Home რუბრიკები ისტორია არავინ და არაფერია დავიწყებული!

არავინ და არაფერია დავიწყებული!

დიდი სამამულო ომის დაწყებიდან 78 წელი გავიდა

744
არავინ და არაფერია დავიწყებული!

22 ივნისს შესრულდება დიდი სამამულო ომის (1941 წლის 22 ივნისი-1945 წლის 9 მაისი) დაწყებიდან 78 წელი, ომისა, რომელმაც უამრავი ტანჯვაწამება და მწუხარება მოუტანა მსოფლიოს ხალხებს. ამ ომში, რომელმაც უზარმაზარი გავლენა იქონია კაცობრიობის მომავალზე, მონაწილეობდა იმხანად არსებული 73 სახელმწიფოდან 62 (დედამიწის მოსახლეობის 80%). საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეიარაღებულ ძალებში მობილიზებული იყო 110 მლნ ადამიანი. საერთო ადამიანურმა დანაკარგებმა შეადგინა 60-65 მლნ ადამიანი, მათგან ფრონტზე დაიღუპა 27 მლნ.

მეორე მსოფლიო ომში ყველაზე მეტი ადამიანი დაკარგა საბჭოთა კავშირმა _ 27 მლნ, შემდეგ ჩინეთმა _ დაახლოებით 20 მლნ, გერმანიამ _ დაახლოებით 10 მლნ, პოლონეთმა _ 6 მლნ, იაპონიამ _ 3 მლნ, იუგოსლავიამ _ 3 მლნ. სამხედრო ხარჯებმა და დანაკარგებმა შეადგინა 4 ტრილიონი დოლარი. მატერიალურმა დანახარჯებმა მიაღწია ომში ჩართული სახელმწიფოების ეროვნული შემოსავლის 60-70%-ს.

არავინ და არაფერია დავიწყებული!

1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური გერმანია და მისი ევროპელი მოკავშირეები (უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, ფინეთი, ხორვატია) ომის გამოუცხადებლად დაესხნენ თავს საბჭოთა კავშირის სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს. მეორე მსოფლიო ომი კი დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს, როცა ნაცისტური გერმანია შეიჭრა პოლონეთში (თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1931 წელს იაპონიის თავდასხმით ჩინეთზე, შემდეგ კი მიმდინარეობდა, როგორც ლოკალური კონფლიქტების ჯაჭვი: იაპონიაჩინეთის (1931-45), იტალიაეთიოპიის (1935-41) ომების, ესპანეთის სამოქალაქო ომის (1939), ავსტრიის ანშლუსის (1938 წლის მარტი), სუდეტის ოლქის (1938 წლის ოქტომბერი), შემდეგ კი სრულიად ჩეხოსლოვაკიის (1939 წლის მარტი) ოკუპაციის და ა.შ. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ პოლონეთისა (1939 წლის სექტემბერი) და ნორვეგიის (1940 წლის აპრილ-ივნისი) ოკუპაცია გერმანელების მიერ, ბელგიის სამხედრო კამპანია და საფრანგეთის ოკუპაცია (1940 წლის მაისი-ივნისი), იუგოსლავიისა (1941 წლის აპრილი) და საბერძნეთის ოკუპაცია გერმანელებისა და იტალიელების მიერ (1941 წლის აპრილ-მაისი). ყველა ეს სამხედრო კამპანია ხანმოკლე და ნაკლებად სისხლისმღვრელი იყო დიდ სამამულო ომთან შედარებით.

არავინ და არაფერია დავიწყებული!

მეორე მსოფლიო ომის მიზეზები პირველი მსოფლიო ომის შედეგებში უნდა ვეძებოთ, როცა დაინგრა 4 იმპერია და შეიქმნა მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფო. გამარჯვებული სახელმწიფოები შეეცადნენ ნაციონალური საკითხების მოგვარებას, მაგრამ მოხდა პირიქით _ წარმოიქმნა ახალი ნაციონალური და სახელმწიფოებრივი პრობლემები _ ვერსალის სისტემა (1919 წლის ვერსალის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ფრანგმა მარშალმა ფერდინანდ ფოშმა განაცხადა: “ეს, მშვიდობა კი არა, 20-წლიანი ზავია”) აგებული იყო დამარცხებული ქვეყნების _ უწინარესად, გერმანიისა და რუსეთის _ დამცირებასა და ძარცვაზე, სწორედ ამან უბიძგა გერმანიას რევანშისკენ.

არავინ და არაფერია დავიწყებული!

არსებობდა სხვა მიზეზებიც. ინგლისმა, საფრანგეთმა და აშშ-მა ვერ შეძლეს ისეთი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა ევროპისა და ამერიკის ეკონომიკურ აყვავებას. 1929 წელს მსოფლიოში დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მასობრივი უმუშევრობა გამოიწვია. მან კი ხელი შეუწყო 1933 წელს გერმანიის ხელისუფლების სათავეში ჰიტლერის მოსვლას, თუმცა ჰიტლერი ხელისუფლების სათავეში ვერ მოვიდა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების დახმარების გარეშე _ ინგლისსა და საფრანგეთს სურდა, გერმანიას ომი დაეწყო საბჭოთა კავშირთან და სწორედ ამისთვის აქეზებდნენ ფაშისტებს. 1938 წელს სწორედ საფრანგეთისა და ინგლისის ხელშეწყობითა და ჩუმი თანხმობით შეძლო ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია; შემდეგ კი, როცა მომძლავრდა, საფრანგეთსა და ინგლისს მიუბრუნდა. ნიურნბერგის პროცესზე გერმანელმა ფელდმარშალმა კეიტელმა განაცხადა: “1939 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიუნხენში მივიღეთ, ჩვენი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის განდევნა ევროპიდან. გერმანიის გადაიარაღების დასრულება და სამომავლო მზადება”…

დიდ სამამულო ომში, რომელიც, სტალინის ხელმძღვანელობით, საბჭოთა კავშირის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, მილიონობით ადამიანმა გაწირა თავი სამშობლოს დასაცავად, ასიათასობით ადამიანი კი რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ ბრესტისა და სევასტოპოლის ბრძოლებში, მოსკოვისა და სტალინგრადის დაცვაში, ვორონეჟისა და პროხოროვკის, კენიგსბერგისა თუ ბერლინის ბრძოლებში დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

22 ივნისი _ ეს არის ერთ-ერთი სამწუხარო თარიღი საბჭოთა კავშირის და, საერთოდ, კაცობრიობის ისტორიაში, თარიღი, როდესაც დაიწყო მილიონობით საბჭოთა მოქალაქის განადგურება, ფაშისტების საშინელი მხეცობები მშვიდობიანი საბჭოთა მოქალაქეების წინააღმდეგ, ჰიტლერის გეგმა “ბარბაროსის” დასაწყისი, რომლის მიხედვითაც უნდა გაენადგურებინათ ან დაემონებინათ ხალხები.

ამ დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხები პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ და სიცოცხლე გაწირა სამშობლოსა და თავისუფლებისთვის, ვინც ჭრილობებითა და შიმშილით დაიღუპა, ვინც აწამეს ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკებში, ვინც იბრძოდა მტრის ზურგში, ვინც ბლოკადაში მოქცეული ლენინგრადის მოსახლეობას ლუკმას უყოფდა. დიდი სამამულო ომი _ ეს არის ისტორიის გამოცდა, რომელიც საბჭოთა ხალხმა უზარმაზარი დანაკარგის ფასად ჩააბარა, ამიტომ ამის დავიწყების უფლება არავის აქვს.

მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკური და სოციალური შედეგები, მნიშვნელობის მხრივ, უზარმაზარია. პირველ რიგში, შესამჩნევად შემცირდა ევროპის როლი მსოფლიოს პოლიტიკაში. ზესახელმწიფოებად იქცნენ სსრკ და აშშ, ომმა წარმოაჩინა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის უუნარობა, _ შეენარჩუნებინათ უზარმაზარი კოლონიები, შეიქმნა სოციალისტური ბანაკი. მეორე მსოფლიო ომის ერთერთი შედეგი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნა.

მოამზადა                                    

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here