Home რუბრიკები საზოგადოება ვალერი ასათიანი: დღეს “მარსზე დაბადებულებს” ვხედავთ, პიონერული ყელსახვევები რომ ეკეთათ, კომკავშირშიც და...

ვალერი ასათიანი: დღეს “მარსზე დაბადებულებს” ვხედავთ, პიონერული ყელსახვევები რომ ეკეთათ, კომკავშირშიც და პარტიაშიც რომ იყვნენ და ჩვენთვის ჭკუის დარიგების უფლება დაისაკუთრეს

2851

ინტელიგენციასა და ინტელიგენტურობაზე საუბარს აგრძელებს ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ასოციაცია “კულტურათა დიალოგის” პრეზიდენტი ვალერი ასათიანი. 

_ ჩვენს ხელისუფლებას, როგორც ადამიანების კოლექტიურ ერთობას, ხომ არ უდგას ინტელიგენტურობის პრობლემა?

_ ჯერ გავარკვიოთ, რას ნიშნავს ინტელიგენცია, ინტელიგენტურობა.

_ კი, ბატონო. მით უფრო, რომ ჩვენი ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი, ინტელიგენტის ნაცვლად, ვიღაცისგან გაგონილ “ინტილიგენტს” ხმარობს.

_ ეგ გაუნათლებლობის ნიშანია. პრობლემა ის არის, რომ ახლა ბევრი რამის გადაფასება, დევალვაცია მოხდა _ საფუძვლების, უწინარეს ყოვლისა. დამღაც დაადეს _ “წითელი ინტელიგენცია”, “ჩარეცხილები” და სხვა ასეთი.

ყველა ლექსიკონი ამ სიტყვას გონიერებას უკავშირებს. ბატონი სიმონ ყაუხჩიშვილი განსაზღვრავს, როგორც შესმენილს: გონივრულობა, შესმენა, გაგება, ცოდნა.

შესმენილობის პრობლემაა.

ამ ყველაფრის მიღმა არის კიდევ ზნეობრიობა და ღირსება. ინტელიგენტურობა აუცილებლად უნდა გულისხმობდეს ღირსებასაც, ცოდნასთან ერთად. აი, ამის დეფიციტი რომ არსებობს, ყველას მოეხსენება.

რუის-ურბნისის კრებაზე დავით აღმაშენებელმა წარკვეთავერღირსებით აღზევებულნი”.

დღეს “ვერღირსებით აღზევებულებმა” დაარქვეს საკუთარ თავს ინტელიგენტები, ყოვლისმცოდნეები, გამოგვეცხადნენ დიდაქტიკოსებად და მე სავსებით ვიზიარებ ბატონ თეიმურაზ ქორიძის იმ პათოსს, რომელიც მან “საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში გაამჟღავნა და რომელიც უკავშირდება იმ ადამიანებს, თავი ინტელიგენტებად რომ მოაქვთ, მოძღვრავენ ხალხს და არანაირი ღირსება, არანაირი ზნეობრივი საფუძველი არ გააჩნიათ.

ინტელიგენტურობა უნდა უკავშირდებოდეს საქვეყნო საქმის გათავისებას. “ერის წყლული მაჩნდეს წყლულად” ბევრს შეიძლება მხოლოდ ლამაზ ნათქვამად მოეჩვენოს, ფრთიან ფრაზად და ა.შ. ერის წყლული საკუთარ წყლულად რომ მიაჩნდეთ, ასეთი ადამიანების დიდი დეფიციტია დღეს ჩვენს საზოგადოებაში. ძალიან სათავისო, ინდივიდუალურები, ძალიან პრაგმატულები გავხდით. ამიტომაა, რომ აკაკი წერეთლის ეს მოწოდება დღეს ცაშია გამოკიდებული.

_ აქვე _ შეკითხვა: რატომ დუმს ინტელიგენცია, ნუთუ მართლა ჩაირეცხა და აუხდინა ოცნება სააკაშვილს?

_ არ არის ჩარეცხილი. შემიძლია ინტელიგენტები გამორჩეულად დავასახელო. ეს ის “ინტელიგენცია” არ არის, ტელეეკრანზე ყოველდღიურად რომ კეკლუცობს.

სამაგალითოდ დავით წერედიანს დაგისახელებთ: დადის ასეთი კაცი თბილისში, როგორც აწ მთაწმინდაზე განსვენებული ბაჩანა ბრეგვაძე დადიოდა, რეზო თაბუკაშვილი დადიოდა, რეზი თვარაძე, თამაზ ჩხენკელი და სხვები, რომელთა აზრს ჰქონდა და აქვს მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებრიობისთვის, ახალგაზრდობისთვის, მაგრამ მედია წერედიანთან არ მიდის.

_ იმიტომ, რომ ტელეწვრილფეხობას საამისო ცოდნა-განათლება არ ჰყოფნის.

_ არც გაუგია, რომ დავით წერედიანმა ქართულად თარგმნა გოეთე. მანვე ფრანსუა ვიიონის პოეზია მოიტანა ჩვენამდე, როგორც ხელთუქმნელი ძეგლი ქართული სიტყვათწარმოქმნის.

ამ დონის პიროვნებები ეკრანზე გამოსაჩენად არ აქტიურობენ, ისინი შემოქმედებაში არიან აქტიურები.

_ ნაყოფიერად აქტიურები.

_ რა თქმა უნდა. ინტელიგენცია უმეტესად და ტრადიციულად დაკავშირებულია ფუნდამენტურ მეცნიერებასთან, ხელოვნებასთან, მაგრამ ხომ არის სამედიცინო, ტექნიკური ინტელიგენცია? არის. და ყველა მათგანისთვის უცხოა ტელემეტიჩრობა და წინამასწარობა, ამიტომაა, რომ საჯარო სიტყვას ხშირად არ ამბობენ.

_ მომსმენი თუ არის?

_ პლატონი მარტო თუ იჯდა აუდიტორიაში, საკმარისი იყო ერთი მსმენელიც კი.

_ პლატონი რომ არ იყოს, ისეთი?

_ დიახ, ისეთიც. ამაზე ხმოსნების არჩევასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე განაცხადა და თავისი პოზიცია ასე გამოხატა: ხმები უნდა აიწონოს, კი არ უნდა დაითვალოსო.

_ ესე იგი, გააჩნია ვინ გისმენს…

_ და ვინ და რატომ არ გისმენს. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. არის რაღაც სიდიდეები, არიან განსხვავებული აზრისა და შეხედულებების ადამიანები, მაგრამ ამ საკითხებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.

აქ კი ვთქვათ, რომ დღეს ინიციატივა აქტივისტების ხელშია _ ნიკანდრო მელიას ტიპის აქტივისტების ხელში. გაჩნდა ასეთი, “ვერღირსებით აღზევებულთა” კასტა.

ჯანსუღ კახიძე, ბიძინა კვერნაძე და ვალერი ასათიანი

_ სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ამათ უფრო უგდებს ყურს. მათ ბრალდებებზე პასუხის გაცემისა და თავის მართლების პოლიტიკაზეა კონცენტრირებული. როგორ ფიქრობთ, ინტელიგენციას უსმენს ხელისუფლება? ითვალისწინებს მის რჩევას, მისი შემოთავაზებული წინადადებების რეალიზაციისთვის იღვწის ვინმე?

_ მაგალითად ავიღოთ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ახლა ზოგ-ზოგი დაიწყებს: აი, თქვენ იმ ძველი დროიდან მოდიხართო და ა. შ.

კი, ბატონო, მოვდივართ იმ დროიდან და არაფერი საჩოთირო ამაში არ არის. ასეთი იყო მოცემულობა, იმ დროში დავიბადეთ. დღეს “მარსზე დაბადებულებს” ვხედავთ, პიონერული ყელსახვევებიც რომ ეკეთათ, კომკავშირელები და პარტიულებიც იყვნენ და ჩვენთვის ჭკუის დარიგების უფლება დაისაკუთრეს. რეალობა იყო სხვა. გოგლა ლეონიძეც იყო, რომელიც ერთსაც წერდა და მეორესაც, მაგრამ ქმნიდა შედევრებს და მის სიტყვას მნიშვნელობა ჰქონდა. ყური ჰქონდა გაწაფული მაშინდელ ხელისუფლებას, რას იტყოდნენ გოგლა, გალაკტიონი, ირაკლი აბაშიძე, ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა და, რაღაც პრობლემები რომ წარმოიქმნებოდა რესპუბლიკაში, ხელმძღვანელობა მათთან მიდიოდა რჩევის მისაღებად. მიდიოდნენ მეცნიერებათა აკადემიაში, დედაუნივერსიტეტში, მწერალთა კავშირში, აზრს ისმენდნენ, ითვალისწინებდნენ.

წლებია, რაც დაირღვა ეს ტრადიცია. დღეს მომრავლებულ ე.წ. ენჯეოებს, არასამთავრობოებს უსმენენ, ეკა გიგაურს უსმენენ! რატომ უნდა იყოს გიგაური პირველი კომენტატორი ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების?! რა ნიშნით შეაირჩეს _ მეტყველებისა და ორატორული ნიჭის, აზროვნების დიაპაზონის, ქათული ცოდნის დონით, ხიბლით თუ რა სხვა რამ ნიშნით?! მარტო ერთი გიგაურია ხელიხელსაგოგმანები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოში არ არსებობს? სად გააქრეს მეცნიერებათა აკადემიის გაუქმებული კვლევითი ინსტიტუტების შესანიშნავი, ერუდირებული და მაღალი ზნეობით გამორჩეული მეცნიერ-თანამშრომლები? “მშრალ ხიდზე” ბაზრობებზე რომ გადაინაცვლეს, “ტაქსაობა” რომ დაიწყეს და მიზერული პენსიების ანაბარა რომ დატოვეს?

_ ასეთი უგანათლებულესი და ინტელიგენტური ღარიბ-ღატაკები, არა მგონია, სხვა რომელიმე ქვეყანას ჰყავდეს, სამწუხაროდ.

_ ყოვლისმცოდნე “მოღვაწეები” გაჩნდნენ საქართველოში. ასეც ამბობენ საკუთარ თავზე _ ვმოღვაწეობთო.

_ თვითმარქვია დილეტანტები.

_ არადა, იყვნენ, არიან კიდეც ჭეშმარიტი ინტელიგენტები, ზნეობრივ ორიენტირებად რომ გამოგვადგებიან.

რამდენიმე წლის წინათ დავკრძალეთ არაჩვეულებრივი პიროვნება _ აკაკი ცხადაია; ფოთში მუშაობდა განათლების განყოფილების გამგედ, შემდეგ კომაროვის სახელობის სკოლის დირექტორი იყო წლების განმავლობაში. ამ ადამიანის ცოდნა, კეთილშობილება, სიკეთის ქმნა სანიმუშო იყო. ერის სიმდიდრეა ასეთი ადამიანები. როგორ შეიძლება, მათ არ მოუსმინო, რჩევა არ ჰკითხო. საბედნიეროდ, მათი მიმდევრებიც ბევრნი არიან.

_ ზოგიერთ მათგანზე თქვენ წიგნებიც გაქვთ დაწერილი _ ვანიკო მაჭავარიანზე, ავთანდილ საყვარელიძე.

_ ავთანდილ საყვარელიძე “წითელი ინტელიგენციის” ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო _ საზოგადოებრივი მოღვაწე, მამულიშვილი, მეცნიერი, უგანათლებულესი კაცი _ მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციის ხელმძღვანელობაში, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობდა აფხაზეთში, სადაც მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობდა, თბილისში მაღალი თანამდებობები ეკავა. პარტიული ხელმძღვანელი იყო და ეროვნულ საქმეს ემსახურებოდა. შეეჯიბრონ პატრიოტიზმში თვითმარქვია რეფორმატორები!

პარტიაში მოღვაწეობდა გოგი ანდრონიკაშვილი, უმაღლეს რგოლში, და იყო ინტელიგენტი.

_ ბევრს არ ჩამოვთვლი. ამ ადამიანების მაგალითი არის ნიმუში იმისა, რომელ ეპოქაშიც გინდა მოღვაწეობდე, თუ პიროვნება ხარ, არ შეიძლება საზოგადოების ყურადღებას და პატიოსნებას არ იმსახურებდე. ინტელიგენტობა მათ ეთქმოდათ, რის დეფიციტსაც ახლანდელი მოღვაწეები განიცდიან.

_ ბატონო ვალერი, ხალხის მოსმენის კულტურა დაიკარგა?

_ უნდა დაგეთანხმოთ, რომ ასეა. ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდშიც გვიმუშავია და წინა პერიოდშიც და, მგონი, ხალხს ხელმძღვანელებთან შეხვედრების პრობლემა არ ჰქონია. ხალხის კანონიერი უფლებაა, მისმა არჩეულმა მთავრობამ რომ მოუსმინოს. დღეს იგნორირება ხდება საზოგადოებრივი აზრის. ერთ კონკრეტულ მაგალითს დაგისახელებთ.

ორი წლის წინათ ერთი პატარა წერილი შევადგინე, ტელევიზიითაც გამოვედი, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” ერთი გვერდი მივუძღვენი ლადო ასათიანის 100 წლის იუბილეს, გავიხსენე მისი საოცარი პოეზია, გამოვხატე საზოგადოების აზრი და დავსვი საკითხი მისი ნეშტის მთაწმინდაზე გადასვენების შესახებ. ისე ჩაიარა საიუბილეო წელმა, რომ ლადო ასათიანი, ერთი-ორი ადამიანის გარდა, არავის გახსენებია. რუსთაველის იუბილეზე აღარაფერს ვამბობ.

წერილზე, რომელიც ორი წლის წინათ მთავრობას მივართვი, პასუხი დღემდე არ მიმიღია.

როცა დასჭირდებათ, სახსრებსაც გამოძებნიან, დროსაც და ადგილსაც დაუბრკოლებლად გამონახავენ და სასწრაფოდ მოაწყობენ, “ივენთებს” რომ ეძახიან, ისეთ ღონისძიებებს. გამორჩა ქვეყანას რუსთაველის იუბილე და ლადო ასათიანის 100 წლისთავი. არადა, როგორი მუხტი შეიძლება შექმნილიყო ამ თარიღების ღირსეულად აღნიშვნით! ეს იქნებოდა დაბრუნება სიტყვიერებასთან, იმ სამყაროსთან, გაღვივდებოდა ახალგაზრდობის ინტერესი ჭეშმარიტი ღირებულებებისადმი.

“იუბილე” არ მოგწონს? გადმონაშთად მიგაჩნია? “მეხსიერება” დაარქვი. თამაზ ჭილაძე ამბობს _ კულტურა არის მეხსიერება. მშვენიერი დეფინიციაა. ადამიანებს, ერს უნდა ჰქონდეს მეხსიერება. მაშინ ხარ კულტურული ერი. აი, სააკაშვილის პროპაგანდისტული ინდუსტრია კი სწორედ ამ მეხსიერების დავიწყებაზე მუშაობდა, მისი ამოშანთვისკენ იყო მიმართული.

_ გასაგებია, რომ დასავლური კულტურისკენ მივისწრაფით, ევროპული ღირებულებებისკენ. შეიძლება ვცდები, მაგრამ მეჩვენება, რომ აღმოსავლეთს რაღაც ტაბუ აქვს დადებული.

_ აღმოსავლური ფაქტორის იგნორირება შეცდომაა. ძველები რომ ამბობდნენ: “ექს ორიენტე ლუქს” (“სინათლე აღმოსავლეთიდან”), ცოდნის მიღება-გამდიდრებას ნიშნავს, სიბრძნესთან არის დაკავშირებული. ფიზული, ალიშერ ნავოი, ფირდოუსი… რომელი ერთი ჩამოთვალო. ჩვენი ფენომენალურობა აღმოსავლურ-დასავლურობის სინთეზში გამოიხატება, ამით არის მომხიბვლელი. ის მოვლენები, რომლებიც ვითარდებოდა იმავე რუსთაველის ჰუმანიზმის სამყაროს აზროვნების მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, იყო წინა საფუძვლები ევროპული ცივილიზაციის. შემთხვევითი არ არის, რომ ევროპაში დაიბეჭდა პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფია (პრეზენტაცია ახლახან გაიმართა), რომელშიც წარმოდგენილია სერიოზული ჰიპოთეზა, რომ შექსპირი იცნობს რუსთაველის სამყაროს, შექსპირის ადრინდელი ნაწარმოებები ფაბულებს სესხულობენ “ვეფხისტყაოსნიდან”.

როცა ლონდონში ისმენენ ქართველი მეცნიერის მოხსენებას, ინგლისურ გამოცემას ბეჭდავენ, მსჯელობენ ამ საკითხზე, არქივებს ამოსწევენ, ეს ყველაფერი არის დასტური იმისა, ქართული სამყარო როგორ შედის დასავლურ აზროვნებაში მნიშვნელოვანი ნაკადის სახით.

_ ქართველი სამოციანელები გავიხსენოთ, როგორც ინტელიგენტურობის განსახიერება.

_ პეტერბურგი იყო ევროპული ქალაქი თავისი ინტელექტუალური ნაკადით. საყოველთაოდ ცნობილია, რაოდენ დიდია პეტერბურგის როლი სამოციანელთა თაობის ჩამოყალიბებაში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ივანე ჯავახიშვილის თაობამ, ჩვენი დედაუნივერსიტეტის დამფუძნებლებმა, პეტერბურგში მიიღეს უმაღლესი განათლება.

გვაქვს სიამაყის საფუძველი იმით, რომ ამას წინ უსწრებდა გელათის აკადემია, ფაზისის აკადემია, იყალთოსი. თემისტიოსი, ბიზანტიელი რიტორი, თავის მეგობარს, ლიბანიოსს, წერდა: “მეც, ჩემო კარგო, რიტორიკის ნაყოფი მოვწყვიტე არა წყნარსა და ელინურ ადგილას (ე.ი. არა საბერძნეთში), არამედ პონტოს (შავი ზღვის) ბოლოში, ფაზისის (ფოთის) მახლობლად, იქ, სადაც “არგომ”, თესალიიდან ჩამოსულმა, დაისადგურა (გაიხსენეთ იასონის ლაშქრობა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად).

ეს ყველაფერი იყო, მაგრამ ამას განვითარება სჭირდებოდა და სწორედ პეტერბურგი იყო საამისო ერთ-ერთი უდიდესი ეტაპი. ამის უარყოფა წარმოუდგენელია.

არ მინდა დღევანდელ პოლიტიკას შევეხო, მაგრამ არც უამისობა გამოდის: ეროვნული პოზიციები, რა თქმა უნდა, არ უნდა დავთმოთ, მაგრამ ის, რაც დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას სჭირს, მხოლოდ იმათი ბრალი არ არის. ნამდვილად არ არის მხოლოდ იმათი ბრალი. ჩვენ ასეთ დღეში არ ვიქნებოდით, სააკაშვილის უგნური, ერის გამყიდველი და დამთრგუნველი პოლიტიკა რომ არა.

_ დაბოლოს, ახლა საით და როგორ, ბატონო ვალერი?

_ საზოგადოებაში ყოველთვის იძებნებოდა ძალა, იქმნებოდა მუხტი და ითქმებოდა სათქმელი, რომელსაც ქმედება მოჰყვებოდა ნებისმიერ პერიოდში. ნაკადული ყოველთვის თავის გზას პოულობს. არსებობს კანონზომიერება, რომელსაც ექვემდებარება ნებისმიერი საზოგადოება. უნდა ვიწამოთ, რომ ქვეყანა გადარჩება, მაგრამ გადარჩება არა მხოლოდ მოლოდინით, არამედ მოქმედებით. ეროვნული ენერგია აუცილებლად გამოიხატება იმით, რომ იგი (ერი) არასოდეს დაკარგავს თავის ცხოველმყოფელურ ძალას, ანუ, როგორც ინდოელი ფილოსოფოსი სვამი ვივეკანანდა ამბობს, ცენტრალურ ბგერას, რომლის გარშემო თავს იყრის ჰარმონიის ყველა ნაწილი. საკმარისია, ეს ცენტრალური ბგერა უკუაგდო, რომ ერი დაკარგავს ცხოველმყოფელობას.

ეს ბგერა, ეს მუხტი საქართველოში არსებობს, მან წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღო საუკეთესო თვისებები, შემოქმედებითი პოტენციალი, ეყრდნობა ზნეობრივ ორიენტირებს და საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. არის ასეთი ხალხი და ღმერთმა არ გამოგვილიოს.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. როცა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის შვილის (გერის) ქმრის ფეხში დაჭრის შემთხვევას ტელეარხები აიტაცებენ, როგორც მოვლენას, და უყურადღებოდ დატოვებენ ისეთ მნიშვნელოვან კულტურულ ფაქტებს, როგორებიცაა უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის საძვალის ადგილის დადგენა ლეჩხუმში, ცაგერში, მორის ციხესთან, თბილისის ბაირონის სკოლის დამფუძნებლის ინესა მერაბიშვილის, მიერ ინგლისურად თარგმნილი გალაკტიონის შედევრების ინგლისში გამოცემა, რაც იქაურმა გრანდებმა ახალი გალაქტიკის აღმოჩენას შეადარეს და, რა თქმა უნდა, ბატონ ელგუჯა ხინთიბიძის გამოკვლევები რუსთველის შექსპირთან მიმართების შესახებ, ამ დროსა და ამ სივრცეში ინტელიგენტურობაზე ლაპარაკი ცოტა უადგილოდ მეჩვენება.
ა.ს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here