მთავარი პოლიტიკა თბილისური კორიდა

თბილისური კორიდა

გააზიარეთ
თბილისური კორიდა

თბილისის მერის არჩევნები ფრიად მოსაწყენი იქნებოდა, ძველი, ფაქტობრივად ორპოლუსიანი მოდელის პირობებში რომ ჩატარებულიყო, როდესაცქართულ ოცნებასადანაცმოძრაობასსხვებთან შედარებით დიდი უპირატესობა ჰქონდათ. დღეს კი შეიქმნა სიტუაცია, როდესაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეიძლება ამ ორ ძალაზე განაწყენებული ამომრჩევლების მობილიზება მოახდინოს. ეს, ალბათ, არ იმოქმედებს არჩევნების საბოლოო შედეგზე, თუმცა ქართულ პოლიტიკაზე მაინც იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას

2014-ში, თვითმმართველობის არჩევნებზე, ჯერ კიდევ დიდი იყო 2012 წლის ყოვლისმომცველი პოლარიზაციის ინერცია, ნდობა ივანიშვილის მიმართ ჯერ კიდევ მაღალი იყო, ხოლო ნაციონალების რევანშის საფრთხე სავსებით რეალურად აღიქმებოდა. თუმცა იყო საკმაოდ ბევრი იმედგაცრუებულიც, რომლებსაც ორივე მხარე და მათი უცნაური სიმბიოზი არ მოსწონდა. მაშინ არჩევნების პირველ ტურში თბილისელი ამომრჩევლების 37,3% მონაწილეობდა _ “მეოცნებე” ნარმანიამ ხმათა 46.09% მიიღო, ხოლო ნაციონალმა მელიამ _ 27,97%. რაც შეეხება სხვებს: “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ 12,81% მიიღო, ირმა ინაშვილმა (“პატრიოტთა ალიანსი”) _ 5,37%, ასმათ ტყაბლაძემ (ლეიბორისტული პარტია) _ 2,46%, კახა კუკავამ (არასაპარლამენტო ოპოზიცია) _ 2,32%, გიორგი გაჩეჩილაძემ (მწვანეთა პარტია) – 1,13%, დანარჩენმა შვიდმა კანდიდატმა კი 1%-ზე მეტი ვერ მოაგროვა.

ლორთქიფანიძის შედეგი ნამდვილად არ იყო ცუდი, იმის გათვალისწინებით, რომ თანმიმდევრული პროდასავლელები ბურჯანაძის გუნდის წარმომადგენლებს ხმას პრინციპულად არ აძლევენ. ის, სავარაუდოდ, მეტსაც მიიღებდა, რომ არა ირმა ინაშვილის ფაქტორი, რომელმაც წელსაც შეიძლება იგივე როლი შეასრულოს და არანაციონალური ოპოზიციის მთავარ კანდიდატს რამდენიმე პროცენტი “წაართვას”. საერთოდ, იმ პერიოდში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებდა: ნაკლებად პრინციპული პოლიტიკა ძველი რეჟიმის წარმომადგენელთა მიმართ კოაბიტაციის პოლიტიკით და იმედგაცრუება გადაჭარბებული დაპირებების შეუსრულებლობის გამო; აგრეთვე, იყო საკადრო საკითხებთან, საგარეო პრიორიტეტებს და ა.შ. დაკავშირებული პრეტენზიები, მაგრამ დიმიტრი ლორთქიფანიძეს არ ეყო რესურსი ყველა უკმაყოფილოს მობილიზებისთვის, რომელთა უმრავლესობამ პროტესტი “ჩუმი ბოიკოტით”, არჩევნებზე არმისვლის ფორმით გამოხატა.

სამი წლის განმავლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. “ნაცმოძრაობაში” რღვევისა და დასუსტების პროცესი გაგრძელდა და მისი წარმოჩენა სასიკვდილო საფრთხედ “ქართული ოცნებისთვის” შედარებით რთული გახდა. მმართველი პარტიის ავტორიტეტი დაეცა. სამაგიეროდ, გაიზარდა იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთათვის კატეგორიულად მიუღებელია ორპოლუსიანი “ნაც-ქოცური” სისტემის ორივე ელემენტი. მეტიც, ისინი უნდობლად უყურებენ ყველა ძველ პარტიას (მსგავსი განწყობა დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში ძლიერდება). ამ დროს ჰორიზონტზე გამოჩნდა ალექანდრე ელისაშვილი, რომელიც კენჭს იყრის, როგორც მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი.

მისი პოტენციალი კარგად გამოჩნდა იმავე 2014-ში, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” თბილისში მოიგო ყველა მაჟორიტარული ოლქი, საბურთალოს (#03.05) გარდა, სადაც მისმა წარმომადგენელმა გივი ჭიჭინაძემ ხმათა 28,82% მიიღო, ნაციონალმა ჯარჯი დოლიძემ _ 24,54%, ხოლო პირველ ადგილზე გასულმა ელისაშვილმა _ 33,59% (დანარჩენმა კანდიდატებმა ჯამში 13,05% მოაგროვეს, მათ შორის ყველაზე მეტი _ შალვა ობგაიძემ (6,3%) “გაერთიანებული ოპოზიციიდან” და იოსებ ბაძაღუამ “პატრიოტთა ალიანსიდან” (3,39%). ელისაშვილის სასარგებლოდ მაშინ კარგად იმუშავა მისმა საქმიანობამ “ტფილისის ჰამქარში” და ჟურნალისტურმა წარსულმა. საკრებულოში ყოფნის პერიოდში ის ცდილობდა, შეენარჩუნებინა პრინციპული პოლიტიკოსის იმიჯი და მწვავედ აკრიტიკებდა ქალაქის ხელისუფლებას. ამავე დროს ჰქონდა აშკარა, მისი რეიტინგისთვის საზიანო ჩავარდნებიც (მაგ., შეწყალების კომისიასთან დაკავშირებული სკანდალი). ის უკეთეს პირობებში იმყოფება, ვიდრე ლორთქიფანიძე 2014-ში, რადგან არ ასოცირდება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, მაშინ, როდესაც გადაღლილობა ძველი სისტემისგან და სიძულვილი მის მიმართ საზოგადოებაში გაზრდილია.

პოტენციალის არსებობა თავისთავად “მაკრონის სასწაულის” გამეორებას არ ნიშნავს. ელისაშვილს არ აქვს საკმარისი რესურსი, ამასთანავე, ის თბილისურ ელიტას, უბრალოდ, არ სჭირდება. ამ სოციალური ჯგუფისთვის გაცილებით უსაფრთხოა, შეუთანხმდეს კახა კალაძეს ივანიშვილთან გაფორმებული დაუწერელი პაქტის ფარგლებში, რომელიც ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობასა და პრივილეგიების ხელშეუხებლობას გულისხმობს. გამორიცხული არაა, რომ ელისაშვილი თავისი რადიკალური განცხადებებით (არადა რადიკალიზმის გარეშე ამ სიტუაციაში მასების მობილიზება თითქმის შეუძლებელია) მას აფრთხობს, რადგან “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მსგავსი ლოზუნგებით მოსულმა ადამიანებმა ქონებისა და გავლენის სფეროების ტოტალური გადანაწილება დაიწყეს. არჩევნების მოგება თბილისში ელიტის (ან თუნდაც მისი ნაწილის), მხარდაჭერის თუ არა, კეთილგანწყობის გარეშე მაინც პრაქტიკულად შეუძლებელია. მისი პოზიცია კი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: არსებული სისტემა ცუდია, თუმცა მისი დესტაბილიზაცია გაუმართლებლად ძვირი დაჯდება.

ამასთანავე, ხელისუფლებას ამჯერად უფრო ძლიერი კანდიდატი ჰყავს, ვიდრე 2014-ში, მას ზურგს გაცილებით დიდი რესურსი უმაგრებს და ექსპერტთა წრეში საუბარი რეალურად არა გამარჯვებულის ვინაობაზე, არამედ იმაზე მიდის, დასრულდება თუ არა ყველაფერი პირველ ტურშივე _ ხელისუფლებისთვის ეს გაცილებით კომფორტული იქნებოდა. თუმცა ყველაზე საინტერესო განხილულ კონტექსტში, ალბათ, “ნაცმოძრაობის” პოზიციაა.

დასუსტების მიუხედავად, “ნაცმოძრაობაკვლავინდებურად ინარჩუნებს ძველი ამომრჩევლების ნაწილს და ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზიაც აქვს. მის მესვეურებს შესანიშნავად ესმით, რომ რევანშის მცდელობა, “ჯიბის ოპოზიციის” როლის შესრულებისგან განსხვავებით, სასიკვდილო საფრთხეს დაუკავშირდება და მათ, რომ იტყვიან, “მხოლოდ ერთი მცდელობა ექნებათ”. ობიექტური წინაპირობები ნაციონალების რევანშისთვის დღეს არ არსებობს; ამისთვის, სხვა ყველაფერთან ერთად, აუცილებელია, ხელისუფლების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს. ამ გარემოების გააზრებიდან სავსებით ბუნებრივად შეიძლება დაიბადოს ალეკო ელისაშვილის ფაქტორის გამოყენების იდეა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ნაციონალები გამწვავებაზე წავლენ, ერთგული მომხრეების გარდა, მათ არავინ გაჰყვება, ხოლო მათი მოწინააღმდეგეები ერთ მუშტად შეიკვრებიან; მაგრამ სიტუაცია განსხვავებული იქნება, თუ ხელისუფლების ოპონენტები ელისაშვილის გარშემო გაერთიანდებიან, ხოლო ნაციონალები კულისებიდან იმოქმედებენ და ცეცხლზე ნავთს დაასხამენ, რადგან ავანსცენაზე გამოსვლა და ელისაშვილის ღია მხარდაჭერა ბევრ მის მომხრეს არ მოეწონება.

ეს თითქოს ლოგიკური ჩანს, მაგრამ ამ შემთხვევაში “ნაცმოძრაობის” ტაქტიკური და სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. მას, ერთი მხრივ, სურს, ხელისფლების პოზიციები შეასუსტოს და, თუ ეს შესაძლებელი იქნება, სხვისი ხელით “მაიდანის” პროვოცირებაც მოახდინოს, მაგრამ ამავე დროს მეორე ადგილი არ ეთმობა (პირველზე თბილისში ვერც იოცნებებს), რაც “მთავარი ოპოზიციური ძალის” დაკნინების კიდევ ერთი ნიშანი გახდება. ეს ორი მისწრაფება ნაციონალებს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით უბიძგებს.

არის თემა, რომლის გარშემო ყველა ოპოზიციური კანდიდატი შეიძლება გაერთიანდეს ისე, რომ ნაციონალების სიახლოვემ ოპოზიციონერი ამომრჩევლების დიდი გაღიზიანება არ გამოიწვიოს _ ეს არჩევნების გაყალბებაა. საუბარი მასზე შეიძლება მომგებიანი გამოდგეს იმ შემთხვევაში, თუ სახელისუფლო კანდიდატის შედეგი 50%-ს ოდნავ გადასცდება, ხოლო მისი ოპონენტები წინასწარ შეთანხმდებიან თანამშრომლობის პრინციპებზე. თუმცა იმის გამო, რომ გაყალბებას თითქმის ყველა არჩევნების შემდეგ ახსენებენ, ამ თემის სამობილიზაციო პოტენციალი შედარებით მცირე იქნება, თუ მაქინაციები დოკუმენტურად არ დადასტურდება.

ამ საფრთხის მიუხედავად, ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ურჩევნია, ძალები დაძაბოს და გამარჯვებას პირველ ტურშივე მიაღწიოს ან, უკიდურეს შემთხვევაში, მეორე ტურში ნაციონალების კანდიდატს დაუპირისპირდეს, რომელსაც გარანტირებულად დაამარცხებს. ყველაზე პრობლემური ვარიანტი ხელისუფლებისთვის არის მეორე ტური ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის გარშემო შეიძლება ყველა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი გაერთიანდეს, ხოლო ნაციონალები შეეცდებიან, სიტუაცია არიონ, მთავარი ისაა, რომ ასეთი მეორე ტურის შემთხვევაში საბოლოოდ ჩამოინგრევა ისედაც შერყეული, უზარმაზარი პოლიტტექნოლოგიური კონსტრუქციაქართული ოცნება ნაცმოძრაობის წინააღმდეგ” (იგივედიდი ბოროტება მცირე ბოროტების წინააღმდეგ”), რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის წარმატებას უზრუნველყოფდა. მასობრივი ამომრჩევლის ცნობიერებაში შესუსტდება მთელი რიგი სტერეოტიპების გავლენა და ის გაცილებით არაპროგნოზირებადი და, შესაბამისად, ძნელად სამართავი გახდება.

პრობლემას ხელისუფლებისათვის ქმნის არა ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც არც ისე ბევრი რესურსი აქვს და ხშირად ცივი გათვლის უნარი ღალატობს (რაც კარგად გამოჩნდა იმავე “შეწყალების კომისიის სკანდალის” პერიოდში) და არც დასუსტებული “ნაცმოძრაობის” რევანშისტული ოცნებები, არამედ ის, თუ ამომრჩეველი დაინახავს ალტერნატივას ორპოლუსიანი სისტემის მიღმა და გაუჩნდება მოქმედების სურვილი, ბრძოლის აზარტი, თუნდაც კონკრეტული არჩევნები ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს დასუსტებული ოპოზიციისგან მომავალი საფრთხე ნაკლებად აღელვებს, მაგრამ გამოფხიზლებული ხალხის ნამდვილად ეშინია.

დიმიტრი მონიავა

Загрузка...

1 COMMENT

  1. სიტუაციის უნაკლო შეფასება, ძალიან მომეწონა სტატია. პირველად ვარ ვებ გვერდზე და არ ვიცი რრომელი პოლუსისკენ იხრება, მაგრამ ეს სტატია ნამდვილად მიუკერძოებელი მომეჩვენა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here