მთავარი ეკონომიკა გვჭირდება თუ არა 63 ფედერაცია სპორტში და რისთვის იხარჯება მათთვის გამოყოფილი ფული

გვჭირდება თუ არა 63 ფედერაცია სპორტში და რისთვის იხარჯება მათთვის გამოყოფილი ფული

224
გააზიარეთ
გვჭირდება თუ არა 63 ფედერაცია სპორტში და რისთვის იხარჯება მათთვის გამოყოფილი ფული

წინასაარჩევნოდ კანდიდატები თუ მათი მხარდამჭერები უამრავ სისულელეს ამბობენ. არის შემთხვევები, როცა კანდიდატები რადიკალური განცხადებებით გამოირჩევიან და ეს არჩევნების შედეგზე უდიდეს გავლენას ახდენს.

თუნდაც გიორგი ვაშაძე ავიღოთ, გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსი, რომელმაც ამაყად განაცხადა, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, ონკოლოგიურ დაავადებებზე ფინანსებს დავზოგავთ, აღარ ვუმკურნალებთ ადამიანებს, რადგან მხოლოდ ექვსი თვით სიცოცხლის გახანგრძლივება არაფერს ნიშნავს, ის ადამიანები მაინც განწირულები არიან და აჯობებს, ეს თანხები სხვა მხარეს მივმართოთო. რამდენად დაიწერა ამ განცხადებით ქულები ვაშაძემ ვაშაძისთვის, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრი ონკოლოგიური დაავადებით არის ავად, ტაშს ნამდვილად არ დაუკრავდნენ და ასეთები ათასობით ოჯახია. თავად დაფიქრდით, მიმოიხედეთ ირგვლივ და აღმოაჩენთ, რომ სამეგობროში, სამეზობლოში, სანათესაოში არაერთი ადამიანია, რომელიც სიმსივნეს ებრძვის და სახელმწიფოსგან გამოყოფილი ათიათასლარიანი ლიმიტი დიდ შეღავათს აძლევს.

ახალგაზრდა მოგვარეს არც პრეზიდენტობის კანდიდატი ჩამორჩა. გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ფეხბურთის განვითარების პროგრამაში 265 მილიონი ჩაიდო და ეს მაშინ, როცა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბოლო ადგილზეა. ასე მეც ვიმუშავებ მთავარ მწვრთნელად, რად მინდა დიდი ფული, ას ლარადაც წავაგებ ყველა შეხვედრასო. როგორც ჩანს, ვაშაძე ბოლო პერიოდში ფეხბურთს აღარ უყურებს, რადგან ერთა ლიგაზე გამართული ხუთი მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა ოთხი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის სერიოზული შანსიც აქვს. ისე არ გაიგოთ, თითქოს ტაშს ვუკრავდეთ 265 მილიონს, რომელიც ფეხბურთის განვითარების პროგრამაში ჩაიდო, რადგან… პირდაპირ ვიტყვით _ ეს ფული არ ხმარდება ბოლომდე იმ საქმეს, რომლისთვისაც გამოყოფილია, და დეტალებით თუ დაინტერესდება ფეხბურთის ფედერაცია, სულ კაპიკკაპიკ დავუთვლით და დავუთვლით არამარტო სახელმწიფოს მიერ გაღებულ მილიონებს, არამედ უეფასა და ფიფასგან მიღებულ მილიონობით გრანტს, რომლის დიდი ნაწილიც ასევე არასწორი მიმართულებით დაიხარჯა.

ეს _ კონკრეტულად ფეხბურთს რაც შეეხება. რაც უნდა იყოს, ქართველების დიდი უმრავლესობა ფეხბურთისა და პოლიტიკის ცოდნას იბრალებს და ვერ გეტყვით, რამდენი ათეული წელი უნდა გავიდეს, ქართველმა რომ დაიჯეროს, ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლიაო. შეგვიძლია, მაგრამ სწორი მიმართულება უნდა ამ ყველაფერს და მონდომება. ახლა კი არც ერთი გვაქვს და არც მეორე, რადგანძალიან დიდი ფულია იმისთვის, რომ ვიღაცებს რაღაცებზე ხელი წაუცდეთ.

ახლა _ სახელმწიფოს მიდგომას რაც შეეხება. ვაშაძეს შეუძლია, ეს სტატია წაიკითხოს და ფეხბურთს კი ნუ ეცემა, _ არიქა, ეს რამდენ ფულს ვხარჯავთო, სპორტის იმ სახეობებსა და თანხებზე გაამახვილოს ყურადღება, რომლებზეც ახლა ვისაუბრებთ.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ოფიციალურად 63 ფედერაციაა აღიარებული, ანუ ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, ჰყავთ თანამშრომლები, დადიან (ან არ დადიან) შეჯიბრებებზე, მუშაობენ, შრომობენ, ხელფასს იღებენ (პრემიებსაც) და არსებობენ იმ გადასახადების ხარჯზე, რომლებსაც ჩვენ ვიხდით. სპორტში ძალიან გათვითცნობიერებულ ადამიანსაც კი გაუჭირდება 63 ფედერაციის ჩამოთვლა, რადგან სპორტის ის სახეობები, რომელთა წარმომადგენლობაც საქართველოში გვაქვს, შესაძლოა, გაგონილიც არ ჰქონდეს. უფრო ზუსტად, გაგონილი, შესაძლოა, ჰქონდეს, მაგრამ ვერ წარმოიდგინოს, რომ, მაგალითად, ჩვენთან ბალახისა და ყინულის ჰოკეის ფედერაციები ცალცალკე ფუნქციონირებს. აბა, გაიხსენეთ, რამდენჯერ გინახავთ საქართველოს ჩემპიონატი ბალახის ან ყინულის ჰოკეიში; ან ის გაიხსენეთ, თქვენი ან თქვენი ახლობლის, მეზობლის, ნათესავის შვილი თუ დადის ჰოკეიზე. ვერ იხსენებთ? სამაგიეროდ, ყინულის ჰოკეის ფედერაციას წელიწადში 40 ათასი ლარი აქვს, ბალახის ჰოკეისას _ 136 083 ლარი (ეს სპორტის სამინისტროდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციაა).

48 285 ლარად ვაფინანსებთ საქართველოს ბადმინტონის ფედერაციას. მართალია, ცნობილი ბადმინტონელები არ გვყავს და არც ის გაგვიგია, ქართველ ბადმინტონელს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ესახელებინოს, მაგრამ იყოს, რას გვიშლის, არც 50 ათას ლარამდე თანხაა ბიუჯეტისთვის დიდი დანაკლისი.

მაგრამ რაში ჰყოფნის აფროსნობის ფედერაციას წლიურად ხუთი ათასი ლარი, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ფედერაციას პრეზიდენტიც ჰყავს, ვიცეპრეზიდენტიც, გენერალური მდივანიც და, მოკლედ, მთელი სტრუქტურაა. ქართული აფრა ბოლოს როდის აეშვა თუ დაეშვა საერთაშორისო ტურნირზე, ვერ გეტყვით, თუმცა იყოს ესეც, ხუთი ათას ლარად ტრაგედიას ნუ შევქმნით.

მართლა ვერ გეტყვით, რას ნიშნავს (ვერც თქვენ მეტყვით), მაგრამ არსებობს საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის ფედერაცია. ჰო, სწორედ ასე წერია _ საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის ფედერაცია და წლიურად 38 200 ლარიც ერიცხებათ თანამშრომელთა ხელფასებისთვის. იმის გამო, რომ არ ვიცით, სპეცოლიმპიადაში რა იგულისხმება, ამიტომ ვერც იმას გეუბნებით, უნდა იყოს თუ არა, მაგრამ… მოვიძიეთ მეზობელ ქვეყნებში და… სპეციალური ოლიმპიადის ფედერაცია მხოლოდ ჩვენ გვაქვს (ხომ ვაჯობეთ მეზობლებს!).

465 114 ლარი რომელი ფედერაციის ანგარიშზე შეიძლება ირიცხებოდეს?! ვერ გამოიცნობთ _ “საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის”. ხომ გვაქვს 63 ფედერაცია და კიდევ გვაქვს ფედერაცია სპორტი ყველასათვის, რომელშიც, სავარაუდოდ, რაც იმ 63-ეულში ვერ მოხვდა, ამაშია გაერთიანებული და კაი ნახევარ მილიონ ლარამდეც გვიჯდება მათი შენახვა. სპორტი ისედაც ყველასთვის არის და, ამას თუ ფედერაცია შევუქმენით, მაშინ შევქმნათ ფედერაციაწყალი ყველასთვის, ჰაერი _ უფასოდ!”

ბეისბოლს ამერიკის შეერთებულ შტატებში მაყურებელთა დასწრების მხრივ რეკორდები აქვს მოხსნილი. უამრავი ადამიანი გიჟდება ბეისბოლზე ოკეანის გაღმა, მაგრამ საქართველოში ბეისბოლის სტანდარტული სტადიონიც კი არ გვაქვს. თუმცა არა უშავს, სამაგიეროდ ფედერაცია გვაქვს, ბეისბოლისა და სოფტბოლის გაერთიანებული ფედერაცია, რომელსაც სახელმწიფო ყოველწლიურად 40 ათას ლარს ურიცხავს. გავა დრო და საქართველოს ბეისბოლისტთა ნაკრები გაიჭრება საზღვრებს გარეთ, ამერიკას დაიპყრობს და იქაურებს გავაოცებთ ჩვენი ნიჭით. მაგრამ მანამდე აუცილებლად ავაშენებთ რამდენიმე სტადიონს, მოვაწყობთ ინფრასტრუქტურას… ისე, ბოლოს ამერიკაში ბეისბოლის თანამედროვე სტადიონი რომ აშენდა, 690 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს ისე, ცნობისთვის.

სრული სერიოზულობით ვამბობთ _ საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციაში მომუშავე ადამიანებსაც ვიცნობ, იმ ადამიანებს, სპორტის ამ სახეობას რომ მისდევენ, ტურნირებზეც რომ დადიან და მეტ-ნაკლები წარმატებებიც რომ აქვთ, მაგრამ იცით, რა არ მესმის? სახელმწიფო უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციას წლიურად 2 966 ლარით აფინანსებს, ანუ სამი ათას ლარსაც ვერ იმეტებს და იმ ბიჭებს ეს თანხა ერთი კვირა ჭამის ფულად არ ეყოფათ. რა აზრი აქვს ასეთ გადარიცხვას ან არსებობას?! ფედერაცია, რომელშიც 50 უძლიერესი მამაკაცია გაერთიანებული, თვეში 247 ლარს როგორ ანაწილებს ან რაში ხარჯავს, კითხულობს ვინმე?!

ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს _ საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციას წლიურად 155 252 ლარი აქვს, კონტაქტური კარატეს ფედერაციას _ 417 143 ლარი (უკონტაქტო კარატე აგვიხსნას მერე თავისუფალ დროს ვინმემ როგორია). ტაეკვონდოს ფედერაციას წლიურად 232 949 ლარი ერიცხება, კიოკუშინკაი კარატეს ფედერაციას _ 75 000 ლარი, უშუს ფედერაციას _ 91 705 ლარი. ამით საბრძოლო ხელოვნება არ ამოიწურა _ აგერ, საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაცია ცალკე გვქონია და 30 ათასი ლარი იმათი ბიუჯეტია. ჯომარდები 238 147 ლარით ფინანსდებიან, ნარდის ფედერაცია მხოლოდ 5 365 ლარს იღებს, 1 392 757 ლარით ფინანსდება მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია. აი, ვიხსენებ და ვერ გავიხსენე, ბოლო ათ, გნებავთ ოც, წელიწადში, რომელიმე ქართველი მძლეოსანი თუ გამოჩენილა საერთაშორისო ასპარეზზე, საპრიზო სამეულში თუ არა, ხუთეულში მაინც…

ყველაზე მეტი დაფინანსება წლიურად (13 510 249 ლარი) რაგბის კავშირს აქვს, შემდეგ მოდის კალათბურთის ფედერაცია (7 654 807 ლარი), შემდეგ _ ფეხბურთის ფედერაცია (7 645 660 ლარი), ჭიდაობის ფედერაცია (6 104 092 ლარი) და ა.შ.

რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ სპორტს ფული უნდა მოაკლდეს, მაგრამ პრიორიტეტები უფრო უკეთესად რომ განისაზღვროს, ძალიან კარგი იქნება. არც ის იქნება ცუდი, თუ სახელმწიფო გამოყოფილ ფულს გააკონტროლებს, თორემ სულ რაღაც 2-3 წლის წინათ იყო, სპორტის სამინისტროში აუდიტი რომ შევიდა და ისეთი დარღვევები აღმოაჩინა, მაშინდელი მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან უხმაუროდ წავიდა. ჰოდა, 2-3 წელიწადში კი არა, ყოველწლიურად ყველა სამინისტრო რომ გადაამოწმოთ და დაკარგულ თუ გამქრალ ფულზე კონკრეტული კითხვები დასვათ, დამნაშავეებს პასუხი აგებინოთ, ეგებ რამდენიმე წელიწადში ბეისბოლის სტადიონის ასაშენებელი ფული გამოჩნდეს არსაიდან.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here