მთავარი საზოგადოება “და ჯვარი მოჩანს შუბის ტარივით”

“და ჯვარი მოჩანს შუბის ტარივით”

341
გააზიარეთ
საპატიო თბილისელები (მარცხნიდან): ბორის პაიჭაძე, მელორ სტურუა, ვიქტორ გოცირიძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ალექსანდრე დათაშვილი და მედეა ჯაფარიძე 1988 წლის თბილისობაზე
საპატიო თბილისელები (მარცხნიდან): ბორის პაიჭაძე, მელორ სტურუა, ვიქტორ გოცირიძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ალექსანდრე დათაშვილი და მედეა ჯაფარიძე 1988 წლის თბილისობაზე

მელორ სტურუა, ბრწყინვალე ჟურნალისტი, “ცივი ომისეპოქაში ისეთივე აღიარებული და პოპულარული იყო, როგორც მიხეილ კოლცოვი, “ჟურნალისტი ნომერი პირველიოცდაათიანი წლების საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით, ესპანეთის რესპუბლიკის ფაშიზმთან ბრძოლის პერიოდში.

სტურუა გაზეთ “იზვესტიის” საკუთარი კორესპონდენტი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში _ ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, დიდ ბრიტანეთში _ ლონდონში.

კოლცოვი ძირითადად “პრავდაში” მუშაობდა.

განსხვავებულ ისტორიულ პერიოდებში, მაგრამ ერთნაირად დაძაბულ ვითარებაში, როცა მსოფლიო გლობალური კატასტროფის წინაშე იდგა.

ეს პარალელი _ შედარებისთვის, პოპულარობის მასშტაბის წარმოსადგენად.

მეტი _ არაფერი.

ბრწყინვალე რეპორტაჟებს გზავნიდა რედაქციაში მელორ სტურუა, ანალიტიკურ მიმოხილვებს, პუბლიცისტურ ესეებს, ჭეშმარიტი ჟურნალისტიკის ნიმუშებს, რომლებზეც თაობები აღიზარდნენ.

წერდა რუსულად, ცხადია.

თბილისში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა, სწავლობდა, მუშაობდა. პიროვნებად იქ ჩამოყალიბდა.

ქართველ პატრიოტად.

უზადო ქართულით მეტყველებდა და მეტყველებს, გამართულად, უხინჯოდ, სასიამოვნოდ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ ენობრივ გარემოში ტრიალებდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც, მადლობა ღმერთს, 90 წელიწადს გრძელდება და უმეტესს ვუსურვებთ მისი მკითხველები.

მელორ სტურუა

ესეც _ პარალელისთვის. მათ საყურადღებოდ, ვინც ცდილობს, გაამართლოს მავანი სახელმწიფო მოღვაწის ჩიქორთული _ სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და საქმიანობდა და რაც იცის, როგორც იცის, ესეც დიდი გმირობააო.

ამ თემასაც აქ დავუსვათ წერტილი. სხვა საინტერესო ცნობას მოგაწვდით.

მელორ სტურუა პოლიტიკურ თემებზე დაწერილი არაერთი წიგნის ავტორია. მაგრამ მისი ლექსების პირველი კრებული _ “ქართული გული” _ ეს-ესაა გამოსცა ასოციაციამ “კულტურათა დიალოგი-21” (ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ვალერი ასათიანი) ქალბატონ მარინა ჯანგიძისა და ბატონ თეიმურაზ ბერიშვილის ძალისხმევით.

ლექსები _ ლოცვა სამშობლოსთვის:

ღვთისმშობლის შუბლი შეწუხებული,

ცხარე ცრემლებით სავსე თვალები.

ცა ულმობელი მარწუხებივით,

რომელსაც ვერსად დაემალები.

დასცქერის მეტეხს, სიონს, ანჩისხატს

და იღრუბლება შეუწყნარები _

წვიმა დაგვჭირდა, წვიმა დაგვჭირდა,

ვით სახარების მკრთალი პწკარები

ლექსები _ ქართული ენის თაყვანისცემა:

დასაბამიდან მეღირსა,

როგორც რძე, წყალი და პური,

მე იავნანა დედისა,

ანბანი მამაპაპური.

გულში ტოკავდა, მღეროდა

ფრინველი გასაკვირველი _

ჩემი პირველი ბგერა და

ჩემი სიტყვები პირველი

ლექსები _ ორიგინალური ჰიმნი სიყვარულის:

, ეს თვალები, , ეს თვალები _

ციცნათელები ქართლის ღამეში!

წამწამიანი და უთვალავი

გველეშაპები და გილგამეში.

და შენ კი თავსაც აღარ მაწონებ,

ბანი დაიდგი მაღალმაღალი

ვირებს წყნეთიდან მოაქვთ მაწონი

და გარიჟრაჟის აყალმაყალი

 და ..

და ვლადიმერ მაიაკოვსკის შედევრივით “თქვენ კი შეძლებდით?” (“А Вы могли би?”) მოულოდნელი “ინტელიგენტის სიმღერა, თითქმის გოდება”:

ხმალი გადატყდა ვადაში,

და შენც წახვედი ვადამდე.

სიცოცხლე, როგორც თამაში

და როგორც სენი გადამდე.

მიტომ იყავი თამამი,

რომ თვლა იცოდი ათამდე.

ჭია იყავი ატამში

და ალეგროში ანდანტე

ხმალი გადატყდა ვადაში

და შენც წახვედი ვადამდე.

და _ მარგალიტებად მიმობნეული:

აღზევებული მივალ აღზევანს,

ლექსებს მოაკლდა, ვიგრძენ, მარილი.

გაქრა აღდგომა, დარჩა წაქცევა

და ჯვარი მოჩანს შუბის ტარივით

ან:

ბუნება კიდევ მწვანეა,

თუმცა შეუდგა ყვითელი

მიწაზე ცვივა კაკალი,

როგორც ცრემლები სკვითელის.

ან:

რა პატარაა ჩემი სამშობლო _

დასამარხ მიწას ვეღარ ვშოულობთ.

ან:

თბილისის ღამე დაწვა გულაღმა

და გაუსწორა თვალი მსოფლიოს

ან:

გრძნობის ფარჩაზე ვეფხვად დალი წევს,

თვალნი მდაგავენ, ავგაროზები.

ბატონ მელორის ერთორ ლექსს ჭაშნიკად მოგაწვდით _ უკეთ იგრძნობთ მისი პოეზიის სიღრმესა და სურნელებას.

ზარზმობა

ზარზმობა, ზარზმის ზმანება,

ზართ ჟრუანტელი გამივლის _

წარსულის ახმოვანება,

ახმოვანება მომავლის.

დაიძრა წუთისოფელი,

ოსმალოს დანაჯახები,

ვით ლანდი კეთილშობილი

აკუწულ სარგის ჯაყელის.

ლანდი იქაც და აქაცა,

მაგრამ აფხიზლებს ასპინძა

მას, ვინაც ზარზმა აკუწა

და მისი ცრემლი აკინძა.

შემდგარა ზარზმა ცერებზე,

კიდეც გაფრინდეს, ლამისა:

ვწერ ვინმე მესხი მელექსე

მე რუსთველისა ამისა”.

მღერიან ქართლის შვილები,

კუთხე არ დარჩა უქები

მთებს იქით დაგეშილები

ბოღმით უსმენენ თურქები.

დედაენა

მე დაგივიწყე, , დედაენავ!

თითქმის გაგწირე და გაგიმეტე.

ჩაილდ _ ჰაროლდი მობედუინო

უდაბნოეთში ვეძებ იმედებს.

უდედაენოდ, როგორც უმიწოდ

მტვერია მხოლოდ უცხო უდაბნო.

ბევრი ვნახე და დავრჩი უვიცი,

გვირგვინი მომცეს _ დავრჩი უდაფნო.

და გაეთიშა შინაარსს ფორმა,

ვეღარ ავკინძავ თვალებს გიშრიანს

და მეტაფორა, ვით ანაფორა,

დამჭკნარ ლექსების მხრებზე შრიალებს.

მამელუკები

(უიარაღოს)

ოქროზე დანალექები

და სისხლზე დანამყარები

ქალებს გვპარავენ ლეკები,

რომ მორთონ ჰარამხანები.

გვპარვენ და გვპარვენ ქალწულებს,

ყელმოღერებულთ ჯიხვივით.

გვაძრწუნებს, ისევ გვაძრწუნებს

მათი ცხენების ჭიხვინი.

ეს თმები გათეთრებული

ჩადრივით დამელუქება.

ვაჟები გათათრებულნი

კვდებოდნენ მამელუკებად.

შოთას სიტყვით ვერ ხარობდნენ,

სიტყვით, რომ გვაიმედაო.

სიკვდილის წინ თუ ხმარობდნენ,

რომ ეთქვათ: “ვაი დედაო!”

გვალვა

საქართველოში მოვიდა გვალვა,

გვალვა სულის და გვალვა ხორცისა,

ვერ გაიხარა ბუნების თვალმა

და ვერ იგემა სიტკბო მორწყვისა.

შედრკა ბუნება შენაშფოთები,

მზე კი ულმობლად ითვლის მარჩილებს.

მევედრებიან ნუშის ტოტები:

გადაგვარჩინე, გადაგვარჩინე!

შეუწყვეტელი ქარის ზუზუნი,

ქარში ნაკადულს ვერ მივაგენი.

როგორ დამშრალან დედის ძუძუნი,

როგორ დამსკდარან სატრფოს ბაგენი!

შრება ფოთოლი, შრება ფურცელი,

შრება ვნება და შრება ატამი,

შრება სიტყვა და შრება ყურძენი,

გულიდან ტალღად ამონატანი.

წყალო, მეუფევ, გთხოვ, შეგვიწყალე,

ლამის გაგვსრისა შენდამი ვალმა,

თუკი გადარჩა ვინმე ცოცხალი,

ბოლოს მოუღებს მძვინვარე გვალვა.

გვალვა მოგვდევდა და მოგვკიოდა

ბათოყაენად, ჯელალედინად.

ჩვენ, თურმე, სისხლი მისთვის გვდიოდა,

რომ მერე წყალი გამოგვედინა.

ძველი თაობის წუწუნი

დავზარდეთ ალგეთს ლეკვები:

კბილები _ ბასრი ბროლები.

ჩვენ იავნანას ვუმღერდით,

არჩიეს როკენდროლები.

დავზარდეთ ალგეთს ლეკვები,

მათი აკვანი ვარწიეთ.

დედებმა ჩოხა შეკერეს,

მათ კი ჯინსები არჩიეს.

ჯავრი რომ სჭამონ მგლისანი,

დავზარდეთ ალგეთს ლეკვები.

მათ სხვა არჩიეს მიზანი,

გაცრუვდა ჩვენი გეგმები.

დასასრულ: მელორ სტურუას ლექსების პირველი კრებულის _ “ქართული გულის” _ საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა გაიმართება 25 აპრილს, საღამოს 6 საათზე მწერალთა სახლში (მაჩაბლის #13). დასწრება, როგორც ყოველთვის, თავისუფალია.

არმაზ სანებლიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here