მთავარი ეკონომიკა იოსებ არჩვაძე: მილიონი დოლარი, რომელიც შეიძლება მრეწველობაში დააბანდო, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს,...

იოსებ არჩვაძე: მილიონი დოლარი, რომელიც შეიძლება მრეწველობაში დააბანდო, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, ვიდრე ტურიზმი. თუ ასე არ გავაკეთებთ, საქართველო უტილიზაციის ადგილი გახდება. ქვეყანას ცარიელი ბოთლები და ნაგავი ერგება

708
გააზიარეთ
იოსებ არჩვაძე

2018 წლის აპრილიდან დღემდე ლარი 36 პუნქტით გაუფასურდა. 2018 წლის აპრილში ლარის საშუალო ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,42 ნიშნულზე იყო, დღეს კი ერთი დოლარი 2,78 ლარი ღირს. ამ პერიოდში ქართულ ვალუტასთან ერთად მნიშვნელოვნად უფასურდება თურქული ლირაც. წლის განმავლობაში ლირა 48,7%-ით გაუფასურდა, ლარი კი _ 14,8%-ით. უმნიშვნელო ცვლილებას განიცდის რუსული რუბლი. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ერთერთი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ მხოლოდ 4 პუნქტით დაეცა _ დაახლოებით 6,6%-ით. გამყარდა სომხური დრამი, რაც შეეხება აზერბაიჯანულ მანათს, ის დღეს სტაბილურია, როგორც ერთი წლის წინათ, ერთი დოლარი ახლაც 1,70 მანათი ღირს. ლარის კურსის მკვეთრ დაცემაზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში _ იოსებ არჩვაძე გვესაუბრება.

_ ლარის კურსის დაცემის რამდენიმე სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი არსებობს, ასევე არსებობს შინაგანი და გარეგანი მიზეზები და, როგორც ამბობენ, დამწვარზე მდუღარე დაესხა…

_ რომელია სუბიექტური მიზეზი და რომელი _ ობიექტური?

_ ობიექტურია ინვესტიციების შემცირების მოცულობა, რომელიც ურტყამს ვალუტის კურსს, რაც უფრო ნაკლებია ინვესტიცია, მით ნაკლებია ვალუტა და ეროვნული ვალუტის კურსიც ეცემა. ინვესტიციების შემცირებასაც აქვს თავისი მიზეზები.

_ ხელისუფლება საჯაროდ არ საუბრობს ინვესტიციების შემცირებაზე. რატომ შემცირდა ინვესტიცია, საქართველო სტაბილური ქვეყანა არ არის?

_ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო ხდება დოლარის გატანა სხვა ქვეყნებიდან საკუთარი ქვეყნის ეკონომიკაში რეინვესტირებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ეს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის აღიქმება, როგორც პატრიოტული ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, მაგრამ, როგორც იტყვიან, ის, რაც ერთს მოემატა, მოაკლდა სხვას… არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში ბევრგან შეინიშნება გარკვეული საინვესტიციო შიმშილი და კონკურენციის ზრდა.

რატომ შემოვა უცხოური კაპიტალი საქართველოში და არ აირჩევს თურქმენეთს ან პაკისტანს? ჩვენ რაღაცით უნდა მოვხიბლოთ ინვესტორი, სხვას რომ ვაჯობოთ. მსოფლიოში მომრავლდა ქვეყნები, რომლებშიც ისწავლეს ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, გარანტიების მიცემა, სტაბილური ბიზნესგარემოს ფორმირება, ამიტომ ინვესტორებს ფართო არჩევანი აქვთ. საქართველოს მოუწევს მეტი მუშაობა, რათა მიმზიდველი გახდეს ინვესტორისთვის. ამ მიმართულებით უკან არ წავსულვართ, მაგრამ სხვებმა გვაჯობეს, გადაგვისწრეს.

ამერიკაში საპროცენტო განაკვეთმა მოიმატა, უცხო ქვეყნებისთვის მიმზიდველია ამერიკის ფასიანი ქაღალდების შეძენა. დაძაბულობაა სპარსეთის ყურეში, ჩვენ გეოგრაფიულად ახლოს ვართ და ეს გარემოება გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე, რადგან ინვესტორებმა, რომლებიც ფიქრობდნენ ჩვენს ქვეყანაში ფინანსების დაბანდებაზე, შესაძლოა, ეს გადაიფიქრონ.

ლარის კურსის მერყეობაზე გავლენას ახდენს, აგრეთვე, ის ირაციონალური მოლოდინები, რომლებიც აქვს ბიზნესსა და მოსახლეობას. რიგითი ობივატელი როდესაც შეიტყობს ლარის კურსის დაცემას, იწყებს დოლარის შესყიდვას, ეს პროცესი დოლარზე მოთხოვნას ზრდის. მოთხოვნა მატულობს, მიწოდება კი უცვლელია, რაც ფასების ზრდას იწვევს.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის იზრდება და მეტი დოლარი გაედინება ქვეყნიდან. ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, თანაფარდობა ქვეყნის შიდა პროდუქტთან არის 55-56 პროცენტი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მოწყვლადია იმპორტისთვის და იმპორტირებული საქონლის ფასებისთვის.

არის კიდევ ერთი გარემოება და ეს უნდა ვთქვათ _ ლარის კურსის ცვლას აქვს საშუალო და მოკლევადიანი ეფექტი, გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმე ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ლარი ასე უფასურდებოდეს, არ არის.

_ რა ფაქტორებმა შეიძლება შეაჩეოს ლარის კურსის დაცემა?

_ არ ვიცი, რომელ ნიშნულს დაუბრუნდება ლარის კურსი, მაგრამ გაუფასურების რესურსი ამოწურულია და, თუ ფორსმაჟორი არ მოხდა, ვგულისხმობ საომარ მოქმედებებს, ნორმალური ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, ლარის გაუფასურების პირობები ამოწურულია.

ლარის გამყარებაზე ტურისტული სეზონი იმუშავებს, ეს სფერო უცხოურ ვალუტას შემოიტანს, იმედი მაქვს, შევინარჩუნებთ ექსპორტის მატების მაღალ ტემპს და ამით სავალუტო რეზერვებიც შეინარჩუნებს მატების მაღალ ტემპს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 6 დოლარით გაიაფდა ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე, რაც ჩვენს ეკონომიკას უნდა დაეტყოს.

არ შემიძლია, არ შევეხო იმ რეზერვს, რომელიც ქვეყანაში არსებობს, იმისთვის, რომ ლარის კურსი დარეგულირდეს _ ეს არის ჩვენი “გეორგიანელობა”. უდიდესი პოტენციალი გვაქვს სოფლის მეურნეობის წარმოების, მაგრამ ყოველწლიურად ვეწევით 400-500 მილიონი დოლარით მეტი აგროსასურსათო პროდუქტის იმპორტს ექსპორტთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სურსათი არ გვყოფნის. ჩვენ იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ეს რომ ასე არ ხდებოდეს და ექსპორტ-იმპორტის ნულოვანი ბალანსი გვქონდეს, ქვეყანას ყოველწლიურად 400-დან 500 მილიონ დოლარამდე შემოსავალი ექნებოდა. ეს ფული საქართველოს ეკონომიკაში რომ დატრიალებულიყო, ლარის კურსი იქნებოდა არა 2,78, არამედ 1,95-2,00-ის ფარგლებში და უფრო ნაკლებიც. მოკლედ, პრობლემათა მთელი გამაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

_ თქვენ ახსენეთ ტურიზმი, მაგრამ, როგორც ვიცი, ტურიზმი არ არის ქვეყნის აღმატებული ეკონომიკის გარანტი, თანაც ისეთი ქვეყნის, როგორიც საქართველოა.

_ საერთოდ, მომსახურების სფერო ეკონომიკისთვის კარგია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში არ ამართლებს და სასურველია, ქვეყნის ეკონომიკა გათვლილი იყოს გრძელვადიან პერპექტივაზე. გრძელვადიანია არა მხოლოდ სოფლის მეურნეობა, არამედ მოპოვებითი სფერო. საქართველოს აქვს სოფლის მეურნეობა და მსუბუქი მრეწველობის დარგები, რომლებსაც მულტიპლიკატორული ეფექტი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე მომსახურების სფეროს. მილიონი დოლარი, რომელიც შეიძლება მრეწველობაში დააბანდო, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, ვიდრე ტურიზმი. თუ ასე არ გავაკეთებთ, სხვა შემთხვევაში, საქართველო უტილიზაციის ადგილი გახდება. საქართველოს ცარიელი ბოთლები და ნაგავი ერგება

_ ჩვენი ხელისუფლება ლარის კურსის დაცემის მიზეზად თურქული ლირის გაუფასურებას ასახელებს. ეს ლოგიკაში არჯდება”…

_ მეზობელი, რომელთანაც სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს, ვალუტას იწოვს საქართველოდან, როცა თურქეთში ლირა ეცემა, ფასებიც ეცემა და მეტი თურქული საქონელი იყიდება… ეს საყურადღებო და საგანგაშოა, რადგან ჩვენი ვაჭრობით თურქეთში, სულ ცოტა, 70 ათას სამუშაო ადგილის შექმნას ვუწყობთ ხელს. უარი არ უნდა ვთქვათ ამ ყველაფერზე, მაგრამ თურქულმა მხარემაც უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოსთან ვაჭრობის ჩავარდნის გამო, შესაძლოა, თურქეთში უმუშევრობა გაიზარდოს. აქ ვგულისხმობ, ჩვენს დამსვენებლებს თურქეთის კურორტებზე.

_ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანას გახსნილი ეკონომიკა აქვს… 

_ საქართველო მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა და პროცენტების გაზრდის საშუალება რეალურად წართმეული გვაქვს. ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ახდენს სუბსიდირებას, თურქეთის იქნება თუ ევროკავშირის ქვეყნების, სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მიეცემათ გარკვეული შეღავათები, რათა იაფად განახორციელონ ექსპორტი სხვა ქვეყნებში. საქართველომ, იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდა მეწარმეებს, რასაც აქამდე აკეთებდა, ისიც არ გააკეთა _ შარშან ყურძნის სუბსიდირებაზეც უარი თქვა… ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია მანევრირება და სუბსიდიების განხორციელება თავის პროდუქციაზე, მაგრამ ჩვენ ამ პრივილეგიებს მოწყვეტილი ვართ, ბიუჯეტს არ აქვს საშუალება, კონტრზომები მიიღოს.

_ სახელმწიფოა სუსტი, ეკონომიკური გუნდი არ გვივარგა თუ რაშია საქმე?

_ ჩვენ სუსტი სახელმწიფო ვართ, ბიუჯეტის შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე 1100 დოლარის ფარგლებში გვქვს, მაშინ, როცა, ევროკავშირში 10 ათას დოლარამდეა. ჩვენთან სხვა ღონისძიებებია გასატარებელი. მეტი სტიმული უნდა შევქმნათ, რომ გვქონდეს მეტი დოვლათის შექმნის საშუალება, ნაკლები ბარიერი უნდა გვქონდეს, მომხმარებლამდე ჩვენ მიერ შექმნილი დოვლათის მიღწევისა.

_ ვინ შეიძლება იყოს ჩვენი რეალური პარტნიორი ეკონომიკური კუთხით? საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, მაგრამ პროდუქციის გატანას ვერ ვახერხებთჩვენი ეკონომიკა ფეხზე ვერ დადგა

_ პატარა ქვეყანა ვართ, თურქეთი ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, დიდი ხანია, მაგრამ მისი პარტნიორების ოცეულშიც ვერ მოვხვდით, მცირეა ჩვენი ვაჭრობის მასშტაბები თურქეთისთვის.

არ უნდა დაგვავიწყდეს მომსახურების პოზიცია, ტურიზმი მომსახურების სახეობაა, მაგრამ ნორმალურ პირობებში ის არ უნდა იყოს ძირითადი. სატრანსპორტო, საკომუნიკაციო ფუნქცია არ უნდა დავკარგოთ. სამწუხაროდ, საქართველომ ამ მიმართულებით უკან დაიხია. ჩვენი სატრანსპორტო ტვირთბრუნვის ფუნქცია შემცირდა, რეგიონული ჰაბი უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ასე არ მოხდა და ჩვენ მიღმა საკმაოდ დამაფიქრებელი პროცესები მიმდინარეობს. რუსეთი ჩაერთო ბაქოთბილისიყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტში, ხოლო ჩვენი ინტერესები გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის უპირატებობას ვკარგავთ. ეს ყველაფერი უკავშირდება მსოფლიოს დიდი მოთამაშეების გააზრებულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვერაფერს ვუპირისპირებთ.

საუბარი მინდა ოპტიმისტურ ნოტზე დასრულდეს _ ლარი სერიოზულად გაციებულია, მაგრამ ორმხივი პლევრიტი არ აქვს, გადადებული ავადმყოფი არ არის, თუ სწორად ვუმკურნალებთ, მისი გადარჩენა შეიძლება და ისტორიულ და ეკონომიკურ ფუნქციას შეასრულებს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here