Home რუბრიკები საზოგადოება ავტოსაგზაო კოშმარი და არშემდგარი საზოგადოება

ავტოსაგზაო კოშმარი და არშემდგარი საზოგადოება

3588
ავარია

შემზარავმა ავტოსაგზაო შემთხვევამ აღმაშენებლის ხეივანში, რომლის შედეგად პატარა გოგონა დაიღუპა, თითქოს გამოაფხიზლა საზოგადოება, თუმცა მისი აღშფოთება და პროტესტი მხოლოდ სოციალურ ქსელებში ხანმოკლე ხმაურით შემოიფარგლა; აქციაზე პარლამენტის შენობასთან მხოლოდ რამდენიმე ათეული მოქალაქე მივიდა და მთავრობამ, სავარაუდოდ, ვერ იგრძნო, რომ განრისხებული მოსახლეობა მისგან პასუხს მოითხოვს.


შსს-ს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 6 939 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დარეგისტრირდა. ცხადია, ეს ციფრი არ ასახავს უამრავ “შედარებით მსუბუქ” ინციდენტს, რომლის შემდეგ მხარეები პოლიციას არ მიმართავენ. 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 581 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9 951 _ დაშავდა. ეს (მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით) ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია კონტინენტზე. 600-მდე ადამიანის დაღუპვა ძალიან ბევრია ქვეყნისთვის, რომელშიც დაბადებულთა რიცხოვნობა გარდაცვლილთა რიცხოვნობას წელიწადში მხოლოდ 10 ათასით აღემატება _ ცნობილი ფრაზის არ იყოს, ეს სტატისტიკაცაა და ტრაგედიაც.

განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია დედაქალაქში, სადაც წინა წელთან შედარებით დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა 9%-ით გაიზარდა. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების ძირითად გამომწვევ მიზეზებად შსს მანევრირების წესების დარღვევას, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებასა და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვას ასახელებს.

ის ფაქტი, რომ ტრაგიკული ინციდენტების რაოდენობა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ აშკარად პოპულისტური გადაწყვეტილება მიიღო და ჯარიმები შეამცირა, ხშირად უბიძგებს კომენტატორებს იმისკენ, რომ სანქციების გამკაცრება პანაცეად წარმოაჩინონ, მაგრამ პრობლემა კომპლექსურია და მის გადასაჭრელად საჭიროა პატრულის თანამშრომელთა საფუძვლიანი გადამზადება, სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენა, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, თბილისის მერიის სერიოზული გააქტიურება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით (ეს, ალბათ, უტოპისტური ოცნებებია, მაგრამ მაინც). თუმცა ყოველივე ეს პრობლემის სიმწვავეს, სავარაუდოდ, ვერ შეამცირებს, რადგან არსებობს კიდევ ორი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება.

საქართველოშიკანონის უზენაესობამხოლოდ ცარიელი ლოზუნგია, დამნაშავე ჩინოვნიკს, კორუფციონერს თუ აშკარა მკვლელს, შესაძლებლობა აქვს, ხელისუფლებას გაურიგდეს და არა მხოლოდ დააღწიოს თავი პასუხისმგებლობას, არამედ ახალი თანამდებობაც დაიკავოს. მძღოლების ნაწილი დარწმუნებულია, რომ გავლენიანი ნათესავი ან მფარველი ნებისმიერ შემთხვევაში დაეხმარება და დასჯისგან დაიცავს. ასეთ სიტუაციაში სანქციების გამკაცრება შედეგს ვერ გამოიღებს. საქართველოს მოსახელეობას, თომას ჰობსის ცნობილი ფორმულის თანახმად, ურჩევნია, ეშინოდეს კანონის, ვიდრე ძალადობრივი და, როგორც წესი, უეცარი სიკვდილის, მაგრამ ეს კანონი ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. შერჩევითი სამართალი მის ყოველდღიურ გამოვლინებებში არა მხოლოდ შეურაცხყოფს მოქალაქეებს, არამედ სახელმწიფოზე ზრუნვის, მისი დაცვის სურვილს უკლავს.

ალბათ, თითოეულ ჩვენგანს უნახავს, როგორ ერიდებიან გამოცდილი მძღოლები ახალ მანქანებთან (განსაკუთრებით “ბმვ”-სთან) მიახლოებასაც კი, როდესაც ისინი მართვის აგრესიულ სტილს ავლენენ, რადგან ვარაუდობენ, რომ საჭესთან მდიდარი და გავლენიანი ადამიანის შვილი ზის, რომელიც საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, რომ დარღვევისთვის შეიძლება დაისაჯოს.

ჯარიმების გაზრდა სიტუაციას მხოლოდ ნაწილობრივ თუ გამოასწორებს. რაც შეეხება პატივისცემას კანონის უზენაესობის მიმართ, ის საქართველოში მას შემდეგ დამკვიდრდება, როდესაც საზოგადოება დაინახავს, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის სჯიან უკლებრივ ყველას _ ბანდიტი იქნება, ჩინოვნიკი თუ მთვრალი მძღოლი, რომელმაც ფეხით მოსიარულის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ არის კიდევ ერთი, შესაძლოა, გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემა.

მერაბ მამარდაშვილის ცნობილ ინტერვიუში, რომელიც მან შევალიეს 1990 წლის 20 აგვისტოს მისცა, არის ერთი მონაკვეთი, რომელმაც პრობლემის განხილვა შეიძლება უფრო საინტერესო გახადოს. მამარდაშვილი სიტუაციას საქართველოში შემდეგნაირად აღწერს: “თითოეული ცდილობს, გადარჩეს დამოუკიდებლად, რადგან ნავში მარტოა თავის ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად. მარტოა ვის გარეშე? რესპუბლიკის? “რეს პუბლიკა” _ ანუ საზოგადოებრივი საქმე, საზოგადოებრივი სივრცე. XIX–XX საუკუნეებში იტალიაში საზოგადოების დაცემის ტენდენცია დაიწყო, დაირღვა საზოგადოებრივი კავშირები და გაბატონდა პრინციპი “ყველა საკუთარი თავისთვის”. ეს ყველაფერი იტალიელებისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელობით ხდებოდა. ჩვენთანაც ასეა _ ასეთივე მიმზიდველობით დაცურავს ყველა თავისი ნავით და გაურბის, არაფრად აგდებს საზოგადოებრივ ინტერესს. შეხედეთ თბილისურ სახლებს, ტროტუარებს, საზოგადოებრივ გარემოს _ ჭუჭყიანი ჭიშკრები, გაცვეთილი სახლები, ვირთხები და ჩამონგრეული კედლები; ასეთია იგი გარედან. სამაგიეროდ, შიგნით ნახავთ კეთილმოწყობილ ბინებს, ავეჯითა და ნივთებით გადატვირთულს, მაღალხარისხიან აპარატურას”. მამარდაშვილმა ძალიან ზუსტად დააფიქსირა ზღვარი, რომელიც ქართველების პირად (ოჯახურ) სივრცესა და საზოგადოებრივ სივრცეს შორის გადის და ხელს უშლის საქართველოში ნორმალური, თანამედროვე, მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. “ჩვენს დემოკრატიას მთავარი წინაპირობა არ გააჩნია. მე უკვე გამოვიყენე სიტყვა _ “რეს პუბლიკა”, რაც დემოკრატიული სისტემის პიკს წარმოადგენს. პოლიტიკური დემოკრატია შეუძლებელია საზოგადოებრივ სივრცესთან დამოკიდებულების გარეშე, რასაც “რეს პუბლიკა”, ანუ რესპუბლიკური ურთიერთობა ჰქვია. სხვა ვარიანტი გამორიცხულია”.

ის, რაც სამართლიანია კეთილმოწყობილი ბინების მიმართ, მანქანებზეც ვრცელდება და ამ შემთხვევაში კონტრასტი კიდევ უფრო მკვეთრია. ყველა მძღოლი თითქოს “საკუთარ ნაჭუჭში” ზის და ქუჩას, რომელზეც მოძრაობს საერთო სივრცედ კი არ აღიქვამს, რომელშიც შესაძლებელია თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით უწესრიგობის აღკვეთა, არამედ ქაოტურ, მტრულ სტიქიად. ალბათ, ბევრი ჩვენგანი გამხდარა მომსწრე იმისა, თუ როგორ გამოხატავენ შეშინებული უცხოელი სტუმრები უკმაყოფილებას ქართველი მძღოლების ქცევის გამო, რომელიც გადაულახავ წინააღმდეგობაში შედის ძველ კულტურასთან, ისინი რომ ეცნობიან. ერთი მხრივ, ისინი ხედავენ მაღალი კულტურის ნიმუშებს, მეორე მხრივ _ მძღოლების ველურ მენტალიტეტს და კოგნიტური დისონანსი ემართებათ.

რა თქმა უნდა, ეს ყველა მძღოლს არ ეხება, მაგრამ მანიაკი საკმარისზე მეტია და, რაც მთავარია, მამარდაშვილის მიერ ნახსენები “საზოგადოებრივი საქმისა” და შესაბამისი სივრცის მიმართ ინტერესის არქონა სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობას ნაკლებად ტოვებს.

ნაციონალები მიიჩნევდნენ (ახლაც ამ აზრზე არიან), რომ ასეთ ვითარებაში თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა მხოლოდ ძალადობით შეიძლება. მათ უარი თქვეს ევროპული ტიპის დემოკრატიაზე აზიური “განვითარების დიქტატურის” სასარგებლოდ და, ამასთანავე, მოქმედებდნენ ცნობილი წესის თანახმად: “მეგობრებს _ ყველაფერი, დანარჩენებს _ კანონი”. “სულ ტყუილად გვაკრიტიკებენ, თუ რატომ ვიღებთ განვითარების აზიურ მოდელს”, _ განაცხადა 2012-ში მიხეილ სააკაშვილმა. ცხადია, ქართველები, რომელთაც ცოტა სხვა მოთხოვნები აქვთ, ამ მოდელმა არ დააკმაყოფილა, მაგრამ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანას მხოლოდ პალიატიური ზომები, რიგი მანკიერი პრაქტიკების აღკვეთა შესთავაზა, მაგრამ არა განვითარების ალტერნატიული სტრატეგია.

XXI საუკუნეში ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია აქვს, ცივილიზებულად იწოდებოდეს, არ შეიძლება გზებზე ასეთი სიტუაცია ჰქონდეს და ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემა უნდა დაარეგულიროს მხოლოდ და მხოლოდ მთავრობამ და ვერ ხედავს საკუთარ ადგილს ცვლილებების პროცესში ან კავშირს ამ საზოგადოებრივ (მამარდაშვილს თუ დავესესხებით, “რესპუბლიკურ”) საქმესთან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საერთო საქმეში ჩართვის მცდელობა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს კონფლიქტს ძველ რწმენა-წარმოდგენებთან. მაგალითად, მძღოლების 99,9%, როდესაც ამჩნევს, რომ სხვა მანქანა დარღვევით მოძრაობს და საფრთხეს ქმნის, პოლიციას არ მიმართავს, რადგან ამას “ჩაშვებად” მიიჩნევს (ასეთი მიდგომა ბევრ სხვა ეპიზოდთან, მაგალითად, შეუსაბამო ადგილას ნაგვის დაყრასთან, შეიმჩნევა). ის გარემოება, რომ ამას შეიძლება უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა მოჰყვეს, სათვალავში არ მიიღება. საბოლოოდ, საქართველოს ბევრი მოქალაქე თანახმაა, “საერთო სივრცეშიწესრიგის დამყარება ხელკეტებითა თუ ცოცხებით შეიარაღებულ ფაშისტებს დაუთმოს, ოღონდ ცხოვრების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაში არაფრის შეცვლა არ მოუხდეს, რადგან ძველი სტერეოტიპებისა და ქცევის მოდელების მსხვრევა საკმაოდ მტკივნეული რამ არის.

ამ წერილის დასრულება იმ ფაქტის კონსტატაციით შეიძლებოდა, რომ იმ საშინელ ავარიაში, რომელიც აღმაშენებლის ხეივანში მოხდა, დამნაშავეა არა მხოლოდ კონკრეტული მძღოლი, არამედ მთელი საზოგადოება, რომელსაც, ტრაგედიის შემდეგ იმის შნოც კი არ აღმოაჩნდა, რომ მთავრობისთვის გზებზე სიტუაციის დარეგულირება ერთხმად მოეთხოვა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია ინდივიდების ამ ერთობლიობას საზოგადოება ეწოდოს. ის გაცილებით ახლოს დგას ტომთან _ თავისი ბელადებით, რიტუალური ცეკვებითა და სისხლიანი მსხვეპლშეწირვებით, რომლის მთავარი მიზანი მომავლის წინაშე შიშის, თუნდაც დროებითი, დათრგუნვა და საკუთარი უსუსურობის შენიღბვაა.

დიმიტრი მონიავა

2 COMMENTS

  1. ბრწყინვალე ჟურნალისტისა და ანალიტიკოსის,ბატონ დიმიტრი მონიავას შესანიშნავი სტატია ზუსტი აქცენტებით,მაგრამ,სამწუხაროდ,კვლავ “ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა” ქართველი ბრიყვებისათვის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here