Home რუბრიკები საზოგადოება გარინჩა _ ხალხის სიხარული

გარინჩა _ ხალხის სიხარული

ბრაზილიური ფეხბურთის დიადი კოჭლი

2992
გარინჩა

როდესაც ბრაზილიურ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, უწინარესად, ერთი სახელი გვახსენდება ხოლმე _ პელე. და, მიუხედავად იმისა, რომფეხბურთის მეფისოსტატობაში ეჭვი არავის შეაქვს, მის ჩრდილში არიან შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებსაც ჯეროვან პატივს არ მიაგებენ დღევანდელი გულშემატკივრები. მათ შორის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია მანოელ (მანე) ფრანსისკო დოს სანტოსი _ გარინჩა, რომელსაც ჟურნალისტები და გულშემატკივრები უწოდებდნენხალხის სიხარულს”, “ფეხბურთის ჩარლი ჩაპლინსადადიად კოჭლს”. სწორედ მას, ვისაც ექიმები დაბადებისთანავე უწინასწარმეტყველებდნენ ინვალიდის ეტლში სიცოცხლეს, ტრიბუნებმა პირველად შესძახესოლე!” და ეს შეძახილი აიტაცა სრულიად კონტინენტმა. ამ მასალაში მოგითხრობთ ისტორიას ნამდვილი გმირის, ფეხბურთის ლეგენდის, ლოთის, ლოველასის, გულუბრყვილო კეთილი კაცისა, რომელსაც აღმერთებდა ლათინური ამერიკა, თუმცა არც ისე დიდხანს.

ბავშვობა

მანოელ ფრანსისკო დოს სანტოსი 1933 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში მდებარე პატარა სოფელ პაუ-გრანდიში. მას თანდაყოლილი დაავადებები აღმოაჩნდა: სიბეცე, ხერხემლის გამრუდება და მენჯის ძვლების დეფორმაცია, მისი მარცხენა ფეხი მარჯვენაზე 6 სმ-ით მოკლე იყო. ოპერაციებმა შედეგი ვერ მოიტანა: ექიმების აზრით, ბავშვი ბედნიერი უნდა ყოფილიყო, თუ, საერთოდ, გავლას შეძლებდა. იმხანად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კოჭლი ბიჭუნა გაიზრდებოდა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებზე სწრაფად ირბენდა.

მანოელის ოჯახი ძალიან ღარიბი იყო. მისი უმცროსი ძმა და და შიმშილისა და ავადმყოფობისგან დაიხოცნენ. თვითონ მანოელი პატარაობიდანვე ეხმარებოდა მშობლებს: ტყეში ხილს აგროვებდა და ბაზარში ვაჭრობდა, სკოლაში ვერ დადიოდა, რადგან მუშაობდა. სულ ოთხი კლასის განათლება მიიღო და ამიტომ ძლივს წერდა და კითხულობდა. მამისგან მემკვიდრეობით მიიღო ალკოჰოლის სიყვარული. 10 წლისა უკვე სვამდა კაშასას (შაქრის ლერწმისგან დამზადებული მაგარი სასმელი), ლუდსა და კაჩიმბუს (სასმელი კაშასისგან, თაფლისა და ლიმონისგან), ეწეოდა. დამ, ტერეზამ, მანეს შეარქვა მეტსახელი _ გარინჩა (პატარა, იშვიათი ჩიტის სახელი), მოგვიანებით ამ სახელს სრულიად მსოფლიო ეძახდა.

14 წლის მანოელმა მუშაობა დაიწყო საქსოვ ფაბრიკაში, თამაშობდა ფაბრიკის ბავშვთა სამოყვარულო გუნდ “პაუ გრანდიში”.

გარინჩა

პირველი სეზონი

16 წელი რომ შეუსრულდა, მანემ მოზრდილთა გუნდში დაიწყო თამაში. ის იყო წელში მოხრილი, კოჭლი. ამის გამო კარიერა წარუმატებლად დაიწყო: “ფლამენგომ” და “ფლუმანენსემ” არ მიიღეს კოჭლობის გამო, უარით გაისტუმრა “ვასკო და გამამ”, აგრეთვე, “სან კრისტოვანმა”… ბედმა გაუღიმა, როცა პაუ-გრანდიში შემთხვევით ჩავიდა კლუბ “ბოტაფოგოს” ფეხბურთელი და მანეს თამაში ნახა. ამ ფეხბურთელზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა ჭაბუკი მანეს თამაშმა, რომ მწვრთნელს სთხოვა, გაესინჯა. მწვრთნელს არ სურდა, დრო დაეკარგა და სასინჯ თამაშში მანეს დაუპირისპირა იმხანად ბრაზილიის ნაკრების მცველი ნილტონ სანტოსი, რომელსაც მანე სახეზე არ იცნობდა.

სანამ “ბოტაფოგას” ფეხბურთელები ჩუმად იცინოდნენ უცნაურ კოჭლ ყმაწვილზე, რომელსაც, მათი აზრით, ამ სიტუაციაში ჩაფლავების მეტი არაფერი ელოდა, გარინჩამ ფეხებს შუა გაუტარა ბურთი (ეს ყველაზე დიდ დამცირებად ითვლება ფეხბურთელთა შორის) ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო მარცხენა მცველს, თანაც ისე, რომ ნილტონ სანტოსმა მოულოდნელობისგან წონასწორობა დაკარგა და მინდორზე დაეცა. განცვიფრებული ფეხბურთელების თვალწინ გარინჩამ ეს ტრიუკი კიდევ ორჯერ გაიმეორა.

გარინჩა

გარინჩას თამაშმა ისე განაცვიფრა სახელგანთქმული ნილტონ სანტოსი, რომ მწვრთნელს უთხრა: “ეს ბიჭი სხვა კლუბში რომ აღმოჩნდეს, მშვიდად ვერ დავიძინებ, ხოლო, თუკი ჩვენთან დარჩება, ვერ დაიძინებენ სხვა კლუბების მცველები”. “ბოტაფოგამგარინჩა 500 კრუიზეროდ იყიდაპაუგრანდესგან”, რამდენიმე კვირის შემდეგ კი მანემ თავი დაანება ფაბრიკას და თავისი ცხოვრება ფეხბურთს დაუკავშირა.

პირველ სეზონში გარინჩამ 26 მატჩი ჩაატარა და 20 ბურთი გაიტანა, რამდენიმე სეზონის შემდეგ კი მისმა გუნდმა პირველად მოიგო რიოს თასი. “რივერ პლეიტთან” მატჩში გარინჩამ ისე მოხიბლა პუბლიკა, რომ მის ყოველ წარმატებულ მოძრაობას ახლდა შეძახილი “ოლე!” , დროთა განმავლობაში ეს შეძახილი ბევრი ქვეყნის გულშემატკივრის ტრადიციულ შეძახილად იქცა.

1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი

ბრაზილიელებმა ფინალში ჩემპიონატის მასპინძლები, შვედები, დაამარცხეს _ 5:2, ამ მატჩში 2 ბურთი მარჯვენა ფლანგიდან გარინჩას ჩაწოდებით გავიდა.

როდესაც გარინჩა მშობლიურ პაუ-გრანდეში დაბრუნდა, მას შეხვდნენ, როგორც ეროვნულ გმირს. დასვენების დღე გამოცხადდა და დაიწყო სტიქიური კარნავალი. ერთი დღის შემდეგ გარინჩა შევიდა თავისი სახლის წინ მდებარე ბარში, სადაც ის და მისი მეგობრები წლების განმავლობაში კრედიტით მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს. ეროვნულმა გმირმა ჯიბიდან ფულის სქელი შეკვრა ამოიღო, ვალებიც გაისტუმრა და იქ მსხდომებიც დაპატიჟა. შემდეგი წელიწადი გარინჩასთვის რთული აღმოჩნდა. წარმატებისა და მოულოდნელად გაჩენილი ფულის ფონზე, რომლის გამოყენებაც გარინჩამ არ იცოდა, ფეხბურთელმა სმა დაიწყო და გასუქდა. ამის გამო გარინჩა არ ათამაშეს ამხანაგურ მატჩში ინგლისის წინააღმდეგ. პაუ-გრანდეში დაბრუნებულმა გარინჩამ შესახვედრად გამოსული აღფრთოვანებული ბრბოს თვალწინ ავტომობილი დააჯახა თავის მამას და გზა განაგრძო. შემხვედრთა აღფრთოვანება მრისხანებაში გადაიზარდა, გააფთრებული ადამიანები დაედევნენ გარინჩას და სახლამდე მიჰყვნენ. როდესაც გარინჩამ გააჩერა ავტომობილი, მდევრებმა ნახეს, რომ ის გალეშილი იყო და ვერ აღიქვამდა, რა ჩაიდინა. გარინჩას მამა რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა ალკოჰოლიზმით გამოწვეული ციროზით.

გარინჩას ხასიათს, მის დამოკიდებულებას ადამიანებისადმი კარგად გამოხატავს შემთხვევა, რომელიც აღწერილი აქვს ცნობილ დიპლომატსა და ჟურნალისტს, იგორ ფესუნენკოს, თავის წიგნში “პელე, გარინჩა, ფეხბურთი”:

“ჟოან სალდანია (კლუბ “ბოტაფოგოსა” და ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი, ჟურნალისტი _ ნ.კ.) იხსენებს, როგორ იდგნენ ის და გარინჩა ერთ-ერთი პატარა ქალაქის სასტუმროს ფანჯარასთან. “ბოტაფოგოს” ამ ქალაქში მეორე დღეს შეხვედრა უნდა გაემართა და მთელი ქალაქი ამ მატჩის მოლოდინში იყო. სასტუმროს ფანჯრიდან ქუჩის მეორე მხარეს ჩანდა ორი “ბოტეკინი” _ ასე ეძახიან ბრაზილიაში პატარა ბარებს. ერთი დილიდან საღამომდე სავსე იყო ადამიანებით, მეორე _ ცარიელი. დანაღვლიანებული მებუფეტე უკვე მეორედ ამშრალებდა ჭიქებსა და კათხებს, წმენდდა მტვერს მაგიდებიდან, მაგრამ ბარში ხალხი რატომღაც არ შედიოდა. ადამიანები გვერდით მდებარე ბოტეკინს ამჯობინებდნენ… მანოელმა უყურა, უყურა მარტო მყოფ ბარის მეპატრონეს, შემდეგ კი სალდანიას მიუბრუნდა _ სეუ (შემოკლებით _ “სენიორ”) ჟოან, წუთით ქვემოთ ჩავალ, შეიძლება?

ის ჩავიდა კიბით და გავიდა ქუჩაში, შემდეგ კი იქით გაემართა, სადაც ეს ორი პატარა ბარი იყო. ხალხით სავსე ბარში ყველა გაირინდა და პირდაბჩენილი უყურებდა გარინჩას, ლეგენდარულ “ბი-კამპეონეს” (ორგზის ჩემპიონს _ ნ.კ.), რომელიც ამ ქალაქში “ბოტაფოგასთან” ერთად იყო ჩამოსული ერთი მატჩის სათამაშოდ. ქალაქი ამ მატჩით ცხოვრობდა და ბარში შეკრებილებიც ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ და, ალბათ, დაიჩივლეს კიდეც, რომ სასტუმროში ჰყავდათ გამოკეტილი შესანიშნავი ფეხბურთელები _ დიდი და გარინჩა. და ამ მომენტში… აი ისიც, როგორც ზღაპარში! გარინჩა! მოდის აუჩქარებლად… გარინჩა _ მსოფლიოში ყველაზე დიდი ფეხბურთელი!

მანოელი მივიდა სავსე ბართან, შეჩერდა, თვალი გადაავლო მოულოდნელობისგან გაშეშებულ ადამიანებს და… ფინტი გააკეთა: კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა და შევიდა ბარში, სადაც მარტო იჯდა ნაღვლიანი მეპატრონე. ის წამოხტა და მოულოდნელობისგან ხელიდან ხელსახოცი გაუვარდა. გარინჩამ ყავა შეუკვეთა, დალია, გადაიხადა, მეპატრონეს მხარზე ხელი მოუტყაპუნა და გამოვიდა ისე, რომ კრინტი არ დაუძრავს.

“ხუთი წუთის შემდეგ, _ იგონებს ჟოან სალდანია, _ ეს ბარი იყო სავსე, ბარის მეპატრონე კი აცახცახებული ხელებით დახლის მოპირდაპირე კედელზე აჭედებდა სკამს, რომელზეც ცოტა ხნის წინათ იჯდა გარინჩა, და ფინჯანს, რომლიდანაც ყავა დალია დიდმა ფეხბურთელმა. ამიერიდან ბარის მოხუც მეპატრონეს უზრუნველი ცხოვრება გარანტირებული ჰქონდა. და გარინჩამ, რომელიც სასტუმროში დაბრუნდა და უყურებდა ამ სცენას, სალდანიას უთხრა: _ ასე ხომ უფრო სამართლიანია, სეუ ჟოან?

მოამზადა ნიკა კორინთელმა

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here