Home რუბრიკები ეკონომიკა თომას პიკეტი –ეკონომიკური უთანასწორობა XXI საუკუნის უმთავრესი პრობლემა

თომას პიკეტი –ეკონომიკური უთანასწორობა XXI საუკუნის უმთავრესი პრობლემა

2067
ტომას პიკეტი

რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო აქტუალური და ყოვლისმომცველი ხდება კაპიტალიზმის კრიტიკა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ თემაზე ერთერთი გახმაურებული წიგნი ფრანგმა ეკონომისტმა ტომას პიკეტიმ გამოაქვეყნა _ “კაპიტალი XXI საუკუნეში”. 2013 წელს გამოშვებული წიგნი ერთგვარ ბესტსელერად იქცა და რეკორდულად ბევრი გაიყიდა მსოფლიო მასშტაბით. თვითონ პიკეტის უამრავი მეტსახელი მოუფიქრა მედიამ _ “ახალი მარქსი”, “ეკონომიკის როკვარსკვლავიდა .. მოკრძალებული ასაკის მიუხედავად, ტომას პიკეტი სხვადასხვა პრესტიჟული (ლონდონის და პარიზის ეკონომიკური სკოლები) სასწავლებლების პროფესორია.

პიკეტიმ თავის მონუმენტურ ნაშრომში, რომელსაც რამდენიმე წელი წერდა, აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააანალიზა ბოლო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში და მივიდა დასკვნამდე, რომ კაპიტალიზმი და სოციალური უთანასწორობა მდიდარი უმცირესობის წისქვილზე ასხამს წყალს. აღნიშნულმა წიგნმა პიკეტი პოპ-ვარსკვლავად აქცია და ის მუდმივად ან რომელიმე ტელეგადაცემის სტუმარია და ან რომელიმე ქვეყანაშია მიწვეული ტურნეზე. ჩვენ მოვახდინეთ ფრანგი ეკონომისტის თვალსაზრისის რეზიუმირება კაპიტალიზმზე, უთანასწორობაზე და გთავაზობთ აღნიშნულ პუბლიკაციას.

უთანასწრობის მუდმივი ზრდა ისტორიულად განპირობებული იყო ევროპული და ამერიკული ეკონომიკური სისტემებიდან გამომდინარე, მაგრამ მსოფლიო ომებისა და დიდი დეპრესიის გამო ეს პროცესი საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. უთანასწორობის შემცირების ბუნებრივი ტენდენციები იმ დროს არ არსებობდა, ამიტომაც საზოგადოებრივი კეთლიდღეობის ზრდა 1950-1980 წლებში იყო განსაკუთრებული და ერთჯერადი მოვლენა. ზრდის მაღალი ტემპები დაკავშირებული იყო ომის შემდგომი ეკონომიკის აღდგენასა და შობადობის ბუმთან. სავარაუდოდ, მსგავსი რამ აღარ განმეორდება: ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში უთანასწორობა მხოლოდ იზრდება.

მდიდრები ყოველწლიურად უფრო მდიდრდებიან

დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობას შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათი ცხოვრებაც საგრძნობლად გაუმჯობესდა ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის მაღალი ზრდის გამო, მაგრამ ეკონომიკური ზრდის შედეგად ყველაზე მეტად ხეირობს ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 1%, _ აღნიშნავს პიკეტი.

თუ გადავხედავთ აშშ-ის ეკონიმიკის საერთო ზრდას მსოფლიო კრიზისამდე 30 წლის განმავლობაში, 1977-2007 წლების პერიოდში, შევამჩნევთ, რომ ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 1%-ზე მოდიოდა მთლიანი ეროვნული შემოსავლის ნამატის 60%. შედეგად, დარჩენილი უმცირესობისთვის ზრდის ტემპი ყოველწლიურად 0.5%-ზე ნაკლებს შეადგენდა.

დაბალი გადასახადების დროს მდიდრები უფრო გავლენიანები ხდებიან

ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ დაბალი გადასახადები მოსახლეობას ცხოვრებას შეუმსუბუქებს, _ აღნიშნავს პიკეტი. ამის შედეგად მოგებულები კი მსხვილი კაპიტალის მფლობელები რჩებიან, რომლებიც თავისუფალ რესურსებს იღებენ, რათა გავლენა იქონიონ სახელმწიფო პოლიტიკაზე.

“ბევრ ქვეყანაში საგადასახადო განაკვეთის ზედა ზღვარის შემცირების შედეგად შემოსავლების ბუმი დაფიქსირდა, რამაც ბენიფიციარების პოლიტიკური ძალაუფლება საგრძნობლად გაზარდა. ბენიფიციარები მდიდრები აღმოჩნდნენ, რომლებიც გადასახადის ზედა ზღვარის მაქსიმალურად შემცირებით იყვნენ დაინტერესებულები. ამიტომაც მათ ღიად დაიწყეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის”.

უთანასწორობამ რეკორდულ მასშტაბებს მიაღწია

ფრანგი მეცნიერი გამოყოფს უთანასწორობის 2 ძირითად ფორმას _ საშემოსავლო და ქონებრივ უთანასწორობას, რაც, მისი აზრით, ერთი და იგივე არ არის. უფრო მეტიც, პიკეტი გარკვეული დოზით უთანასწორობას მისაღებად მიიჩნევს, უბრალოდ, ჩვენს პერიოდში ის მეტისმეტად დიდია და სწორედ ამაშია მთავარი პრობლემა.

“არასწორი იქნება უთანასწორობა მთლიანად უარყოფით მოვლენად მივიჩნიოთ, იმიტომ რომ თეორიაში ის ასეთი სულაც არ არის. უთანასწორობის გარეშე, მაგალითად, შეუძლებელია ეკონომიკური ზრდა და ინოვაცია. პრობლემა უთანასწორობის მასშტაბებში მდგომარეობს: ყველაზე შეძლებული ადამიანების კაპიტალი სამჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობის შემოსავლები. ასეთი უთანასწორობა საფრთხეს უქმნის სოციალურ მობილურობას და დემოკრატიის მომავალს”.

ევროკავშირი არაეფექტიანია

ევროკავშირი უმსხვილესი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია, მაგრამ ამის მიუხედავად პიკეტი მის დღევანდელ მოწყობას ეფექტიანად არ მიიჩნევს, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური კუთხით.

ევროკავშირი უნდა გახდეს უფრო დემოკრატიული გაერთიანება. ევროკავშირს ესაჭიროება უფლებამოსილებებით დატვირთული ძლიერი პარლამენტი, რომელიც პასუხისმეგბლობას აიღებს საკუთარ გადაწყვეტილებებზე. იმის გამო, რომ ჩვენ დღეს არასრულფასოვნად ინტეგრირებულები ვართ, უარს ვამბობთ ერთმანეთთან თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში _ წაგებულია ყველა. ევროკავშირის ქვეყნების საერთო პოლიტიკური ინსტიტუტები არალეგიტიმურია და შესაბამისად, არაეფექტური. მაგალითად, როგორ შეიძლება მინისტრთა საბჭოში 80 მილიონიანი გერმანიის ინტერესები ერთმა ადამიანმა წარმოადგინოს?”

კაპიტალიზმის კრიტიკოსები კომუნიზმის კრახს ყურადღებას არ აქცევენ

პიკეტის მთავარი წიგნის პოპულარობის ზენიტში დაიწყო მისი დადანაშაულება კომუნიზმსა და მარქსიზმის რევიზიონიზმში. ფრანგ მეცნიერს არაერთხელ უთქვამს, რომ არც კი წაუკითხავს მარქსის მთავარი ნაშრომი “კაპიტალი”, რადგან მას აქტუალურად არ მიიჩნევს. “მე მაინტერესებს კაპიტალიზმის კრიტიკა, იმიტომ რომ იმ თაობას მივეკუთვნები, რომელიც კომუნისტური რეჟიმების დაცემას მოესწრო. მათ მიმართ მე ნოსტალგია არ მაქვს”.

ეკონომისტები მათემატიკით გაერთნენ და პრაქტიკულ პრობლემებს დაშორდნენ

ტომას პიკეტი სკეპტიკურადაა განწყობილი ეკონომიკაში რთული მათემატიკური თეორიების დანერგვის გამო _ ის მიიჩნევს, რომ ეკონომიკა, პირველ რიგში, ეს არის მეცნიერება საზოგადოებაზე და არა ციფრებზე.

“როგორც წესი, ეკონომისტები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი სხვებზე ჭკვიანები არიან, განსაკუთრებით კი ისტორიკოსებზე _ მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, სრულიად მსოფლიო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წინ არ წასულა ეკონომიკური პროცესების კვლევაში. აშშში რომ დავრჩენილიყავი და იქ გამეგრძელებინა ეკონომიკის კვლევა, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, ეკონომიკის ისტორიული კვლევა დამეწყო, იმიტომ, რომ მხოლოდ ეკონომიკური თეორიის სიბრტყეში აღვმოჩნდებოდი. რა თქმა უნდა, მათემატიკა სასარგებლოა ეკონომიკისთვის, მაგრამ მხოლოდ ფაქტებისა და თეორიის სწორი თანაფარდობის პირობებში. დღეს ეკონომისტები საწინააღმდეგოთი არიან დაკავებულები, იგონებენ რთულ მათემატიკურ მოდელებს მინიმალური ემპირიული კომპონენტებით”.

პროგრესულ გადასახადს შეუძლია უთანასწორობის ნეგატიური ეფექტის შემცირება

პროგრესული გადასახადის პირობებში მაღალი შემოსავლები სახელმწიფოს მიერ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით იბეგრება. “კაპიტალი XXI საუკუნეში”-ს ავტორი მიიჩნევს, რომ დაბეგვრის მსგავსი მეთოდი ეფექტიანია ქონებრივ უთანასწორობასთან ბრძოლის დროს.

“ჩემი აზრით, მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსვავების შესამცირებლად ან არაბუნებრივად მაღალი სახელმწიფო ვალის შესამცირებლად საჭიროა პროგრესული გადასახადი კაპიტალზე. ის გაცილებით ეფექტიანი ინსტრუმენტია, ვიდრე ინფლაცია. პროგრესული გადასახადი, ალბათ, ყველაზე ადეკვატური პასუხია იმ სიტუაციაში, როდესაც ინვესტიციებიდან შემოსავალი აჭარბებს ეკონომიკურ ზრდას. პროგრესული გადასახადი საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ უსამართლობის უსასრულო სპირალი და მცირე ბიზნესისთვის ერთგვარი სტიმული გახდება!”

მომზადებულია ვებგვერდ POLITICANO- მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here