Home ახალი ამბები საქართველო ზამთარი კარს  მოგვადგა და მისი სუსხი ევროპაში უკვე იგრძნობა

ზამთარი კარს  მოგვადგა და მისი სუსხი ევროპაში უკვე იგრძნობა

სასურსათო კრიზისმა შიმშილს იმხელა პირი დააღებინა, ამ ზამთარს, შესაძლოა, არაერთი ევროპული ქვეყანა გადაყლაპოს

269

გასულ უქმეებზე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აქციაზე ამდენი ხალხის გამოსვლა ჩეხეთს, დიდი ხანია, არ ახსოვს. აქციის მონაწილეებს დღის წესრიგში ორი საკითხი ჰქონდათ – სექტემბრის ბოლომდე გადადგეს მთავრობა და რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში ჩეხეთმა რომელიმეს მხარე კი არ დაიჭიროს, არამედ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს. მოსახლეობის ასე მარტივად და სწრაფად ორგანიზებას ხელისუფლების წარმომადგენლები აშკარად არ ელოდნენ. ისინი კარგად ხვდებიან, რომ, თუ რამე არ იღონეს, ეს ყველაფერი უმართავი გახდება. მთავრობას  წასვლა რომ არ სურს, ახალი ამბავი არაა, მაგრამ აი, ნეიტრალიტეტი…

საქმე ის არის, რომ ჩეხეთი აქტიურად უჭერდა მხარს ევროკავშირის სანქციებს, მასპინძლობდა უკრაინელ დევნილებს, მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო ხელისუფლების და არა რიგითი ადამიანების პოზიცია. ჩეხეთი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი წელგამართული და მშვიდობიანი სახელმწიფოა, უცებ აღმოჩნდა საშინელი რეალობის წინაშე – ფასებმა საკვებ პროდუქტებზე სამჯერ მოიმატა, ხოლო კომუნალური გადასახადები 4-5-ჯერ გაძვირდა. ხელისუფლების წარმომადგენლები არაფერს ამბობდნენ გარდა იმისა, რომ თურმე ჩეხმა ხალხმა უკრაინისთვის უნდა მოითმინოს, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ყველაზე კარგად უბრალო ადამიანები ხედავენ, რომ უკრაინიდან ჩასულები არაფერს იკლებენ – ქუჩებში 100-ათასიანი მანქანებით დაქრიან; ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც, წესით, იარაღით ხელში უნდა იბრძოდნენ, ღამის კლუბებში გათენებამდე ცეკვით იღლებიან და ამ დროს ჩეხეთი იკლებს ყველაფერს, იჭირვებს, რათა უკრაინას დაეხმაროს და ეს ყველაფერი – ევროკავშირისა და ამერიკის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ.

ჰოდა, რიგითმა ჩეხებმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა მათია და არა ევროკავშირის ან ამერიკის, ამიტომ ისინი ქუჩაში მოსალაპარაკებლად კი არა, კონკრეტული მოთხოვნით გავიდნენ და პრაღა, ეს ევროპის მარგალიტი, რომ არ დაარბიეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მიცემული ვადა არ ამოწურულა. კონსერვატორი ჩეხების ასეთი გაბრაზება სერიოზული სიგნალი იყო ევროპისა და ამერიკისთვის. ჰაველის ქვეყანას არ უკვირს გამოსვლები და არ უკვირს ხელისუფლების შინ გაშვება, ამიტომ ჩეხების გაბრაზებამ დასავლეთი დააფრთხო, მაგრამ დააფრთხო არა იმიტომ, რომ მხოლოდ ჩეხეთის ეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ყველაზე მეტად ევროპელებს საფრანგეთის აჯანყების ეშინიათ, რადგან ფრანგებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც არ გააკეთა ჰიტლერმა — გადაწვან პარიზი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანურ პირობებში სურთ ცხოვრება და არა თავსმოხვეულ დემოკრატიაში.

აგერ, ბაიდენმა კონგრესს მიმართა, უკრაინას 11 მილიარდით დავეხმაროთო.  ნუ გგონიათ, რომ ეს თანხა უკრაინის ბიუჯეტში ჩაირიცხება. 11-მილიარდიანი დახმარება სამხედრო ტექნიკის გადაცემას გულისხმობს, ანუ ამერიკა უკრაინას 11 მილიარდი დოლარის ტექნიკას აძლევს იმისთვის, რომ ომი, რომლის დასრულებაზეც რიგითი ადამიანები ოცნებობენ, რაც შეიძლება მეტ ხანს გაგრძელდეს. როდის იყო, რიგითი ადამიანის აზრი აინტერესებდათ დასავლეთში? ახლაც ასეა. საინტერესო კიდევ ერთი საკითხია – დასავლური მედია და უკრაინული საინფორმაციო საშუალებები ყოველ დილას იმით იწყებენ, რომ თურმე, უკრაინელმა სამხედროებმა ასობით რუსი სამხედრო გაანადგურეს, მათი იარაღის საცავები დაწვეს, რომ რუსული ბატალიონები ტოვებენ სამხედრო ტექნიკას, იარაღს და ბრძოლის ველიდან გარბიან და ეს გრძელდება, ნახევარ წელზე მეტია. მარტივ კითხვას დავსვამთ – თუ ეს სიმართლეა, რატომ უგზავნის ლამის მთელი მსოფლიო   სამხედრო დახმარებას უკრაინას  ყოველდღიურად და რატომ არ არის ეს საკმარისი? თუ რუსების მიერ მიტოვებულ ტექნიკას უკრაინელები არ იყენებენ, რუსების ხელის მონაკიდებიაო? რეალურად ეს ყველაფერი არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რომელიც დიდი კოვზით, პირველ რიგში, უკრაინელმა მებრძოლებმა უნდა მიირთვან და წინააღმდეგობის გაწევა არ შეწყვიტონ. თითოეულმა უკრაინელმა ჯარისკაცმა კარგად იცის, რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ მას იმედი უნდა ჰქონდეს, რომ სხვაგან სხვა ბატალიონი სასწაულებს სჩადის, რომ იქ რემბო და ტერმინატორი ჰყავთ, რომ ირგვლივ ყველაფერი თავისუფალია და მერე რა, რომ „გათავისუფლებულ“ ტერიტორიებს კვლავ რუსები აკონტროლებენ, სოციალურ ქსელებში სხვანაირად წერია. წეღან საფრანგეთი ტყუილუბრალოდ არ გვიხსენებია. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, რომ ზამთარში, უდიდესი ალბათობით, ელექტროენერგიაზე მცოცავი გრაფიკი იქნება და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს, 2-2 საათით, ელექტროენერგია ყველას გაეთიშება. ეს ეხება ქვეყნის დედაქალაქ პარიზსაც. როგორ არ გავიხსენოთ, შარშან, ავარიის გამო, 15 წუთით რომ  ჩაბნელდა პარიზი. ამ 15-წუთიანი ჩაბნელების შემდეგ მაკრონმა თქვა: ქვეყნის ბიუჯეტმა 115 მილიარდი იზარალა იმიტომ, რომ კომპიუტერები გამოირთო, გარიგებები შეფერხდა, ბირჟაზე პანიკა იყოო. ჰო, ეს ყველაფერი 15 წუთში მოხდა და ახლა მცოცავი გრაფიკით 2-2 საათით რომ ჩააბნელებენ სიყვარულის ქალაქს, ნანტს, ლიონს, მარსელს, ზარალი და მილიარდების თვლა მერე ნახეთ. ამიტომაცაა, ფრანგები რომ ირაზმებიან. მათ თავიანთი პოზიცია უკვე გამოხატეს, როცა პრეზიდენტ მაკრონის პარტიას, საპარლამენტო არჩევნებში მხარი არ დაუჭირეს და უმრავლესობა დააკარგვინეს. ეს პირდაპირი მინიშნება იყო იმაზე, რომ მაკრონის პოლიტიკით ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ პრეზიდენტმა არაფერი შეცვალა და ძალიან, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ძალით შეაცვლევინონ. დასავლეთს ჩართული აქვს ყველა მექანიზმი, რათა შექმნას ილუზია, რომ უკრაინაში ყველაფერი რიგზეა. ზუსტად იგივე მოხდა 2008-ში, როცა სააკაშვილმა ბოლო ხმაზე იყვირა, ომში გავიმარჯვეთო და იმის გამო, რომ საქართველო პატარაა და ყველა ყველას იცნობს, ამ ყვირილმა არ გაამართლა, თორემ 40-მილიონიან უკრაინაში ბევრს სჯერა, რომ მართლა ყველაფერი რიგზეა, რომ ომი მალე დასრულდება, რომ მისი დასრულების შემდეგ მთელ ქვეყანას დასავლეთი აღადგენს და ქალაქები შვეიცარიულ ციურიხსა და დანიურ კოპენჰაგენს დაემსგავსება. ეს ყველაფერი სიტყვით, თორემ ევროპას გაუჭირდა, გაუჭირდა როგორც არასდროს და სასურსათო კრიზისმა შიმშილს იმხელა პირი დააღებინა, ამ ზამთარს, შესაძლოა, არაერთი ქვეყანა გადაყლაპოს. და ვინ ხეირობს ამ ყველაფრით? სწორია – ამერიკა, რომელიც ვადაგასულ პროდუქტებსაც კი მარტივად გაყიდის, რომ არაფერი ვთქვათ იარაღზე, რომელიც უკვე უკრაინაში გაასაღა. ძველი იარაღის ჩამოწერას, ახლის გამოცდას ათეულობით მილიარდი სჭირდებოდა და აგერ, უკრაინამ ეს ყველაფერი არათუ უფასოდ გაუკეთა ამერიკას, არამედ ვალიც დაიდო და, საუკეთესო შემთხვევაში, ნახევარი საუკუნე ვალი უნდა უხადოს ცალკე შტატებს და ცალკე იმ ევროპას, რომელიც თავის რიგებში  10 წლის შემდეგ ეპატიჟება.

პოლიტიკამ, რომელიც ამერიკამ თავს მოახვია ბებერ კონტინენტს, თითოეული ევროპელის ჯიბეს დაარტყა. ვერ ვიტყვით, რომ ევროპული ქვეყნების ხელისუფალნი ამას ვერ ხვდებიან, მაგრამ ახლა უკან დახევა აღარ გამოდის და აღარ გამოდის იმიტომ, რომ ენერგომატარებლები მერე ისევ რუსეთიდან უნდა ჩაირთოს. ეს კი უკან დახევა იქნება და  წყალში მილიარდების გადაყრას  ვეღარ გაამართლებენ. ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო, კი გაგიგონიათ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სასიკვდილოდ განწირული გემიდან არ ხტები და სწორედ ამას აპროტესტებენ ევროპაში. დომინოს პრინციპით, ჩეხეთის პროტესტი აუცილებლად გადაედება მთელ ევროპას და, თუ საერთო ტალღა აგორდება, მერე უკვე, ამერიკა კი არა, მის შეჩერებას ვერავინ შეძლებს. შეუძლებელია, რიგით ადამიანს აუხსნა, რატომ უნდა გადაიხადოს ხუთმაგი ბუნებრივ აირსა და  დენში, როცა შეუძლია ძველ ტარიფზე დარჩეს. ვერავინ აუხსნის ევროპელებს, რატომ უნდა გაატანონ საკუთარი ნაშრომი და დანაზოგი ამერიკას, მაშინ, როცა შეიძლება ამ დანაზოგს მიუმატონ და იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობდნენ. დიდი ქვეყნების ლიდერებს პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოუტანეს – აქეთ საფრანგეთის პრეზიდენტს, იქით – ბრიტანეთის პრემიერსა და იტალიის პრემიერმინისტრს, მაგრამ ლიბერალური ფრთა მათ შემცვლელებსაც ჯიუტად სთხოვს, დაწყებული განაგრძონ და ბოლომდე მივიდნენ. აი, ბოლო ნამდვილად არ ჩანს მომხიბვლელი და პერსპექტიული – ზამთარი კარს  მოგვადგა და მისი სუსხი ევროპაში უკვე იგრძნობა.

რატომღაც გვგონია, რომ საქართველოში პრაღაში გამართულ აქციაზე მეტი ადამიანი გამოვა, თუ ხელისუფლება ისე მოიქცევა, როგორც ევროპული ქვეყნების ლიდერები, და თუ იტყვის, რომ ამერიკის გამდიდრების სანაცვლოდ, ჩვენ იმაზე მეტად უნდა გავღარიბდეთ, ვიდრე ახლა ვართ.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here