Home რუბრიკები საზოგადოება ბობი ფიშერი _ მეამბოხე მოჭადრაკე

ბობი ფიშერი _ მეამბოხე მოჭადრაკე

2213
ბობი ფიშერი

არჩევანის წინაშე მყოფმა ფიშერმა თანხმობა განაცხადა მატჩის ისლანდიაში გამართვაზე, მაგრამ წამოაყენა კიდევ ერთი პირობა _ გაეორმაგებინათ საპრიზო ფონდი. ლონდონელმა ფინანსისტმა ჯიმ სლეიტერმა, როცა ეს ამბავი შეიტყო, 125 ათასი დოლარი ჩარიცხა საპრიზო ფონდში, რომელმაც მიაღწია იმ პერიოდისთვის უპრეცედენტო თანხას _ 250 000 დოლარს. ყველაფრის მიუხედავად, 1972 წლის 1 ივლისს რეიკიავიკში მატჩის გახსნის ცერემონიაზე ფიშერი არ ჩანდა.

ფორმალურად მისთვის დამარცხება უნდა ჩაეთვალათ კენჭისყრაზე გამოუცხადებლობის გამო, მაგრამ ფიდეს პრეზიდენტმა ეივემ გახსნის ცერემონიის გადატანა გამოაცხადა. კენჭისყრა კიდევ 2-ჯერ გადაიდო, სანამ დასავლურ პრესაში არ გაჩნდა სტატიები, რომლებშიც ფიშერს სიმხდალის გამო მატჩის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. მოჭადრაკე ვერ ბედავდა ნიუ-იორკიდან გამოფრენას _ ეშინოდა, რომ მის თვითმფრინავს რუსები ააფეთქებდნენ. ვითარებაში ჩაერია აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტის მრჩეველი ჰენრი კისინჯერი. მან პირადად დაურეკა ფიშერს და უთხრა: “ამერიკას სურს, რომ თქვენ წახვიდეთ და გაანადგუროთ რუსები”. საჩემპიონო მატჩი 11 ივლისს დაიწყო _ 10 დღის დაგვიანებით. პირველი პარტია ფიშერმა წააგო. ამის შემდეგ მოითხოვა, მოეშორებინათ ყველა ტელეკამერა. ორგანიზატორებმა იუარეს, რადგან მატჩის ტელეტრანსლაციის უფლებები გაყიდული იყო. ამის გამო ბობი მეორე პარტიაზე არ გამოცხადდა და ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. მატჩს ჩაშლის საფრთხე დაემუქრა, მაგრამ გენიოსმა ფიშერმა იცოდა, რომ ყველა იბრძოდა მატჩის გადასარჩენად, და ბობი დათანხმდა, თამაში განეგრძო. სანაცვლოდ ორგანიზატორებისგან მოითხოვა სპორტული ავტომობილი, გეიზერების წყლის აუზი, საჩოგბურთო კორტი, აგრეთვე, დარბაზის სხვაგვარად მოწყობა, საჭადრაკო დაფის შეცვლა და მწვანე შუქის ჩართვა ყველა შუქნიშანზე, როცა მატჩზე წავიდოდა. ბოლოს, მთავარი _ მესამე პარტია უნდა ჩატარებულიყო დახურულ შენობაში, ჟურნალისტებისა და მაყურებლების გარეშე. ჩემს მთავარ ამოცანად მიმაჩნია ის, რომ დავთრგუნო მოწინააღმდეგის ეგო”, _ ამბობდა ფიშერი. რამდენიმე დღის შემდეგ ბორის სპასკი მოულოდნელად დათანხმდა, ეთამაშა მესამე პარტია დახურულ შენობაში. ეს გადაწყვეტილება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

მესამე პარტიის მოგების შემდეგ ამერიკელმა გატეხა მოწინააღმდეგე, 7 გამარჯვება მოიპოვა და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა. გამარჯვებულ ფიშერს ამერიკაში შეხვდნენ, როგორც ეროვნულ გმირს. პრეზიდენტმა ნიქსონმა ბობი სადილზე მიიწვია, მაგრამ მან იუარა და განაცხადა: “ვერ ვიტან, როცა ვღეჭავ და ყველა პირში მიყურებს”.

სპასკისთან გამართული მატჩის ბოლო პარტია ფიშერის მიერ ნათამაშები უკანასკნელი ოფიციალური პარტია იყო. 1975 წელს მან უარი თქვა, ეთამაშა მატჩი ახალ პრეტენდენტ ანატოლი კარპოვთან მსოფლიოს ჩემპიონის წოდებაზე. 1975 წლის 3 აპრილს ფიშერს ტექნიკური დამარცხება ჩაუთვალეს და ჩემპიონის ტიტული საბჭოთა მოჭადრაკეს მიაკუთვნეს.

1990-იანი წლების დასაწყისამდე ფიშერი განმარტოებით ცხოვრობდა პასადენაში (კალიფორნია), საზოგადოებაში არ ჩნდებოდა. ის თითქმის ყველასგან იყო მივიწყებული, როცა იუგოსლავიელმა ბანკირმა . ვასილევიჩმა შესთავაზა კომერციული მატჩ-რევანშის ორგანიზება სპასკისთან. და ექსჩემპიონი მოულოდნელად დათანხმდა, მატჩის საპრიზო ფონდმა 5 მლნ დოლარი შეადგინა. შეხვედრა გაიმართა იუგოსლავიის კუნძულ სვეტი-სტეფანიზე. მატჩის დაწყებამდე ფიშერმა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილი, რომ იუგოსლავიის ტერიტორიზე გამართულ მატჩში მონაწილეობით ის დაარღვევდა საერთაშორისო ემბარგოს, რომელიც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ფიშერმა დემონსტრაციულად დახია წერილი, მის ნაკუწებს დააფურთხა და თქვა: “მე შევძელი, დამერწმუნებინა ადამიანები, რომ აშშ ინტელექტუალური სახელმწიფოა, რომ იქ ცხოვრობენ ჭკვიანი ადამიანები, მათ კი მადლობის ნაცვლად გამაღატაკეს, დამამცირეს და მომაფურთხეს. მეც ვუპასუხებ მათ ანალოგიურად”. მატჩი გაიმართა და ფიშერმა გაიმარჯვა ანგარიშით 10:5. სულ ითამაშეს 30 პარტია, ამ მატჩს მან საჩემპიონო მატჩი უწოდა. ამით ხაზს უსვამდა, რომ თავს კვლავ მსოფლიოს ჩემპიონად მიჩნევდა, რადგან მისი დამარცხება ვერავინ შეძლო. გამარჯვების შემდეგ ის ვერ დაბრუნდებოდა აშშ-ში, რადგან ემბარგოს დარღვევასთან ერთად 1976 წელს გადასახადების გადაუხდელობაშიც დაადანაშაულეს. ფიშერის ახალ სამშობლოდ სწორედ ის ქვეყანა იქცა, რომელშიც ითამაშა თავისი ბოლო ოფიციალური პარტია და რომელმაც წერტილი დაუსვა მის ექსტრავაგანტურ საჭადრაკო კარიერას.

ბობი ფიშერი
ბობი ფიშერი

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ლეგენდარული მეამბოხე მოჭადრაკის ბიოგრაფიიდან:

1.1996 წელს ფიშერმა საზოგადოებას წარუდგინა მის მიერ შემუშავებული შემთხვევითი ჭადრაკი. ამ ჭადრაკში შენარჩუნებულია თამაშის ყველა წესი, ფიგურების საწყისი განლაგების გარდა, რომელიც შემთხვევით აირჩევა 960 ვარიანტიდან (შეცვლილია როქის მიმდევრობა). საწყისი პოზიციების ინვარიანტულობა უშედეგოს ხდის საჭადრაკო დებიუტების გამოცდილებასა და “საშინაო მომზადებას”. ეს აიძულებს მოჭადრაკეებს, პირველივე სვლებიდან ითამაშონ არა დაზუთხული შაბლონებით, არამედ შემოქმედებითად;

2.1988 წელს ფიშერმა საჭადრაკო პრაქტიკაში შემოიღო ახალი საათი, დაფუძნებული საღ იდეაზე _ ნაწილობრივ მაინც გათანაბრდეს მოწინააღმდეგეთა შანსები თამაშის ბოლოს, როცა ცაიტნოტში ერთ მოთამაშეს (ან ერთდროულად ორივეს) “დაკიდებული აქვს ალამი”. ფიშერის საათი გარკვეული რაოდენობის წამს უმატებს მას, ვინც სვლას გააკეთებს. ამრიგად, თუ მოჭადრაკე ლიმიტში “ჩაჯდება”, მისი “დაკიდებული ალამი” საათზე არასდროს ჩამოვარდება. უფრო მეტიც: დაუხარჯავი წამები გროვდება და შემცირების ნაცვლად დარჩენილ დროს ემატება. ასეთი საათი და დროის ასეთი კონტროლი გამოყენებულ იქნა 1992 წელს იუგოსლავიაში ფიშერისა და სპასკის მატჩში;

3.2001 წელს ნიუ-იორკის საშინელი ტერაქტის შემდეგ ბობი ფიშერმა, რომელიც ყოველთვის ემალებოდა პრესას, ფილიპინების რადიოში დარეკა და განაცხადა: “ეს მშვენიერი ახალი ამბავია. შტატებისთვის დიდი ხნის წინათ უნდა ამოეცხოთ პანღური. ტაშს ვუკრავ ამ ოპერაციას. მინდა ვიყო მოწმე იმისა, როგორ აღიგვება ამერიკა პირისაგან მიწისა”. თავის სხვა რადიომიმართვაში ფიშერმა განაცხადა: “ამერიკას სრულიად აკონტროლებენ ებრაელები, ხელმძღვანელები ებრაელები არიან ან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ვირთხები, რომლებიც ებრაელებისთვის მუშაობენ. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი მოფარფატე ყევერები არიან. ნახეთ, რა ჩაიდინეს მათ იუგოსლავიაში”. ფილიპინების რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში ფიშერმა განაცხადა, რომ სრულიად უჭერს მხარს “ალ-ქაიდას” მოქმედებებს და 11 სექტემბრის ტერაქტს;

4.თამაშის დროს ფიშერი ითხოვდა აბსოლუტურ სიჩუმეს დარბაზში და ავადმყოფურად რეაგირებდა მცირეოდენ ხმაურზე. რეიკიავიკში სპასკისთან შეხვედრის პირველი პარტიის მსვლელობისას მან მოულოდნელად მოსწყვიტა მზერა საჭადრაკო დაფას და დაიყვირა:

“გოგონავ, მეთორმეტე რიგში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ შაქარყინულის წუწნა!”

“მე მხოლოდ მესამე ცალი ავიღე”, _ თავის მართლება სცადა ახალგაზრდა მოჭადრაკე ქალმა ასტრიდ ბიერნდოტირმა.

“მესამე კი არა, მეშვიდე, პატარა მატყუარავ!” _ აღშფოთდა ფიშერი.

5.ერთხელ ფიშერს შესთავაზეს ავტომობილის რეკლამირება, მაგრამ მან, როცა შემოწმების შემდეგ უამრავი ხარვეზი აღმოაჩინა, განაცხადა, რომ “არ აპირებს თვითმკვლელების ავტომობილის რეკლამირებას. ფიშერი, პრაქტიკულად, არასოდეს იძლეოდა ინტერვიუს, თუმცა დაწესებული ჰქონდა გადასახადი ნებისმიერ საზოგადოებრივ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. მაგალითად, წერილის წაკითხვისთვის 1000 დოლარს ითხოვდა; ტელეფონზე საუბრისთვის _ 2500 დოლარს; პირადი შეხვედრისთვის _ 5000-ს; ინტერვიუს კი 25 ათას დოლარად აფასებდა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here