მთავარი საზოგადოება “ვითარების ასე დაძაბვას არავინ ელოდა”

“ვითარების ასე დაძაბვას არავინ ელოდა”

“პანკისელების აგრესია არ იყო ჰესის მშენებლობის დაწყებით გამოწვეული”

642
გააზიარეთ
სოფიკო სოხაძე

ამა წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში კომპანიებმაალაზანი ენერჯიმდაფერიმმდინარე ალაზანზე 5,4 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურხადორი-3”-ის მშენებლობა დაიწყეს. პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა ჰესების მშენებლობა გააპროტესტა, ხოლო სოფელ ბირკიანში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობამ ქვები დაუშინა სამართალდამცველებს და ავტომობილები დაუწვა. პოლიციამ კი ცრემლმდენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ხეობაში მომხდარი დაპირისპირების გამო სამედიცინო დახმარება 27 ადამიანს გაუწიეს, მათ შორის _ 15 პოლიციელსა და 12 ადგილობრივს. პანკისში დაძაბული ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, როცა იქ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა.

“ხადორი 3”-ის მშენებლობის დაწყების მცდელობა გასული წლის 29 ივნისსაც იყო, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის გამო სამუშაოები მაშინაც შეჩერდა. ცნობისთვის, პანკისის ხეობაში უკვე ფუნქციონირებს ორი ჰესი _ “ხადორი 1” და “ხადორი 2”. პანკისელები დღესაც აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. ჰესის მშენებლობა შეჩერებულია. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მოსახლეობის 90% თანახმა იქნება.

საუბარია, ჰიდროელექტროსადგურზე, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ, წლიური გამომუშავება კი 27,5 მილიონი კვტ/სთ-ია. აღსანიშნავია, რომ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ინვესტორები “სამყურაწყალი 2”-ის ჰესის მშენებლობასაც გეგმავენ. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად გამოიმუშავებს 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს: “სამწუხაროდ, წინააღმდეგობა ამ პროექტს თავიდანვე მოჰყვა და მას შემდეგ, წელიწადზე მეტია, მიდის აქტიური კომუნიკაცია, როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორის ჩართულობით. თავდაპირველად 35 პოლიციელის გაგზავნა ეფუძნებოდა სწორედ არსებული რისკების ანალიზს, მაგრამ ვიხილეთ გაცილებით მძიმე სურათი. სამართალდამცავების გამოსარკვევია, რა მოხდა და რატომ, თუმცა ცხადია, კანონდარღვევათა სერიას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება.”

მწვანეთა მოძრაობისხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე: “პანკისის ხეობა არის ძალიან მცირე და და არ აქვს მნიშვნელობა ჰესის მოცულობას, რადგან ის შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი ნებისმიერ სიტუაციაში. თუ სწორად არ არის შესწავლილი ტერიტორია, არ არის გარკვეული, ზიანის მიყენების შემთხვევაში რა კომპენსაციას მიიღებენ ადგილობრივები, ბუნებრივია, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს. ნებისმიერი მშენებლობის დროს, პირველ რიგში, საზოგადოების აზრს აქვს უპირატესობა”.

მცირე ჰესის შემთხვევაში მდინარე მთლიანად მოექცევა მილში, რაც მის დაშრობას და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს

რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს იქ მოსახლეობა, სადაც ჰესი შენდება? _ განმარტება ექსპერტს გარემოს დაცვის საკითხებში _ სოფიკო სოხაძეს ვთხოვეთ:

_ მთავრობა ამბობს, რომ პანკისში მცირე ჰესი აშენდება, მაგრამ მაგალითები აჩვენებს, მცირე ჰესების უმეტესობა, როდესაც მდინარე მილში მოექცევა, წყლები იკარგება. ამის მაგალითები გვაქვს. ეს არის დარიალის ხეობის ჰესი, რომელიც მხოლოდ ერთ მეგაბაიტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამ ჰესმა ულამაზესი ხეობა ხრიოკად აქცია, ანალოგიური ვითარებაა ალაზნის ზემო წელზე. მცირე ჰესის შემთხვევაში მდინარე მთლიანად ექცევა მილში, რაც მდინარის დაშრობასა და ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს. “ხადორჰესი-3”, რომელიც სოფელ ბირკიანში უნდა აშენდეს, ენერგეტიკის სამინისტრო განმარტავს, რომ იქნება “მწვანე ჰესი,” მოდინებაზე დამოკიდებული. არადა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოდინებაზე აშენებული ჰესების შემთხვევაში, წყალი საერთოდ ქრება და ეკოსისტემა იშლება, ბუნებაში წონასწორობა ირღვევა.

დასავლეთ საქართველოში მცირე ჰესების აშენების გამო შარშან გრუნტის წყლებმა ისე დაიწია, ტერიტორია გაუდაბნოვდა. სამწუხაროა, რომ ჰესს განიხილავენ, როგორც ცალკე შემთხვევას და არა მთლიანობაში, ამ საკითხის გადაწყვეტაში გარემოს დაცვის სამსახურებიც უნდა იყვნენ ჩართულნი. საკანონმდებლო ბაზა არ არის შესაბამისობაში მოყვანილი გაეროს კონცეფციასთან, რომელიც არაჩვეულებრივად არის აწყობილი.

შორენა ხანგოშვილი
შორენა ხანგოშვილი

ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგენი იყვნენ, მაგრამ ვითარების ასე დაძაბვას არავინ ელოდა

იყო თუ არა მოლაპარაკებები პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ჰესის აშენების თაობაზე _ ამ საკითხზე გვესაუბრება სოფელ დუისის მკვიდრი შორენა ხანგოშვილი:

_ ჰესების მშენებლობის საკითხზე რამდენიმე შეხვედრას დავესწარი, რომლებსაც კომპანიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ინვესტორის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პანკისის ხეობის განვითარების ხელშემწყობი პირობების პაკეტი, რომელიც შეხვედრაზე მყოფი ადგილობრივების ძირითადი ნაწილისთვის მისაღები აღმოჩნდა. მაგალითად, ჩვენ მივიღეთ მაღალი ძაბვის სადენების გადატანის, წყალმომარაგების მოწესრიგების, განათლების ხელშეწყობის პირობა. ეს ის საკითხებია, რომლებიც ათეულობით წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის პრობლემა იყო. პროექტის თანახმად, ადგილზე უნდა შეიქმნას ისეთი ობიექტები, რომლებზეც, ძირითადად, დასაქმდებიან ადგილობრივები. ხეობაში უმუშევრობა ძირითად პრობლემად რჩება, მოსახლეობის გადინება არის საკმაოდ მაღალი, ახალგაზრდების უმეტესობა უკვე წასულია. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მისაღებია, რომ ისინი ადგილზე დასაქმდნენ. ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგენი იყვნენ, მაგრამ ვითარების ასე დაძაბვას არავინ ელოდა.

გულბაათ რცხილაძე
გულბაათ რცხილაძე

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის, რაც პანკისში მოხდა, გახარიას წინააღმდეგ იყო მიმართული

თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რატომ მოიქცნენ ადგილობრივები ასე _ ამ თემაზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:

_ რა პროექტები იყო დაგეგმილი, ვის შეხვდნენ, ვინ მომხრე იყო და ვინ არა, ეს ინფორმაციები საინტერესო არ არის და არც ვინმეს განცხადებას ვენდობი. ვენდობი იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე. პანკისელების მხრიდან წამოვიდა შეუსაბამო აგრესია, რომელიც არ იყო გამოწვეული მშენებლობის დაწყებით, მათი გაღიზიანება პოლიციამ და სპეცრაზმის იქ ყოფნამ გამოიწვია, მათ საქართველოს სახელმწიფოს ცოცხალი ატრიბუტიკა აღიზიანებთ.

პანკისის მოსახლეობას ვაჰაბიზაციამ, ისლამის რადიკალიზაციამ შეუქმნა განწყობა, რომ ისინი არ არიან ქართული სახელმწიფოს სივრცეში, არ ექვემდებარებიან კანონებს, ისინი არიან ისლამური, მითიური სახალიფოს შემადგენელი ნაწილი და ემორჩილებიან შარიათის კანონებს. აი, ეს არის პანკისელების მთავარი პრობლემა და არა ის, ჰესი აშენდება თუ არა.

ალბათ, ყველამ უყურეთ კადრებს, როგორი გაკვირვებული ეკითხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას: 5-მეგავატიანი ჰესის გამო ქვები დაუშინეთ პოლიციელებსო? სწორედ ამის თქმა მსურს მეც, პანკისელების აგრესია არ იყო ჰესის აშენებით გამოწვეული.

_ რა უნდა ქნას ხელისუფლებამ? პანკისი, ფაქტობრივად, უმართავი ხდება, იქ მცხოვრებნი გამუდმებით იმუქრებიან

_ მიდგომები უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ, სვანებთან სხვანაირად უნდა ვილაპარაკოთ, ხოლო პანკისელებთან სხვანაირად, ეს უნდა დამთავრდეს.

პანკისში მოსახლეობა გაუცხოებულია, რაც ისლამიზაციის ფაქტორით არის გამოწვეული. თუ მიაქციეთ ყურადღება პოლიციასთან შეტაკებისას ერთმა გოგონამ რა თქვა? ჯერ ქვების სროლით იჯერა გული და მერე დაიძახა: “ჩვენ თქვენ გეხმარებოდით რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში”. ჯერ ერთი, არაფერში არ გვეხმარებოდნენ, ხელს გვიშლიდნენ უფრო, და მეორეც _ ისინი ხაზს უსვამენჩვენ”, “თქვენ”, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს თავისად არ მიიჩნევენ და თავს ვალდებულად არ თვლიან, მხარში დაგვიდგნენ.

_ პანკისელების აგრესია ცუდია, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ იყო პროვოკაციაც, რადგან ბზობის დილას რომელიღაც კომპანიამ სოფელ ბირკიანში ჰესის მშენებლობა დაიწყო

_ კი, ნამდვილად უცნაურია ასეთი საქციელიც და არ გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციაც ყოფილიყო, რომელიც, შესაძლოა, გიორგი გახარიას წინააღმდეგ იყო მიმართული, ვიღაცამ მიიწვია შინაგანი ჯარი, მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს და შემდეგ მინისტრს მოუწია ვითარების ჩაცხრობა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს და არა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, გახარიამ დიპლომატის როლი შეასრულა. პირადად მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის, რაც პანკისში მოხდა, გახარიას წინააღმდეგ იყო მიმართული.

_ ლაფანყურის სპეცოპერაციისას პანკისელებს 13 მიცვალებული დაუსვენეს და ასეთი აგრესიულები არ ყოფილან

_ სწორედ მაგის თქმა მინდა. 21 აპრილს პანკისში რაც მოხდა, გადამეტებული აგრესია იყო, რაც გამოიწვია საქართველოს მთავრობის უნიათობამ. რამდენი თვეა, პარლამენტის შენობის წინ ვერ აშალეს კარავი, რომელშიც მაჩალიკაშვილი ზის. ქვეყანა უმართავია. რა უნდა ევროკავშირის დროშას კარავში, თუკი ეს კაცი დაღუპულ შვილს გლოვობს?..

საქართველო სახელმწიფო აღარ არის.

პანკისში რაც მოხდა, მგონია, რომ დეზინფორმაციის გავრცელების ბრალიც იყო, მაგრამ ჰესების ასე უმისამართოდ მშენებლობის წინააღმდეგი მეც ვარ, რადგან ინვესტორები ადგილობრივ მოსახლეობას არ ასაქმებენ, დენი კი ძვირდება, მოგება ვიღაცის ჯიბეში მიდის და ვაღიაროთ, რომ ბუნებაც ნადგურდება. სახელმწიფო და ხალხი მოგებას ვერ ნახულობს. ეს ქვეყნის კოლონიზაციაა, ძარცვაა. ნაცვლად იმისა, რომ “ენგურჰესზე” ისაუბრონ, “ხუდონჰესის” აუცილებლობაზე, ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე ისაუბრონ, თქვან, თუ რატომ ეძლევა აფხაზეთს დენი უსასყიდლოდ, სისულელეებს აკეთებენ. აფხაზეთი ოკუპირებულიაო, ვამბობთ და დენს უფასოდ ვაძლევთ, ხარკს ვუხდით?

პანკისზე ვიტყვი კიდევ ერთ რამეს: საქართველოს სოფლები დაცლილია ახალგაზრდებისგან და, თუ დაკვირვებიხართ, რამდენი ახალგაზრდაა პანკისში? გაძეძგილია ახალგაზრდებით იქაურობა, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ დისკოტეკები აქვთ და დროს ატარებენ, არა, იქ ფული ტრიალებს და ახალგაზრდების იქ ყოფნა აუცილებელია. პანკისში არის საერთაშორისო ვაჰაბიტური მოძრაობა, რომელიც შეიძლება გუშინ “ისლამური სახელმწიფოს” ფორმით იყო წარმოდგენილი, ხვალ კიდევ სხვა სახელწოდება ექნება. საქართველოს ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here