუჩებსა და ხიდებზე სავაჭრო საქონლის გასატარებლად. ბაჟის სიდიდე დამოკიდებული იყო სავაჭრო ტვირთის რაობასა და სიდიდეზე, ამასთან, სატრანსპორტო პირუტყვის რაოდენობასა და გვარობაზე (აქლემი, ვირი…). მთავარ გზებსა და ქალაქებში სპეციალურ მოხელეებს ევალებოდათ ბაჟის აღება და მეკობრეებისაგან გზების დაცვა. საფიქრებელია, მათვე ჰქონოდათ დაკისრებული მგზავრების დაზვერვა სახელმწიფოს უშიშროების მიზნით. ისე, როგორც სხვა სამონღოლო გადასახადებისა, არც ბაჟის ერთიანი ნორმა არსებობდა. ამიტომ საქართველოშიც ჩვეულებრივი იყო ზედმეტად და რამდენიმეჯერ ბაჟის გადახდევინება.

დაპყრობილ ქვეყნებში მონღოლებს შემოღებული ჰქონდათ შრომითი ვალდებულების კიდევ ერთი სახეობა _ ბეგარა. ეს იყო გლეხებზე დაკისრებული იძულებითი მუშაობა სასახლეების, გზების, სარწყავი არხების მშენებლობებზე, ამასთან, მომთაბარე-მეჯოგეებისათვის ტყეების გაჩეხვა, პირუტყვისათვის საკვების მომზადება, მწყემსვა და ა.შ. საფიქრებელია, საქართველოს ვილაიეთში ასეთი სამონღოლო ბეგარა ან სულ არ მოქმედებდა, ან ძალიან მცირე მასშტაბით იყო, ისიც ადგილ-ადგილ. ეს იმით უნდა ავხსნათ, რომ მონღოლ ყაენებს აქ მუდმივი სარეზიდენციო ადგილები არ ჰქონდათ, სადაც მშენებლობებს ჩაატარებდნენ და სხვ.

ყაზან ყაენის პერიოდში (1295-1304), როცა ილხან-მონღოლებმა ისლამი სახელმწიფო რელიგიად აღიარეს, არამუსლიმან მოსახლეობაზე დააწესეს სულადი გადასახადი ჯიზია, რომელსაც იხდიდნენ ქრისტიანები, ებრაელები, ზოროასტრიზმის მიმდევარნი და სხვ. ამიერკავკასიაში ჯიზია პირველად ყაზანმა შემოიღო 1295 წელს, მაგრამ 1296 წელსვე გააუქმა იმის შიშით, რომ იგი ადგილობრივ ქართველ და სომეხ ფეოდალებთან ურთიერთობას გაამწვავებდა… ეტყობა, მან კარგად გაითვალისწინა საქართველოში ისედაც მზარდი ანტიმონღოლური განწყობილება. სულ სხვა პოლიტიკას ადგნენ ძველი მონღოლური-მომთაბარული ცხოვრების მიმდევარი მმართველი წრეები (უმრავლესობა), რომლებმაც რელიგია დაპყრობილი ხალხების ძარცვის საშუალებად აქციეს. ამიტომაც იყო, რომ თვით ყაზან ყაენის პირველმა ემირმა ნავრუზმა, როგორც ქართველი ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, საქართველოში სპეციალური მოხელე გამოგზავნა, “რათა მოაოხრონ” საქართველოს ყველა ეკლესია, მათ შორის განთქმული ვარძიის მონასტერი, და ყოველგვარი ფასეულობანიც წამოიღონ. ნავრუზის ეს განზრახვა ვერ განხორციელებულა, თუმცა ამ მოხელეს ნახიჭევანის ეკლესიების დაცარიელება მოუსწრია. ნავრუზი და მისი მომხრენი, როგორც ცნობილია, ყაზან ყაენმა გაანადგურა, მაგრამ ყაზანის გარდაცვალების შემდეგ, როგორც კი აღდგა მოწინააღმდეგე დასის ბატონობა, 1307 წელს მუჰამედ ხუდაბანდა ოლჯაითუ ყაენმა კვლავ აღადგინა ჯიზია. ამ პერიოდის სომხური წყარო გვამცნობს, რომ მონღოლებს აუწერიათ საქართველოში მცხოვრები ქრისტიანები და სულზე 40-დან 10-მდე თეთრი დაუწესებიათ. ქართული და სომხური წყაროები ერთხმად მიუთითებენ ოლჯაითუ ყაენის მიერ საქართველოში ქრისტიანობის აღმოფხვრის განზრახვას, მაგრამ შემდეგ თურმე თვითონვე უარუყვია ეს, რადგან დარწმუნებულა, რომ ასეთი ნაბიჯი დიდ ზიანს მოუტანდა.

მონღოლები ყველა ამ გადასახადს ძირითადად ფულის სახით კრებდნენ.

ყოველწლიური მონღოლური სამხედრო ბეგარა საქართველოში კომლობრივ-ეკონომიკურ პრინციპზე იყო დამყარებული.

მონღოლურ სამხედრო ბეგარას ყალანი ეწოდებოდა. ყალანი, ქართული წყაროების მიხედვით, გამოსაღების ერთი სახეობაც ყოფილა. როგორც ჩანს, ის ცვლიდა თვით სამხედრო ბეგარას

აღწერამ ახალი გადასახადები დააწესა, ძველი დააზუსტა ან გაადიდა, სამხედრო ბეგარაც გააფართოვა და უფრო ორგანიზებული გახადა. ქართველი და სომეხი ისტორიკოსები აღწერას აფასებენ, როგორც თავსდამტყდარ დიდ ჭირს, რომელმაც ქვეყანა ააოხრა და გააღარიბა. ფაქტები მოწმობს, რომ აღწერილი სამონღოლო ვალდებულება-გამოსაღებელნი: მალი, ტამღა, საიამე, თაღარი, ნემარი, თარხი, ყალანი, თერნაგირი და სხვ. ხშირად სოფლებისა და ქალაქების მასობრივი დაცარიელების, მოსახლეობის შიმშილით ამოწყვეტის მიზეზი გამხდარა. მწარმოებელი საზოგადოებისათვის მონღოლური ხარკი მით უფრო მძიმე იყო, რომ მას თავისი ძველი საბატონო ფეოდალური მოვალეობანი კვლავ რჩებოდა.

მონღოლური საგადასახადო სისტემა ქვეყნის განვითარების ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად იქცა. საქმე ის იყო, რომ ქართული ფეოდალური გადასახადები მამაპაპით მოდიოდა და მისი გადიდება ძლიერ ძნელად და იშვიათად ხდებოდა, გლეხის მეურნეობის გადიდება არ იწვევდა გადასახადის გაზრდას და, ამრიგად, გლეხს დაუნჯების საშუალება ჰქონდა. მონღოლები კი მოსახლეობის აღწერას ხშირად ახდენდნენ, რასაც ახალი გადასახადების შემოღება და ძველის გადიდება მოსდევდა.

…უნდა აღინიშნოს მონღოლური სამხედრო ბეგარის დიდი სიმძიმე. სამხედრო ბეგარით გამოყვანილი მოსახლეობა ვალდებული იყო, მონაწილეობა მიეღო მონღოლთა ყველა დაპყრობით ომში. …საქართველოს ლაშქარი მონღოლთა სერიოზულ სამხედრო ძალას წარმოადგენდა. მას ომებში მოწინავე რიგები ეკავა და ბრძოლის პირველი დარტყმებიც გადაჰქონდა. მონღოლთა ომებში საქართველოს მეომართა ხშირი და ხანგრძლივი მონაწილეობა ცნობებით არის დადასტურებული. მაგალითად, ცნობილ ალამუთის ომში შვიდ წელიწადს იმყოფებოდა საქართველოს ლაშქარი. ალამუთი აღებულ იქნა 1256 წლის ნოემბერში. ამას მალე მოჰყვა ბაღდადის სახალიფოს დასაპყრობი ომი, რომელშიც, ასევე, მეფე დავით ლაშას ძე ჯარით მონაწილეობდა. ეს ომი 1258 წლის 10 თებერვალს დამთავრდა ქ. ბაღდადის ძლევამოსილი აღებით. 1259 წელს კვლავ დაიწყო დიდი ომები ეგვიპტის სულთნის ქვეყნების დასამორჩილებლად. ამ ომებს უამრავი ქართველი მეომარი შეეწირა. ეგვიპტეზე ლაშქრობები შემდგომშიც გაგრძელდა.

მომზადდა საქართველოს ისტორიის ნარკვევების მიხედვით,

. III, თბ. 1979

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here