Home რუბრიკები ეკონომიკა ზოგიერთი რამ შესადარებლად _ დემოკრატიული “აღმშენებლობა” თუ საბჭოთა აღმშენებლობა?

ზოგიერთი რამ შესადარებლად _ დემოკრატიული “აღმშენებლობა” თუ საბჭოთა აღმშენებლობა?

466
ზოგიერთი რამ შესადარებლად _ დემოკრატიული “აღმშენებლობა” თუ საბჭოთა აღმშენებლობა?

ციფრები

ყოველგვარი შესავლის გარეშე მივადგეთ პირდაპირ ციფრებს.

საბჭოთა ხელისუფლებამ, დიახ, 100 წლის წინათ მე-11 არმიის დახმარებით დამყარებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს დაუტოვა:

* მოსახლეობა _ 5,4 მლნ;

* ტერიტორია _ 69,5 ათასი კვ. ;

* სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა _ 72,2 წელი;

* ყოველ ათას კაცზე შესაბამისად: შობადობა _ 16,6; სიკვდილიანობა _ 8,6, მატება _ 8,1.

* შრომითი რესურსები _ 3,1 მლნ კაცი. სახალხო მეურნეობაში სულ მუშაობდა 2 მლნ 172 ათასი; კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში _ 242 ათასი; კოოპერატივებში _ 130 ათასი; სტიპენდიანტები იყვნენ 107,3 ათასი; პენსიონერები _ 740,400 ათასი; უმუშევრობის ხსენებაც არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი შრომითი რესურსები, 3,1 მილიონი ადამიანი, აქ, საქართველოში, იყო დასაქმებული და არა ემიგრაციაში გადახვეწილი.

ზოგიერთი რამ შესადარებლად _ დემოკრატიული “აღმშენებლობა” თუ საბჭოთა აღმშენებლობა?

* 1989 წლისთვის საქართველოში საშუალოთვიური ხელფასი შეადგენდა:

სახალხო მეურნეობაში (როგორც ახლა ამბობენ, ეკონომიკაში) _ 200 საბჭოთა მანეთს, ხოლო საზოგადოებრივი ფონდების გათვალისწინებით _ 280 საბჭოთა მანეთს; მათ შორის: მრეწველობაში _ 228 მანეთს; მშენებლობაზე _ 324 მანეთს; სოფლის მეურნეობაში _ 161 მანეთს.

* 777 კოლმეურნეობასა და 627 საბჭოთა მეურნეობაში მუშაობდა 24 000 ტრაქტორი, 2035 მარცვლეულის ამღები კომბაინი; 28 700 სატვირთო ავტომობილი.

* 1989 წლისთვის საბჭოთა საქართველო აწარმოებდა სამრეწველო პროდუქციის შემდეგ ძირითად სახეობას:

15,8 მილიარდ კვტ.სთ ელექტროენერგიას; 2 მლნ 779 ათას ტონა მარგანეცის მადანს (სასაქონლო); 26,5 მილიონი მეტრ ფოლადის მილს; 185 ათას ტონა ნავთობს; 55,1 მლნ მ3 თანმხვედრ აირს; 1 მილონ 152 ათას ტონა ქვანახშირს; 1 მლნ 429 ათას ტონა ფოლადს; 1 მლნ 189 ათას ტონა ლითონის ნაგლინს; 1 ათას 987 ცალ ლითონმჭრელ ჩარხს; 674 ათას ცალ მცირე სიმძლავრის ელექტროძრავს (ავტომატიზაციისა და მექანიზაციისთვის); 13 ერთეულ მაგისტრალურ ელექტრომავალს; 21,4 ათას სატვირთო ავტომობილს; 19 ათას ელექტროშემდუღებელ მოწყობილობას; 40, 8 ათას ცალ ამწის ძრავას; 600 კოშკურა ამწეს; 38,8 ათას ტონა ქაღალდს; 35,4 მლნ ფილა აზბესტცემენტის ფურცელს; 1 მლნ 767 ათას მ3 რკინაბეტონის ასაკრებ კონსტრუქციას; 155 ათას ტონა მინერალურ სასუქებს; 63,2 ათას ცალ ფერად ტელევიზორს; 31,8 მლნ წყვილ წინდას; 57,7 მლნ ცალ ტრიკოტაჟის ნაწარმს; 17,9 მლნ წყვილ ფეხსაცმელს; 301 მლნ ცალ აგურს (სამშენებლო); 1 მლნ 530 ათას ტონა ცემენტს;

* 1989 წლისთვის საბჭოთა საქართველო აწარმოებდა აგროსამრეწველო კომპლექსის პროდუქციის შემდეგ ძირითად სახეობას:

714,2 ათას ტონა მარცვლეულს; 51,2 ათას ტონა შაქრის ჭარხალს (საფაბრიკო); 16,9 ათას ტონა მზესუმზირას; 360 ათას ტონა კარტოფილს; 640 ათას ტონა ბოსტნეულს; 636,5 ათას ტონა ხილ-კენკროვანებს; 620,7 ათას ტონა ყურძენს; 379,4 ათას ტონა ციტრუსს; 458,3 ათას ტონა ჩაის ფოთოლს; 113,3 ათას ტონა დაფასოებულ ჩაის; 173,2 ათას ტონა ხორცს სამრეწველო დამუშავებით; 36,6 ათას ტონა ძეხვეულს; 739,4 ათას ტონა რძეს; 891,4 მლნ ცალ კვერცხს; 5,8 ათას ტონა მატყლს (ფიზიკური წონით); ცხოველური წარმოების 1 ათას 121 ტონა ზეთს; მცენარეული წარმოების 113,8 ათას ტონა ზეთს; 920,4 მლნ პირობით ქილა კონსერვს; 38,9 ათას ტონა შაქრის ფხვნილს; 853,8 ათას ტონა ფქვილს; 325,5 მლნ ლიტრ მინერალურ წყალს; 610,3 მლნ მ3 სასმელ წყალს. და ეს არის მხოლოდ ნაწილი პროდუქციისა, რასაც საბჭოთა საქართველო აწარმოებდა, რის შესახებაც მონაცემებს მიაგნო და თავი მოუყარა ერთმა დიდებულმა ადამიანმა (ციფრები მოყვანილია პანტელეიმონ გიორგაძის ბროშურიდან: “საანგარიშო მოხსენება ყრილობას”; 10.09.2003 წ.).

* 1989 წლის შემდეგი მონაცემების მიხედვით, შესაძლებელია, წარმოდგენა შეგვექმნას მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. მოსახლეობის ერთ სულზე წელიწადში მოიხმარებოდა: ხორცი და ხორცის პროდუქტები _ 49 კგ; რძე და რძის პროდუქტები _ 330 კგ; შაქარი _ 47,6 კგ; კარტოფილი _ 49 კგ; ბოსტნეული და ბახჩეული _ 94 კგ; პურპროდუქტები _ 185 კგ. შემნახველი ბანკის 1164 ფილიალში იყო მოსახლეობის 3 მლნ 211 ათასი ანაბარი 7 მილიარდ საბჭოთა მანეთზე. ხალხის სამსახურში იყო 4964 ბიბლიოთეკა, 2425 _ კლუბი, 120 _ მუზეუმი, 33 _ პროფესიული თეატრი და ა.შ. თავი რომ დავანებოთ სოციალურ უთანასწორობას, რომელიც თან მოჰყვა ანტისაბჭოთა გადატრიალებას, სოციალისტური სისტემის პირობებში და დღევანდელი ოლიგარქიული სისტემის პირობებში ეკონომიკური განვითარების ტემპების შედარებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ პირველის უპირობო უპირატესობაში. ჩვენ მოვიყვანეთ რამდენიმე მაგალითი, რომელიც შევძელით და მოვიძიეთ. ამასთანავე, ეს მაგალითები აღწერს საბჭოთა საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარების ყველაზე მძიმე პერიოდებს, რათა ეჭვიც არ დავტოვოთ სტატიის სათაურში გამოტანილი კითხვის ჩვენეული პასუხის მართებულობაში.

1921-1941 წლები

საბჭოთა ხელისუფლების არსებობის პირველ 20 წელიწადში საქართველო გადაიქცა მოწინავე სოციალისტურ რესპუბლიკად განვითარებული მრეწველობითა და სოფლის მეურნეობით. ამ მოკლე პერიოდში, რაც მესამედით ნაკლებია პოსტსაბჭოთა 30-წლიან პერიოდზე, საქართველომ გიგანტური ნაბიჯი გადადგა განვითარების გზაზე. მრეწველობის განვითარების ტემპები საერთო საკავშიროზე მაღალი იყო. მაგალითად, თუ მრეწველობის მთლიანი პროდუქციის საკავშირო მაჩვენებელმა 1940 წელს 10-ჯერ მოიმატა 1913 წელთან შედარებით, საქართველოში იმავე მაჩვენებელმა მოიმატა 27-ჯერ! 20 წელიწადში საქართველოში აშენდა მოწინავე ტექნიკით შეიარაღებული 315 ახალი სამრეწველო საწარმო; შეიქმნა მრეწველობის სრულიად ახალი დარგები: მანქანათმშენებლობა, ფეროშენადნობთა წარმოება, ცემენტის, საღებავების, ეთერზეთების, საკონსერვო, ჩაის, შამპანური ღვინის, ქაღალდის, შაქრის, ქიმიურფარმაცევტიული პრეპარატების და სხვა წარმოება. მუდმივად ვითარდებოდა მსუბუქი, ტექსტილის, კვების, ხის გადამამუშავებელი და ადგილობრივი მრეწველობა. 1941 წელს ტექსტილისა და მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია 18-ჯერ აღემატებოდა 1928 წლის მაჩვენებელს. 1940 წლისთვის საქართველო საბჭოთა კავშირში გახდა ჩაის, ციტრუსებისა და ეთერზეთების ძირითადი მიმწოდებელი.

* საქართველოს მოსახლეობამ 2,4 მლნ-დან (1921 წ) მოიმატა 3,5 მლნ-მდე, ე.ი., 18 წელიწადში, 1939 წლისათვის, გახდა მილიონით მეტი!

ომის შემდგომ

დიდმა სამამულო ომმა უკან დასწია სსრკ-ის ეკონომიკა. მაგალითად, 1945 წელს საქართველოს მრეწველობის მთლიანი შიდა პროდუქტი მეხუთედით შემცირდა 1940 წელთან შედარებით. მობილიზაციურმა ეკონომიკამ, გათვლილმა ომის საჭიროებისთვის, სერიოზულად შეაფერხა სოფლის მეურნეობის განვითარებაც. შესუსტდა მისი ტექნიკური აღჭურვის დონე და ა.შ. ომმა შეამცირა მუშაკთა რაოდენობა სახალხო მეურნეობის თითქმის ყველა დარგში. მიუხედავად ამისა, ომის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის აღდგენამ და მისმა განვითარებამ გასაოცარ ტემპებს მიაღწიეს. ჯერ კიდევ ომის პერიოდში, 1944 წლის ზაფხულიდან, დაიწყო ათასობით ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადება საქართველოს მძიმე მრეწველობის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით. მაგალითად, წვევამდელი ასაკის 5 ათასი ახალგაზრდის მობილიზაცია მოხდა არა ფრონტისთვის, არამედ მშენებარე რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის! მათგან 3 ათასი გაიგზავნა სსრკის შავი მეტალურგიის 16 საწარმოში, ხოლო 2 ათასი _ საქართველოს სხვადასხვა მონათესავე საწარმოში საწარმოო მომზადების მიზნით. ქუთაისის ავტოქარხნის კიდევ 3 ათასმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომზადება გაიარა სსრკის მანქანათმშენებლობის სამინისტროს თბილისისა და სსრკის სხვა ტრიკოტაჟის კომბინატებში.

მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი მზადდებოდა საქართველოს უმაღლეს თუ ტექნიკურ სასწავლებლებშიც. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიხსნა მეტალურგიის ფაკულტეტი, ქუთაისში _ საავტომობილო ტექნიკუმი, სპი-ს ფილიალები გაიხსნა ქუთაისსა და რუსთავში. ქართული წარმოება სამხედრო რელსებიდან სამოქალაქო დანიშნულებას უმოკლეს დროში დაუბრუნდა _ 1946 წელს. ამუშავდა არა მხოლოდ ომამდელი, არამედ ახალი ტექნოლოგიური ხაზებიც.

ზოგიერთი რამ შესადარებლად _ დემოკრატიული “აღმშენებლობა” თუ საბჭოთა აღმშენებლობა?

1946-50 წლების რიგით მე-4 ხუთწლედის (პირველი სამი ხუთწლედი ომამდელ, ლეგენდარული ინდუსტრიალიზაციის პერიოდს ეკუთვნის) შედეგად საქართველოს მრეწველობამ არათუ აღადგინა წარმოების ომამდელი სტრუქტურა, არამედ ამოქმედდა ახალი დარგები _ მეტალურგიისა და მანქანათმშენებლობის. ყველაზე მსხვილი ახალი წარმოებებიდან, რომლებიც შეემატა ამ წლებში საქართველოს სახალხო მეურნეობას, აღსანიშნავია: რუსთავის მეტალურგიული და ქუთაისის საავტომობილო ქარხნები, გორის ბამბეულის კომბინატი, ხრამჰესი და ჭიათურის გამამდიდრებელი ფაბრიკა.

ამ ხუთწლედში კიდევ უფრო განმტკიცდა ეკონომიკის ენერგეტიკული ბაზა, აგრეთვე, განხორციელდა ისეთი პროექტები, როგორიცაა სამგორის სარწყავი სისტემის მშენებლობა, ძველი სარწყავი სისტემების აღდგენა აღმოსავლეთ საქართველოში, კოლხეთის ჭაობის ამოშრობის სამუშაოების განახლება და სხვ. სწორედ ომისშემდგომ წლებში აღდგა და გაფართოვდა: სკრა-ქარელის, სალთვისის, კეხვის, დოესი-გრაკალის, ალაზნისა და სხვა საირიგაციო სისტემები. ექსპლუატაციაში შევიდა დამატებით 29 ათასი ჰექტარი ნაყოფიერი მიწა. 1951 წელს ზემო სამგორის მაგისტრალური სარწყავი არხის ექსპლუატაციაში შესვლამ თბილისის გარშემო არსებული 20 ათასი ჰექტარი მიწა შეიყვანა სასოფლოსამეურნეო სარგებლობაში! იორის მაცოცხლებელი წყლით აივსო თბილისის წყალსაცავი.

მოკლედ, საქართველოს ეკონომიკის მოცულობამ დამანგრეველი ომის შემდეგ, სულ რაღაც, 3-4 წელიწადში გადააჭარბა ომამდელ დონეს. კერძოდ, ქართული სამრეწველო წარმოების მთლიანმა მოცულობამ 1948 წელს 1940 წლის მოცულობას 29,5 %-ით, თითქმის მესამედით გადააჭარბა. კიდევ ორ წელიწადში, 1950 წელს ქართული სამრეწველო წარმოების მთლიანმა მოცულობამ ომამდელი მოცულობის 156 პროცენტი შეადგინა. ომისშემდგომი აღმშენებლობის წლების წყალობით თანამედროვე სახე მიიღო ქალაქებმა: თბილისმა, ქუთაისმა, სოხუმმა, ბათუმმა, წყალტუბომ, ცხინვალმა, გორმა, ფოთმა, თელავმა და სხვა ქალაქებმა, რომლებშიც ფართოდ გაიშალა ქალაქმშენებლობითი სამუშაოები. 1946-50 წლებში აშენდა და საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადაეცა 1 მილიონ 141 ათასი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობი.

ომის დასრულებიდან მე-5 წელიწადს საქართველოს მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა, რადგან მკვეთრად გაუმჯობესდა მისი მატერიალური მდგომარეობა. ახლა უკვე ყველასთვის ცნობილია ომისშემდგომი ყოველწლიური ხელფასების მატება და პარალელურად ფასების კლება ფართო მოხმარების საგნებზე. ხდებოდა ფასების გეგმაზომიერი შემცირება მოსახლეობისათვის ყველაზე საჭირო მასობრივი მოხმარების საგნებზე. მკვეთრად გაიზარდა სახელმწიფო ასიგნებები პენსიაზე, უფასო სამედიცინო მომსახურებაზე, სანატორიუმებსა თუ დასასვენებელ სახლებში ხალხის უფასო დასვენებარეაბილიტაციაზე, საბავშვო დაწესებულებებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე და მარტოხელა დედებზე, სტიპენდიებზე და ..

ზოგი რამ ციფრების გარეშე

უფასო მედიცინა სახელმწიფო სისტემაში არსებული საავადმყოფოებით, პოლიკლინიკებით, სამედიცინო პუნქტებით ყველა დასახლებულ პუნქტში, სახელმწიფო ფარმაცევტული წარმოებითა და სახელმწიფო სააფთიაქო ქსელით, სადაც უფასოდ იძლეოდნენ წამლებს ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე; უფასო სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლება; სტიპენდიები და უფასო საცხოვრებელი ფონდი სტუდენტებისათვის, უფასო ბინები დამსახურებისა და ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, ათასგვარი შეღავათიანი და უფასო სარეაბილიტაციო-სამედიცინო თუ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, მასობრივი სპორტისა და ფიზიკური კულტურის უფასო კერები და ა.შ. _ ყველაფერი ეს სოციალისტური სისტემის მიერ უმოკლეს ისტორიულ ვადებში შექმნილი სიმდიდრე იყო. დღეს ფართოდ გავრცელებულ ხუმრობას, _ რა ცუდი ხალხი ყოფილან კომუნისტები, კომუნიზმში ვცხოვრობდით და გვიმალავდნენო, _ თავისი საფუძველი აქვს. საბჭოთა საქართველოში შექმნილი იყო კომუნიზმის საწყისები, სიუხვის საზოგადოება. შეუძლებელია, არ აღინიშნოს ქართველი ხალხის კიდევ ერთი უნიკალურ მიღწევა. საბჭოთა საქართველოში შეიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სამეცნიერო პოტენციალი. თავი რომ დავანებოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო, პოლიტექნიკურ ინსტიტუტებს, სოხუმის, ქუთაისისა თუ ბათუმის უძლიერეს ინსტიტუტებს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო პოტენციალით ნებისმიერი თანამედროვე განვითარებული ქვეყანა დაიკვეხნიდა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დაარსდა 1941 წელს, როცა ომის გარდუვალობის შესახებ საბჭოთა მთავრობამ კარგად იცოდა. მეცნიერებათა აკადემიის დაარსება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ქართველი ხალხის კულტურულ ცხოვრებაში. აკადემიის დამფუძნებელი წევრები იყვნენ ჩვენი გამოჩენილი მეცნიერები: გიორგი ახვლედიანი, ივანე ბერიტაშვილი, კირიაკ ზავრიევი, ფილიპე ზაიცევი, ალექსანდრე თვალჭრელიძე, კორნელი კეკელიძე, ნიკოლოზ კეცხოველი, ტარას კვარაცხელია, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, დიმიტრი უზნაძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ჩუბინაშვილი, გიორგი ხაჭაპურიძე, სიმონ ჯანაშია, ალექსანდრე ჯანელიძე.

უკვე რაღაც ორ ათეულ წელიწადში, გასული საუკუნის 60-იან წლებში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში წარმოდგენილი იყო თანამედროვე მეცნიერების თითქმის ყველა დარგი. მეცნიერებისათვის მოკლე ვადებში მეცნიერებათა აკადემიამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია თანამედროვე მათემატიკისა და მექანიკის, ფიზიკისა და ასტრონომიის, ფიზიოლოგიისა და ბიოლოგიის, ქიმიისა და გეოლოგიის, ენათმეცნიერებისა და აღმოსავლეთმცოდნეობის, ისტორიისა და არქეოლოგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და ცოდნის სხვა დარგებში. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი კურატორობდა 70-ზე მეტ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს(!), მათ შორის მსოფლიოში სახელგანთქმულ ინსტიტუტებს.

საბჭოთა საქართველოს ეს ეპოქალური მიღწევა _ მეცნიერებათა აკადემიის უნიკალური სისტემა _ ბარბაროსულად დაანგრიესდემოკრატიულმახელისუფლებებმა, როგორც უვარგისისაბჭოთა გადმონაშთი”. 2005 წელს ჩატარდა რეფორმა, რომლის შედეგად მეცნიერებათა აკადემიის სისტემიდან 70-მდე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გამოიყვანეს; ჯერ განათლების სამინისტროს დაუქვემდებარეს, შემდეგ კი უნივერსიტეტებს შეუერთეს.

ვისთვის და რატომ იწარმოებოდა?

სოციალიზმის მთავარი აზრი, მისი შინაარსი გეგმაშეწონილობაშია. გარკვეული პოლიტიკური დატვირთვის გეგმაშეწონილობა მთელი საზოგადოების მასშტაბით _ აი, რა განასხვავებდა თავიდანვე სოციალისტურ საზოგადოებას მისი წინამორბედი კაპიტალისტურისგან. “გარკვეულ პოლიტიკურ დატვირთვაში” იგულისხმება მშრომელთა ინტერესების შესაბამისი გეგმაშეწონილობა. გეგმაშეწონილობა მთელი საზოგადოების მასშტაბით, ანუ საზოგადოებრივი მოძრაობის წარმართვა გეგმის მიხედვით არის სოციალიზმის მთავარი უპირატესობა. ეკონომიკის მოწყობა ერთიანი გეგმის მიხედვით, დარგობრივი სტრუქტურისა და თანაფარდობის მეცნიერული განსაზღვრა მეცნიერულტექნიკური პროგრესის პერსპექტივის გათვალისწინებით _ სწორედ ეს იყო საბჭოთა საქართველოს წარმატებული ეკონომიკური და სოციალური წინსვლის საიდუმლო. კაპიტალისტური დაგეგმვა არ იძლევა ასეთი წარმატების საშუალებას თავისი ბუნებიდან გამომდინარე, რადგან დაგეგმვის მიზანი აქ გასაშუალებულია ბიზნესის ინტერესებით _ ბიზნესის ინტერესები ეჩხირება საქმეში. ამიტომ, როცა ვამბობთ, რომ ბიზნესის ინტერესებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, ამას უარყოფითი ემოციები არ გვალაპარაკებს. ბიზნესის ინტერესები, უმსხვილესი საბანკო ოლიგარქია უკუსაგდებია არ მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ უსამართლობას იწვევს, არამედ იმიტომაც, რომ ის ობიექტურად ამუხრუჭებს საზოგადოების განვითარებას. მეტად მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ მთელი ეს პროდუქცია იწარმოებოდა საერთო-სახალხო საკუთრებაში არსებული საწარმოო სიმძლავრეებით. შესაბამისად, პროდუქციაც იყო საერთო-სახალხო და არა კერძო. საზოგადოებრივი წარმოებისა და კვლავწარმოების ყველა ეტაპი იყო გამჭვირვალე: წარმოებაც, განაწილებაც, გაცვლაც და მოხმარებაც (დღეს არათუ კერძო სფეროს ნაწილია ბურუსით მოცული, რაც თითქოს ლეგიტიმურია კაპიტალისტური სისტემისათვის, არამედ ისეთი სფეროც კი, როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტის გახარჯვარეალიზაცია). .., ფინანსური რესურსები თუ სხვა ხასიათის შედეგები, წარმოქმნილი წარმოების სფეროს მიერ, იმართებოდა არა ბიზნესის მიერ ბიზნესისვე ინტერესების შესაბამისად, არამედ საზოგადოების მიერ საზოგადოებისვე ინტერესების შესაბამისად. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: იმართებოდა მთელი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით ერთიანი სახელმწიფო გეგმის, ერთიანი სახელმწიფო სოციალურეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად.

საბჭოთა საქართველო წარმატებით ახორციელებდა სოციალური პოლიტიკის მთავარ მიზანს _ მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის მუდმივ გაუმჯობესებას და სულიერი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას. აქ შეუძლებელია, არ მივაქციოთ მკითხველის ყურადღება მეტად ბრიყვულ და თავხედურ თეზისს იმის შესახებ, თითქოს საბჭოთა სოციალისტური სისტემამატერიალისტურ”, “ცხოველურინტერესებს ემსახურებოდა და ფეხქვეშ თელავდასულიერმხარეს. ბრალდებას დღემდე ამართლებენ იმით, რომ საბჭოთა სოციალისტური სისტემა ეყრდნობოდა მარქსიზმს, მაშასადამე, მატერიალიმზსა და ათეიზმს! უნდა შეგეკითხოთ თქვენ, ვინც ამ სიბრიყვეს აგრესიულადაც კი აჰყევით მაშინ: რატომ ვერ შეუშალა ხელი მარქსიზმმა, მატერიალიზმმა და ათეიზმმა იმ სისტემას, შეექმნა უაღრესად მაღალკულტურული და მაღალმორალური საზოგადოება? საწინააღმდეგოდ ამისა, საბჭოთა სოციალისტური სისტემისაგან თავისუფალი დღევანდელი საზოგადოება ღრუტუნით რატომ ბანაობს ამორალურობისა და უკულტურობის წუმპეში?

სამწუხაროდ, 1980-იანი წლების ბოლოს ანტისოციალისტური გადატრიალების შედეგად შეიცვალა ხელისუფლების ხასიათი, სოციალისტური კონსტიტუცია და კანონმდებლობა. და რაკი სოციალისტური წესრიგი შეიცვალა კაპიტალისტურით, საზოგადოების ინტერესს, როგორც მთავარ ინტერესს, ჩაენაცვლა ბიზნესის ინტერესი. ამ მომენტიდან ახალწამოჩიტული და მუდმივად მზარდი ბიზნესი სულ უფრო მტკიცედ ეუფლება ეკონომიკასა და სოციალურ სისტემას ჯანდაცვის სისტემის ჩათვლით და მართავს მას თავისი ინტერესების შესაბამისად. მხოლოდ ასე _ მხოლოდ ბიზნესის ინტერესის გავლით ხდება საზოგადოების (მშრომელთა) ინტერესების რეალიზაცია, რომელიც წარმოშობს გადაუჭრელ წინააღმდეგობას, რომლის დაძლევაც მხოლოდ დღევანდელი სისტემის “მოხსნითაა” შესაძლებელი! ასე გაეხსნა გზა დღევანდელ ლიბერალურ წესრიგს. დიახ, შევარდნაძის მიერ საფუძველჩაყრილმა, სააკაშვილის მიერ სასწრაფოდ ჩამოყალიბებულმა საბანკოოლიგარქიული კაპიტალიზმის სისტემამ, წარმატებით შენარჩუნებულმა ივანიშვილის დაჯგუფების მიერ, სრულად ამოწურა თავისი თავი. მსოფლიო კრიზისის პირობებში ის ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობის ელემენტარული ინტერესების რეალიზებას, რასაც, ასე თუ ისე, ახერხებდა, ვთქვათ, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე. ამიტომ, ლოგიკურად და, მაშასადამე, ისტორიულადაც ეს სისტემა აუცილებლად შეიცვლება მისი სრული ალტერნატივით _ გეგმაზომიერი განვითარების ერთიანი საზოგადოებრივი მექანიზმით, რომელსაც აამოძრავებს მშრომელთა ფართო მასების ინტერესები. ბიზნესის ინტერესი, როგორც წამყვანი და მამოძრავებელი ინტერესი, ამოვარდება საზოგადოებრივი თვითმოძრაობის სისტემიდან და მის ადგილს დაიჭერს საპირისპირო _ მშრომელი მოსახლეობის ინტერესები. ასეთ ცვლილებას სათავეს დაუდებს პოლიტიკური ხასიათის ცვლილებები _ ახალი ტიპის ხელისუფლების მოსვლა ქვეყნის სათავეში. ამას გააკეთებს მოსალოდნელი უკიდურესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, რომელიც შიმშილის ზღვრამდე მიიყვანს ქვეყანას. მაგრამ უნდა დავუშვათ ერთი მეტად საგანგაშო გამონაკლისი: მემარცხენე, სოციალისტური ძალების სისუსტის პირობებში, სწორედ ზემოთ აღწერილი ოპტიმისტური სცენარი შეიძლება იყოს გამონაკლისი და კრიზისს, გამოწვეულს კაციჭამია საბანკოოლიგარქიული დაჯგუფებების ბატონობით, ქვეყანა გადაჰყვეს _ საქართველომ, როგორც ქვეყანამ, შეწყვიტოს არსებობა, ხოლო მოსახლეობა დიდმა უბედურებამ მოიცვას.

ამ მოკლე მიმოხილვაში განზე რჩება გამორჩეულად მაღალი დონის ქართული საბჭოთა კულტურა და ხელოვნება. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ანტიეროვნულსაბჭოთა ხელისუფლებას მხოლოდ საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის, ლიტერატურის ინსტიტუტები ეყოფოდა თავისი უნიკალური პროდუქტიულობის დასამტკიცებლად. და ყოველივე ამის შემდეგ კიდევ შეუძლია ვიღაცას, ღვარძლი გადმოანთხიოს და საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება შეადაროს, ერთი მხრივ, ქართული ეროვნული სიმდიდრის გამტაცებელსა და გამყიდველ პირველდემოკრატიულმთავრობას, ხოლო, მეორე მხრივ, პოსტსაბჭოთა ანტიხალხურ ხელისუფლებებს, რომლებმაც ბარბაროსულად გაანადგურეს საბჭოთა პერიოდის მიერ შექმნილი გიგანტური მატერიალური და სულიერი სიმდიდრე.

მაგრამ მოდის ეპოქა სიმართლისა. მოდის ეპოქა, რომელიც თავდაყირა დაყენებულ ისტორიას ისევ ფეხზე დააყენებს!

თემურ ფიფია,  ეკონომისტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here